27 February 2018
  • 5784 ნახვა

ყინულის გოლიათი - ბიისის ჩანჩქერი

”ჩაიდანი დუღს, ჩაი გადმოდის, ფანჯარაში ვიხედებით_ თოვლი არ მოდის.” ვუყვები ჩემს პატარა ბიჭს ლექსს და უიმედოდ გავყურებ მზიან ცას. ზამთარი ისე გავიდა არ მოთოვა ქუთაისში. თეოდორე წლის და ოთხი თვისაა. თოვლი პირველად და ჯერჯერობით ბოლოჯერ გასულ წელს ნახა. ალბათ მომავალ წელსაც ნახავს, თუკი ინებებს და მოთოვს. წლევანდელმა ზამთარმა მზიანი და ქარიანი დღეები გვაჩუქა მხოლოდ. გავყურებ ზეცას და ვიწყებ ზღაპრის მოყოლას იმ ადგილზე, რომელიც ერთდროულად ზღაპარიცაა და რეალობაც. ადგილზე, რომელიც ორი წლის წინ ვნახე. მაშინ თეოდორე ჩემს მუცელში იჯდა. იანვარი იწურებოდა, ცივი და უხვთოვლიანი. ყინულის ლოლუები ჩურჩხელებივით ეკიდნენ ფანჯრებს, ფეხქვეშ ტკაცუნებდა მოყინული მიწა. ჯადოსნურ ფიგურებს ხატავდა ყინვა დილაობით მინებზე. თოვლნაკლულ და ქარიან ქუთაისში რომ თოვს, მთელს საქართველოში თოვს მაშინ_ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელეთ და ჩვენი ზურგჩანთებითა და აღჭურვილობით შეიარაღებულმა მოლაშქრეებმა გორისაკენ ავიღეთ გეზი.
გორი გორს რომ გაცდებით ერთი ჯადოსნური ადგილია - ატენის რაიონი. იქვე, სოფელ ბიისთან ჩანჩქერი გადმოდის, მხოლოდ ზამთარსა და გაზაფხულზე ცოცხლობს: ზამთარში გამჭვირვალე-მოთეთრო-მოცისფრო-მომწვანო ყინულის კომუფლიაჟს ჩაიცმევს და ექსტრიმის მოყვარულებს ანდამატივით იზიდავს. ჩანჩქერის წინ ხეობა კლდეებით არის გარშემორტყმული, მზის დასავლეთისკენ გადახრისთანავე სითბო ნაკლებად სწვდება და შედარებით დაბალ ტემპერატურასაც ეს განაპირობებს. ჩანჩქერის სიგრძე დაახლოებით 50 მეტრს აღწევს და ყინულიც იმდენად სქელია, რომ თებერვლის დასაწყისში აქ იმართება კედელზე ცოცვის ფესტივალი, რომელშიც ქვეყნის საუკეთესო მთამსვლელები და მოყვარულები მონაწილეობენ . ბიისის ჩანჩქერის სახელწოდება მისი მდებარეობიდან გამომდინარეობს. იგი სოფელ ბიისიდან სულ რაღაც ოთხი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მდინარე ტანასთან ახლოს. სოფლიდან ჩანჩქერამდე მხოლოდ სამ კილომეტრზე ვრცელდება სამანქანო გზა. გზის დარჩენილი მანძილი ფეხით არის გასავლელი. ჩვენც სწორედ მისკენ ავიღეთ გეზი. გზა იყო მოკლე და ტალახიანი. ალაგ-ალაგ შერჩენილი ნადნობი თოვლი ბამბის ქულებივით ეყარა მიწაზე. ნელ-ნელა ხეობა დაიბურა, გაღრმავდა და დავიწროვდა, თოვლმაც იმატა და ტალახმა იკლო. ირგვლივ აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი პეიზაჟი გვეკრა. გზიდან გადავუხვიეთ და ტყეს შევუერთდით. ტყისპირა ქოხის ფანჯრიდან გაგვიღიმა მოხუცმა ბაბომ, ხელი დაგვიქნია და კეთილი მგზავრობა გვისურვა. დაჭირხლულ ბილიკს გავუყევით, ფეხქვეშ ტკაცატკუცით იმსხვრეოდა ყინული, თავს ითავისუფლებდნენ მის მარწუხებში მოქცეული ნაკადულები. მზე გვანათებდა, თუმცა არ გვათბობდა. გათოშილი თოვლი ჭრაჭუნით იზნიქებოდა ჩვენს ფეხქვეშ.
ლაშქრობა ბიისის ჩანჩქერზე
მცირე მანძილის გავლის შემდეგ პირველი, პატარა ჩანჩქერი გამოჩნდა, ყინულს გადაეკრა მძლავრი მკლავები თავისუფლად მოდუდუნე წყლის ნაკადისათვის. გზა განვაგრძეთ, წიწვოვანი გავიარეთ და საოცრებაც ვიხილეთ_ რამდენიმე მეტრის სიგრძე-სიგანის მქონე, ერთ დროს ალბათ ზათქით მჩქეფარე ჩანჩქერი ყინულისა და თოვლის მომწვანო-მოთეთრო საფარქვეშ გამქრალიყო. მდუმარება სუფევდა ირგვლივ. ისმოდა მხოლოდ გამოსაზამთრებლად ტყეში დარჩენილი ჩიტების ტოტიდან ტოტზე გადაფრენის ხმა. ვუყურებდი ყინულის გოლიათს და წარმოვიდგენდი, როგორ გაიღებოდა იდუმალი ყინულის კარი, გამოვიდოდა თოვლის დედოფალი რაშებშებმული ეტლით და მისი სიმყუდროვის დარღვევისათვის რისხვით სავსე მზერას მოგვაპყრობდა.

ბიისის ჩანჩქერიფიქრებიდან გიგას ხმამ გამომაღვიძა. ხელში ჩაფხუტებით, წერაყინებით, წრიაპებითა და ყინულის სამაგრებით სავსე ჩანთა ეჭირა. ”გინდა სცადო?”_ მკითხა გამომცდელი მზერით. სანამ მე კარვებს ვშლიდი და თოვლის დედოფალზე ვფიქრობდი, ბიჭებს ჩანჩქერის თავზე თოკი დაეკიდებინათ და ცოცვაც გახურებულიყო. გულწრფელად ვიტყვი, არ ვიცი მოჭარბებული ადრენალინის თუ ჩემი მაშინდელი მდგომარეობის გამო, ცოცვა და მე ვერ დავმეგობრდით. საკმაოდ რთულიც კი გამოდგა ყინულის ენის გაგება. წარმოიდგინეთ, მიდიხარ ვერტიკალურად დაშვებულ ყინულის პრიალა ზედაპირზე. თანმიმდევრულად იქნევ წერაყინს, იქნევ წრიაპამოცმულ ფეხებს და მთელი ეს მოქნევა-ყინულში ჩარჭობა-უკან ”გამოქნევის” ციკლი გარდა ყურადღების დაძაბვისა ხელოვნებასაც მოითხოვს შენგან. ერთი არასწორი მოძრაობა, წერაყინის არასწორი ამოღების ან ჩარჭობის მცდელობა და ხელცარიელი რჩები_ შენს ერთადერთ იარაღს ყინული საკუთარი მარწუხებით იჭერს, ხელიდან გტაცებს, ზემოდან ყინულის უხილავი ნაპერწკლები ცვივა და ჩაფხუტზე გადნება, მიიწევ წინ და ფიქრობ , რომ გზა არასოდეს დასრულდება, ჩანჩქერი არ გამოილევა. უეცრად წყდები. წკრიალით ცვივა ძირს წერაყინები. სუპერმძლავრი თოკი, დამცავი ქამარი და მიწაზე მყოფი ”დაცვა”-თანამოლაშქრე ჰაერში გიჭერენ. ნელა ეშვები ძირს. ეშვები და თითქოს სიზმრიდან მოგწყვიტესო, გინდა ისევ გააგრძელო რკინის, ადამიანისა და ყინულის გიგანტის ჭიდილი.
ცოცვა ბიისის ჩანჩქერზე
ჩანჩქერის დასალაშქრად ახლა სხვები დაიძრნენ. ტყეში შორიდანვე ისმოდა წერაყინებისა და წრიაპების მონოტონური წკარუნი ყინულზე. ბიჭები ისევე გრაციოზულად ადიოდნენ მაღლა, როგორც კატა ადის ხოლმე ფარდაზე - მოიქნევს ფუმფულა თათებს, გაშლის ბასრ ბრჭყალებს, მძლავრად მოეჭიდება თხელ ნაჭერს და რამდენიმე ნახტომით ფარდის თავზე მოექცევა.

ცოცვა ბიისის ჩანჩქერზე
მეორე დღეს, გათენებისას დავტოვეთ მდინარე ტანას ხეობა. უკან მოვიტოვეთ ჩვენი ყინულის გოლიათი და სოფელი ბიისი. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ჩანჩქერი მხოლოდ ერთხელ გაიყინა, მე კი დღემდე შემრჩა ის საოცარი ემოციები, რომელიც მაშინდელმა ცოცვამ დამიტოვა. შეიძლება პატარა ყინულის ნატეხიც მომხვდა თვალში, როგორც ზღაპარში ''თოვლის დედოფალი'' დაემართა კაის. თუმცა იმ ნატეხმა ჩემი გული კი არ გაყინა, პირიქით - ჩემი ქვეყნის ბუნების სიყვარულით კიდევ უფრო გაათბო.


მსგავსი
10 August 2017

ისტორიული ახალციხე

ამჯერად ეს პოსტი ოდნავ განსხვავებული იქნება, რადგან ქალაქი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, ჩემი მშობლიური ქალაქია. რა თქმა უნდა,&...

24 July 2017

საირმე – მწვანე მარგალიტი

 თუ მწვანე თქვენი საყვარელი ფერია, მაშინ საირმე აუცილებლად შეგიყვარდებათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის აუცილებელი პირო...

11 May 2017

ნავენახევის მღვიმე - 210 მეტრიანი მღვიმე თერჯოლაში

განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 210 მეტრის სიგრძის ორსართულიანი მღვიმე ჯერ კიდევ...

05 April 2016

ბირთვისები - აუღებელი ციხე

ბირთვისის ციხის კომპლექსი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში თეთრიწყაროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით  მდებარეობს. ბირთვისი ბუნების  გამორ...

08 March 2016

ლაგოდეხი, ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი

ჩანჩქერის სანახავად საუკეთესო პერიოდი გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდეა, მაშინ, როცა ყველაფერი გაფოთლილია და ტემპერატურა საკმა...

06 March 2016

Lake Paliastomi - Kolkheti National Park

Lake Paliastomi  is a small lake near the city of Poti, Georgia, connected to the Black Sea by a narrow channel. Its surface area ...

20 December 2015

Ski splendidly in Georgia - Hatsvali

Mestia  is a highland townlet  in northwest Georgia, at an elevation of 1,500 metres (4,921 feet) ...

07 December 2015

Focus on Georgian Wines and the Traditional Method of Winemaking

Georgia, a land of 520 grape varieties and an 8000 year history of winemaking, proudly maintains its status as the birthplace of w...

01 December 2015

Ski splendidly in Georgia - Bakuriani

A two and half hour drive from Georgia's capital will bring you to Bakuriani - the ski and health resort set at an altitude of 170...

27 November 2015

Ski splendidly in Georgia - Gudauri

A mountain ski resort situated on a south-facing plateau of the Greater Caucasus Mountain Range - surrounded by some of Europe's m...