Zahhak Castle - ირანი

ის თუ როგორ აღმოვჩნდი ამ ადგილას სრულიად სხვა ისტორიაა... 
მაგრამ მადლობელი ვარ ცხოვრების დაუგეგმავი ამბების, რომ სამყაროს ეს ერთი პატარა წერტილი აღმომაჩენინა. 
მოკლედ, მაისის ირანულად მწველი დღე იდგა. ჩვენს მეგობრებს შევხვდით და მოულოდნელად ერთ-ერთმა დააფერთხა:  " წამოდით ციხეზე წავიპიკნიკოთო". ჯგუფის ნაწილს ქალაქიდან გასვლა არ სურდა და დარჩა, ჩვენ კი, რა თქმა უნდა, გეზი ახალი სანახაობებისკენ ავიღეთ. 
მერე  იყო დაახლოებით ნახევარ საათიანი გზა, რამდენიმე " კონტროლის" გავლა გზაზე, ჩემს ფლეილისტში მეგობრების გაუთავებელი ქექვა და ადგილზეც მივედით. 
აქ სუფთად ირანული ამბავი შეგვემთხვა. აი ისეთი, ირანში რომ ყველა ნაბიჯზე გადააწყდებით... მანქანა ისე ვერ დავაყენეთ, სხვისთვის რომ არ დაგვერტყა... და რა ვქენით? ჩვენ დავიძაბეთ... წარმოვიდგინეთ სადაზღვეოები, პოლიცია, ჩხუბი, რომ არ უნდა გექნა და ქენი, ჩემი ბრალი იყო არა შენი ... და მოკლედ როგორც ხდება ... მაგრამ ჩვენმა ირანელმა მეგობარმა გვითხრა წადით დაგეწევითო. გვეგონა ეს უსიამოვნო ამბები უნდოდა აერიდებინა ჩვენთვის, არ მივდიოდით მაგრამ გერმანელმა თანმხლებმა, თვეები რომ ირანში აქვს უკვე გატარებული, ხელების ქნევით ბატებივით გაგვრეკა. მალე მასპინძელიც დაგვეწია გზად, მოვაგვარეო მოკლედ მოგვიჭრა. ჩამოსვლისას გავიგეთ, რომ უბრალოდ მაქანა გადაუყენებია ჩვენს ჭკუისკოლოფას. ვისაც მსუბუქად მივარტყით, ის კვირები ვერ გაიგებდა, რომ მის უკანა ნაწილს ვიღაცამ " წამოსცხო" ... 
მოკლედ, ესეც ირანული ამბავია. დაარტყი? გაიქეცი თუ შეგიძლია. თუ არადა გადაიხადე. 
მოკლედ ამბავს გადავუხვიე და იმის თქმა მინდოდა, რომ ჩასულებს საოცარი სანახაობა დაგვხვდა. მარტივი წარმოსადგენი რომ იყოს, იქ მინივარძია ვიპოვნეთ... 

ირანიციხე ჩვენს წინ მთაზე იყო აღმართული. იქამდე მდინარე უნდა გადაგვეკვეთა პატარა, საფეხმავლო ხიდით. მდინარის გარშემო ყველგან ადამიანები პიკნიკობდნენ. მოტოციკლეტებით ეშვებოდნენ მთებზე, ზოგიც ველოსიპედით. ისხდნენ ასე ირანელები ოჯახებით, ან უბრალოდ მეგობრები და ერთად ატარებდნენ დროს ბუნებაში, ჩაის სმითა და უგემრიელესი კერძებით. 
დავფიქრდი, საქართველოში ასეთი ადგილი სადაა ამდენი ხალხი რომაა ერთად და მაინც თითქოს ცალ-ცაკე მშვიდად რომ პიკნიკობს ბუნებაშითქო და ვერ გავიხსენე. ქეიფი იცოცხლეთ, ჩვენი სტიქიაა... მაგრამ მშვიდად საუბარი, პიკნიკი და უბრალოდ ერთმანეთისთვის ისტორიების გაცვლა-გამოცვლა?....

ირანი, Iranხეობაში ვიწრო ბილიკებით დავეშვით. ჩვენც კი ბარბაცით მივიკვლევდით გზას და მაინც ასეთ ბილიკზე, ორჯერ თუ სამჯერ მოტოსთვის მომიწია გზის დათმობა... პიველად მაშინ გავიფიქრე, რომ გადარეულია ეს ხალხი ორ ბორბალზე. არ შევმცდარვარ. ირანში ერთ-ერთი სანახაობა ისაა, თუ როგორ ატარებენ მოტოებს, და რამდენი ადამიანი შეიძლება მოთავსდეს მასზე.... თავად უნდა ნახოთ! 

ირანი
შემდეგ ატალახებული, უდაბნოს მდინარეც გადავკვეთეთ, საფეხმავლო ბილიკით და აღმართს ავუყევით. ბიჭებს ტოლი არ დაუდიათ, მშვენივრად ამოიარეს, მაგრამ უკვე ასულებზე კი წამოცდათ "ქართველებს კარგი მუხლები გქონიათო"... უკეთესი კომპლიმენტი რა მინდოდა, ღიმილით შევიფერე და ხედებით ტკბობას შევუდექი.

ირანი, ციხეხედი მართლაც მშვენიერი იყო. ციხის უზარმაზარი თაღიდან გადმოვყურებდი, როგორ ყოფდა უდაბნოს მდინარე ორ ხეობას შუაზე. ქვიშისფერ გაცლილი კლდეები, შიგ გამოკვეთილი ნაქალაქარი, შემწვანებული მინდვრები მათ თავზე. ვფიქრობდი, რომ აქაურობა, ჩვენი ვარძიისა არ იყოს, ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი იყო. ბუნებრივი კამუფლიაჟი, მტერი ზედ შეიძლება დგომოდა და მოსახლეობის თავშესაფარი მაინც ვერ აღმოეჩინა... 
აქვე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, წარსულიდან შემორჩენილი ჭურჭელი და სხვა ნივთები დავათვალიერეთ. ციხის გარშემო ვისეირნეთ, შემდეგ კი უკან დავეშვით.
მეგონა, ირანში ჩვენი პირველი დღე დასრულებული იყო და თურმე მხოლოდ მაშინ დაწყებულა. 
მდინარეზე გადასულებს ჩვენი მასპინძლის ნათესავები შემოგვეგებნენ.

Zahhak Castle   - ირანიაქვე ვიყავით და საპიკნიკოდ ჩვენც აქ გადავწყვიტეთ შემოსვლაო. გარშემო რაც კი ხეობები იყო ყველა დაგვათვალიერებინეს. ადგილობრივმა გოგონამ უდაბნოს "ველური ხახვი" გაგვასინჯა. ახალი ყველაფერი კარგიაო, ამბობენ ჩემნაირიები... ხოდა, კარგი იყო.
შემდეგ კი ჩვენც სხვებივით მოვძებნეთ მწვანე მინდორი, გადავფინეთ ზედ ჭრელი, ირანულფერება პლედი, შუაში საკვებ-სასმელი დავაწყვეთ. (ყველაფერი ოჯახში გაკეთებული. ირანში ვერ ნახავთ რესტორნებს იმ სიხშირით, როგორსაც მიჩვეულები ვართ. ისინი ხშირად პიკნიკობენ, მაგრამ ყველაფერი სახლში გაკეთებული მიაქვთ.) გარშემო შემოვუსხედით, თერმოსებიდან მდუღარე ჩაი დავისხით და მოვყევით ისტორიების გაცვლა-გამოცვლას

მასპინძლის სანათესაომ ინგლისური არ იცოდა, ჩვენ მათი ირანულით ვტკბებოდით სანამ მეგობარი "თარჯიმნები" საუბარში გვეხმარებოდნენ ... შემდეგ კი თერმოსებიდან მდუღარე ჩაით შევივსეთ ფინჯნები, ბოსტნეულის კვნეტასაც შევყევით და ასე სიმშვიდეში დაველოდეთ მზის ჩასვლას. 

ირანიავიშალეთ. ათასი წლის ნაცნობებივით თბილად გამოგვემშვიდობნენ. გოგოებმა ისეთი სითბო გვაჩვენეს, ლამის ქვითინი ამივარდა. "რომ შეძლოთ კიდევ დაბრუნდითო" დაგვიბარეს, მანქანაში ჩაეწყვნენ და გაგვეცალნენ. ჩვენც ვიპოვნეთ ჩვენი " გადაყენებული" მანქანა, ჩავსხედით და სასიამოვნოდ დაღლილები გავემგზავრეთ ბინაში.
ირანი არის უდიდესი კულტურა, ზრდილობა, სიმშვიდე და სითბო ერთდრულად მეგობრებო.
ყველა თქვენგანს გისურვებთ ამ ციხის ნახვას, და ირანში, ირანელებთან პიკნიკს. ნამდვილად იგრძნობთ რომ ამ ხალხთან საოცარი ისტორიული თუ კულტურული კავშირი  გაგვაჩნია... 

ბედნიერ მოგზაურობას გისურვენთ ირანში მეგობრებო ^_^ 

ირანი

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %