მოლდოვა - ათასი ტბის ქვეყანა

სამშობლოს საზღვრებიდან პირველი გასვლა პირველი ამოსუნთქვასავითაა - ადრენალინისგან მთელს სხეულში გრძნობ ჭიანჭველების ფუთფუთს, ფილტვები გტკივა და ახალი, ჯერ კიდევ უცნობი ქვეყნისკენ მიათრევ შენს ბარგს. ჩამოდიხარ თვითმფრინავის ტრაპიდან უსახურ ასაფრენ ბილიკზე, იქიდან თავს დიდმინებიან ავტობუსში გიკრავენ. გარეთ ისე ცივა, თითქოს მაცივრის საყინულეში ჩაგკეტეს, არადა ზუსტად გახსოვს, თუ როგორი თბილი და ღუნღულა შემოდგომა დატოვე შენს ქალაქში.
მტრულად შეგვხვდა კიშინოვის აეროპორტი. ბრაზიანმა ძიამ, რომელსაც მგზავრების საზღვარზე გატარებამდე აშკარად მათი წამება ევალებოდა, მანამ გვაყურყუტა მოსაცდელ ოთახში, სანამ არ დარწმუნდა რომ ნამდვილად ტრენინგზე მივდიოდით და არა მოლდოვის დასაბომბად. აეროპორტიდან გაბრაზებული, დაღლილი და მშიერი გავედი, ყურადღებას არ ვაქცევდი შემოდგომის სიცივისგან გადამხმარ ფოთლებს,  ფეხქვეშ რომ ხრაშუნებდნენ. უეცრად, ჩვენს თვალწინ დიდი, ქერა გოლიათი გაჩნდა. თავაზიანად მოგვესალმა და მისთვის აშკარად ძალიან პატარა, ნიჟარის ფორმის ავტომობილისაკენ გაგვიძღვა. 
გოლიათი ჩვენი მძღოლი აღმოჩნდა. მოლდოველი გლეხი, რომელსაც დანიშნულების ადგილამდე ჩვენი მიყვანა ევალებოდა. ძლივს-ძლივს ჩავჯექით ქათმის და ყურძნის სუნით შემკულ საბჭოთა ჯართში და კიშინოვისკენ ავიღეთ გეზი. 
ბრაზმა და დაღლილობამ ერთიანად გადამიარა, როდესაც შევნიშნე, რომ ჩვენი მოთახთახე ავტო პირდაპირ ზღაპრისაკენ მიგორავდა_ გზის ორივე მხარეს ოქროსფერი მინდვრები დაბრეცილტანიანი ვაშლის ხეებით მოფენილიყო. მზესავით ყვითელი, წვნიანი, სხივჩამდგარი ნაყოფი ახუნძლულიყო ხეებზე. ვაშლის ბაღებს რომ გავცდით, დაბალტანიანი ვენახების ჯარი შემოგვეგება. ყურძნის სიმძიმისგან ვაზი წელში ერთიანად მოხრილიყო. 
სანდუმ, ასე ერქვა ჩვენს ქერა გოლიათს, გულიბრყვილოდ გაგვიღიმა და გვიამბო, რომ მოლდოვა ვაშლისა და ვაზის ქვეყანაა. გვითხრა, რომ აქ, დიდი და ლურჯი ტბების პირას კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. 
”ჩვენ არ გვაქვს მთები, მაგრამ ვამაყობთ იმით, რაც ღმერთმა მოგვცა,”_ თვალებგაბრწყინებული ყვებოდა გოლიათი_”ვაზით, ვაშლით, ათასამდე ტბით და ჯადოსნური ტყეებით.” 
ადგილს, სადაც ჩვენმა საბჭოურმა ჯართმა მიგვაგორა კოშტესტი ერქვა და კიშინოვიდან ოცი წუთის სავალზე მდებარეობდა. კოშტესტი ტბის პირას გაშენებული პატარა, მეთევზეთა სოფელია, თუმცა უფრო საკურორტო ზონა ეთქმის. ტბა, რომელიც სოფლის სახელს ატარებს, ნებისმიერ ამინდში მშვიდად ლივლივებს. სანაპირო ტანჭრელი ვერხვებით და სევდიანი ტირიფებითაა დაფარული. დოკებზე მიბმული ნავები კი მუდმივ მოძრაობაშია_ ტბის შუაგულისკენ-უკან. გამრჯე მეთევზეები ალბათ ოქროს თევზს ეძებენ. moldovaვუყურებდი ტბას და ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა ყველა სლავური ზღაპარი, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ტბის თავზე გადამფრენმა გედებმა, წყალში მოლივლივე ვერცხლისფერმა თევზებმა, ვერხვების ჩუმმა ჩურჩულმა და ჩემს ფეხქვეშ გაფენილმა ფერადი ფოთლების ხალიჩამ ერთიანი ძალებით იზრუნეს ჩემს თრობაზე, მანამ, სანამ ნამდვილ ბახუსს მივეცემოდი მოლდოვური ტკბილი ღვინის წყალობით... ტბაგამოსასვლელ დღეებში და საღამოობით კიშინოვს ვსტუმრობდით. მოლდოვის მთავარი ქალაქი პატარა და მეგობრულ ატმოსფეროს გთავაზობთ, თავისი ვიწრო ქუჩებით, მოკრძალებული ბარ-რესტორნებით, ხმაურიანი და ალკოჰოლით გაჟღენთილი კლუბებით. ყველაზე ლამაზი აქ ცენტრალური პარკებია, რომელთაც ჯერ კიდევ საბჭოეთის ელფერი დაჰკრავთ. არქიტექტურა განსხვავებული და აბსოლუტურად უცხოა_ არც სლავური, არც ევროპული. უყვართ სტუმარი და ალბათ ამ პატარა დეტალით ძალიან გვგვანან. 
აუცილებლად სანახავი ქალაქის ცენტრში მდებარე მართლმადიდებლური ტაძარი და ტრიუმფალური თაღია_ პარიზის თაღის ანალოგი, თუმცა გაცილებით მცირე მასშტაბის. ტაძრის მოედანზე ათასობით ფრთაჭრელი, ღუღუნა მტრედი ეფიცხება მზეს. 
თუკი მოლდოვაში ვიზიტს გადაწყვეტთ, სექტემბრის ბოლოს ეწვიეთ - ქვეყანაში მასშტაბური, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი იმართება - სახალხო ზეიმი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ მოლდოველი ერის სილამაზით, მათი დაბალალკოჰოლიანი, მაგრამ საკმაოდ გემრიელი ღვინით, ეროვნული კერძებით და სამამულო მუსიკით. მოლდოვა, moldova
თუ ხალხმრავლობა არ გხიბლავთ, ეწვიეთ წელიწადის ნებისმიერ დროს, გამოყავით ერთი დღე, აიბარგეთ და ესტუმრეთ რომელიმე მოლდოვურ სოფელს, სავსეს მზით და ღიმილიანი ხალხით, ჩამოჯექით ათასიდან ერთ-ერთი ტბის პირას,თან აუცილებლად წაიღეთ ერთი ბოთლი მოლდოვური, მზისფერი ღვინო, დიდხანს, დაკვირვებით უყურეთ ტბის ზედაპირს და აუცილებლად დაინახავთ, როგორ გადაგიფრენენ მხრებს ზემოთ გედებად ქცეული ძმები - ცნობილი სლავური ზღაპრების გმირები, როგორ დაივარცხნის ოქროსფერ თმებს ალიონუშკა, იქვე კი პრინცი ივანი ეამბორება ბაყაყად ქცეულ დედოფალს. 
საოცრებების მიწა - დაახლოებით ასე ჟღერს ქართულად სახელი, რომელსაც მოლდოველები თავიანთ ქვეყანას უწოდებენ.მოლდოვაათასი ტბის, ჩანჩქერების, ვაზის, ვაშლის, შემოდგომის ქვეყანა - იდეალური ადგილია დაბალბიუჯეტიანი მოგზაურობისათვის და მათთვის, ვისაც უნდა ნახოს ქვეყანა, რომელიც არც ევროპაა, არც სლავური კულტურის მატარებელი და აქვს თვითმყოფადი, ჯადოსნური  ხიბლი, რომელიც ერთხელ ნახვის შემდეგ სამუდამოდ თქვენთან დარჩება. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %