18 May 2017
  • 6166 ნახვა

მოგზაურობა, სადაც საკუთარ თავს პოულობ

ლაშქრობიდან დაბრუნებულს ერთი აზრი მიტრიალებს ხოლმე თავში - კარგი იყო, მაგრამ ჩამოსვლისთანავე შემდეგ მარშუტზე ვიწყებ ფიქრს. ალბათ უფრო მეტი მინდოდა, რაღაც ისეთი, სირთულეებითა და თავგადასავლებით სავსე, ისეთი გამოწვევები მჭირდებოდა, რომლის გადალახვაც გამიჭირდებოდა.

ჯავახეთზე ვფიქრობ.  მარშრუტის დაგვირგვინება დიდი აბული და ლევანის ტბა იქნება. ზამთარში მეგზურის პოვნა რთულია და ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები. ბევრი დაპირების მიუხედავად, მხოლოდ ერთი მთანხმდება.  იმედგაცრუებას უკან ვიტოვებ და წასასვლელად ვემზადები. წუთებს ვითვლი, სანამ გასვლის დრო დგება, მაგრამ საათის ისარი რაღაც ბლანტი და მძიმე მეჩვენება, თითქოს მოძრაობა უჭირს.

ჩემი მეგზური ჯარისკაცია. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ავღანეთიდან. წარმოდგენაც კი მზარავს, როგორი ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი. ჩემს შეთავაზებაზე - ლაშქრობაში წავსულიყავით, დამთანხმდა. მაშინვე დავმშვიდდი, ტური გადარჩა.

ცივა. თბილისიდან ფარავნის მიმართულებით ვიძვრებით. დიდი თოვლის გამო გზა დაკეტილია. ბურუსი ხედვის არეალს ამცირებს, ცოტაც და ფარავანს გავცდებით.

სოფელ ტამბოვკაში პირველივე ოჯახი ყავაზე გვეპატიჟება. როცა იგებენ სად მივდივართ, მაშინვე გვაფრთხილებენ, წინ რა სირთულეებიც გველის.

გზას ვაგრძელებთ. ვინც გვხედავს, გაოცებული გვიყურებს, თითქოს ტურისტები პირველად ნახეს. არადა, ტურისტები არც ვართ. სოფლის ბოლოს კიდევ ერთი კაცი გვხვდება. ისიც ყველაფერს გვეკითხება. როცა იგებს სად მივდივართ, თავისთან გვეპატიჟება: უკვე გვიანია, დღეს დარჩით და გზა ხვალ გააგრძელეთო. საღამოს ხუთი საათია. ერთი საათი გვაქვს დარჩენილი მუხლებამდე თოვლში სასიარულოდ. წასვლას დარჩენას ვამჯობინებთ. ივანეს საოცრად თბილი და მყუდრო სახლი აქვს. მარტო ცხოვრობს. ტამბოვკის სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. დიდი ხნის მეგობრებივით გვმასპინძლობს. გვირჩევს, მთაზე ასვლა გადავიფიქროთ, მაგრამ მალევე ხვდება, რომ განზრახვას ვერ შეგვაცვლევინებს. შარვლის ტოტებს ვიშრობთ და ვიძინებთ. დილის ექვსზე უნდა ავდგეთ.

ივანე გვაღვიძებს: „я же говорил, вот вы меня не поверили, иди покажу, иди, иди, вот посмотри!" (ხომ გეუბნებოდით, თქვენ კი არ დამიჯერეთ, მოდი, გაჩვენებ, აი, უყურე) და კარისკენ მიდის. მეც მივყვები. სახლს დაბალი, განიერი, მძიმე, სქელი ხის  კარი აქვს დიდი საკეტებით. მასპინძელი კარს აღებს და ისევ აგრძელებს საუბარს - „вооот, вот сам смотри, ребята, а вы меня не верите, там туман и сильный ветер“ (აი, თავად შეხედე. თქვენ კი არ მიჯერებდით, იქ ნისლი და ძლიერი ქარია).

თოვლიანი ჯავახეთი

გავშეშდი... ვუყურებ  ქარბუქს, რომელიც კარს ქაღალდივით აფრიალებს და სახლს ანარცხებს. თოვლს, როგორც მტვერს წრეზე ატრიალებს და აქეთ-იქით ფანტავს. ასეთი რამ ანიმაციებში მაქვს ნანახი.

ვხვდები, ეს ის მარშუტია, რაზეც ვოცნებობდი. ვუყურებ და შიშის ნაცვლად სიხარულით ვივსები. ივანე კი აგრძელებს საუბარს, რომელიც აღარ მესმის. ვუღიმი და მარტივად ვეუბნები - „ничего особенного, просто сильный ветер. мы уже привыкли" (არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, ძლიერი ქარია, უკვე მივეჩვიეთ). შემომხედა. აღარაფერი უთქვამს. დავემშვიდობეთ და გარეთ გავედით.

ქარი გასვლისას ხელთათმანს მტაცებს და წამებში აქრობს თოვლის ფარდაში. ხელზე წინდებს ვიცვამ და გზას ვაგრძელებთ. არაფერი ჩანს, ძლიერი ქარია და ნისლი. თოვლი სახეში გვეყრება. ქარის საპირისპიროდ ნელი ტემპით მივიწევთ, მხოლოდ ფეხებს ვხედავთ და ისიც თოვლში ჩაფლულს. შაორის ციხის მიმართულებით მივდივართ. უფრო სწორედ, იმედი გვაქვს, რომ იმ მიმართულებით მივდივართ. მთას უნდა შემოვუაროთ და გზა ლევანის ტბისკენ განვაგრძოთ. ქარი გაჩერებას არ აპირებს. წყალი ორ საათში გვეყინება, დალევასაც ვერ ვასწრებთ. მთელი გზა გაყინული ბოთლის ტარება გვიწევს. აქ სანაგვე ყუთის მსგავსი არაფერია.

ჯავახეთი

რამდენიმე კილომეტრის გავლა დიდ ქვებში გვიწევს. ფეხი ხშირად გვივარდება, ქარბუქი ისევ ხელს გვიშლის. როგორც იქნა, ქვიან ადგილს თავს ვაღწევთ. ქარიც იკლებს. ცოტა ხნით მზეც ჩნდება. ჩვენგან მარცხენა მხარეს დიდი აბული ჩანს. რაც ნიშნავს, რომ გზა აგვერია. მთა, რომლისთვისაც უნდა შემოგვევლო დიდი ხანია უკან მოვიტოვეთ. მარშუტს სასწრაფოდ ვცვლით და დიდი აბულისკენ ვიძვრებით. ქარი ძლიერდება, ნისლმაც იმატა. ჯოხებს თოვლში ვარჭობთ, პანჩოს ვჭიმავთ, ჩანთებს ვეფარებით და ვცდილობთ, გამოვიყენოთ GPS-ი, რომელიც გაყინული გვხვდება. მცდელობის მიუხედავად, ვერ ვიყენებთ.

ცოტა წავიხემსეთ. შემართებას არ ვკარგავთ. ორივეს ერთი მოტივი გვამოძრავებს. ვიცით, რომ ტბას ვნახავთ, რა იქნება და როგორ, არ გვაინტერესებს. ამინდი უარესდება. აზრი აღარ აქვს დიდ აბულზე ასვლას. გადავწყვიტეთ, ლევანის ტბისკენ წავიდეთ. დიდხანს ვიარეთ. უკან ვიყურები, ვხედავ, როგორ ძლიერად, მყარად მოაბიჯებს მეგზური.

ლაშქრობა თოვლიან ჯავახეთში

უღელტეხილს მივადექით. მხედველობის გაუმჯობესებაზე ფიქრს შევეშვი. ირგვლივ გაუვალი კლდეებია. მარჯვენა მხარეს ერთი გასასვლელია. ვიცი, სხვა მიმართულებაა. იქით წასვლა არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მივყევით. გორას ამოვეფარეთ, GPS გავათბეთ და რამდენიმე წამით ჩართვა შევძელით. ვხედავთ პირველივე ტბას, რომელსაც ლევანის ტბის ფორმა ჰქონდა და ჩვენგან 8 კილომეტრშია. სვლას სწრაფად ვაგრძელებთ და ტბაც მალევე ჩნდება. ორივეს გვიხარია. ერთი სული გვაქვს, კარავი გავშალოთ. ტბას ვუახლოვდებით. მთიდან ვიხედები, მერე ირაკლის ვუყურებ, მომღიმარი სახე აქვს - „მაგრები ვართ“, - მეუბნება. ჯერ თავს ვიკავებ და ბოლოს ვეუბნები - „ეს ის ტბა არ არის, გზა შეგვეშალა...“ იმედგაცრუებას ვგრძნობთ, მაგრამ სწრაფად ვშლით კარავს და ტბასთან მივდივართ წყლის ასავსებად. ვფიქრობ, ძლივს წყალს დავლევთ მეთქი. ტბა ნახევარ მეტრზე მეტ სიღრმეზე გაყინულია. ყინულის ნატეხები კარავთან მოგვაქვს და ვადნობთ. ცხელ საკვებს მივირთმევთ, ჩაის ვსვამთ და დასაძინებლად ვემზადებით.

ჯავახეთი

ქარი ამოვარდა, ყველაფერი იყინება. გაყინულ კარავს საშინელი ხმა აქვს, რაღაცის ან ვიღაცის ფეხის ხმას ჰგავს. GPS ჩაირთო. ტბას გვერდი ავუარეთ, იქვე ვყოფილვართ. ახლა ჩვენგან 10 კილომეტრის მოშორებითაა. დილით წასვლა გადავწყვიტეთ. ქარბუქი არ გვასვენებს, ძლიერდება. ნამქერი ჩვენს კარავზე ეყრება. ყოველ 10 წუთში კარავს შიგნიდან ვაწვებით, რომ თოვლი გადავყაროთ. ამინდი გამოსწორებას არ აპირებს. კარავი იყინება, შიგნით ყინულები ცვივა. ცოტა გვცივა, მაგრამ ტბაზე ფიქრი გვათბობს.

ლაშქრობა თოვლიან ჯავახეთში

თენდება... ჩანთებს კარვის შიგნით ვალაგებთ. გარეთ გამოვდივარ კარვის ასაკეცად. ქარი პანჩოს მაცლის და წამებში აქრობს. უკვე მეორედ მპარავს ქარი ნივთს. 15-20 წუთი კარვის ჯოხების გამოღებას ვცდილობთ. სიცივეში თითები გვეყინება. ჯოხებს ჩანთაზე ვამაგრებ და კარავში ვძვრები. გაყინულ თითებს HotHand-ის პაკეტებით ვითბობთ. 40 წუთი ველით ამინდის გამოსწორებას და ვხვდებით, გამოდარებას არ აპირებს. ორივე ვგრძნობთ, ლევანის ტბისკენ ვერ ვივლით, მაგრამ თქმა არცერთს არ გვინდა. ბოლოს, ჩანთებს ვიკიდებთ, კარავს ხელზე ვიხვევ და სოფლისკენ მოვდივართ.

მართალია, ლევანის ტბა ვერ ვნახეთ, ვერც დიდ აბულზე ავედით და ვერც შაორის ციხეზე, მაგრამ ეს ის ლაშქრობა იყო, რომელსაც ვეძებდი და ვიპოვე კიდეც.

 

ლაშა ღლონტი

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"

(კონკურსგარეშე)


მსგავსი
18 April 2019

ალგეთი. მანგლისი. მთა ნამტვრიანი.

შუა კვირაში შესვენების ერთი დღე გამოგვიჩნდა. ცხადია, ქალაქად გამოუყენებლად მისი დატოვება არ გამოგვივიდოდა. გვიან საღამოს დავიწყ...

30 March 2019

მთა საცხენისი

          "როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები"...

08 March 2019

თუშეთი - მოგზაურობის დასასრული. ნაწილი II

თუშეთი - სამყირნეს ტბა . ნაწილი I ...

07 March 2019

თუშეთი - სამყირნეს ტბა . ნაწილი I

თუშეთში ლამის ალებად ვიქეცით... ეს ხუმრობით და ისე, ვიღაც იქ ზემოთ, ნამდვილად დავიმეგობრეთ. ვინატრებდით რამეს და ბუნება ასრულებ...

26 February 2019

ფრედი მერკურის სამშობლო და „აკუნა მატატა“ -ს კუნძული

Hakuna Matat...

22 February 2019

დაუვიწყარი მოგზაურობა იამაიკაზე. Peace, One Love

იამაიკა - კარიბის ზღვის აუზში მდებარე ტროპიკული კუნძული, რომელიც ყოველი ჩვენთაგანისთვის რეგის ჰანგებთან და ბობ...

15 August 2018

კომსომოლეტსი - ახალგაზრდობის პიკი

რითი დაიწყო დღე? წვიმით... არა, იმიტომ კი არ ვამბობ, დღევანდელი ჩვენი ამინდების გადამკიდე რომ თემატურია... მ... ...

10 August 2018

დროის მუზეუმი - ირანი, თეირანი

ირანში ყოფნისას თუ რამე განცდა მქონდა, უმეტესად ის, რომ დრო არ მყოფნიდა. არ მყოფნიდა ამ მშვენიერი ქვეყნის კარგად გასაცნობად... ...

29 November 2017

საირმე - ბოლაჯაური: დიდი ლაბორაოროტი, მეფის წყარო და ოქროს ციხე

მინდა მოგიყვეთ  ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გასვლაზე. ამჯერად საირმის დასაწყისიდან დავიწყეთ და ადიგენის რაიონში სოფელ ბოლაჯ...

13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...