მოგზაურობა ზემო რაჭაში

ეძღვნება კეთილ ადამიანებს...

 

გზა დამილოცე, მეგობარო, გზა დამილოცე!

მარად შენი ვარ, მე ვიცოცხლებ ამქვეყნად სანამ..

რომ დავბრუნდები, ორსავ თვალებს ამოგიკოცნი,

მზიან რაჭიდან ჩამოგიტან თბილ, რაჭულ სალამს!

მეგობრისადმი მესიჯად მიწერილი ამ პატარა ლექსით დაიწყო ჩემი ერთკვირიანი მივლინება ზემო რაჭაში.. მივლინებისა რა გითხრათ, დიდი არაფერი მქონდა გასაკეთებელი, ქალაქ ონისა და ზემო რაჭის რამდენიმე სოფელში უნდა მივსულიყავი, განათლების ახალი სისტემის ქმედითობის შესამოწმებლად.. ასე ერქვა მაშინ, სინამდვილეში, საკლასო ოთახებში სკამების, მერხების და დაფა-ცარცის რაოდენობა უნდა გამეგო და შემეფასებინა მოსწავლეების დასწრების თუ აკადემიური მოსწრების დონე. სკოლები და რესურს-ცენტრები უკვე გაფრთხილებული იყო - თბილისდან, განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, შესაბამისად, საპატიო სტუმარს ელოდებოდნენ. ახლა წარმოიდგინეთ ჩემი მღელვარება - 17 წლის ვარ, თსუ-ს პირველი კურსის სტუდენტი, განათლების სამინისტროს დროებითი თანამშრომელი, სულ რაღაც, 10 დღით აყვანილი, დაქირავებული მუშაკი და უცებ, ბრახ - მივლინებით მიშვებენ რაჭაში, მხარეში, სადაც ბავშვობიდან მინდოდა მოგზაურობა, თანაც ყველა ხარჯს სამინისტრო ფარავს! რას ინატრებ უკეთესს!

მღელვარებამ დიდუბის სადგურში მიაღწია პიკს. თითქოს, აქ უნდა გადაწყვეტილიყო ჩემი, როგორც მოგზაურის ბედი, ონის ავტობუსში გასვლამდე, ნახევარი საათით ადრე ჩავჯექი, მძღოლი კი, როგორც ნამდვილ რაჭველ კაცს შეეფერება, ნახევარი საათით გვიან... და აი, ნანატრი წამიც დადგა - ავტობუსის ძრავი აგუგუნდა და მთელი ჩემი მღელვარება თითქოს, გამონაბოლქვს გაჰყვა და ჰაერში გაიფანტა.. შვიდმა საათმა ისე სწრაფად გაირბინა, დაღლაც ვერ ვიგრძენი და ბოლოს, როცა ნიკორწმინდის ტაძარი აღიმართა ჩემს წინ, მთელი თავისი გალაკტიონისეული დიდებულებითა და ამავე დროს, პასტორალური სიმშვიდით, მივხვდი, რომ რაჭამ - თავისი სტუმარი მიიღო! სულ მალე ონში ჩამოვხტი და ახლომდებარე სოფელ ღარში ჩემს მასპინძელთან - ვანო პაპასთან და მზია ბებოსთან მივედი. მასპინძლებმა სიხარულით მიმიღეს და დამაბინავეს. ათწუთიანი შესვენების შემდეგ, ვანო პაპამ, ეზოში მდგარ ტაბლასთან მომიხმო, სადაც ერთი ტოლჩა წითელი ღვინო და დომინო მელოდებოდა. ამ რიტუალს ყოველ საღამოს პირნათლად ვასრულებდით მე და ვანო პაპა. მზია ბებო კი ლობიანებით და რაჭული ლორით გვამარაგებდა.

სამსახურეობრივ მოვალეობებს 2-3 საათში ვასრულებდი და მერე იწყებოდა სასიამოვნო და საინტერესო ამბები - ჯერ დიდი სუფრა იშლებოდა სტუმრის სახელით,  ლორითა და სხვა უამრავი რაჭული კერძით დახუნძლული, ვსვამდით რაჭულ წითელ ღვინოს, ვკითხულობდით ლექსებს და ვმღეროდით სიმღერებს.. ამის შემდეგ, მძღოლი მიტაცებდა და მივყავდი კერძო ექსკურსიაზე.. ასე მოვიარე ონი, უწერა, პიპილეთი, შეუბანი, დიდი და პატარა ღები.. ყველა სოფელში ისეთი გულითადი სტუმართმოყვარეობით მხვდებოდნენ, თავს უხერხულად ვგრძნობდი.. ჩემი რაჭული ლორისადმი არაგულგრილი დამოკიდებულების შესახებ, ონის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს, ტელეფონით უცნობებია დანარჩენი სკოლების დირექტორებისათვის და როცა სუფრას მივუსხდებოდით ხოლმე,ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ, რაღაც მანქანებით, ჩემს წინ, ლორით სავსე უზარმაზარი თეფში ჩნდებოდა. ამ სატელეფონო ხრიკის შესახებ, სულ ბოლოს, პატარა ღების სკოლის დირექტორისგან შევიტყვე.

მძღოლად ონის პირველი სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელი მყავდა - ზვიადი. ახალგაზრდა და ჭკვიანი კაცი იყო. დიდხანს ვისხედით ხოლმე გვირილებიან სათიბებში და ვსაუბრობდით. სტუმარს მონატრებული მხარეაო ჩვენი რაჭა - დანანებით იტყოდა ხოლმე და მყინვარისკენ იხედებოდა სევდიანად. მიკვირდა, რატომ მუშაობდა სკოლაში და თან ფიზკულტურის მასწავლებლად, მისგან მშვენიერი მწერალი დადგებოდა მეთქი, ვფიქრობდი.. ერთხელ მან მითხრა, თბილისში სადღა შერჩა ხალხს ურთიერთსიყვარული და პატივისცემა, ვერ გავჩერდი იქ და ამიტომაც ვარჩიე ჩემს მშობლიურს მხარეში ცხოვრებაო.. სწორედ ზვიადის დამსახურებაა ის, რომ ამ ერთ კვირაში ზემო რაჭის უამრავი ლამაზი ადგილი ვიხილე, მათ შორის - უწერის მჟავე წყაროები, რიონზე დაკიდებული ბეწვის ხიდები, საიდანაც გადმოხედვას დიდი გამბედაობა სჭირდება, დინებამ რომ თვალი არ მოგჭრას და რიონმა არ გაგიტაცოს; დუროიანის სახლი, რომელსაც ადგილობრივები საკუთარი ძალებითა და სახსრებით ინარჩუნებდნენ, დედაღვთისა - ერთადერთი სვანური კოშკი რაჭაში, რომელიც ღების მცხოვრებლებმა სალოცავად გადააკეთეს, და მილიონი გვირილით მოფენილი სათიბები.. თბილისში დაბრუნებისას, ზვიადი მანქანით წამოეწია ჩემს ავტობუსს, გააჩერა და ორი უზარმაზარი ჩანთით, უწერის მჟავე წყალი გამომატანა...

   

   

მას მერე ათი წელია გასული.. რამდენიმე კვირის წინ, ძველ რვეულში, ამ მოგზაურობის დროს დაწერილი ჩემი ლექსი ვიპოვნე, რომელიც გვირილებზე შეყვარებულ ერთ გოგონას მივუძღვენი, შევალამაზე, "შევარემონტე" და სოციალურ ქსელშიც ავტვირთე:


გვირილებით მოფენილან სათიბები,
რაჭის მთებში, ნისლებს იქით, მყინვარია..
გადიხედავ რიონზე და გაკვირდები -
სილამაზე ისეთი რომ, გიხარია!

დედაღვთისას კვლავ ნისლები მოუბურავს,
კირი სცვივა, ფანტელებად, დუროიანს,
სვანეთიდან გრილი სიო დაუბერავს,
ააღელვებს ღების ფერდებს სუროიანს..

ფართო პეშვებს მივაგებებს მჟავე წყაროს,
“მასპინძელო!” - დავიძახებ ჭიშკართან..
ამ საღამოს ისევ უნდა გავიპაროთ..
ჩუმად ყურთან გიჩურჩულო - მიყვარხარ..

ჩაგძინა გვირილებში.. გვიანია..
და მეც ჩუმად, მზვერავივით გაკვირდები..
რაჭის მთებში, ნისლებს იქით, მყინვარია
და გვირილებს მოურთვიათ სათიბები..

ალექსანდრე ჯიქია

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %