გასეირნება ამსტერდამში

წინა პოსტში აღვნიშნე, რომ უცხოეთში წასვლისას ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე და რაც შეიძლება ბევრი ადგილი ნახო, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, არა რამდენიმე ქალაქით, არამედ ქვეყნითაც ვერ დავკმაყოფილდი და გერმანიიდან ჰოლანდიაში გადავწყვიტე წასვლა. (ჰოლანდიაში წასვლა გერმანიაში ჩასვლამდე მქონდა გადაწყვეტილი.) როგორც იცით, შენგენის ზონაში ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ამიტომ რატომ არ უნდა გამომეყენებინა ეს შანსი. სანამ უშუალოდ ჩემი თვალით დანახულ ამსტერდამზე მოგიყვებით, მინდა გითხრათ, თუ როგორ შეგიძლიათ მარტივად მოხვდეთ გერმანიიდან მასტერდამში. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კიოლნი, სადაც მე ვცხოვრობდი ჰოლანდიის საზღვართან არ არის შორს, ავტობუსით 3 საათის სავალია, ამიტომ განსაკუთრებით გერმანიის ამ მხარეში უამრავი ტურისტული კომპანიაა, რომელიც ტურებს აწყობს ამსტერდამის მიმართულებით, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია რუსული ტურისტული კომპანიით ტურში წასვლა, ავტობუსით მგზავრობა წასვლა და წამოსვლა ერთი ადამიანის ღირებულება 19 ევროა, რაც, დამეთანხმებით, საკმაოდ იაფია. ტურის ღირებულებაში შედის რუსულენოვანი გიდი, თუმცა ამსტერდამში მუზეუმებში შესვლისთვის და იახტით გასეირნებისთვის ცალკე გადასახადია. თუ ჯგუფური ექსკურსიები არ გიზიდავთ, შეგიძლიათ უარი თქვათ და თქვენი ,,ხოდით“ იაროთ ქალაქში, დათქმულ დროს და ადგილზე კი იგივე ავტობუსით წახვალთ უკან. გაითვალისწინეთ, რომ  მსგავს ტურებში შანსი არაა დათქმულ დროს გადააჭარბონ და დაგელოდონ, ამიტომ ყურადღებით იყავით დრო რომ არ გამოგეპაროთ.      

ამსტერდამი    

რაც შეეხება ნიდერლანდებს, ქვეყნიდან ქვეყანაში ისე გადავედით, ვერც კი გავიგე, საზღვარზზე არანაირი კონტროლი არ გაგვივლია და სანამ გიდმა არ გვითხრა მანამდე ვერ მივხვდით რომ ნიდერლანდებში ვიყავით. უშუალოდ ამსტერდამში შესვლისას კი უკვე იგრძნობოდა განსხვავებული გარემო, აურა, სიტუაცია. ამსტერდამი მეცამეტე საუკუნეში მდინარე ამსტერზე გაშენდა. ეს მდინარე უამრავ არხად იყოფა და მთლიანობაში  165 არხია ქალაქში. ამსტერდამი 90 ბუნებრივ და ხელოვნურ კუნძულზეა გაშენებული. ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ დროს მეთევზეთა პატარა დასახლება იქცა ასეთ დიდ, ყველაზე ტოლერანტულ და ისტორიულ–კულტურული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად მთელს მსოფლიოში. ამსტერდამს ქვეყნის მასშტაბით უდიდესი ეკონომიკური დატვირთვა აქვს, სწორედ ის განსაზღვრავს იმას რომ ჰოლანდია კონტინენტის ერთ–ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. ჯერ მხოლოდ 4,5 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს ამსტერდამს ყოველწლიურად, რაც პირდაპირ აისახება მათ ეკონომიკაზე. ქალაქი მართლაც სავსე იყო ტურისტებით და თან არა მხოლოდ ცენტრში, არამედ ტურისტების ნაკადი მთელ ქალაქში იყო მიმოფანტული. პირველი, რაც შევნიშნე იყო არქიტექტურა – ძალიან დახვეწილი, მხოლოდ ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი შენობები, ხიდები და ა.შ.. რამდენიმესართულიანი შენობები დატვირთულია მოგრძო ფანჯრებით, აივნიანი სახლები აქაც ყვავილებით არის გემოვნებიანად მორთული. შევნიშნე რომ მთელი ქალაქი ერთ არქიტექტურულ სტილშია ამიტომ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მოხვედრისას შეგრძნება მქონდა, რომ იქ უკვე ნამყოფი ვიყავი.

ამსტერდამი

შემდეგი, რაც თვალში მოსახვედრია, არის უამრავი არხი. (როგორც ზემოთ აღვნიშნე სულ 165), ამიტომ ხშირად ამსტერდამს ჩრდილოეთის ვენეციასაც უწწოდებენ. არხების სიმრავლის გამო ბევრია გადასასვლელი ხიდიც. ყოველი მათგანი სიდიდით და ყვავილების გაფორმებით ერთმანეთის ანალოგია. სწორედ არხების სიუხვის გამოა, რომ სავალ ნაწილს მცირე ტერიტორია უჭირავს. ქუჩები არის ვიწრო, ათასობით ტურისტთან ერთად სიარულს კიდევ უფრო ართულებს ველოსიპედები. ამსტერდამი განთქმულია ველოსიპედებით, როგორც ძირთადი სატრანსპორტო საშუალებით. გერმანიასთან შედარებით აქ ველოსიპედების ნამდვილი ბუმია. ზოგიერთ ადგილას სამანქანო, საველოსიპედო და საფეხმავლო გზა პრაქტიკულად ერთია, სხვა ადგილებში კი საველოსიპედო გზა ბევრად აღემატება სიგრძეში თუ სიგანეში საფეხმავლო გზას, ამიტომ ყველა ვარიანტში ფეხითმოსიარულეები დაჩაგრულები არიან. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იაროთ ქუჩებში და ყველანაირად ეცადოთ თავი აარიდოთ ველოსიპედისტებს რათა ვინმე ველოთი მოსარგებლე ჰოლანდიელმა არ მოგაძახოთ აშკარად სალანძღავი სიტყვები (როგორც მე დამემართა).  

რაც შეეხება უშუალოდ ღირსშესანიშნაობებს, ამსტერდამი განთქმულია თავისი მრავალი და ღირებული მუზეუმით. სულ 51 მუზეუმია ქალაქში. მათ შორისაა ვინსტეტ ვან გოგის მუზეუმი, სადაც მისი ნამუშევრების უდიდესი კოლექციაა დაცული, ასევე სანახავია რემბრანტის სახლ–მუზეუმი და ანა ფრანკის სახლ–მუზეუმი. კიდევ ერთი მუზუემი, რომელიც ტურისტებში ძალიან პოპულარობით სარგებლობს, არის მადამ ტუსოს ცნობილი ცვილის ფიგურების მუზეუმი. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რატომ არის ეს მუზეუმი მთელს მსოფლიოში პოპულალური, ნუ ახლა თუ მაინცდამაინც ბრედ პიტის ცვილის უსულო ფიგურის ნახვა სიამოვნებას მოგანიჭებთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ მე გირჩევდით ამაზე   დრო და ფული არ დახარჯოთ და  უფრო ღირებული რამ ნახოთ ამსტერდამში. მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეთ მუზეუმში შესვლა გაითვალისწინეთ რომ ბილეთი წინასწარ იყიდოთ(ღირებულება 18 ევრო), რათა იმ რიგში არ მოგიწიოთ ყოფნა რომელიც სავსეა ცნობილი ადამიანების გაშეშებული ცვილის ფიგურებთან ჩასელფების მსურველებით.            

როგორც იცით ან არ იცით ჰოლანდიას ტიტების ქვეყანას უწოდებენ. თუ თქვენც ჰოლანდიელებისავით  გიყვართ ტიტები ამსტერდამში შეგიძლიათ ესტუმროთ ყავვილების ბაზრობას, სადაც ყველანაირი ფერის და სახეობის ტიტას ნახავთ. ასევე, რაც ჰოლანდიასთან ასოცირდება და რითიც არის განთქმული ეს ქვეყანა, არის ჰოლანდიური ყველი. ქალაქში უამრავი ყველის მაღაზიაა რომლებიც ყველის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებელს.  იქვე თითოეული ყველის სახეობის დეგუსტაციაც არის შესაძლებელი.  

ადგილი სადაც სურათი აუცილებლად უნდა გადაიღოთ არის I Amsterdam – ის მონუმენტი, ეს ალბათ ყველაზე ცნობილი ადგილია ამსტერდამში. სკულპტურასთან უამრავი ტურისტი ირეოდა და ყველა ცდილობდა რომელიმე ასოზე აძვრომას და სურათის გადაღებას, რა თქმა უნდა, მათ  მეც არ ჩამოვრჩი და ჩემი სპორტული შესაძლებლობები იქ ასაძვრომად გამოვიყენე.

კომუნიკაციის დამყარებას რაც შეეხება რატომღაც მოველოდი რომ გერმანიის მეზობელ ჰოლანდიაში გერმანული ეცოდინებოდათ, მითუმეტეს რომ ჰოლანდიური საკმაოდ ჰგავს გერმანულს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქვეყანაში მეორე ენა აქ არის ინგლისური, ამიტომ ინგლისურის მცოდნეებს ნამდვილად არ გაგიჭირდებათ კომუნიკაცია ადგილობრივებთან.

მოკლედ ეს ის ძირითადი აქცენტებია, რომელზეც მინდოდა ყურადღების გამახვილება და თქვენთვის გაზიარება. რა თქმა უნდა პატარ–პატარა დეტალების მოყოლა არცაა საჭირო და ჩემთვის შევინახავ. საბოლოო ჯამში, ამსტერდამი ძალიან ნასიამოვნებმა და ემოციებით სავსემ დავტოვე, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ეს ქალაქი იყო ბოლო,  რომლის მონახულებითაც დამთავრდა ჩემი გემრმანული და აწ უკვე გერმანულ–ჰოლანდიური ვოიაჟი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %