ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენი ზაფხულის კურორტიც იყოს. მაგრამ თუ ჯერ არ ხართ ნამყოფი ან თუ ბორჯომში ყოველ ჩასვლაზე ერთანირად ატარებთ დროს, მაშინ, ვიმედოვნებ, ეს პოსტი გამოგადგებათ რომ მესხეთის ამ უმშვენიერეს ნაწილში დრო უფრო საინტერესოდ და ღირებულად გაატაროთ. სანამ უშუალოდ ქალაქ ბორჯომზე მოგიყვებით, მინდა იმ ადგილების შესახებ გითხრათ, რომლებიც ბორჯომს ეკუთვნიან და თავისი ბუნებით თუ ისტორიით ღირებულია ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი ადგილია ,,მწვანე მონასტერი“. მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომიდნ რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და ტრასიდან მანქანით 10 წუთის სავალია, მე პირადად პირველად ამ შაბათს ვიყავი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი.

მწვანე მონასტერი იგივე ჩითახევის წმ. გიორგის ტაძარია, რომელიც დაბურულ ხეობაშია აშენებული, სავარაუდოდ გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების მიერ,  მეცხრე საუკუნეში. აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა რადგანაც ტაძარი ზუსტად იმეორებს მეცხრე საუკუნისდროინდელ სამშენებლო სტილს ამ საუკუნეს მიაწერენ. ადრე შემოგარენში იყო საბერო კელიები, ახლა მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი. XVI საუკუნეში შაჰ თამაზის შემოსევისას ტაძარი დაარბიეს და იქ მცხოვრები ბერები ჯერ აწამეს შემდეგ მოკლეს. ამ ფაქტთან აკავშირებენ მონასტრის ტერიტორიაზე მდინარის პირას მოწითალო შეფერილობის ქვებს, რომლებსაც ,,სისხლიანი ქვები“ უწოდეს, ხალხის აზრით ქვებზე მეთექვსმეტე საუკუნეში მოკლული ბერების სისხლია დამჩნეული. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა , ხოლო 2002 წელს მამათა მონასტერი აღდგა.

მწვანე მონასტერი

როგორც ჩანს, ,,მწვანე მონასტერი’’ ცნობილი ადგილია, რაც ტურისტების და ქართველი დამსვენებლების სიმრავლეზე ეტყობოდა. მონასტრამდე მისასვლელი გზის პირას უამრავი ადგილია პიკნიკის მოსაწყობად, თან უკვე გამზადებულია სპეციალური ადგილები კოცონის დასანთებად. ასე რომ, მწვანე მონასტერი ნამდვილად შესანიშნავი ადგილია პატარა ექსკურსიის მოსაწყობად.

მწვანე მონასტერი, ბორჯომი

აღსანიშნავი ადგილია ,,ტიმოთეს უბანიც“. მდებარეობს ბორჯომიდან 17კილომეტრში. XII-XIII-საუკუნეში სოფელ ტიმოთესუბანში შალვა ახალციხელმა ააგო ტაძარი. ტაძრის კედლებზე შესრულებულია  ერთ-ერთი ყველაზე რთული მხატვრობა  თავისი პერიოდისთვის. ფრესკების უმეტესობა კი შემორჩენილია.

ასე რომ, თუ ბორჯომში აპირებთ ჩასვლას ან უკვე ისვენებთ, მხოლოდ ამ ქალაქით არ დაკმაყოფილდეთ, მითუმეტეს მოსახერხებელი მდებარეობის გამო ძალიან მარტივია გაიცნოთ არა მარტო ბორჯომი, არამედ ბორჯომის შემოგარენიც.

ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ ბორჯომს... ამ ქალაქთან პირადად მე განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. ძირითადად ამ ქალაქს უკავშირდება ჩემი ბავშვობის ზაფხულის არდადეგები, გართობა, მხიარულება,დასვენება, ყველაფერი პოზიტიური. ახლა კი, როცა ერთი დღით ჩავდივარ ხოლმე ძველი ადგილები ბავშვობის მოგონებებს მიცოცხლებენ, ახალი ადგილები, განახლებული დეტალები კი ახალი შეგრძნებებით მავსებენ. ბორჯომში რაც ყოველთვის ძალიან მომწონდა არის ის, რომ ბუნება და ქალაქური ცხოვრება იმდენად კარგად არის შერწყმული ერთმანეთთან რომ აქ ნებისმიერი ასაკის, სქესის, აქტიური თუ პასიური დასვენების მოყვარულისთვის იდეალური გარემოა შექმნილი. ბორჯომი ის კურორტია, სადაც  წლიდან წლამდე იზრდება ტურისტების და დამსვენებლების რიცხვი. ბორჯომი მართლაც რომ უბერებელი კურორტია.

ბორჯომის პარკი

ბორჯომის უნიკალურობას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. მთის სუფთა ჰაერი და მთელი წლის განმავლობაში ზომიერი ტემპერატურა ხელსაყრელ პირობებს ქმნის არამარტო დასვენებითვის, არამედ ცხოვრებისთვისაც. სუფთა ჰაერზე კი ბორჯომის აღმოსავლეთიდან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დიდ გავლენას ახდენს. ბორჯომის პოპულარულ კურორტად გადაქცევა კი მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება, როდესაც  მიხეილ რომანოვმა ბორჯომი საუფლისწულო მამულად და რომანოვების სამეფო დინასტიის საზაფხულო რეზიდენციად აქცია. ამ პერიოდიდან ბორჯომი გახდა პირველხარისხოვანი სამკურნალო ცენტრი, მომსახურების ხარისხით კი ევროპის კურორტებს უტოლდებოდა. საბჭოთა პერიოდში კი აშენდა ათობით პანსიონატი, სანატორიუმი და სასტუმროები.

რომანოვების სასახლე

ის, რაც ბორჯომს ძალიან მიმზიდველს ხდის და ხიბლს სძენს, რა თქმა უნდა, არის ყველასთვის საყვარელი ცენტრალური პარკი. პარკი დასვენებისთვის, გართობისთვის, სავარჯიშოდ, რელაქსაციისთვის, სამკურნალოდ, მოკლედ მრავალფუნქციური პარკი შესაძლებელს ხდის ვისაც როგორ სურს ისე გამოიყენოს ეს ადგილი. ტყეში ჩაფლული პარკი უდაოდ ყველაზე პოპულალური ადგილია ბორჯომში. ბავშვების ატრაქციონებით დაწყებული ჩოგბურთის კორტებით და ღია აუზით დამთავრებული, აქ ყველაფერია, რომ სრულფასოვნად დაისვენოს და გაერთოს ნებისმიერი ასაკის ადამიანი. ამ ჩასვლაზე თვალში მომხვდა პარკში გახსნილი საკვების უამრავი დახლი, აქამდეც კი იყო, მაგრამ ახლა უფრო მრავალფეროვანი გახდა, (გაიხსნა ჰოთ-დოგების, სენდვიჩების, სმუზების, ნაყინების, პრაფეების,მოხარშული სიმინდების დახლები.) ასე რომ თუ მოგშივდათ (მითუმეტეს სუფთა ჰაერზე) იაფად და ნოყიერად მიირთმევთ. ისე კი პარკში რამდენიმე კაფე-ბარი ფუნქციონირებს. სხვა დანარჩენი, რაც შეგიძლიათ პარკის გარეთაც იყიდოთ (მაგალითად ნაყინი, მზესუმზირა, წვენები) გაითვალისწინეთ, რომ პარკში ყველაფერს სამმაგი ფასი ადევს.

ბორჯომის პარკში სიახლეა ე.წ ROPE PARK, რომელიც შარშან გაიხსნა თუმცა წელს ლოკაცია ოდნავ შეიცვალა. ROPE PARK სათაურიდანაც გამომდინარე (Rope-თოკი, ბაგირი) მეტყველებს მის  დანიშნულებაზე, სიმაღლეზე ხიდან ხეზე გადგმულია ფიცრები, თოკები და სხვადასხვა ელემენტები, ამ ,,ატრაქციონის“ მუღამი ის არის, რომ  თოკზე გამობმული შენ თვითონ ძლევ გარკვეულ სირთულეებს სიმაღლეზე, ერთ-ერთი ელემენტი კი არის მოკლე ZIP LINE- მდინარის გასწვრივ (როგორც ჩანს სწორედ ამ დეტალის გამო გადმოიტანეს ROPE PARK მდინარესთან ახლოს). ვერ ვიტყვი, რომ ეს ექსტრემის მოყვარულთათვის შესანიშნავი გასართობია, მაგრამ ვისაც მსგავსი რაღაცეები მოგწონთ ერთჯერადად მართლა კარგი რამეა მითუმეტეს სხვა ატრაქციონების ფონზე. (ფასი 12 ლარია ერთ ადამიანზე).ბორჯომის პარკი

ადგილი, რომელიც ძალიან განთქმულია ბორჯომში და ზოგჯერ მიზეზი, რის გამოც მიდიან პარკში, არის გოგირდის ღია საცურაო აუზები პარკის გავლით ტყეში. პარკიდან  ფეხით დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს გოგირდის ,,აბანოები“ სადაც შესვლა უფასოა. ადგილზე ერთმანეთისგან სიდიდის და სიღრმის მიხედვით განსხვავებული რამდენიმე აუზია მოწყობილი. ასე რომ, თუ პარკის ტერიტორიაზე ფასიან აუზში არ გინდათ შესვლა, გოგირდის აბანოები მშვენიერი გამოსავალია.

ბორჯომში ფუნქციონირებს საბაგირო გზაც, რომელიც მგზავრებს ემსახურება პარკიდან პლატოზე ასასვლელად. თუმცა თუ სიმაღლის გეშინიათ ან ფეხით სიარული გირჩევნიათ, პარკიდანვე არის საფეხმავლო გზა, რომელიც პლატომდე ადის. დამიჯერეთ საბაგიროთი 2-წუთიან სიამოვნებას სჯობს ფიჭვნარით სავსე ტყის ფეხით გავლა და სიამოვნების ასჯერ გახანგრძლივება.

ის, რაც ბორჯომის პარკში ყველაზე მნიშვნელოვანია არის ე.წ ეკატერინეს წყარო. მისი ისტორია ასეთია: 1810 წლეს როდესაც რუსეთის მეფისნაცვალი განიზრახავს ახალციხის შემოერთებას, ეპიდემიის გამო ჯარს უკან დაბრუნება უწევს,  გზაზე კი ჯარი ბანაკდება ბორჯომის მიდამოებში უდაბურ ტყეში, სადაც ჯარისკაცები აწყდებიან მიწიდან ამოსულ თბილ წყაროს. აღმოჩნდა, რომ წყალი სხვადასხვა სნეულებას კურნავდა, წყალმა სახელი მალე გაითქვა და მეფისნაცვალმა თავისი სნეული ქალიშვილი ეკატერინე ბორჯომში ჩაიყვანა და წყლით მკურნალობა დააწყებინა.სწორედ აქედან მომდინარეობს ეს სახელი. შემდგომში კი  ამ ადგილას აიგო პირველი ჩამოსახმელი ქარხანა, რომლის შენობაც ახლაც ამშვენებს ბორჯომის პარკს.

თუ ბორჯომში დასვენებას აპირებთ, სასტუმროების უამრავი არჩევანია . ქალაქში რამდენიმე მაღალი დონის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ძვირი სიამოვნებაა, უფრო ხელსაყრელ ფასებს კი საოჯახო სასტუმროები სთავაზობენ დამსვენებლებს. ქალაქის მთელ ტერიტორიაზე უამრავი ბინა და ოთახები ქირავდება ამიტომ დიდად პრობლემა არ არის დასარჩენი ადგილის ნახვა, მაგრამ თუ თქვენც იმ უამრავ ტურისტს მიბაძავთ, რომლებსაც ზურგზე მუდამ დიდი ჩანთები აქვთ მოკიდებული და ძირითადად ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდინარის პირას შლიან კარვებს, მაშინ ამით, რა თქმა უნდა, ფულიც დაგეზოგებათ და თან სასიამოვნო გამოცდილებასაც მიიღებთ.

მოკლედ ბორჯომი თავისი სხვადასხვა საინტერესო ადგილით, ბუნებით ნამდვილად დაგამახსოვრებინებთ თავს.

ბორჯომის პარკი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %