15 May 2019
  • 3590 ნახვა

ალგეთი. მანგლისი. მთა ელი ქარი

 ბოლო ხანებში დროის უკმარისობის გამო, უმეტესად ისეთ ადგილებს შევეჩვიეთ სადაც ერთ დღიან გასვლებს შევძლებთ. ერთ დღიან ლამაზ, მაღალ გასვლებს, როდესაც თავს ტყეში მანქანების ხმაურისგან შორს, სიარულით გავირთობთ. სიმაღლეებიც თუ დაემატება და პანორამული ხედები ხომ მთლად გაგაბედნიერებს ადამიანს.

  ალგეთის ეროვნული პარკი სწორედ ის ადგილია, რომელიც მსგავსი გასვლების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. დილის ცხრიდან გასულები 11 ის ნახევრისკენ უკვე მარშუტზე ვდგავართ ხოლმე. შინაც საღამოს 11 ზე გვიან ჯერ არ დავბრუნებულვართ.
  ამ ჯერად, მთა ელი ქარისკენ ავიღეთ გეზი. 2200 მეტრის სიმაღლის ეს ლამაზი, წვეტიანი მთა დიდი ხნის წინ შევამჩნიეთ მთა შიხანიდან, რომელზეც მანგლისის მხრიდან ვიყავით ასულები. მაშინვე ვთქვით რომ ერთხელაც ერთ დღეს მისთვის გამოვყოფდით... 


 და დადგა ეს დღეც. ისევ მანგლისიდან, მთა შიხანის მხრიდან დავიძარით მთა ელიქარისკენ. რაც უფრო ახლოს მივდიოდით მით უფრო გვშორდებოდა თითქოს. გზად მესაქონლეთა ბინას წავაწყდით წინ რომ ტბის ოაზისი ჰქონდათ გაშენებული. მშვენიერი ადგილი იყო ზაფხულში საქონლის ამოსარეკად.

 მწყემსი კაცი შეგვხვდა... მისი ძაღლები ჩვენსკენ გამოენთნენ ყეფით, მაგრამ პატრონი გაუჯავრდა და სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ აზრი შეიცვალეს, ყეფით გამოქცეულები ჩვენთან უკვე კუდის ქიცინით მოვიდნენ და ერთს ისე მოვეწონეთ სიხარულით და ლოკვით ზედ მახტებოდა... მწყემს კაცს გაუკვირდა " კარგი რამ კი ჩაგიდიათ გულში, ლამაზი მთაა ელიქარი, მაგრამ რა გულადები ხართ მასეთი, "ამშიერებული დათვის" რომ არ გეშინიათო... მხრები ავიჩეჩეთ, გულადები ვართ ან სულელებითქო , ადგილი მოვიწონეთ და გზა განვაგრძეთ...

  ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, ცხრა მთა გადავიარეთ თუ ცხრა ქედი, მივაღწეით მთა ელიქარის ძირსაც... ავჩოჩდით და აი. უკვე წვერზე დგახარ. გარშემო ხედავ ყველაფერს და რაც კიდეც უფრო მეტად სასიამოვნოა ცნობ ყველა მთას შენს გარშემო. ყველაზე ნამყოფი ხარ, ეს ბოლო იყო და აი, აქაც წვერზე დგახარ უკვე.
მთა ნამტვრიანი, ელი ქარი, შიხანი, აბულები, კლდეკარი, ზირთა, თეძამის ხეობა, ადრე რომ მეგობრებმა სახელი დავარქვით რკნოთან ერთ მთას " გაშებრუმ II " ეგეც კი ჩანს... შორს გვირგვინაც ხელისგულზეა, კავკასიონზე მყინვარსა და ჭაუხებს გამოარჩევ კარგ ამინდში, ობოლ კლდესაც ეპრანჭები... მოკლედ ჩანს ყველაფერი, ნაცნობიც და ბევრი უცნობიც...


 ბედნიერობ და ფიქრობ ახლა საით ჩაუყვე გზას...
უკან მანგლისისკენ? ამ ბილიკებზე ნამყოფი ვარ უკვე, მეორე მხარეს გოსტიბეს გავლით კასპისკენ? შორია და გზა მოსაწყენი მაგრამ ვინაიდან 5 საათია უკვე, დაგიღამდება, დაბნელებულზე კი ისევ ფართო და მოსაწყენ გზაზე არჩევ ადამიანი სიარულს...
  გოსტიბესკენ ვეშვებით ვიწრო ბილიკით, ლამაზ შერეულ ტყეში ბედნიერები და რომ გვგონია ხასიათს ვეღარაფერი გაგვიფუჭებს სწორედ მაგ დროს ზედ ბილიკზე წავაწყდით გაკაფულ ტყეს. სრულიად ჯანმრთელი ათწლოვანი ხეებია ახლად მოჭრილი, წასაღებად გამზადებულები...

 გარშემო ვიხედებით და ნელ-ნელა ვფხიზლდებით...მერეღა ვამჩნევთ ყველაფრის დამახინჯება როგორ ოსტატურად შეუძლია ადამიანს... გოსტიბეს მიდამოებისთვის კბილი კარგად გამოუკვრიათ ქვეყნის გამყიდველ ხისმჭრელებს. როგორ იცვლება ყველაფერი რომ იზრდები, ბავშობის ყველა ზღაპარში სუსტების დამცავ და მშველელად მოვლენილი ხის მჭრელი, ახლა თავად გადაიქცა ბუნების ყველაზე დიდ მტრად და მჩაგვრელ არამზადად. 
  ფოტოებს ვიღებთ ქალაქში ამბავი რომ ჩამოვიტანოთ და გზას ვადგებით ისევ... გოსტიბე ცარიელია... მხოლოდ სოფლის ბოლოში ერთი მოხუცი კაცი ძალიან ნელი, მოტეხილი, მძიმე ნაბიჯებით მიიწევს შინ. გოსტიბედან ახლად გამოსულები ვართ რომ წინ კურდღელი გადაგვირბენს... თითქოს ნიშნად რომ ხელი არ უნდა აიღო გარემოს დაცვაზე არასდროს. სევდა ბრაზში გადადის და მთელი დარჩენილი 15 კილომეტრი ხისმჭრელებზე ამ ბრაზს საწვავად ვიყენებ... 


 მზე ჩადიოდა სავახშმოდ მინდორზე რომ წამოვკოტრიალდით, ულამაზესი მზის ჩასვლა გვქონდა. უკანასნელი საკვების მარაგი ამოვწურეთ და კასპიკსენ გზას გავუყევით...


  ორი გადარეული გოგო, "ამშიერებულ დათვს " აცდენილი და ხისმჭრელთა სისაძაგლის მნახველი, საღამოს უცნობი სოფლის გზებზე მარტოსულად მოვაბიჯებთ... გარკვეული სევდისა და ბედნიერების ერთდროულად მატარებელი იყო ეგ კადრი...
მოკლედ... რაც უფრო მეტს ვივლით მით ურო მეტად გავიცნობთ ჩვენს პატარა ქვეყანას, მით უფრო მეტად ვამხელთ ქვეყნის გამყიდველებს და მით ურო მეტად აშკარა ფაქტებით ვისწავლით კარგისა და ცუდის, სასარგებლოსა და უსარგებლოს გარჩევას...  

ასე რომ ბევრ სიარულს გისურვებთ და ერთდღიანი ლამაზი მარშუტებისთვის ალგეთის ეროვნულ პარკს გირჩევთ... ამ ახლომდებარე დაუფასებელ სამოთხეს


მსგავსი
24 May 2019

ლაღად ასვლა სალაღოს მთაზე.

  ...

04 March 2019

უხმლოდ ხმალაზე

  ...

07 May 2018

რკონი - მთა ზირთა

ამ ზამთარს რკონში ყოფნისას (იხ. წინა პოს...

25 February 2018

ტიმოთისუბანი - მთა გვირგვინა

წლის ყველა სეზონი გამორჩეულად მიყვარს. თითქოს თითოეული მათგანი სუპერგმირია განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და ისტორიით. თითოეულ...

21 December 2017

ატენის ხეობა - ზამთრის სასწაული

ეს ერთ-ერთი გამორჩეული გასვლა ს.ო "აისმა" დაგეგმა. აისი  მრავალპროფილიანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის შესახ...

21 August 2017

ჭაუხის უღელტეხილის გატეხვა

დიდი ხნის წინ გვინდოდა ჭაუხების უღელტეხილზე გადასვლა და აბუდელაურის ტბებზე ჩასვლა, თავიდან ზამთარში გვსურდა მარშუტის გავლა თუმც...

28 July 2017

ყელიწადის ტბა

ისე, მგონი ყველას გვინდა ცხელ ზაფხულს გავექცეთ. ზოგი მთაში გავრბივართ და ზოგიც ზღვაზე... გააჩნია, ვის როგორ გვცხელა.. მე...

21 March 2016

Ninoskhevi Waterfall - Lagodekhi Protected Areas

Lagodekhi Protected Areas - one of the world’s best-preserved, primitive area with diversity of natural landscapes – is located in...

21 February 2016

Dartlo Village, Tusheti

One of the most ecologically unspoiled regions in the Caucasus, Tusheti is a popular mountain-trekking venue. Unique, mysterious, ...

22 January 2016

Shatili – Medieval Fortress Village in Georgia

Shatili  is a historic highland village in Georgia. Located in the deep Arghuni gorge at approximate 1,400 meters, the village is ...