27 February 2018
  • 5915 ნახვა

ყინულის გოლიათი - ბიისის ჩანჩქერი

”ჩაიდანი დუღს, ჩაი გადმოდის, ფანჯარაში ვიხედებით_ თოვლი არ მოდის.” ვუყვები ჩემს პატარა ბიჭს ლექსს და უიმედოდ გავყურებ მზიან ცას. ზამთარი ისე გავიდა არ მოთოვა ქუთაისში. თეოდორე წლის და ოთხი თვისაა. თოვლი პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ გასულ წელს ნახა. ალბათ მომავალ წელსაც ნახავს, თუკი ინებებს და მოთოვს. წლევანდელმა ზამთარმა მზიანი და ქარიანი დღეები გვაჩუქა მხოლოდ. გავყურებ ზეცას და ვიწყებ ზღაპრის მოყოლას იმ ადგილზე, რომელიც ერთდროულად ზღაპარიცაა და რეალობაც. ადგილზე, რომელიც ორი წლის წინ ვნახე. მაშინ თეოდორე ჩემს მუცელში იჯდა. იანვარი იწურებოდა, ცივი და უხვთოვლიანი. ყინულის ლოლუები ჩურჩხელებივით ეკიდნენ ფანჯრებს, ფეხქვეშ ტკაცუნებდა მოყინული მიწა. ჯადოსნურ ფიგურებს ხატავდა ყინვა დილაობით მინებზე. თოვლნაკლულ და ქარიან ქუთაისში რომ თოვს, მთელს საქართველოში თოვს მაშინ_ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელეთ და ჩვენი ზურგჩანთებითა და აღჭურვილობით შეიარაღებულმა მოლაშქრეებმა გორისაკენ ავიღეთ გეზი.
გორი გორს რომ გაცდებით ერთი ჯადოსნური ადგილია - ატენის რაიონი. იქვე, სოფელ ბიისთან ჩანჩქერი გადმოდის, მხოლოდ ზამთარსა და გაზაფხულზე ცოცხლობს: ზამთარში გამჭვირვალე-მოთეთრო-მოცისფრო-მომწვანო ყინულის კომუფლიაჟს ჩაიცმევს და ექსტრიმის მოყვარულებს ანდამატივით იზიდავს. ჩანჩქერის წინ ხეობა კლდეებით არის გარშემორტყმული, მზის დასავლეთისკენ გადახრისთანავე სითბო ნაკლებად სწვდება და შედარებით დაბალ ტემპერატურასაც ეს განაპირობებს. ჩანჩქერის სიგრძე დაახლოებით 50 მეტრს აღწევს და ყინულიც იმდენად სქელია, რომ თებერვლის დასაწყისში აქ იმართება კედელზე ცოცვის ფესტივალი, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო მთამსვლელები და მოყვარულები მონაწილეობენ . ბიისის ჩანჩქერის სახელწოდება მისი მდებარეობიდან გამომდინარეობს. იგი სოფელ ბიისიდან სულ რაღაც ოთხი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მდინარე ტანასთან ახლოს. სოფლიდან ჩანჩქერამდე მხოლოდ სამ კილომეტრზე ვრცელდება სამანქანო გზა. გზის დარჩენილი მანძილი ფეხით არის გასავლელი. ჩვენც სწორედ მისკენ ავიღეთ გეზი. გზა იყო მოკლე და ტალახიანი. ალაგ-ალაგ შერჩენილი ნადნობი თოვლი ბამბის ქულებივით ეყარა მიწაზე. ნელ-ნელა ხეობა დაიბურა, გაღრმავდა და დავიწროვდა, თოვლმაც იმატა და ტალახმა იკლო. ირგვლივ აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი პეიზაჟი გვეკრა. გზიდან გადავუხვიეთ და ტყეს შევუერთდით. ტყისპირა ქოხის ფანჯრიდან გაგვიღიმა მოხუცმა ბაბომ, ხელი დაგვიქნია და კეთილი მგზავრობა გვისურვა. დაჭირხლულ ბილიკს გავუყევით, ფეხქვეშ ტკაცატკუცით იმსხვრეოდა ყინული, თავს ითავისუფლებდნენ მის მარწუხებში მოქცეული ნაკადულები. მზე გვანათებდა, თუმცა არ გვათბობდა. გათოშილი თოვლი ჭრაჭუნით იზნიქებოდა ჩვენს ფეხქვეშ.
ლაშქრობა ბიისის ჩანჩქერზე
მცირე მანძილის გავლის შემდეგ პირველი, პატარა ჩანჩქერი გამოჩნდა, ყინულს გადაეკრა მძლავრი მკლავები თავისუფლად მოდუდუნე წყლის ნაკადისათვის. გზა განვაგრძეთ, წიწვოვანი გავიარეთ და საოცრებაც ვიხილეთ_ რამდენიმე მეტრის სიგრძე-სიგანის მქონე, ერთ დროს ალბათ ზათქით მჩქეფარე ჩანჩქერი ყინულისა და თოვლის მომწვანო-მოთეთრო საფარქვეშ გამქრალიყო. მდუმარება სუფევდა ირგვლივ. ისმოდა მხოლოდ გამოსაზამთრებლად ტყეში დარჩენილი ჩიტების ტოტიდან ტოტზე გადაფრენის ხმა. ვუყურებდი ყინულის გოლიათს და წარმოვიდგენდი, როგორ გაიღებოდა იდუმალი ყინულის კარი, გამოვიდოდა თოვლის დედოფალი რაშებშებმული ეტლით და მისი სიმყუდროვის დარღვევისათვის რისხვით სავსე მზერას მოგვაპყრობდა.

ბიისის ჩანჩქერიფიქრებიდან გიგას ხმამ გამომაღვიძა. ხელში ჩაფხუტებით, წერაყინებით, წრიაპებითა და ყინულის სამაგრებით სავსე ჩანთა ეჭირა. ”გინდა სცადო?”_ მკითხა გამომცდელი მზერით. სანამ მე კარვებს ვშლიდი და თოვლის დედოფალზე ვფიქრობდი, ბიჭებს ჩანჩქერის თავზე თოკი დაეკიდებინათ და ცოცვაც გახურებულიყო. გულწრფელად ვიტყვი, არ ვიცი მოჭარბებული ადრენალინის თუ ჩემი მაშინდელი მდგომარეობის გამო, ცოცვა და მე ვერ დავმეგობრდით. საკმაოდ რთულიც კი გამოდგა ყინულის ენის გაგება. წარმოიდგინეთ, მიდიხარ ვერტიკალურად დაშვებულ ყინულის პრიალა ზედაპირზე. თანმიმდევრულად იქნევ წერაყინს, იქნევ წრიაპამოცმულ ფეხებს და მთელი ეს მოქნევა-ყინულში ჩარჭობა-უკან ”გამოქნევის” ციკლი გარდა ყურადღების დაძაბვისა ხელოვნებასაც მოითხოვს შენგან. ერთი არასწორი მოძრაობა, წერაყინის არასწორი ამოღების ან ჩარჭობის მცდელობა და ხელცარიელი რჩები_ შენს ერთადერთ იარაღს ყინული საკუთარი მარწუხებით იჭერს, ხელიდან გტაცებს, ზემოდან ყინულის უხილავი ნაპერწკლები ცვივა და ჩაფხუტზე გადნება, მიიწევ წინ და ფიქრობ , რომ გზა არასოდეს დასრულდება, ჩანჩქერი არ გამოილევა. უეცრად წყდები. წკრიალით ცვივა ძირს წერაყინები. სუპერმძლავრი თოკი, დამცავი ქამარი და მიწაზე მყოფი ”დაცვა”-თანამოლაშქრე ჰაერში გიჭერენ. ნელა ეშვები ძირს. ეშვები და თითქოს სიზმრიდან მოგწყვიტესო, გინდა ისევ გააგრძელო რკინის, ადამიანისა და ყინულის გიგანტის ჭიდილი.
ცოცვა ბიისის ჩანჩქერზე
ჩანჩქერის დასალაშქრად ახლა სხვები დაიძრნენ. ტყეში შორიდანვე ისმოდა წერაყინებისა და წრიაპების მონოტონური წკარუნი ყინულზე. ბიჭები ისევე გრაციოზულად ადიოდნენ მაღლა, როგორც კატა ადის ხოლმე ფარდაზე - მოიქნევს ფუმფულა თათებს, გაშლის ბასრ ბრჭყალებს, მძლავრად მოეჭიდება თხელ ნაჭერს და რამდენიმე ნახტომით ფარდის თავზე მოექცევა.

ცოცვა ბიისის ჩანჩქერზე
მეორე დღეს, გათენებისას დავტოვეთ მდინარე ტანას ხეობა. უკან მოვიტოვეთ ჩვენი ყინულის გოლიათი და სოფელი ბიისი. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ჩანჩქერი მხოლოდ ერთხელ გაიყინა, მე კი დღემდე შემრჩა ის საოცარი ემოციები, რომელიც მაშინდელმა ცოცვამ დამიტოვა. შეიძლება პატარა ყინულის ნატეხიც მომხვდა თვალში, როგორც ზღაპარში ''თოვლის დედოფალი'' დაემართა კაის. თუმცა იმ ნატეხმა ჩემი გული კი არ გაყინა, პირიქით - ჩემი ქვეყნის ბუნების სიყვარულით კიდევ უფრო გაათბო.


მსგავსი
06 December 2017

კინჩხა - სამი წლის წინ და დღეს

"მოვიარე გორდი, კინჩხა  ვერ ვიპოვე მჭადის ფინჩხა” ყვება ქართული ხალხური ლექსი ხ...

27 November 2017

რატომ უნდა წავიდე ზამთარში აბასთუმანში?!

თითქმის ყველა სეზონზე ვარ აბასთუმანში ნამყოფი და უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი საყვარელი პერიოდი ამ ადგილისთვის გაზაფხულის მიწურილ...

10 November 2017

ლაშქრობა პირველი - გერგეტის სამება

იცით როგორია პირველი ლაშქრობა? იმ თხილიანი შოკოლადის გემო აქვს, სულის მოსათქმელად , შესვენებისას რომ ნეტარებით ჩაკბეჩ და ენერგი...

18 October 2017

საღამოს ტბა - არაფრის კეთების დღე სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთი. შემოგდომა. საღამოს ტბა. ...

12 October 2017

მაჭის ციხე - შემოდგომა ლაგოდეხის ნაკრძალში

ლაგოდეხის ნაკრძალი რაოდენ მშვენიერი სანახავია, ამის მოყოლას არ დავიწყებ. ჩვენს დიდ უმრავლესობას იქ ზაფხულობით დაგვისვენია, თუმც...

21 September 2017

რა მასწავლა კახისის ტბამ

მიყვარს შემოდგომა. მიყვარს ბევრი მიზეზის გამო:  იმიტომ, რომ  მთაში ჩაის გემო ეძლევა, იმიტომ, რომ შარფების ხმარებას ვი...

29 August 2017

ვარძია - მოგზაურობა მესხეთში

მესხეთში მოგზაურობა წარმოუდგენელია ვარძიის ნახვის გარეშე. ვარძია ხომ არა მარტო მესხეთის, არამედ მთლიანად საქართველოს ისტორიის გ...

29 August 2017

ზარზმა/ჭულევი - მოგზაურობა მესხეთში

ზაფხულის უდიდეს ნაწილს მესხეთში ვატარებ, ამიტომ ვცდილობ დასვენება მოსაწყენი და ერთფეროვანი არ იყოს. მესხეთი კი ბევრ შესაძლებლობ...

21 August 2017

აბასთუმანი - მოგზაურობა მესხეთში

გრძელდება ჩემი მესხური მოგზაურობა. ამჯერად მინდა მოგიყვეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კურორტზე - აბასთუმანზე. ახალციხიდ...

15 August 2017

ბორჯომი , და არა მარტო...

დარწმუნებული ვარ ქალაქში, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ყველა თუ არა უმეტესობა თქვენგანი მაინც არის ნამყოფი და შეიძლება ეს თქვენ...