29 August 2017
  • 455 ნახვა

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობას იძლევა, რომ ზაფხული (და არა მარტო ზაფხული) საინტერესოდ და განსაკუთრებულად გაატარო. მესხეთში უამრავი ადგილია სანახავი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფრის ნახვას ერთ დღეში ვერ მოასწრებ, ამიტომ ამ უქმეებზე გადავწყვიტე წავსულიყავი სადმე ახლოს, ისეთ ადგილას, რომ ერთ გზაზე რამდენიმე რამე მენახა. სწორედ ასეთი ადგილებია ზარზმა და ჭულევი. ეს მარშრუტი ძალიან მოსახერხებელია ერთდღიანი ექსკურსიებისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოსახერხებელთან ერთად ბევრი დადებითი მხარე აქვს ამ ადგილების ნახვას.

პირველი გაჩერების პუნქტი ზარზმა იყო. ზარზმა სოფელია მესხეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა კი ზარზმის მონასტერია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ეკლესია VII-IX სს-ში ააგეს, თუმცა იმდროინდელი ტაძარი არ არის მოღწეული ჩვენამდე. ამჟამინდელი ეკლესია კი XIV საუკუნისაა. მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობა, ეკლესიის შენობის კედლებზე შემონახულია მეთექვსმეტე საუკუნის ისტორიული პირების პორტრეტებიც. ეკლესიის სამრეკლო კი ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში. ერთი საინტერესო დეტალი  არის ე.წ საძვალე, სადაც ზარზმაში მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილების გარდა დასვენებულია უხრწნელი გვამიც. სხეული 1940 წელს სოფელ წნისთან დანგრეული ეკლესიის კლდისპირა კედლების აღების დროს აღმოაჩინეს, მას არაერთი გამოკვლევა ჩაუტარდა, მამაკაცი დაახლოებით 40-45 წლის ასაკში გარდაცვლილა, მისი ტანისამოსი კი 990 წლით თარიღდება. სხეული სავარაუდოდ სასულიერო პირს ეკუთვნოდა, რადგან ეკლესიის ახლოს იყო დამარხული.  გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას მრავალი დაავადება ჰქონდა, თუმცა მისი სხეული გაუხრწნელ მდგომარეობაშია დღემდე.

ზარზმა

ცალკე აღსანიშნავია ეკლესიის ეზო, რომელიც ყავილებით, ბუჩქებით და პატარ-პატარა დეტალებით არის გალამაზებული. ეკლესიის უკან კი პატარა დასასვენებელი ადგილია საიდანაც შეგიძლიათ ხედებით დატკბეთ.

ზარზმის მონასტერი

შემდეგი გაჩერება ჭულევია. ზარზმიდან 8 კილომეტრის მანძილზე. მაგრამ უშუალოდ ჭულევის მონასტრამდე კიდევ ერთი საინტერესო ადგილია - ოქროს ციხე. ოქროს ციხე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეა საქართველოში, ის ჯაყელების უმთავრესი სიმაგრე იყო. აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. ციხემ დიდი როლი ითამაშა მესხთა თავდაცვაში XV-XVI საუკუნეებში თურქების შემოსევის დროს. აქედან ქართველებისთვის ადვილი იყო დიდი ტერიტორიების კონტროლი და ციხის სიმტკიცის და მდებარეობის გამო ალყებსაც უძლებდნენ.

ოქროს ციხე

 რაც შეეხება უშუალოდ ჭულევს. ჭულევი სიტყვიდან ,,ჭური“ მომდინარეობს, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ ადგილს ნიშნავს. დღეს მას 3 ვარიაცული სახელი აქვს: ჭულე, ჭულევი და ჭულები. ამჟამინდელი ჭულევის მონასტერი XIV საუკუნეში აიგო. XVI-XIX საუკუნეებში იძარცვებოდა მაჰმადიანების მიერ. ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა. ეკლესია სოფლიდან საკმაოდ მოშორებით გამნარტოებით დგას ტყეში. იქიდან კი ულამაზესი ხედები იშლება, მაგრამ უფრო საინტერესო კიდევ წინ არის.

ჭულევის მონასტერი

ეკლესიიდან ფეხით 5-10 წუთის სავალზე ჩანჩქერი ჩამოედინება. ჩანჩქერამდე ტყის გავლით ადიხარ, რაც ცალკე სიამოვნებაა, თვითონ ჩანჩქერი კი მშვენიერია. სამწუხაროდ ისეთი ადგილი არ არის, რომ ცურვა იყოს შესაძლებელი, ვერც პიკნიკს მოაწყობთ, რადგან მოსწორებული ადგილი ირგვლივ არ არის, მარამ დამიჯერეთ უბრალოდ ნახვადაც ღირს.

დასასვენებელი და საპიკნიკე ადგილი კი ეკლესიამდეც არის ტყეში. მართალია, ქართველების მოლხენის კვალი ამჩნევია ტყეს, მაგრამ არის ადგილები, სადაც სისუფთავეში და სიმწვანეში შეძლებთ დასვენებას.

ასეთი პატარა ექსკურსიები არა მარტო განტვირთვის საშუალებაა, არამედ ცოდნის გაფართოების შესაძლებლობასაც იძლევა. ამიტომაც იმოგზაურეთ, ილაშქრეთ, მოაწყვეთ ექსკურსიები ასეთ საინტრესო ადგილებში და გაიცანით თქვენი ქვეყანა უფრო ახლოს.

მსგავსი
06 December 2017

კინჩხა - სამი წლის წინ და დღეს

"მოვიარე გორდი, კინჩხა  ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა” ყვება ქართული ხალხური ლექსი ხ...

27 November 2017

რატომ უნდა წავიდე ზამთარში აბასთუმანში?!

თითქმის ყველა სეზონზე ვარ აბასთუმანში ნამყოფი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი საყვარელი პერიოდი ამ ადგილისთვის გაზაფხულის მიწურილ...

10 November 2017

ლაშქრობა პირველი - გერგეტის სამება

იცით როგორია პირველი ლაშქრობა? იმ თხილიანი შოკოლადის გემო აქვს, სულის მოსათქმელად , შესვენებისას რომ ნეტარებით ჩაკბეჩ და ენერგი...

18 October 2017

საღამოს ტბა - არაფრის კეთების დღე სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი. შემოგდომა. საღამოს ტბა. ...

12 October 2017

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმც...

21 September 2017

რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვი...

29 August 2017

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის გ...

29 August 2017

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობ...

21 August 2017

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდ...

15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...