სხვა საქართველო აქ არის - მთიანი აჭარა

რა გასხენდებათ აჭარაზე?
ზაფხული, მზე, რუჯი, ზღვა, დელფინები და ბათუმი.
სწორია?
არ არის სწორი...
აჭარა მხოლოდ ზღვა არ არის და აქ მთიან მხარეში სანახავი იმდენია, შეიძლება საერთოდ დაგავიწყდეთ, თუ სად მოხვდით.


დათოვლილი აჭარა

 

აჭარის მთიანეთში ჩემი მოგზაურობა ზამთრის ერთ ცივ, თოვლიან დღეს მოულოდნელად დაიწყო. დანიშნულების ადგილი ხულოს მუნიციპალიტეტი, არსიანის ქედზე მდებარე გოდერძის უღელტეხილი იყო.


წარმოიდგინეთ შემდეგი სურათი:
გზები - მაღალი, დათოვლილი მთებით გარშემორტყმული, ქვისფერი სახლები ხის აივნებით. აივნები - ზამთრის ცივი დღეებისათვის შენახული, მიმჭკნარი ვაშლების სურნელადენილი. მინარეთები, თავშალში ვაშლებივით გახვეული ჩვილები თავშალშემოხვეულივე ქალების ფართე თეძოებზე მაიმუნებივით აცოცებულნი. მთის მდინარეები - სოკოებივით მშენებლობებით დახუნძლულნი.

 


მაღლა და მაღლა გზა ვიწროვდება, ცოტავდება, უნიკალურ პეიზაჟებს თვალებით ხარბად ჭამ და პირველი განსხვავება საქართველოს სხვა მთიანი მხარეებისგან, რასაც თვალნათლივ ამჩნევ, ეს სავსე სოფლებია, კარგად მოწყობილი სახლებით სავსე, მერე მინაჩამოწეული ავტომობილის ფანჯრიდან მოლების შეძახილიც აღწევს შენს ყურამდე, თოვლი უფრო და უფრო დიდდება, ცდილობს გაშლილ მთებს მოეხვიოს, მოესუდაროს, დაფაროს პაწაწინა ტბები, ყინულის მარწუხებში მოაქციოს ოდესღაც ტალახიანი ბილიკები. სიმაღლეები მთავრდება და იწყება გოდერძი - ჰოლივუდური საშობაო ფილმივით ლამაზი, ახალგამომცხვარი სამთო კურორტი. დარიჩინის სუნით გაჟღენთილ ჰაერში ლივლივებენ ფიფქები, ტანმაღალი ნაძვები თეთრი კამუფლიაჟით დაფარულან, ოქროსფერი ხის კოტეჯები თვალებდახუჭულები, სტუმრების მოლოდინში ჩამწკრივებულან დაბლობში.


სწორედ ესაა კურორტი გოდერძი. იგივე, გოდერძის უღელტეხილი, რომელიც არსიანის ქედზე მდებარეობს.


ზამთარში აქ მისასვლელი გზა ერთია - მიკროავტობუსი ბათუმიდან ხულომდე და ე.წ. დელიკა ხულოდან, რომელიც ყოველ დილით, დაახლოებით 11 საათზე გადის.


გაზაფხული გოდერძიზე ზაფხულთან ერთად დგება. თოვლი დნობას მაისისთვის იწყებს და მოლაშქრეთა კარვებიც სოკოებივით მიმოეფინება არემარეს.


ზამთარში დასასვენებლად საუკეთესო ვარიანტი ადგილობრივთა სახლებია, სავსე ხრაშუნა ვაშლებით, აჭარული, ცხიმიანი კერძების და პირველ სართულზე გასაფენად გაშლილი თუთუნის სუნით გაჟღენთილი.



მთიანი აჭარა ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოიცავს. თითოეული მათგანი მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით გამოირჩევა. ძალზე საინტერესო გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2500 მეტრია. და სწორედ ამ ქედებიდან წამოჭიმული ულამაზესი ბუნება იზიდავს ტურისტებს.



მთიან აჭარაში სილამაზით არცერთ მუნიციპალიტეტს ხულო არ ჩამოუვარდება, პირიქით, იგი განთქმულია თავისი ფლორითა და ფაუნით, როგორც ბუნების სიმდიდრით, ისე კულტურული ღირშესანიშანაობებითა და ისტორიული წარსულით. ხულოს ტერიტორიაზე მდებარეობს ულამაზესი მწვანე ტბა, რომლის მიმდებარედ განთავსებულია ტურისტებისთვის და ვიზიტორებისთვის განკუთვნილი მოსასვენებელი და საპიკნიკე წერტილები.


მთიანი აჭარა ერთ-ერთი გამორჩეული მხარეა ბუნებრივი თუ ადამიანის მიერ შექმნილი ღირსშესანიშნაობებით.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %