14 August 2017
  • 1538 ნახვა

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 1)

მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა დათამ მომწერა, სალი გაემზადე, თებერვლისთვის ირანში მივდივართო (!); მოულოდნელობაც ამას ერქვა - მეთქი რა ირანი, რატო, რითი, ვინ, ვისთან...პასპორტი მე არ მქონდა და არაფერი, მერე კიდე სახლში ხო გინდა განაცხადო, როგორია: ჰეი, მშობლებო, მე ირანში მივდივარ, თებერვალში... ავტოსტოპით!.. მაგრამ ერთი წამით არ მიფიქრია, რომ ამ შანსს ხელიდან გავუშვებდი... და მოგზაურობაც დაიწყო!

მოკლედ, შევქმენით მარშრუტი, რუკა დავხაზეთ, COUCHSURFING-ს შევესიეთ (შევესიეთ რა, შევესიე :D ), must see ადგილები მოვნიშნეთ, პასპორტები შევუკვეთეთ, ირანული აპლიკაციები მოვიძიეთ საკომუნიკაციოდ (დაილოცოს Telegram :D იქ სოციალური მედია შეზღუდულია VPN-ის გარეშე, ამაზე უფრო ვრცლად ცოტა ქვემოთ). ქართული სამახსოვრო თუ საფოსტო ბარათები ვიყიდეთ იქ დასარიგებლად. მოვიმარაგეთ აღჭურვილობა და ნივთები (რკინის ჭიქა ვიყიდე :D ).  ერთმანეთს შევუთანხმეთ ბარგის ზომა-წონა, ყველაფერზე კითხვას ვსვამდით: რამდენი ფეხსაცმელი ჩავდო, სვიტრი? კაშნე? ჯანდაბა? ეს გვინდა, ის წამოვიღო, ეს ასე? ის ისე?! მოკლედ, ალიაქოთი!

ასე ზიმზიმში და რიარიაში გავიდა დრო და მოვიდა თებერვალი. სომხეთის გავლით გადავწყვიტეთ წასვლა. მთავარი მოტივაცია, რეალურად, პერსეპოლისი იყო და მეტ-ნაკლებად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა ჩვენი ირანული ვოიაჟისთვის. ხო და პერსეპოლისი იქნებოდა ის წერტილი, როცა მისიას წარმატებულად ჩავთვლიდით, მაგრამ „მადა ჭამაში მოდისო“ და ისე გამოვიდა, რომ ჩვენი მარშუტი სპარსეთის ყურემდე დაგრძელდა. საბოლოოდ, მთავარი პუნქტები იყო შემდეგი: სევანი>ტაბრიზი>თეირანი>ისფაჰანი - პერსეპოლისი>შირაზი>ყურე. ყურესთან ყველაზე ახლო ქალაქი გვინდოდა, საბოლოოდ ბუშერი ავარჩიეთ. მყუდრო, პატარა, ფერადი ქალაქი - იდეალური ჩანდა მთელი ამ დამღლელი და გრძელი გზის ბოლოს.

მცირე რჩევის სახით:

თუ ირანში გადაწყვეტთ მოგზაურობას, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სოციალური სივრცე იოლად ხელმისაწვდომი არაა. სახელმწიფო პოლიტიკაა ასეთი და შესაბამისად ძირითადი სოც. მედია შეზღუდულია, ან გაფილტრული - როგორც იქ იძახიან. კომუნიკაციისთვის გირჩევთ გადმოწეროთ აპლიკაცია Telegram, ძალიან მარტივი და კომფორტული რამეა, აი ირანული მესინჯერი, დაახლოებით.

რაც შეეხება ჩვენსავით სტოპერებს, Qouchsurfing ზედგამოჭრილი რამეა. მიუხედავად იმისა, რომ კარვით ვმოგზაურობდით, უცხო ქვეყანაში ადგილობრივი მასპინძლის ყოლა წინ გადადგმული ნაბიჯი და ერთგავრი დაზღვევაა, თანაც მაშინ, როცა ზამთარში მიდიხართ სამოგზაუროდ. ხსენებული პორტალი ამის ფარტო არჩევან-შესაძლებლობებს იძლევა. მოკლედ, მოგზაურისთვის აუცილებელი სივრცეა! ესეც არ იყოს, უამრავ ადგილობრივ მეგობარს შეიძენთ ძალიან მარტივად.

***

ყველაზე რთული სხვა რთულ მომენტთაგან მგზავრობის წინა ღამეს დაძინებაა. თვალებს ხუჭავ და გზას წარმოიდგენ; დამშვიდებას ცდილობ და სულელივით იკრიჭები ყველაფერზე; ხელისგულები გიოფლიანდება; ერთ ადგილას გაჩერებაც კი ძნელია, გინდა რომ იარო იქით-აქეთ (გეგონება სიარული მერე არ იქნება საკმარისი). მოკლედ ცქმუტავ ადამიანი, ვერ წყნარდები. საბოლოოდ რაციონალურობა მოვიკრიბე და 2 საათზე დავიძინე, 2 მობილურზე დავაყენე მაღვიძარა. დილით, ჩანთაზე მიკეცილი , წუხანდელი გამზადებული ტანსაცმელი ჩავიცვი, ტაქსი გამოვიძახე, თან არ მინდა ვინემ გაიღვიძოს სახლში, მოკლედ გამოვიძურწე ფეხაკრეფით და ლუკას სახლთან მივედი 8 საათისთვის. მოვგროვდით სამივე. მარკეტში რაღაცები ვიყიდეთ და ტაქსით ფონიჭალაში გავედით.

დაიწყო სტოპი.

ა, უი არ დაიწყო ჯერ! ტაქსიდან რო ჩამოვედით, ლუკამ მერე შეამჩნია, ფოტოაპარატი დამრჩაო  (ჩემი შინაგანი მე-ს რაღაც  ნაწილი მაშინ მოკვდა); მოკლედ, ისე ქნა, რომ მოგვაწოდეს აპარატიც და აი ახლა ნამდვილად დაიწყო სტოპი.

11 საათი ხდებოდა უკვე. ისე გვეჩქარებოდა ქვეყნიდან გასვლა, გეგონება ვინმე მოგვდევს და გასწრება გვინდაო. საერთოდ, არ ვსტოპავ, ხო და ტრასაზე ამ ცერს რო ვწევდი, ისეთი უცნაური და უხერხული შეგრძნება იყო თავიდან, ვერ აღგიწერთ :დ ასე მეგონა, რაღაცა საოცრებას ვაკეთებდი და მინდოდა სწორად გამეკეთებინდა, ზუსტად ისე ამეწია ცერი, როგორც ნამდვილი ავტოსტოპერები აკეთებენ, ბუნებრივად და მსუბუქად ;დ

მოკლედ, რამდენიმე მანქანა გამოვიცვალეთ და საბოლოოდ, სადახლოს პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგვიჩერა მანქანა, რომლის სახელიც არ ვიცით, მაგრამ ირანში მოცალეობის ჟამს ბრეინშტორმინგი მოვაწყეთ, ნეტა რა ერქმეოდა იმ კაცსო. ხო და ამ, პირობითად, ბადრიმ დაგვაიმედა, მეო ისეთი კაი ფეხი მაქვსო და კაი ხელიცო, რამე მნიშვნელოვანი რო უნდა მოხდეს, ნათესავებს მივყავარო და სულ კაი რამეები ხდებაო და აგერ ნახეთ, თქვენც რა კარგად გაივლითო თქვენს გზასო. არ ვიცი მართლა „ბადრის“ ფეხის ამბავი იყო თუ სხვა რამე, მაგრამ უმარტივესად გავიარეთ მთელი გზა სპარსეთის ყურემდე. მოკლედ ამ კაცმა ბარემ საზღვრამდე მიგიყვანთო, ჩამოგვსვა, წარმატებები გვისურვა და წავიდა. ჩვენ ბოლო კონტაქტი დავამყარეთ ოჯახებთან, დავჩექინდით (!) და შევედით სასაზღვრო პუნქტში.

საქართველო-სომხეთის საზღვართან

***

პუნქტზე გასვლისას კიდე უფრო მეტად იგრძნობოდა, რომ მივდიოდით, ფაქტი იყო მივდიოდით და ნერვიულობა-აღელვებას კიდე რაღაცა უცხო ემოციები ერეოდა. საბოლოოდ, აღფრთოვანებულებმა გადავდგით ფეხი სომხეთის მიწაზე.

პირველი მანქანა სომხეთში ვინმე კარენასი იყო, რომელმაც სადრაც 15მდე კილომეტრი გვატარა და ჩამოგვსვა. კარენას მანქანის მერე მალევე ერთი ოქრო ადამიანი გაჩერდა და სევანამდე გვატარა ალალად. ეს ტიპი, გევორქი, საერთაშორისო მართვის მოწმობებს ასწავლის იერევანში თურმე. მეც მოლაშქრე ვარო, დავდივარო ბევრს. წესით ამ ზაფხულს უნდა ჩამოვიდეს აქ, დათა შეიპირა, ჩამოვალ და გიდობა გამიწიე იცოდეო. გევორქს თავიდან რუსულად ველაპარაკებოდით, უფრო სწორად დათა ელაპარაკებოდა „ასე თუ ისე“ რუსულით. მე და ლუკა ჩუმად ვისხედით, რუსულად არცერთი არ ვსაუბრობთ. მერე სხვათშორის ვკითხე:

-დუ უი სფიქ ინგლიშ? - კიო, აი ძაღლივით ვარო, რასაც მეუბნებიან მესმის, მარა ვერ ვლაპარაკობო :D  გამიხარდა მაინც :დ

ყველა შემთხვევაში, 2 კაკალი რუსული თუ იცით, სომხეთში არ გაგიჭირდებათ, თან „გრუზინებს“ დიდი სიამოვნებით ეხმარებიან  :დ

მოკლედ, გევორქმა კარგა ხანს გვატარა, ბევრი ვილაპარაკეთ გზაში, ხან რაზე, ხან რაზე, საბოლოოდ სევანში ჩავგვიყვანა, ვიზიტკა გადმოგვცა, ზაფხულში შევხვდებითო, დაგვემშვიდობა და დავცილდით.

ცოტა ფეხით გავაგრძელეთ გზა, სევანისკენ წავედით, აბა უამისოდ ვერ გავივლიდით სომხეთს. სომხეთში სიცივე იყო, თოვლიანი და გაყინული ყველაფერი. ხო და ასე წუმპეში მივაბიჯებდით და ერთმა მანქანამ მოგვაჩერა, დედა-შვილი ისხდნენ. ჩაგვისვეს და წავედით. უბრალო ხალხი იყო, ძველი მანქანით. ხო და სევანთან რაღაც ძველი ეკლესია დგას და ეს უნდა ნახოთო, მოკლედ აგვიყვანეს ამ ეკლესიასთან, ხედები ნამდვილად შესანიშნავი იყო: მთელი სევანი ჩანდა, ცისფერი იყო და ნახევარი ყინულით დაფარული. ხედებით რომ დავტკბით და ფოტოებიც გადავიღეთ, ჩამოვედით, ცოტა კიდევ ვიარეთ ამათი მანქანით, ჩვენი საფოსტო ბარათი ვაჩუქეთ ერთი ცალი და დავემშვიდობეთ.

უსახელო ეკლესია სევანის ახლოს

ნახევრად გაყინული სევანის ტბა

ამათ მერე ერთმა მანქანამ გააჩერა, ვიღაცა მაღალი ცისფერთვალება ჯარისკაცი გადმოხტა და ძალიან აქტიურად და ენერგიულად გამოიკითხა, აბა ვინ ხართ და საითო. მოკლედ, ჩანთები ჩაგვალაგებინა საბარგულში და დავიძარით. ურაბლო ჯარისკაცი არ იყო, რაღაცა წდება ექნებოდა, მე არ მახსოვს უბრალოდ. ეს წინ იჯდა, ჩვენ უკან ჩაკუჭულები. ეს კაცი სასწაულად ხმამაღლა ლაპარაკობდა, პრაქტიკულად ყვიროდა. თავიდან ვერთობოდით ამ ჟრიამულზე მარა მერე ყელში ამოგვიყვანა, რაც დრო გადიოდა, მით უფრო აშკარა ხდებოდა, საწყალს, რომ იტყვიან, გაქანებული ნევროზი ჰქონდა, მთლად სრულ ჭკუაზე არ იყო. მოგწონთო სომხეთი? რა ლამაზიაო აქაურობა? სად მიდიხართო? ირანშიო? ირანი კიო მარა აზერბაიჯანში არ წახვიდეთო, იქ არ ვარგაო, თან სომხეთში რო ხართ ნამყოფები, იქ დაგიჭერენო, არ გარისკოთო. ჩვენც, არა აბა აზერბაიჯანში რა საქმე გვაქვსთქო, ვეთანხმებით ველაფერში. თან ამასთან კამათი ჯერ ისედაც შარია და მერე კიდე მაგდენი რუსული საიდან :დ ხო და ეხა ბიჭებს მიადგა, რას იტყვით, არ გინდათ ჯარში წამოხვიდეთო ჩემთანო? ჩემს დანაყოფში წაგიყვანთო, მე მოგივლითო, კაი იარაღს დაგაჭერინებთო ხელში, კარგად დაფიქრდით იცოდეო. დათა და ლუკა ძაან მობეზრებული გამომეტყველებებით თავს აქნევენ, არა ომი არ გვაინტერესებს ჩვენო. ამას ეწყინა, არაა ცუდიო, მოგეწონებათო, მთავარი მე ვარო იქო, ისედაც, სომხეთის არმია პირველია მსოფლიოში, არ იცითო?! ჩვენ გაგვეცინა; ამაზე გადაირია, რა არ გჯერათო? ყველაზე დიდი და ძლიერი არმია გვყავსო, საშიშიო და ეგეთები მოკლედ, დაიწყო სომხეთის შეიარაღებული ძალების გაპიარება ჩვენთან. კარგა ხანი ვიარეთ ამათთან ერთად; საბოლოოდ, რაღაც გადასახვევთან ჩამოგვხსეს, ეს ჯარისკაციც ჩამოვიდა, ჩანთები ამოალაგა და ხელი ძალიან მაგრად და ღოივრად, ჯარისკაცურად ჩამოგვართვა სამივეს. აბა თქვენ იცთო, თვითონ ჩამოდგა გზაზაე, ჩვენ საზღვრისკენ ავიღეთ გეზი; რამდენჯერმე მივიხედე, ეს ჯრისკაცი იდგა ასე გაღიმებული, ციმციმა ცურჯი თვალებით, ხელები შემალული ჰქონდა მკლავების ქვეშ და გვიღიმოდა რაღაცნაირად; მთელი გზა ნერვებს გვიშლიდა, მაგრამ ასე ჩუმად რომ ვუყურებდი, ატუზულს გზის პირზე, რაღაცნაირად შემეცოდა და გადამიარა იმ გაღიზიანებამ; იდგა და რაღაცას ფიქრობდა, ასე გატრუნული მიგვაცილებდა მზერით მანამ, სანამ თვალს არ მივეფარეთ...

***

Google map ჭეშმარტიტად საჭირო რამეა, მაგრამ ეს ალბათ ჩვენი შეცდომაც იყო: რა გზაც რუკამ აჩვენა უმოკლეს მანძილად, ზუსტად ისე გადავწყვიტეთ გასტოპვა, რაც საბოლოო ჯამში არც ისე პრაქტიკულია. მთავარი გზის გვერდის ავლით და დროის მოგების მიზნით ცოტა ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით გამართლების იმედად. ასე რომ თუ ჩვენსავით  გამოუცდელი სტოპერი ხართ საზღვრებს გარეთ, გირჩევთ ნაცად და მთავარ გზებს გვერდი არ აუაროთ - ვერც დროს დაზოგავთ და ცოტა სტრესულ სიტუაციაშიც კი შეიძლება აღმოჩნდეთ.

მაგრამ თუ რისკი არ გაშინებთ და თავგადასავლების მოყვარული ხართ, სათქმელიც არაფერი მაქვს ამ საკითხზე :დ

ჩვენს პატარა კრიზისულ მომენტზე კი შემდეგ მონაკვეთში გიამბობთ. 

მსგავსი
05 September 2017

პანკისობა 2017 დუისში 30 სექტემბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული „პანკისობა“ 30 სექტემბერს სოფელ დუისში, საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება....

05 September 2017

ყველაზე ლამაზი ქვეყანა მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყნების ოცეული ბრიტანულმა Rough Guide-მა საკუთარი მომხმარებლების გამოკითხვის შედეგად შეადგინა....

14 August 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 1)

მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა დათამ მომწერა, სალი გაემზადე, თებერვლისთვის ირანში მივდივართო (!); მოულოდნელობაც ამას ერქვა - მეთ...

21 July 2017

გასეირნება ამსტერდამში

წინა პოსტში აღვნიშნე, რომ უცხოეთში წასვლისას ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე და რაც შეიძლება ბევრი ადგილი ნახო, მაგრამ მე, რა...

25 April 2017

Ciocanesti - ორნამენტებით მოხატული სოფელი

Ciocanesti - ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულოდა ლამაზი სოფელი, რომელიც ჯერ კიდევ არაა ფართოდ ცნობილი. რუმინეთის ჩრდილოეთით მდებარე ეს ს...

16 March 2017

5 საუკეთესო ქვეყანა ცხოველების მოყვარულებისთვის

თუ გიყვართ ცხოვეელბი, მათზე დაკვირვება ან ზოგადად ველური სამყარო, შეგიძლიათ თქვენი მოგზაურობა ამ მხრივქაც დატვირთოთ. წარმოგიდგე...

13 February 2017

Hobbiton Movie set - ჰობიტების ნამდვილი სოფელი

შესაძლოა, სულაც არ ხართ "ბეჭდების მბრძანებლის" განსაკუთრებული ფანი, მაგრამ მის შესახებ აუცილებლად ბევრი რამ გეცოდინებ...

01 February 2017

10 ულამაზესი ჩანჩქერი მთელი მსოფლიოდან

თქვენ შეიძლება ბევრი გსმენიათ ისეთ ცნობილ და პოპულარულ ჩანჩქერებზე, როგორებიცაა, მაგალითად, ნიაგარა ან ვიქტორია. მაგრამ მსოფლიო...

23 January 2017

როგორ გამოიყურება გაყინული ბაიკალის ტბა

ბაიკალი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის  და ყველაზე ღრმა ტბაა. ტბის სიღრმე 1642 მეტრია. ტბა და მის ირგვლ...

13 January 2017

ულამაზესი სანახაობა - ყინულის ყველაზე დიდი ფესტივალი მსოფლიოში

მათ, ვისაც არ აშინებთ ყინვა და სიცივე, ულამაზესი სანახაობა ჩინეთის ქალაქ ჰარბინში ელოდებათ. ყინულისა და თოვლის სკულპტურების ტრა...