ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ არა ამ სიახლემ ევროპის ქვეყნები ქართველი მოგზაურებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და რა ბიუჯეტური მიმართულებები შეგიძლიათ შეარჩიოთ ევროპული შვებულებისთვის - ამ თემაზე Turebi.Ge-ის კითხვებს ტურისტული კომპანია I am Georgia-ს ტურ-ოპერატორი ნინა ბელიაშვილი პასუხობს.

ბოლო პერიოდში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის სხვადასხვა მიმართულება დაემატა. რამდენად აისახა ეს სიახლე ევროპის ტურების ფასებზე და რომელი მიმართულებით შეუძლიათ მსურველებს ყველაზე დაბალი ბიუჯეტით ბილეთების შეძენა?

რეისების დამატებამ დიდწილად განაპირობა მგზავრების რაოდენობის ზრდა ევროპის მიმართულებებზე, საზაფხულო სეზონიდან გამომდინარე ფასები ცვალებადი და არასტაბილურია, თუმცა მგზავრებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ბუდაპეშტის, პრაღის, პარიზის, ათენის, ბერლინის მიმართულებით დაბალი ბიუჯეტის ფარგლებში.

ერთია ტურის ღირებულება, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად ხელმისაწვდომია სხვადასხვა ქალაქში კვების, მუზეუმების და ა.შ ღირებულება. თქვენი გამოცდილებით, რომელია ამ მხრივ ევროპის ყველაზე ხელსაყრელი ქალაქები?

ტურის ღირებულების გარდა მოგზაურობისას მგზავრები ითვალისწინებენ ხარჯებს კვებასთან, ტრასპორტირებასთან და ღირსშესანიშნაობებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს სასურველი მიმართულების შერჩევაზე. კვების მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ქალაქებიდან გამოვყოფდით ბუდაპეშტს, ბუქარესტს, ვარშავას, რიგას, ათენს, რომს.

მოგეხსენებათ, მოგზაურობისას ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით ვთავაზობთ მგზავრებს წინასწარ მოხდეს პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობების ბილეთების შეძენა, რაც მათ საშუალებას აძლევს თავი აარიდონ რიგებს და მეტი დრო დაუთმონ ახალი შთაბეჭდილებების მიღებას. ევროპის მასშტაბით მუზეუმების და ძირითადი ღირსშესანიშნაობების ფასები დაახლოებით იდენტურია და საშუალოდ 20 ევროს ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ჩვენი მიზანია მომხმარებელი მაქსიმალურად კმაყოფილი დაბრუნდეს დაგეგმილი  მოგზაურობიდან, ამიტომ  ვცდილობთ აქცენტი გავაკეთოთ სასტუმროს მდებარეობაზე, ამით გარკვეულწილად ვამცირებთ ტრანსპორტირების ხარჯებს და ვზოგავთ დროს. ცენტრალური მდებარეობა არა მხოლოდ ტრანსპორტირებისთვისაა კომფორტული, არამედ კვების ობიექტების მრავალფეროვნებასაც გვთავაზობს.

დამატებით ხარჯებში აღსანიშნავია ევროპის უმეტეს ქალაქში ტურისტებზე დაწესებული მოსაკრებელი, რომელსაც იხდიან ადგილზე, განთავსებისას.

რომელ მიმართულებებს ურჩევთ მათ, ვისაც საზღვაო დასვენება სურს, თუმცა მათი ბიუჯეტი ძვირადღირებულ კურორტებს ვერ წვდება?

საზღვაო  მიმართულებებიდან წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, აქტუალურია თურქეთის კურორტები (ანტალია, კუშადასი, ბოდრუმი), თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წინა წლებთან შედარებით ტარიფები გაზრდილია. ბიუჯეტური დასვენებისთვის სეზონის განმავლობაში ხშირად არის ე.წ. „ბოლო წუთის აქციები“ ეგვიპტის (ჰურგადა და შარმ-ელ შეიხი) და საბერძნეთის მიმართულებით (ჰალკიდიკის ნახევარკუნძული და კუნძული კრეტა), ამ დროს შესაძლებელია სრული პაკეტების შეძენა მისაღებ ფასად, ეს საკურორტო ზონები განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან მოიცავს სრულ მომსახურებას და დამატებით ხარჯებს არიდებს დამსვენებელს. უნდა აღვნიშნოთ, ესპანეთში კოსტა-ბრავას სანაპირო და კვიპროსი, თუმცა ამ შემთხვევაში რაც უფრო ადრე ხდება ტურის შეძენა ან დაჯავშნა, მით უფრო დაბალია ღირებულება, რადგან ტურის ფასზე  დიდ გავლენას ახდენს ავიაბილეთის ტარიფი. საზღვაო ტურის დაგეგმვას, სრული პაკეტების შემთხვევაში, მგზავრებს ვურჩევდით დაახლოებით თვენახევრით ადრე, ევროპის საზღვაო კურორტებზე კი დაახლოებით 2-2,5 თვით ადრე.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %