გუდარეხში ნაპოვნი ბედნიერება

 ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შენს გვერდით, საითკენ გექნება გეზი აღებული ან რამდენ ხნიანი მოგზაურობა გელის წინ, მთავარია რომ უნდა წახვიდე, შეიგრძნო ბედნიერება და დიდი ხნის წინ დაკარგული საკუთარი თავი ბუნებასთან სიახლოვეში იპოვნო. რა გჭირდება ამისთვის?! დიდი ზურგჩანთა, მოხერხებული ფეხსაცმელი და ფოტოაპარატი... ამის შემდეგ კი ყველაზე მაგარი დღეები წინაა.

 გაზაფხული იდგა თბილისში. უფრო სწორად რომ ვთქვა, მთელს საქართველოში იგრძნობოდა საამო სურნელი და ხეებზე კვირტებიც მონაცვლეობით სკდებოდნენ. ეს ის დღე იყო როდესაც უნივერიტეტის ბავშებთან ერთად თეთრიწყაროს რაიონში მივდიოდი. სწორედ იქ არის სოფელი გუდარეხი, რომლის სილამაზე ენით აღუწერელი და გადმოუცემელია. საუცხოო  ბუნებით გარშემორტყმული სოფლისკენ მივიწევდი. ჩემი ფეხის ნაბიჯებს კი აკომპანიმენტს მდინარის ჩხრიალი და ჩიტების ჭიკჭიკი უწევდა. მრავალწლოვანი ხეები ერთმანეთზე ობობის ქსელებივით იყვნენ გადახლართულნი და ხავსმოკიდებულნი გადმოჰყურებდნენ საკუთარ სამფლობელოს. ეს არის ადგილი, სადაც მიდიხარ და ხვდები, რომ ცოცხალი ხარ. ხვდები იმასაც, რომ ადამიანური ღირებულებების ჩამოყალიბებას, სულიერი სიდუხჭირისაგან თავის დაღწევასა და წარუშლელი მოგონებების აღძვრას შენს გონებაში სწორედ ზურგჩანთა და მთა სჭირდება. სოფელი გუდარეხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვნესი ადგილია საქართველოში, რაც არა მხოლოდ მისი ულამაზესი ბუნებითაა განპირობებლი, არამედ მასში აღმართული შუასაკუნოვანი ტაძრითაც, რომელიც ისეთი მშვენიერია ალბათ ძალიან დიდი ხანი დაგჭირდება, რომ თვალი მოსწყვიტო. უძველესი ქვევრები, ჩუქურთმები, წარწერები და ულამაზესი სამრეკლო, რომელიც მშვნიერებას უფრო მეტ ხიბლს მატებს. ტაძარი 12-13 საუკუნეში რუსუდანის მეფობის დროსაა აშენებული. ამდენი საუკუნის შემდეგაც კი ისევ ისე ალამაზებს სოფელ გუდარეხს.

გუდარეხის სამრეკლო

 შენ!  არ ყოფლხარ გუდარეხში?!  წადი! აუცილებლად წადი! მოიკიდე ზურგზაკი და მენდე, რომ შენ გელის ადგილი, რომელიც შენს გულში სამუდამოდ ჩაიმარხება. კიდევ აქ ხარ?! მეტს აღარ გეტყვი წადითქო. მაღალყელიანი ფეხსაცმლის ჩაცმა არ დაგავიწყდეს, გუდარეხის მონასტერში ასვლამდე ტალახთან მოგიწევს შებრძოლება. იქ არის ადგილები სადაც ჩრდილი ჭირისუფალივით არის ჩამომდგარი და ბედნიერებასთან ერთად რაღაც სევდასაც აღგიძრავს. ეს სევდა კი გამხმარი და გადატეხილი ხეების დანახვის შემდეგ შემოეპარება შენს სხეულს და გულიც გაგჭვალავს. სწორედ ამიტომაა მუდმივად ტალახი.. მზე თითქოსდა ნაჩხუბარია იქაურ ადგილებთან, გაიფიქრებ როდესაც ტყის წიაღში ისე შეცურავ, როგორც მეთევზე ზღვაში.

გუდარეხი

 იცი?! ძალიან მინდა მოვყვე ყველაფერი, მოვყვე რა განვიცადე, რა ვნახე, როგორ იყო ჩემი შთაბეჭდილებები, მაგრამ არ მინდა ყალბი გამოვჩნდე. არ მინდა, რომ რაღაც დავაკლო და ვერ ვთქვა ისე, როგორც სინამდვილეში იყო. ამიტომ ყველას, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ადგილი უჭირავს მას ჩემს ცხოვრებაში, ვუყვები ძალიან მცირედს იმ ადგილის შესახებ, რომელსაც გუდარეხი ჰქვია. მინდა, რომ ის ბედნიერება, რომელიც მე გამოვცადე მანაც შეიგრძნოს და საკუთარი დამოკიდებულება გაუჩნდეს ამ მართლაც საოცარი ადგილისადმი. გუდარეხის არსებობის შესახებ ბევრმა არ იცის. ეს ძალზედ სამწუხაროა, ვინაიდან ეს არის ადგილი სადაც უფალი ულამაზესი ტყითა და ბუნებით გარშემორტყმულ ადგილას იხსენიება. გუდარეხში წასვლა კი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა შეძლოს ადამიანმა.

გუდარეხი

გურამ დავითლიძე

კონკურსისთვის  "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %