ატენის ხეობა - ზამთრის სასწაული

ეს ერთ-ერთი გამორჩეული გასვლა ს.ო "აისმა" დაგეგმა. აისი  მრავალპროფილიანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ კომენტარებში არსებულ ბმულზე. მე კი, ჩემი მხრივ, ვიტყვი, რომ აისი არის ორგანიზაცია, რომლის მსგავსიც ძალიან ბევრი სჭირდება საქართველოს. მთა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლების წინ სწორედ აისში ვისწავლე " სიარული" ცხოვრებაში მეორედ, ამჯერად მთაში.... სწორედ აისის, და იქ არსებული გარემოსა თუ ხალხის დამსახურებაა, რომ დღეს ასეთ იღბლიან ადამიანად ვთვლი თავს.
მოკლედ თემას დიდად არ გავცდები და ისევ აისის დახმარებით ჩემს ამ გასვლაზე ვეცდები მოგიყვეთ და ამ გზით გიბიძგოთ:  გაიცნოთ ატენის ხეობა, თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ მას...

ატენის ხეობაში მთა გვირგვინა (როგორც მას ადგილობრივები უწოდებენ) , ჩემი აზრით, ყველაზე მშვენიერი მთაა. 2230 მეტრის სიმაღლის. წვერზე კლოდოვანი გადმოსახედით. მთა გვირგვინაგასვლა ატენის ხეობის ერთ-ერთი ბოლო სოფლიდან, ლევიტანადან დავიწყეთ. მოსახლეობა ლევიტანაში დიდი არაა, უმეტესად აზერბაიჯანელი-ქართველებით დასახლებული. საოცრად თბილი და ყურადღებიანი ხალხით. ჩასულებს თოვლი უკვე სოფელშივე ლამის მუხლამდე დაგვხვდა. რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვიყავით. ამოვიცვით წყალგამძლე ბათინკებზე გორტექსის გამაშები და აღმართებთან ჭიდაობას მივყევით. ფეხი ხან სრიალებდა, ხანაც ეფლობოდა. ჩვენც ხან ვიცინოდით და ხან ვილანძღებოდით. ასე ავედით პირველ ქედზე. აქედან უკვე ფაქტიურად სახეში ვუყურებდით იმ მანძილს, რომელიც გვირგვინასგან გვაშორებდა.ერთი შეხედვით არაფერი, დაახლოები 5-6 კმ, ჯერ ქედები, სიმაღლის აკრეფვა, შემდეგ ტყიანი მასივი განივზე და თითქმის მთის ძირში ხარ მოქცეული... ოღონდ ეს ყველაფერი მუხლამდე გაუკვალავ თოვლში. კარგი ის იყო, რომ საკმაოდ ბევრნი ვიყავით, შესაბამისად გამკვალავი " გამწევი " ძალა მალე იცვლებოდა, შესაბამისად, შედარებით უფრო სწრაფად ვმოძრაობდით ვიდრე ორი კაცის შემთხვევაში ვიმოძრავებდით. შესვენებისას თუ მოძრაობისას თვალს ვერ ვწყვეტდი ხედებს, რომლებიც მთელი გასვლის მანძილზე არ გვშორდებოდნენ.მთა გვირგვინაორივე დღის განმავლობაში ამინდმა დიდი პატივი გვცა, ცა მოკრიალებული იყო, ქარი მხოლოდ იქ დაგვხვდა სადაც ყოველთვის იქნება " ქედების გადაკვეთაზე" ... 
გზად არა ერთხელ შეგვხვდა ცხოველის ნაკვალევი, განსაკუთრებით კი დათვის. მისი უზარმაზარი თათები ისე სასაცილოდ მიბაჯბაჯებდა თოვლზე რომ გავიფიქრეთ: შორიდან ამის დანახვაზე უფრო საყვარლობა რამე ალბათ არაფერია მთაში...გავიარეთ ტყეც, ვკვალეთ თოვლიც, კლდოვანი ნაწილიც უკან მოვიტოვეთ და ბოლოს ქედამდე ავაღწიეთ. კარგმა ამინდმა და სიმაღლემ შედეგი დადო. მთელი კავკასიონი ხელის გულივით მოჩანდა. სათითაოდ დავიწყეთ ჩამოთვლა: იალბუზი, თეთნულდი, ბეზენგის კედელი, შხარა, აილამა, ათასი უცნობი მწვერვალი ოკუპირებული ტერიტორიების თავზე, მყინვარი, ჭაუხები, თებულო, და კავკასიონის უკიდურესი აღმოსავლეთი. არც კი მახსოვს წელს ასე ნათლად სად დავინახე ასე ერთიანობაში კავკასიონი. სწორედ ასეთ დროს იაზრებ ადამიანი, რა ციცქნა ქვეყნის შვილი ხარ. ისეთი პატარა ტერიტორია გაქვს, რომ ერთიანად შეგიძლია დასაწყისი და დასასრული დაინახო, ხელის გულზე დაგეტევა თითქოს...მეორე მხრივ გული გწყდება, პოლიტიკა ომი, მტრობა და... დაკარგული ტერიტორიები, რომლებსაც სახეში უყურებ და რომლებზეც ოცნებობ. ულამაზესი მწვერვალები დარჩა მავთულხლართების იქით... ჩვენი ულამაზესი მწვერვალები...

მივუახლოვდით თუ არა გვირგვინას, 50 მეტრი აღარ იყო ასაწევი, რომ ქედზე ქარმა იმატა. თითქოს აქამდე არ უნდოდა შევეწუხებინეთ და სუნთქვას იკავებდა, ახლა კი ერთიანად ამოისუნთქაო. თითქმის მთლიანად ვიყავი შეფუთული, მაგრამ თუ სადმე კანი მიჩანდა ერთიანად მიმაყინა ზედ. მაინც ავასწარით და პირველივე კლდოვან ადგილას შევეფარეთ ჯგუფის სხვა წევრებს რომ დავლოდებოდით და თან წაგვეხემსა.მთა გვირგვინააღმართებმა მოშიება იცის, დამეთანხმებით. მოკლედ, კლდეს მოვეფარეთ, ქარს დავემალეთ, მეგობრებს დაველოდეთ და წვერამდე დარჩენილი ოციოდე მეტრიც მალევე დავფარეთ. 
წვერიდან დანახული სილამაზე იყო ერთ-ერთი საუკეთესო კადრი ჩემს წლევანდელობაში. ყოველ მხარეს საითაც კი მიბრუნდებოდი, ულამაზესი ხედი იშლებოდა. წინ კავკასიონი, უკან სამცხე-ჯავახეთის მთიანი ნაწილი, არჯევანი თუ სხვანი, დასავლეთით ლამაზი სამკუთხედი მთა დანახვისი, ამოსავლეთით კი ბაკურიანის ანძებსაც კი ვხედავდით. ტიმოთესუბნის მეორე მთა გვირგვინასა და სამეცხვარეოზე რომ აღარაფერი ვთქვათ...ხედი მთა გვირგვინადან
აქ თავი მოვხადეთ ლიტრიან ბედნიერებასა და ენერგიას. ალუბლის კომპოტს. რომელიც, რა თქმა უნდა, წამებში ავაორთქლეთ. ვიღლიცინეთ, ფოტოები გადავიღეთ, ვინც რას ხედავდა და ვინც რომელ მთას ცნობდა, ყველამ კიდევ ერთხელ ჩამოვთვალეთ, ბოლოს კი თვითკმაყოფილები და ბედნიერები დავეშვით საბანაკეს საპოვნელად.მთაგვირგვინა
ქედზე დაშვებისას მთელი გზა კავკასიონს ვუყურებდი სახეში. მზე ჩადიოდა და ისეთი მშვენიერი ხედი იდებოდა, რომ სამწუხაროდ, ვერც ფოტოები და ვერც მით უფრო ჩემი სიტყვები ამ მშვენიერებას ვერ აღწერს. ზამთარი, მზის ჩასვლა, მაღალი ქედი და შენს წინ ხელის გულზე გადაშლილი კავკასიონი. არ დაგიმალავთ: ყველაფერი ისეთი მშვენიერი იყო წამიერად შემეშინდა ხომ არ მესიზმრებათქო, გადასამოწმებლად ავდექი და პირდაპირ სახეში შევიზილე მთელი მუჭა თოვლი. სახე გამეყინა, მაგრამ სამაგიეროდ დავრწმუნდი, ჩემს წინ არსებული კადრი რეალური და ხელშესახები იყო  
საბანაკეს ძიებაში ვიყავით გართული, რომ გადავწყვიტეთ ხეობაში წყალთან ჩავსულიყავით და იქ დავბანაკებულიყავით, ცოტა შემოგვაღამდა და ბოლო ერთი კილომეტრი ფარნებანთებულებმა ვიარეთ. ბოლოს როდის ვიმოძრავე ღამით მგონი აღარც მახსოვს, მონატრებული მქონდა ფარნის შუქზე სიარული. მით უფრო რომ დიდი ჯგუფის უპირატესობამ ულამაზესი კადრები გააჩინა ჩემს უკან, კერძოდ: როგორ ეშვებოდნენ ჩემს უკან "მოციმციმე ვარსკვლავები" .... დაშვება მთაგვირგვინადანსულ მალე მივაღწიეთ საბანაკეს, თოვლი დაიტკეპნა, კარვები გაიშალა, გასვლის მეთაურმა პატივი გვცა, "ჯანდაბიდან" მოათრია ხის მორები. ცეცხლი აგიზგიზდა, კალბასებთან ერთად KFC -სის ფრთებიც დაიბრაწა და ნადიმიც გაიმართა. 
გასვლის ეს ნაწილი ერთ-ერთი ფავორიტია ჩემს სიაში. როდესაც ყველა სასიამოვნოდ დაღლილი კოცონის გარშემოა შემოკრეფილი, ყველა გემრიელად ილუკმება და ერთმანეთს საინტერესო ისტორებს უყვება. სიტყვებთან მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, და აი, მაგალითად, სიტყვა ოჯახზე ყოველთვის ეს კადრი და ეს წუთები მიდგას წინ. არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც ასეთ დროს ვინმე საკუთარი ზურგით ნატარებ გემრიელობას შენც გიწილადებს. ასეთი რამეები მტრებსაც კი დაახლოვებს.
ღამე იყო გრძელი და გრილი. ცა ათასი ვარსკვლავით იყო მოჭედილი. მთვარის შუქზე კი თოვლი ისე ბრწყინავდა თავი დისნეის ანიმაციაში გეგონებოდა კაცს.მეორე დღეს ბევრი აღარ გვქონდა გასავლელი, ამიტომ კარვიდან ცხვირი არ გამოგვიყვია სანამ მზის თბილი სხივები თავზე არ წამოგვადგნენ. მერეღა ნელ-ნელა გამოვძვერით ჩვენ-ჩვენი კარვებიდან, დილის ჩაის დოზით გავიმდიდრეთ ორგანიზმი და ისევ თოვლის ტკეპვნას მივყევით. ნახევარიც არ გვქონდა გავლილი, რომ ტელეფონებმა დაიჭირა და ჩვენც უჩვეულო ამბავი გავიგეთ. კინკილა მეგობარი, რომელმაც სამსახურეობრივი მარწუხების გამო წინა დღით გუნდთან შემოერთება ვერ შეძლო, ახლა სადღაც შორიახლოს იყო. მარშრუტი აუღია და მარტო წამოსულა, შუაღამით გვირგვინაზე ასულა, რომ ვერ ვუპოვნივართ (საბანაკედ არჩეული ადგილი დავიწუნეთ და ხეობაში ჩავედით, რაც ტრეკზე არ გვქონდა დატანილი) ისევ სოფელში მანქანებთან დაბრუნებულა. იმ დილას კი, როცა ველაპარაკეთ, შეხვედრის ადგილი დავთქვით. გავიარეთ მთის ფერდობებზე,    გადავიარეთ ქედებიც, და სიმაღლის კარგვას შევუდექით, სწორედ ამ დროს შევხვდით ჯგუფის "დამატებულ" წევრს, ერთდროულად თან გვიხაროდა მისი დანახვა და თან ვბრაზობდით, რომ ღამით მარტომ იარა მთაში, გვიხაროდა, რომ კარგად იყო და როგორც იქნა გვიპოვნა.დავეშვით. არავის გვინდოდა წამოსვლა და მარშუტის დასრულება, მაგრამ მშვენიერება ელფერს დაკარგავს თუ ხანგრძლივს გახდი...გასვლა ისევ სოფელ ლევიტანაში დავასრულეთ. გამაშები გავიძრეთ, ფეხები დავიბერტყეთ და ვითომ აქ არაფერიო სახლისკენ ავიღეთ გეზი. წელს საკმაოდ ბევრი კარგი გასვლა მქონდა მეგობრებო. მათ შორის საუკეთესო ცხვანდირის ტბებია სვანეთში. მაგრამ ზამთარი ჩემი ფავორიტი სეზონია, შესაბამისად ზამთრის გასვლები მეტად მიყვარს და მინდა გითხრათ რომ ატენის ხეობა ზამთრის გასვლებისთვის საუკეთესო ადგილია. ნაძვნარში ჩაფლული ბილიკები, მაღალი ქედები ულამაზესი ხედებით. მოკლედ, თუ ზამთრის აღჭურვილობა სრულად გაქვთ, დარწმუნებული ხართ, რომ სველი ფეხით არ მოგიწევთ სიარული და ღამით თქვენი საძილე მინუსებისგან დაგიცავთ, ატენი არის ის ადგილი საითკენაც უნდა აიღოთ გეზი. მთა გვირგვინა კი ალბათ ის მთაა, რომელიც არ უნდა " გამაზოთ." ! ...მთა გვირგვინა

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %