29 August 2017
  • 8043 ნახვა

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. გულწრფელად რომ გითხრათ, ვარძიის შესახებ არაერთი მოსაზრება მომისმენია, ზოგისთვის ეს უბრალოდ გამოქვაბულების ერთობლიობაა, ზოგისთვის კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლი. როგორც არ უნდა იყოს, ჯობია თქვენ თვითონ ნახოთ ვარძია და დასკვნა თქვენითვე გააკეთოთ, მე კი ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

ვარძია რომ უინტერესო და ჩვეულებრივი ადგილი იყოს, ნამდვილად არ მომინდებოდა კიდევ ერთხელ წასვლა. ვარძია არაერთი ასპექტით არის სანახაობრივი ადგილი. მისი ისტორია, არქიტექტურა, ხელოვნება ისაა, რაც განსაზღვრავს მის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. უშუალოდ ვარძიამდე კი რამდენიმე საინტერესო ადგილია სანახავი. პირველი არის ხერთვისის ციხე. ის შუასაუკუნეების ციხესიმაგრეს წარმოადგენს. ციხე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზეა აგებული. ის ბევრჯერ გადააკეთეს,  ბოლო პერიოდში კი ორი მთავარი ნაწილისგან გალავნისგან და ციტადელისგან შედგებოდა, რომელიც ჩრდილო - აღმოსავლეთიდან მიუდგომელია, გალავანი კი დაზიანებულია.

მეორე ადგილი კი ვანის ქვაბებია. ის მერვე საუკუნით თარიღდება და წარმოადგენს კლდეში თექვსმეტ სართულად ნაკვეთ ორასამდე გამოქვაბულს. სამონასტრო კომპლექსში შედის ექვსი ეკლესია, თავშესაფარი, საძვალე... ვარძიასთან შედარებით აქაც არანაკლებ ,,საძრომიალოა“ , ამიტომ გამძლე ფეხსაცმელი და დიდი ენერგია დაგჭირდებათ.

რაც შეეხება თავად ვარძიას, სამონასტრო კომპლექსი ჯავახეთში ასპინძის რაიონში მდებარეობს. აშენდა XII-XIII საუკუნეში, აშენება დაიწყო გიორგი მესამეს დროს. დარწმუნებული ვარ, დაარსებასთან დაკავშირებული ლეგენდა უმეტესობა თქვენგანმა მაინც იცის: თუ  როგორ დაიძახა დაკარგულმა პატარა თამარმა ,, აქ ვარ ძია“.

ვარძია ერთგვარ კლედში ნაკვეთ ქალაქს წარმოადგენს. აქ ძირითადად 2, 3 და 4- ოთახიანი კლდის სახლები იყო აშენებული, ზოგიერთი მათგანი კი ორსართულიანიც იყო. ტერიტორიაზე სახლების გარდა იყო სამეფო მისაღები, საცხოვრებელი დარბაზები, ბერთა სენაკები , საიდუმლო და ყოველდღიური მოხმარების გვირაბები. სამწუხაროდ, დარბევას ასეთი გამაგრებული ადგილიც ვერ გადაურჩა და 1578-ში ოსმალების შემოსევის შემდეგ ეს ადგილი გაუკაცრიელდა.

კომპლექსში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს, რომლის ნაწილი გამოკვეთილია კლდეში, ნაწილი კი ქვიტკირით არის აშენებული. ეკლესიაში უნიკალური ფრესკებია მათ შორის გიორგი მესამის და თამარ მეფის, რომლის ფრესკაც ჩვენამდე მოღწეულ თამარის ფრესკებს შორის უძველესია.

ტერიტორიაზე შესვლა ფასიანია. დანიშნულების პუნქტამდე ფეხით სასიარულო აღმართია (დაახლოებით 15 წუთის სავალი გზაა), მაგრამ შეგიძლიათ ადგილზე მანქანაც დაიქირაოთ. თუ კარგად არ იცნობთ ამ ადგილის ისტორიას, სასურველია გიდიც თან გყავდეთ, რათა თქვენი ექსკურსია უფრო საინტერესო და ბევრისმომცემი გახდეს.

გვირაბებში სიარულისას თავი ერთგვარ ლაბირინთში გეგონება. ბნელ, ცივ და ვიწრო გვირაბებში სიარულისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. როგორც ჩანს, თავის დროზე ძალიან  დაბალჭერიან ოთახებს აშენებდნენ, ამიტომ თავჩაღუნული მოგიწევთ სიარული.

წინა ჩასვლის შემდეგ ვარძია კიდევ უფრო განუახლებიათ, ვარძიის კომლექსამდე არის გემოვნებიანად მოწყობილი დასასვენებელი ადგილები, მდინარის პირას კაფე-ბარები, სუვენირების მაღაზია, წყარო. თუ რამდენიმე დღით დააპირებთ დარჩენას, ვარძიაში არის ახალაშენებული კოტეჯები და მაღალი კლასის სასტუმროც.

ვარძია არის ადგილი, სადაც ჩვენი წინაპრების ნაკვალევზე სიარულისას ჩვენც ცოტა ხნით წარსულში ვხვდებით. მართალია უშუალოდ საცხოვრებელ ადგილებს დაკარგული აქვთ პირვანდელი სახე, მაგრამ წარმოსახვაში ისტორიის აღდგენის საშუალებას მაინც იძლევა. ამიტომ, თუ გაინტერესებთ საქართველოს ისტორია, თუ გიზიდავთ სათავგადასავლო ადგილები და თუ უბრალოდ გიყვართ მოგზაურობა, მოინახულეთ ვარძია,  დასკვნები კი თავად გააკეთეთ. 

 


მსგავსი
23 April 2018

შატო მოსმიერი - ახლის ძიების მსურველებისთვის

იმ დღეს დილიდანვე ისეთი დაღლილი ვიყავი, საერთოდ რამე თუ  შემმატებდა ენერგიას  არ მეგონა. კვირის ბოლოს ქალაქის არეულობ...

14 April 2018

კიდევაც ვნახავ ხევსურეთს

საქართველოს ისტორიისფერია ხევსურეთი. პირველად და ბოლოჯერ სამიოდე წლის წინ ვნახე. მე მქონდა გრძელი, ჟღალი თმა, ზუსტად ისე...

23 March 2018

პრეისტორიული ცხოველების ნაშთები და ახალი ტურისტული მარშრუტები იმერეთში

ცარცული პერიოდის ცხოველების ძვლები და რეპტილიების ნაკვალევი - ეს ყველაფერი იმერეთში, მდინარე ძუსას ხეობაში და სოფელ მერევშია აღ...

27 February 2018

ყინულის გოლიათი - ბიისის ჩანჩქერი

”ჩაიდანი დუღს, ჩაი გადმოდის, ფანჯარაში ვიხედებით_ თოვლი არ მოდის.” ვუყვები ჩემს პატარა ბიჭს ლექსს და უიმედოდ გავყურ...

20 February 2018

რამდენად კარგად იცნობ საქართველოს ტბებს?

საქართველოში უამრავი დიდი თუ პატარა ტბაა. ბევრი მათგანის შესახებ გეოგრაფიის გაკვეთილზე ვერც გაიგებდით. იმისთვის, რომ კარგად შეი...

12 February 2018

მიწისქვეშა საქართველოში - მურადის მღვიმე

სპელეოტურებს განსაკუთრებული ხიბლი ახლავთ თან - ტოვებ მიწის ზედაპირს, ეშვები მაქსიმალურად დაბლა, ხის ფესვებზე ქვემოთ და ცდილობ ს...

07 February 2018

რკონის სხვა ხედი

ამ მცირე პოსტში რკონზე უნდა მოგიყვეთ. რკონის სხვა ხედზე. გარდა იმისა, რომ რკონში ქართული ხუროთმოძღვრების ისეთი მშვენი...

05 February 2018

სხვა საქართველო აქ არის - მთიანი აჭარა

რა გასხენდებათ აჭარაზე? ზაფხული, მზე, რუჯი, ზღვა, დელფინები და ბათუმი. სწორია? არ არის სწორი... აჭა...

27 December 2017

ცხოვრება საამურია, თუ ახლოსაა გურია

გურიისადმი ჩემი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება. იმ დროიდან, როცა ზამთრის თოვლიან დღეს, მორიგი უშუქობისას, თბილ შალის პლ...

21 December 2017

ღორინამკალი - სიმბას გადმოსახედი ხაშურში

ღორინამკალი არის მთა ხაშურის თავზე, რომელიც ყველა ჩვენგანს ექნება შემჩნეული. არც თუ ისე მაღალი მთა, რომელიც სულ რაღაც 1706...