12 February 2018
  • 626 ნახვა

მიწისქვეშა საქართველოში - მურადის მღვიმე

სპელეოტურებს განსაკუთრებული ხიბლი ახლავთ თან - ტოვებ მიწის ზედაპირს, ეშვები მაქსიმალურად დაბლა, ხის ფესვებზე ქვემოთ და ცდილობ სიბნელეში, ფარნის შუქზე აღმოაჩინო ის საოცრება, რასაც მღვიმეები სთავაზობენ ექსტრემალ მოლაშქრეებს. თუმცა განსაკუთრებულად ჯადოსნური მსგავსი მოგზაურობა მაშინ ხდება, როდესაც მღვიმეს იქ იპოვნი, სადაც არ ელოდები. პლუს ამას, მსოფლიოში უნიკალურ, უცნაური ფორმის ნაღვენთ ფორმებსაც შეავლებ თვალს.
რაჭისა და ტყიბულის გასაყარზე, სადღაც ცხრაჯვართან ახლოს საქართველოს მიწისქვეშეთი უნიკალურ, ბურთებიან დარბაზს მალავს. ქვაბულს პირობითად ''მურადის მღვიმე'' ეწოდება და იგი რამდენიმე წლის წინ, ნოემბრის ერთ ცივ და თოვლიან დღეს სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ ''თეთნულდის'' წევრებმა.
მურადის მღვიმე
თოვლიან ბილიკებს რომ გაივლი, ფეხქვეშ აჭრიალებულ ბილიკებს მოიტოვებ , სწორედ იქ დაუღია ხახა ჰადესის სამფლობელოს. მღვიმეში, ჯადოსნურ ბურთებამდე ჩასვლა ალპინისტური და სპელეოლოგიური აღჭურვილობისა და ამ აღჭურვილობის გამოყენების მცოდნე ადამიანის გარეშე შეუძლებელია. გაივლი ქვის მდუმარე კედლებს, ძაბრისებრ ხვრელში ჩაეშვები და თვალწინ დარბაზი გადაგეშლება. ტემპერატურა აქ მუდმივად ერთნაირია, ყურს მხოლოდ წყლის წვეთების მონოტონური წკაპუნი წვდება, წყლის სარკისებრ ზედაპირზე ირეკლება ბზივნარე სტალაქტიტები. კირქვისაგან შექმნილი ეს ბებერი ბურთები, რომლებიც ოდესღაც მღვიმეში ჯერ წყლის ქვეშ, შემდეგ კი წყლის ზემოთ განვითარდნენ, ინახავენ დედამიწის ყველა საიდუმლოს, რაც უნახავთ და გაუგონიათ. გამოქვაბულში უცნაური, ჯერ თვალით არნახული ცხოველების ჩონჩხის პოვნასაც შეძლებთ და, თუ ძალიან დაძაბავთ მხედველობას, ქვაბულის საოცარ არსებებსაც აღმოაჩენთ წყალში ან ქვის კედლებზე.
სპელეოტური, მურადის მღვიმე
მღვიმის მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 5-7 მეტრია, ხოლო სიმაღლე 45 მეტრზე მეტს შეადგენს. გამოქვაბული კი სამი ჭით ბოლოვდება, რომელიც  დაახლოებით 15 მეტრის სიღრმისაა. ქვაბული დღემდე სპეციალისტების შესწავლის ობიექტს შეადგენს და ვიზიტორებისათვის დახურულია. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ნაღვენთი ფორმები არა მხოლოდ საქართველოსთვის, მსოფლიოსთვისაც კი უნიკალურია. 


 

მსგავსი
19 September 2015

ერთადერთი ორ გუმბათოვანი ეკლესია საქართველოში

კახეთის ტურისტულ და ისტორიულ ძეგლებში გურჯაანის ყველაწმინდის ტაძარი უდავოდ გამორჩეულია. ტაძარი საქართველოში ერთადერთი ორ გუმბათ...

18 September 2015

სალხინო - დადიანების სასახლე

შემოდგომაზე საბოდიალო ადგილების სიაში ერთ-ერთ უპირატეს ადგილს სალხინო იკავებს. ...

18 September 2015

5 ადგილი კახეთში, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოინახულო

კახეთი -ყურძნის და ღვინის მხარეა. მაგრამ რთველში წასვლის და ღვინის დაგემოვნების გარდა, აქ ის ადგილებიცაა, რომელიც შემოდგომის ფოთოლ...