დუბაი - ქუთაისი - დუბაი პირდაპირი რეისები 14 ივნისიდან შესრულდება. ავიაკომპანია FlyDubai რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
გარდა ამისა, 17 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო.
მეორე ხომალდის ბაზირებასთან ერთად ავიაკომპანიამ კიდევ 5 ახალი მიმართულება: პარიზი, პრაღა, ბარსელონა, რომი და ათენი დაამატა
თუშეთის გზა გაიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Reginfo.ge ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, მეწყერით შექმნილი პრობლემების გამო, პირველი 2 კვირის განმავლობაში გზაზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები იქნება. საგზაო კომპანიის თანამშრომლები პერიოდულად გზას ჩაკეტავენ 2 ან 3 საათით, გზის გაფართოების მიზნით, სამუშაოების წარმოების გამო.
თუშეთის გზაზე, აბანოს უღელტეხილს იქით სოფელ ხისომდე, დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა გასულ წელს, ზამთარში მოწყდა. მეწყერმა 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა.
წელს ამ ადგილას ვითარება გაუარესდა. თუ გასულ წელს წყალი 380 მეტრის სიგრძეზე იყო დაგუბებული, დატბორილი ტერიტორიის სიგრძე 500 მეტრამდე გაიზარდა. მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა. გზის გახსნაც აღდგენითი სამუშაოების გამო დაგვიანდა.
მთიან აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა, მარშრუტი სოფელ ღორჯომიდან, მთა ლენკარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება.
ტურისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მთიანი აჭარის მონახულებით, ახალი ბილიკის საშუალებით შეძლებენ სოფელ ღორჯომში კასკადოვანი ჩანჩქერების, ოდებისა და მეჩეთების მონახულებას, ასევე ახალი ბილიკით შესაძლებელია მთა ლეკნარისა და ბახმაროს მონახულებას.
ტურისტული მარშუტის მარკირება აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა.