03 May 2018
  • 6859 ნახვა

თეთნულდი - ჩემი პირველი მწვერვალი

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ალპინიზმით იცოდეთ, რომ სპორტის ეს სახეობა არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ფიზიკურად ხართ მზად და ასევე სპეციალური უნარებიც მაქსიმალურად გაქვთ განვითარებული. ფიზიკური მომზადება, რა თქმა უნდა, რისკს მინიმუმამდე ამცირებს, მაგრამ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული. ყოველთვის არსებობს ობიექტური საფრთხე - ქვების ცვენის, ბზარების, ზვავის , აკლიმატიზაციის სირთულე და ასევე ამინდის უეცარი ცვლის საშიშროება.
ჩემი პირველი მწვერვალი სვანეთის თეთრი პატარძალი, თეთნულდი იყო. 
4852 მ სიმაღლის თეთნულდი არც თუ ისე მარტივ მწვერვალად ითვლება. არც იმის ილუზია მქონია, რომ ორ ნაბიჯში ავირბენდი. არც ის მიფიქრია, რომ სვანეთის კავკასიონზე ასვლა ისეთივე მარტივი იქნებოდა, როგორიც მაგალითად, ხვამლზე.
თეთნულდზე ასვლამდე ლაშქრობის დიდი გამოცდილება დავაგროვე, მთელი წლის განმავლობაში კი სპორტდარბაზში ვვარჯიშობდი.
თეთნულდი
მწვერვალი ნებისმიერი მოლაშქრისთვის დიდი გამოწვევაა. იქ მოსახვედრად პირველ რიგში, აუცილებელია მტკიცე ნებისყოფა, ძლიერი ფეხები, კიდევ უფრო ძლიერი ფილტვები და სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც მთაში შენი საუკეთესო მეგობარი ხდება. იყავით მზად იმისათვის, რომ ალპინიზმით დაკავება ძვირადღირებული სიამოვნებაა. ასევე გახსოვდეთ - ეკონომია არ შეიძლება გაკეთდეს ინვენტარზე, იქნება ეს სავარჯიშოდ გათვლილი თუ პროფესიული სვლისთვის. ეს შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ არა მარტო თქვენ, არამედ მათ, ვინც თქვენთან ერთად იქნება. . ალპინიზმი გუნდური სპორტის სახეობაა და არა ერთი კაცის ''თამაში'', არასოდეს იფიქროთ მთაში მხოლოდ საკუთარ თავზე. იქ, მაღლა, ღრუბლებთან ახლოს თქვენ პასუხს აგებთ  სხვებზეც.
თეთნულდი, სვანეთი
თოვლიან და ყინულიან მთებში სალაშქრო ფეხსაცმელს  სპეციალურად მაღალი მთისთვის შექმნილი ჩექმა ცლის, რომელზეც წრიაპები მაგრდება. თხელი, სალაშქრო ქურთუკი აუცლებლად ჩაანაცვლეთ სამთო, ქარ და თოვლგამძლე კომბინიზონით ან შარვლითა და შესაბამისი ქურთუკით. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელია აღჭურვილობის მოხმარებისა და ხშირად კლდეზე ცოცვის ცოდნაც. დამეთანხმებით, რომ სტანდარტულ მოლაშქრეს ეს უნარები ხშირად არაფერში სჭირდება.
თეთნულდზე ასასვლელად პირველი ბანაკი მთის ძირში, საძოვრებთან ახლოს გავშალეთ. ჩვენი საფეხმავლო გზა ადიშიდან დაიწყო. პირველი ეტაპი ჩემთვის, როგორც ლაშქრობებში გამობრძმედილისათვის არც ისე რთული აღმოჩნდა, თუმცა იყო ერთი დეტალი, რომელმაც გზა გამიძნელა. საძოვრები სავსე იყო გრანდიოზულად დიდი ობობებით, რომლებიც ჩემთვის, როგორც არაქანოფობისთვის კიდევ უფრო დიდები ჩანდნენ.
ბანაკი თეთნულდის გზაზე
ობობები და საძოვრები რომ გავიარეთ, ნამდვილი მთის რელიეფი დაიწყო. საუკუნოვანი ქანები ჩემს ფეხქვეშ იშლებოდა და ზათქით მიექანებოდა ციცაბო კალთებზე. ადიშის მყინვარი, რომელსაც ბარში ნანახი თოვლის არც სუნი, არც ფერი და არც კონსისტენცია ჰქონდა, სიძველისაგან ყარდა. თოვლიანი რელიეფის ავლის შემდეგ ისევ ციცაბო, ნაშალი ქვებით სავსე მორენები დაიწყო. ენერგიის მოსაკრებად და დასასვენებლად ორჯერ გავჩერდით. ვკრეფდით სიმაღლეს და ჩვენს ზურგსუკან რჩებოდა კავკასიონის დიდებული პეიზაჟი. პირველი გაჩერება თითქმის ერთდღიანი ფეხსვლის შემდეგ თეთნულდის პირველი საბანაკე პლატო იყო. პლატოზე ასვლამდე მცირე სიმაღლის, ფრიალო კლდეზე ავცოცდით, სადაც კიდევ ერთხელ გამომადგა ჩემი ბარში შეძენილი გამოცდილება.
მწვერვალი თეთნულდი
მოშიშვლებულ, ტრიალ,ათასწლოვანი ქანებით სავსე პატარა მოედანზე გავშალეთ ჩვენი ნარინჯისფერი კარვები და ჩემი ახალბედობის, აკლიმატიზაციის სირთულისა და გამოუცდელობის გამო ჩემი მწვერვალიც აქ  ''დასრულდა''. ბიჭებმა მწვერვალისაკენ გასვლა გამთენიისას გადაწყვიტეს. 
მთა ყოველთვის უკრავს იდუმალ მუსიკას, რომელიც მხოლოდ გამთენიისხანს, ჯერ კიდევ ბინდბუნდში შეგიძლია გაიგონო...მუსიკა შეგიძლია გაიგონო მაშინაც, როცა ღამით, კარავში, საძილე ტომარაში თბილად შეყუჟულს ყინულის მსხვრევის გუგუნი გაღვიძებს. ეს მუსიკა ისმის შუადღითაც, როცა თოვლს მზის სხივები ელამუნება...
ყოველღამით შეგიძლია უსმინო, როგორ ტკაცუნებს ყინული მთვარის სხივებქვეშ, როგორ იბადებიან მდინარეები მყინვარებიდან, როგორ ნაპრალდება საუკუნოვანი თოვლი და როგორ იხმობს გზააბნეულ მოგზაურებს ფერადი ნაპრალები, სირინოზებივით რომ გამოსცემენ ათასგვარ იდუმალ ხმას შუადღის მცხუნვარე მზის ქვეშ.
თეთნულდის მწვერვალი, სვანეთი
ყოველ სისხამ დილით, შეგიძლია გაიგონო კლდის მკერდს მოწყვეტილი ლოდების ხმა, მთების იდუმალი მუსიკა, არწივების ჭყივილი და მთის კაშკაშა მზის სხივებისგან თვალებდამწვარმა ერთადერთი რამ გაიფიქრო_ რომ შენი ქვეყანა ყველაზე, ყველაზე ლამაზია. თუმცა, სამწუხაროდ, ლამაზია ველური, მიუწვდომელი და რაც მთავარია, ადამიანებისგან ნაკლებად დასნებოვნებული მიწები. მიწები, რომლებსაც ჯერ კიდევ ეტყობა იმ რაღაც ამოუცნობი არსების თუ მოვლენის ხელი, ჩვენ რომ ღმერთს ვეძახით ხოლმე ...


მსგავსი
25 November 2015

12 Reasons to visit Georgia

You do not need a visa to enter Georgia if you a citizen of the USA, Canada, EU, most other European countries, t...

02 November 2015

სოჭის წითელი მინდორი

წითელი მინდვრები არის დაბა, რომელიც   მოქცეულია ქალაქ სოჭის აგლომერაციაში.  "კრასნაია პოლიანა" კავკასიონის დასავლეთ ნაწილში, 600 მ...

13 October 2015

სვანეთი, შდუგრას ჩანჩქერი

სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი შდუგრაა. იგივე შდგრა - საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ეფექტური ჩანჩაქერი. ჩანჩქე...

13 October 2015

ტიმოთესუბანი - სამოთხე ბორჯომის მუნიციპალიტეტში

ბორჯომ-ბაკურიანის ტერიტორია რომ ნამდვილად საოცარი ადგილია, ეს ყველამ იცის. თუმცა ბორჯომის მუნიციპალიტეტში პატარა სამოთხე არსებობს ...

14 October 2015

კახისის ტბა

კახისის ტბა ძალიან პოპულარული სალაშქრო მიმართულებაა. რატომ? იმიტომ რომ არც ისე რთულია, გზა ძალიან ლამაზია, ბანაობა შეიძლება, ხედებ...

05 October 2015

ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხესიმაგრე  ჯავახეთში, სოფელ ხერთვისში, ისტორიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე– ორი მდინარის ფარავნისა და მტკვრის შესართავ...

09 October 2015

„ათასი ღვთაების ქვეყნა“

თუ კაბადოკიის მონახულება გადაწყვიტეთ, გვერდი არ აუაროთ ხეთების სამeფoს უძველეს დედაქალაქს. ხათუსა ხეთების სამეფოს დედაქალაქი იყო, ...

05 October 2015

შაორის ტბა

შაორის ტბა  არის შაორის წყალსაცავი, რომელიც  7,1 კილომეტრ მანძლზეა გადაჭიმული. ტბის ყველაზე ღრმა ადგილი 14.5 მეტრია.  წყალსაცავის ...

04 October 2015

დაშბაშის კანიონი

დაშბაშის კანიონი წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. ბუნების ძეგლი ლავურ...

03 October 2015

ლაგოდეხის ნაკრძალის ფერადი ფლორა

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი   1912 წელს დაარსდა.  მისი  ტერიტორიის 72%  ტყით დაფარულია. ნაკრძალის ტერიტორიაზე  რთული ბუნებრივი ფ...