03 June 2018
  • 6335 ნახვა

1 დღიანი გასვლა - წვერი-მსხალდიდი

ამ პოსტში გეტყვით იმ ერთდღიან ქალაქიდან გასვლაზე, რომელიც წინა კვირას საკუთარ თავს მოვუწყვე.

ბევრი სიარული, ხედები, პატარა მდინარე და ერთდღიანი გასვლა თუ გაინტერესებს, მაშინ შეიძლება ამ მარშრუტზე დაფიქრდეთ.

სიმართლე რომ გითხრათ, ამჯერად ცოტა  მაზოხისტური ამბავი გამოვიდა ამინდის გამო. თუმცა, კარგ ამინდში მშვენიერი ხედები გელით წინ...

მოკლედ, მოძრაობა დავიწყეთ წვერიდან.

წვერამდე კიკეთის ავტობუსს ავყევით, შემდეგ ცოტა გავსტოპეთ, სოფელ ახალ პანტიანთან ხელმარჯვნივ ჩადის გზა წვერის ეკლესიამდე, დგას მანიშნებელიც, აქედან უკვე ფეხით დავეშვით. პირველი რაც ვნახეთ წვერის წმინდა გიორგის ეკლესიაა. ულამაზეს ადგილას აშენებული პატარა ტაძარი, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება კავკასიონზე. აქედან ჩვენი მარშრუტის უმეტეს ნაწილს უკვე ვხედავდით. ამინდი იღრუბლებოდა. მაგრამ ჩვენ იმდენად ჭკვიანები არ ვართ, რომ შეგვშინებოდა... თავის დროზე გვასწავლეს, რომ ამინდის მიუხედავად წინ უნდა იაროო... ხოდა წავედით.

ქედი გადავსერეთ, და სოფელ წვერისკენ დავეშვით. არც ბილიკი ჩადის დიდად, გზის გაჭრა თავად გვიწევდა დაბალ ტყესა და მუხლამდე ბალახში. მოკლედ, კარგი გართობა თავიდანვე დაიწყო. ჩავედით, ჩავიარეთ ულამაზესი ტყე, რომელმაც ლაგოდეხის ტყე გამახსენა, ბავშვობა და იქაური სილამაზეები...ტყე, ლაშქრობატყე დასრულდა და წვიმაც დაიწყო. ამ დროისთვის სადღაც პირველი არ იქნებოდა შესრულებული. ვერე გადავკვეთეთ და აქედან უკვე სამანქანო, სოფლის გზას ავუყევით ზემოთ...

ხანდახან გზა იკარგებოდა, გაზაფხულის ყვავილსა და ბალახს გადაეთელა. შუა მინდორში მივაბიჯებდით და აქაურობა ფილმის კადრს გავდა...

ლაშქრობა წვერისკენწვიმას ხან გავახსენდებოდით ხანაც არა... დაიგრუხუნებდა და ჩაყუჩდებოდა ხოლმე ისევ...

შუა მინდორში ერთი ლამაზი ხე იდგა, შუადღე შემოპარულიყო უკვე. წახემსება გადავწყვიტეთ და ვინაიდან დილით აურზაურების გამო გამოსვლა დაგეგმილად ვერ წავიდა, ჩვენი მცირე სადილი ამოვალაგეთ.

მჭადი, ყველი, კიტრი... მწყემსის სადილი ^_^ რა უნდა ყოფილიყო მასზე გემრიელი იმ წუთს ვერ წარმომედგინა...

წავიხემსეთ და გზას დავადექით ქვემო წყლულეთისკენ.

მისულები არ ვიყავით წვიმამ რომ დაიწყო.

სუმთლად გავილუმპეთ, ტალახი ყველა ნაბიჯზე გვეკროდა. ფეხი სრიალებდა... მაგრამ, რაც მთავარია, გზაც მოკლდებოდა.

....

შემდეგ იყო ზემო წყლულეთი.

ისევ წვიმა. თქეში. გალუმპულები ვართ. ნისლია, ხანდახან ქარი, 10 მეტრში ვერაფერს ვხედავ და მივდივარ სოფელ წყეულეთში...

სერიოზულად ? ასე ქვია? ვამოწმებ რუკაზე, maps.me მეღადავები?არა, აშკარაა ეგრე ქვია, წყეულეთი. ! და ამინდიც ეგეთია, წყეულეთის შესაფერისი...

ვიცინით, მაინც მივდივართ, ან სხვა რა გზაა, უკანაც იგივე მანძილია რამდენიც წინ. ვიცინი და ისე წვიმს, მაგ დროს პირი წყლით მევსება, ახლა ამაზე ვიცინით....

არც კაცი, არც ქალი, არც ძაღლი (მაგრამ წყალი ბლომად) არაფერი შეგვხვედრია, მხოლოდ მცირე სააგარაკო დასახლებები. ტალახიანი გზა, ნისლი და წვიმა...

ნახშირგორამდე 2-3 კმ-ღა გვაქვს დარჩენილი, ხუთს გადაცდა უკვე და ვფიქრობთ არ დაგვიღამდეს, მაგრამ სწრაფად ვერ ვმოძრაობთ, სუნთქვას ვერ ვარეგულირებ. ვგონებ, ამინდის გამოა, ჰაერია დამძიმებული და ტემპი დავარდნილი გვაქვს. რამდენიმე საათი გადაუღებლად წვიმს ისე, თითოქოს სახლში ცივი შხაპის ქვეშ ვდგავარ...

და მანქანა.

მამაოა. აჩერებს, კითხულობს აქ რა გვინდა, რამე გვიჭირს? საიდან მოვდივართ... მოკლედ ყველა ადეკვატურ კითხვას სვამს.

ვუხსნით, ამინდმა გვიმუხთლა თორემ ისე კარგ ამბავში რომ ვიყავით.

თბილისში თუ არ გეჩქარებათ საქმე მაქვს აქვე მეგობართან, და მერე მეც მივდივარ. გაგიყოლებთო.

გალუმპულები ვართ, როგორ გინდა ტალახიანი მანქანაში ჩაუხტე ადამიანს. ვუარობთ. მიდის. 2 წუთში ბრუნდება.

უკვე მტკიცებით ფორმაში

" თუ არ გეჩქარებათ ჩასხედით რა!"

მანქანაში გვსვავს კი არა, ძალით გვტენის.

და მერე კიდევ ორი ბერი გვხვდება. და იწყება ჩვენზე ზრუნვა: სულ ორი სკამია და ორივეზე ჩვენ გვსვავენ. გარშემო დაგვტრიალებენ: ერთი საკუთარ ზედას იხდის და მახურებს სველ ბეჭებზე. მეორე ვისკის ჭიქას მაწვდის გაგათბობსო, მესამეს ჩაი მოაქვს, მეოთხე საჭმელს მიდებს თეფშზე და ხელებში მაჩეჩებს.

ჯერ არ დამილევია და უკვე გული ამიჩუყდა. ავქვითინდე ლამისაა, მაგრამ რა მატირებს არ ვიცი. ალბათ უცნობების მხრიდან ეგეთი გულკეთილობა. უანგარო ზრუნვა დაგიცვან და გაგიფრთხილდნენ. სტუმარ-მასპინძლობას მიჩვეული ვარ აქ, მაგრამ ეს რაღაცა ზედა დონეა, თავად იხდიან და შენ გაცმევენ, თავად სცივათ და მაინც შენს სითბოზე დარდობენ... თავადაც შიათ და მაინც შენ გაჭმევენ...

მერე იყო საუბრები. ცხოვრებაში ბევრი ბერი არ შემხვედრია, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გაუცრუებია იმედები, თითოეული მათგანი ჩემი პირადი მონაპოვარი და საგანძურია, ადამიანური ადამიანების სიაში...

და მერე დავემშვიდობეთ მასპინძლებს. ისევ გადამრჩენელის მანქანაში ჩავხტით და წამოვედით.

და ეს იყო ადამიანური გასვლა წყეულეთში საოცრად რომ დასრულდა...

წყლულეთიმარშუტის ამბავს რაც შეეხება, წესით ნახშირგორიდან მსხალდიდიში, იქიდან კი ლომის სერზე გადასვლით წოდორეთში უნდა დასრულებულიყო...

თუმცა ამჯერად ამინდმა არ გვივარგა, მარშრუტის დასასრული გადაიდო...

მომავალ 1 დღეს გაივლება ^_^

თავადაც შეგიძლიათ ამ მარშრუტის მოხაზვა, საოცარი მინდვრების გადაკვეთა, ხედებით ტკბობა, სერების გადასერვა და უხეშად რომ ვთქვათ, კიკეთიდან ლისზე გადასვლა... სულ 25 კილომეტრი, ბევრი სიარული და ერთი დღის ამბავია ^_^


მსგავსი
31 July 2018

აუცილებლად სანახავი ადგილები აჭარაში

თუ დასასვენებლად შავი ზღვის სანაპიროს ირჩევთ, შეგიძლიათ დასევენების პერიოდში განსხვავებული ...

12 July 2018

ველო ტურიზმი საქართველოში

საქართველოში ბოლო პერიოდში ექსტრემალური ტურიზმის სხვადასხვა სახეობა ვითარდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველო ტურიზმია. ...

03 July 2018

კვარათხევი - ზაფხულის ცხელ დღეს

წოდორეთიდან რამდენიმე ხეობაში ჩავდივართ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანი, კერძოდ კვარათხევი აირჩია მეგობარმა, ყიჟინა ...

28 June 2018

საქართველოს საუკეთესო ხედები, სადაც მისვლა ადვილია

ვის არ გვინახავს სოციალურ ქსელში ჩვენი მეგობრების მიერ გაზიარებული სელფები, სადაც ფონად ულამაზესი ხედები იშლება. ზოგიერთი ...

25 June 2018

ყარაყაი - იგივე შავი კლდე

ყარაყაი იგივე შავი კლდე, თრიალეთის ქედის უმაღლესი წერტილია და 2850 მეტრს აღწევს.  აქ ჩვენი მეგობრებიც ნამყოფნი...

05 June 2018

ქუთაისიდან სათაფლიაში

ქუთაისიდან სათაფლიაში ტრადიციული, ასფალტდასხმული ტრასა და რომელიღაც ნომერი სამარშრუტო ტაქსი დადის, ასე რომ მავანს შესაძლოა აზრა...

09 May 2018

ქუთაისი რომ ქალაქია...

მრავალი ათასწლეულის წინ თეთრქვებიანი მდინარის ხეობაში, გორაკებზე კოლხები დასახლდნენ. დასახლება ნელ-ნელა გაიზარდა და... დანარჩენ...

09 May 2018

როგორ დავქორწინდეთ მთაზე

ვიცი, სათაურმა დაგაბნიათ, ორაზროვანია და პოსტიც სწორედ ამიტომ გახსენით წასაკითხად. მთაზე ქორწინება მრავალნაირად შეიძლება...

03 May 2018

თეთნულდი - ჩემი პირველი მწვერვალი

თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ალპინიზმით იცოდეთ, რომ სპორტის ეს სახეობა არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, იმ შემთხვევებშიც კი,...

23 April 2018

შატო მოსმიერი - ახლის ძიების მსურველებისთვის

იმ დღეს დილიდანვე ისეთი დაღლილი ვიყავი, საერთოდ რამე თუ  შემმატებდა ენერგიას  არ მეგონა. კვირის ბოლოს ქალაქის არეულობ...