08 July 2017
  • 401 ნახვა

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდენად ცოტახნითაც არ უნდა იყო ჩასული. მეც ჩემი მცირეხნიანი გერმანული არდადეგების ყოველი დღე გამოვიყენე და კიოლნის შემდეგ ბონს ვესტუმრე. როგორც იცით, ბონი გერმანიის გაყოფის შემდეგ 1949-90 წლებში დასავლეთ გერმანიის დედაქალაქი იყო, ამიტომ ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია და დღემდე დიდი დატვირთვა აქვს. ბონი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონის სამხრეთში მდებარეობს და კიოლნის მსგავსად, რაინის ორივე სანაპიროზეა გაშენებული. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ბონის ხსენებაზე პირველ რიგში ალბათ ბეთჰოვენი და რობერტ შუმანი ახსენდებათ, რომელთა დაბადების და მოღვაწეობის ქალაქი სწორედ რომ ბონია. ქალაქში, რა თქმა უნდა, არის მათი სახლ-მუზეუმებიც. ბეთჰოვენის სახლს მეც ვესტუმრე, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური მუსიკის მოყვარული არ ვარ და არც ბეთჰოვენის შემოქმედებას ვიცნობ კარგად, მაინც მესიამოვნა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში  განთქმული და გენიალური კომპოზიტორის ნივთებს ვხედავდი და ვეხებოდი.

ბონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა Haus der Geschichte- ისტორიის სახლი, რომელიც გერმანიის 10 ყველაზე ხალხმრავალი მუზეუმების სიაშია. მუზეუმი წარმოადგენს გერმანიის ისტორიას 1945 წლიდან დღემდე, საინტერესო ის არის, რომ ამ მუზეუმში იმართება დროებითი გამოფენები სხვადასხვა თემატიკით. ჩემი ჩასვლის დღეს გამიმართლა და საჩემო გამოფენა დამხვდა- გერმანული მანქანების გამოფენა. ეს მართლაც შესანიშნავი სანახაობა იყო. პირველი გერმანული მანქანები და მათი ტრანსფორმაცია ძალიან ორიგინალურად იყო წარმოდგენილი, დარბაზიდან დარბაზში გასვლისას უფრო ,,ახლდებოდა“ მოდელები, იქვე კედლებზე იყო სპეციალური უჯრები, რომლის გამოწევის დროსაც სხვადასხვა ინფორმაცია გვხვდებოდა გერმანული მანქანების და ზოგადად გერმანიის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ უჯრაზე იყო წარმოდგენილი გერმანელი ხალხის გამოკითხვა, თუ რითი ამაყობენ ისინი ყველაზე მეტად. სტატისტიკურად აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა ამაყობს ომისშემდგომი რეკონსტრუქციით; გოეთეთი, შილერით და სხვა ცნობილი მწერლებით; გერმანელ სპორტსმენთა წარმატებით; პერსონალური თავისუფლებით, გერმანული მანქანებით; წარმატებებით გარემოსდაცვაში... ასევე საინტერესო იყო წარწერა, თუ რას ნიშნავს გერმანული ხარისხი, გერმანული ხარისხი ნიშნავს: ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას კარგი მასალის და კარგი დამუშავების საშუალებით; გერმანული ხარისხი ნიშნავს ნდობას და დარწმუნებულობას განვითარებული ტექნიკის მეშვეობით... მოკლედ, თუ მოხვდებით ბონში, აუცილებლად ესტუმრეთ ამ ადგილს, რომელიც თქვენს თვალწინ გააცოცხლებს გერმანიის ისტორიას.

მუზეუმების შემდეგ ქალაქის დათვალიერება დავიწყე. როგორც აღმოჩნდა, ბონიც საკმაოდ მიმზიდველი ქალაქია ტურისტებისთვის, რაც მათ სიმრავლეზე აშკარად ჩანდა. ცენტრალური ნაწილი სავსეა ღია კაფეებით და ბარებით, იმდენად ხალხმრავალია ეს ადგილები, რომ ძნელია თავისუფალი მაგიდა იპოვო. ე.წ  Street food-იც პოპულალურია და თუ გინდათ ეკონომიაც გააკეთოთ და გემრიელადაც მიირთვათ თქვენთვის სასურველი სენდვიჩი სტეიკი თუ მსგავსი რამ, ,,ქუჩის რესტორნებს“ ეწვიეთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო იქაური და, ზოგადად, გერმანული ნაყინი. თუ თქვენც ჩემსავით ნაყინის მოყვარული ხართ, აუცილებლად დააგემოვნეთ. ნებისმიერ სანაყინეში აქვთ ნაყინის უამრავი სახეობა, სხვადასხვა არომატებით და ტოპინგებით, განსაკუთრებულად გემრიელი აქვთ ე.წ frozen yogurt-იც. მოკლედ, არ დაგენანოთ 2-3 ევრო ამ გემრიელობისთვის. გარდა ამისა, თუ ჟელიბონების მოყვარული ხართ, ამ მხრივაც ბონი მიმზიდველი იქნება თქვენთვის. ჟელიბონების ყველაზე მასშტაბური და ცნობილი კომპანია Haribo გერმანული ფირმაა, რომლის უდიდესი მაღაზია ბონში მდებარეობს, ამიტომ შეგიძლიათ ბონში მოხვედრისას ეწვიოთ მაღაზიას და გაუკეთოთ ტკბილი საჩუქარი თქვენს თავს და მეგობრებს თუ ახლობლებს.

გარდა ტურისტული ადგილებისა, ბონში ცნობილია ბონის უნივერსიტეტიც, რომელიც თავდაპირველად დაარსდა როგორც აკადემია, 1818-ში კი როგორც უნივერსიტეტი. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ფრიდრიხ III, ვილჰელმ II, კონრად ადენაუერი, გარკვეული დროით სწავლობდნენ: ნიცშე, კარლ მაქსი, იოზეფ გებელსი და სხვა... უნივერსიტეტის შენობის წინ არის უზარმაზარი მდელო, რომელიც კარგი ამინდის შემთხვევაში აშკარად სტუდენტების საყვარელი ადგილია. ზოგადად უცხოეთში ძალიან მიღებულია და უყვართ მდელოებზე წამოწოლა, რუჯის მიღება (თუნდაც უნივერსიტეტის მდელოზე), პიკნიკის მოწყობა და ა.შ.

აღნიშვნის ღირსია იქაური და ზოგადად გერმანელი ხალხის კეთილგანწყობილება და სტუმართმოყვარეობა. ჯერ კიდევ გერმანიაში ჩასვლის პირველივე დღესვე შევამჩნიე ძალიან დიდი განსხვავება დასაქმებულთა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობაში. დაწყებული ავტობუსის მძღოლიდან, ნებისმიერ სფეროში დასაქმებული ცდილობს ის 2-წუთიანი ურთიერთობაც მომხმარებელთან სასიამოვნო გახადოს. ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ეს მათი საქმიანობის ეთიკის ნაწილია: მიესალმოს, გაუღიმოს, დაემშვიდობოს მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაღლილია და რამდენად ცუდ ხასიათზეა თვითონ, მაგრამ მეორე მხრივ, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს  უკვე სისხლში აქვთ გამჯდარი და მათთვის ძალიან ბუნებრივია. მეც კი, რომელიც ყოველთვის ჩვეულებრივი გაყინული მზერით დავდივარ ხოლმე (სხვების თქმით :D), მაღაზიიდან გამოსვლისას ვაანალიზებდი, რომ მაღაზიაში ღიმილზე ღიმილით პასუხის შემდეგ ეს ღიმილი ჩემი სახიდან არ ქრებოდა, რაც ჩემი თავისგან ძალიან მეუცნაურა. მაშინ მივხვდი, რომ პოზიტივი ნამდვილად გადამდებია. გერმანელების ფართო ღიმილით ნათქვამი Hallooo , Danke და Tschüss თავიდან იძულებულს მხდიდა მეც ფართო ღიმილით მეპასუხა, მაგრამ მალევე მიხვდი, რომ უკვე ჩემი სურვილით  ვაკეთებდი ამას. მოკლედ, გერმანიაში მოხვედრისას, იქაურ მომუშავე ხალხთან კონტაქტისას  არ დაგავიწყდეთ ღიმილი. დამერწმუნეთ, ეს თითქოსდა ელემენტარული მიმიკა პოზიტიურად იმოქმედეს თქვენს განწყობაზე.

რაც შეეხება კომუნიკაციის დამყარებას, თუ გერმანული არ იცით ინგლისურადაც ადვილად ,,გამოძვრებით’’. იქ ყველამ იცის ინგლისური, ზოგმა ნაკლებად, ზოგმა უკეთესად, ყოველ შემთხვევაში ელემენტარული ინგლისურით მაინც შედგება კომუნიკაცია. თუ გერმანული ჩემსავით საკომუნიკაციო დონეზე იცით და ამბიციურად განეწყობით არიქა გერმანულად უნდა ,,ვიბაზროო „, დამიჯერეთ გერმანული ენის ცოდნა ერთია,  მაგრამ გაგება მეორე. ჩემს მაგალითზევე გეტყვით, რომ თქვენს ნათქვამს გაიგებენ, თუნდაც გრამატიკული შეცდომებით, მაგრამ ისინი რას გეუბნებიან თქვენ თვითონ ნაკლებად გაიგებთ, რადგან მიუჩვეველი ყური მაინც თავისას შვება. შესაბამისად, მათი ჩქარი ლაპარაკის მანერის და გამოთქმის გამო საუბრის ინგლისურზე ,,გადაყვანა“ მიწევდა. რუსულის მცოდნეს კი ძალიან ძნელად თუ იპოვით. ამიტომ გერმანიაში ძირითადი სასაუბრო ენა გერმანული და ინგლისურია. კარგი იქნება თუ წასვლამდე იყიდით ,,ჯიბის“ სასაუბრო ლექსიკონებს, რაც საქართველოში ბევრ წიგნის მაღაზიაში შემხვედრია. სასაუბრო ლექსიკონით იმ ელემენტარულ გერმანულს მაინც ისწავლით, რაც აუცილებლად გამოგადგებათ გერმანიაში.

ბონში კიდევ რამდენიმე საათი ვაპირებდი დარჩენას მაგრამ მეტროს ერთ მონაკვეთზე გაუმართაობის გამო სხვა მეტროთი მომიწია კიოლნში დაბრუნება. კიოლნიდან ბონამდე დაახლოებით ნახევარი საათის სავალია, მაგრამ თუ თქვენც რაიმე მიზეზის გამო სხვა ტრანსპორტით მოგიწიათ მგზავრობა, ცუდ ვარიანტში მგზავრობა 1 საათამდე გაიწელება. საბოლოოდ, ბონიც სასიამოვნოდ დაღლილმა  და ემოციებით სავსემ დავტოვე. დარწმუნებული ვარ მოხვედრის შემთხვევაში თქვენც შეგიყვარდებათ ეს ქალაქი.

მსგავსი
11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...

02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმც...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს! &n...

31 March 2017

ჯადოსნური დღესასწაული პოლონეთში

უვიზო მიმოსვლამ ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. პოლონეთის მიმართულებით მოგზაურობა საქართველოდან მარტივიცაა და საკმაოდ...

13 March 2017

7 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ლიტვას

უკვე 27 წელია, რაც ლიტვა საბჭოთა კავშირს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პოსტსაბჭოთა ქვეყანა დღესდღეობით ამაყობს საკუთარი...

27 February 2017

საუკეთესო სანაპიროები ბავშვებისთვის

ბავშვებთან ერთად დასვენება მშობლებისთვის, როგორც წესი, ნამდვილი "თავის ტკივილია". განსაკუთრებით, როცა საქმე საზღვაო კ...

16 January 2017

ზღაპრული კუნძული მაგიური ზარით

სლოვენიაში მდებარე ბლედის ტბა თავისი სილამაზის გამო ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მისი ფართობი სულ რაღაც 1.45 კვ.კმ-...

28 December 2016

Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი უცნაური კითხვები იტალიაზე

როდესაც კითხვები გვაქვს, ყველანი მივმართავთ Google-ს. მასში ყოველთვის მოიძებნება პასუხები ჩვენთის საინტერესო საკითხზე. მიუხედავ...

26 December 2016

5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ 2017 წელს ესპანეთს

თუ თქვენი ახლო მომავლის გეგმებში ესპანეთში მოგზაურობა შედის, უმჯობესია, თუ ვოიაჟს მნიშვნელოვან მოვლენებს დაუკავშირებით. ამით თქ...