27 December 2017
  • 7379 ნახვა

ცხოვრება საამურია, თუ ახლოსაა გურია

გურიისადმი ჩემი სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება. იმ დროიდან, როცა ზამთრის თოვლიან დღეს, მორიგი უშუქობისას, თბილ შალის პლედში გახვეული ანკარა წყაროსავით ვეწაფებოდი ნოდარ დუმბაძის მოთხრობებს.  მახსოვს, წიგნი იყო შავყდიანი, სქელი. ყოველი მეორე მოთხრობა კი გურული სურნელით სავსე. მაშინ ამ კუთხეზე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა. ვიცოდი, რომ სადღაც , იმერეთთან ახლოს ცხოვრობდა ენაკვიმატი ხალხი, ეზოში დიდრონ ვაშლის ხეებს ახარებდნენ, მათ უმრავლესობას ზურიკელა, ილიკო და ილარიონი ერქვათ, ჰყავდათ ერთგული ძაღლები, სახელად მურადა და ხანდახან დოქის ტუჩზე შემოსკუპებულ ჭინკებსაც ემუსაიფებოდნენ.
გურიაწლების შემდეგ, კალანდობისას, ბედმა თუ ბედისწერამ მდინარე გუბაზეულთან ახლოს, ანა კალანდაძის სოფელში, ხიდისთავში მომახვედრა. თეთრი, ფაფუკი თოვლით დაფარული სოფლის ორღობე რომ გავტკეპნე, მივხვდი, რა ძალა აწერინებდა ლექსებს პოეტს. მზე ჩადიოდა და ოქროსფერი ედო გურულ ოდა სახლებს, ეზოდან გამოპარული მწვადის სუნი გვიღიტინებდა ცხვირთან. საღამოს, გურულ ბუხართან გეგმებიც გავანდეთ ერთმანეთს: ბახმაროში ასვლა, რაც არ უნდა დაგვჯდომოდა. სამწუხაროდ, დიდთოვლობის გამო ბახმაროში სტუმრობა გადაიდო, თუმცა პოსტში ვეცდები ამ კურორტის სიკეთეების შესახებ გიამბოთ და გითხრათ, თუ რატომ უნდა გაატაროთ ზამთარი და არა მხოლოდ ზამთარი გურიაში.
ზამთარი გურიაში
ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით დაფარული მთების ქვაბულში მდებარეობს გურიის რეგიონის მაღალმთიანი კლიმატური კურორტი ბახმარო. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი თავადის ულამაზეს ქალს, მაროს უკავშირდება. მარო ოსმალებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი, მისივე სისხლით დააწერეს: „ბახ მარო” – ნახეთ თქვენი მარო.
აღმოსავლეთიდან ბახმაროს  გადმოსცქერის მთა გადრეკილი, ლეჩქის სერი, რომელსაც  მზის ამოსავალ გორას უწოდებენ - სისხამ დილით, მზის ამოსვლის დროს, ამ ადგილიდან ულამაზესი სანახაობა იშლება. ზაფხულობით, კარგ ამინდში, შუაღამისას, ბახმაროს პატარა მოედნებზე ლაშქრობის მოყვარულები იკრიბებიან და გრძელ გზას ადგებიან, რომელიც მთის კალთებზე გადის, მთაზე ასულები კი მზის ამოსვლას ელოდებიან. წყვდიადში ჩანს შორეული ქალაქების განათებები, შემდეგ ღამე ნებდება დილას, მზე ამოდის და ლეჩაქივით ჩამოფარებულ სიბნელეს აცლის კოლხეთის დაბლობს. ბახმაროში აუცილებლად უნდა ნახოთ მზის ჩასასვლელი გორაც, სადაც  შეგიძლიათ ღრუბლებს ხელითაც კი შეეხოთ.
გურია
ბახმაროდან 25-28 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს გომის მთა, საზაფხულო აგარაკი და საძოვრები, რომლებსაც გურული და აჭარელი მწყემსები იყენებენ. ეს ადგილი ბახმაროზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობს მოლაშქრეთა შორის. გომის მთა გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყითა და წყაროებით. აქვე ახლოს, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე, მდებარეობს ჭინჭაოს ტბაც.
გურია
ამბობენ , რომ XIX საუკუნის ბოლომდე ბახმაროს მხოლოდ მწყემსები სტუმრობდნენ. კურორტის უნიკალურ სამკურნალო თვისებებს სწორედ მათ გაუთქვეს სახელი. თავდაპირველად მწყემსებს ბახმაროს მთებში აჰყავდათ თავიანთი ოჯახის წევრები, რომლებზეც ჯანსაღი ჰავა დადებით ზეგავლენას ახდენდა. სწორედ მათ აჰყოლია პირველი მოაგარაკეც, რომელიც მალევე განკურნებულა მაშინ ფართოდ გავრცელებული დაავადების - ჭლექისგან. ამის შემდეგ კურორტის სასწაულმოქმედი ჰავის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა. 
ბახმარო, გურიაიმავე წელს, როდესაც კალანდობის ერთ მშვენიერ საღამოს გურიას ვესტუმრე, ბახმარომ პირველად უმასპინძლა ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს. იმ დროიდან დღემდე, ისევ ვოცნებობ გურიაში დაბრუნებაზე და იმედი მაქვს, სულ სხვანაირი ბახმარო დამხვდება: ისევ ცივი, თოვლიანი, თუმცა ტურისტებითა და ენაკვიმატი ადგილობრივებით სავსე, საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული ზამთრის კურორტი. 
გურია


მსგავსი
06 December 2017

კინჩხა - სამი წლის წინ და დღეს

"მოვიარე გორდი, კინჩხა  ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა” ყვება ქართული ხალხური ლექსი ხ...

27 November 2017

რატომ უნდა წავიდე ზამთარში აბასთუმანში?!

თითქმის ყველა სეზონზე ვარ აბასთუმანში ნამყოფი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი საყვარელი პერიოდი ამ ადგილისთვის გაზაფხულის მიწურილ...

10 November 2017

ლაშქრობა პირველი - გერგეტის სამება

იცით როგორია პირველი ლაშქრობა? იმ თხილიანი შოკოლადის გემო აქვს, სულის მოსათქმელად , შესვენებისას რომ ნეტარებით ჩაკბეჩ და ენერგი...

18 October 2017

საღამოს ტბა - არაფრის კეთების დღე სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი. შემოგდომა. საღამოს ტბა. ...

12 October 2017

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმც...

21 September 2017

რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვი...

29 August 2017

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის გ...

29 August 2017

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობ...

21 August 2017

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდ...

15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...