25 August 2017
  • 644 ნახვა

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 4)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოსტოპით დავადექით გზას. უამრავი რამ გადაგვხდა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ზოგი რამ ვისწავლეთ, ზოგიც ჩვენ ვასწავლეთ, დავათალიერეთ, დავაგემოვნეთ, ვიცინეთ და ვიტირეთ. დიდი თავგადასავალი იყო... ხო და ამ მოგზაურობაზე გიყვებით ახლაც...

პირველი ეპიზოდი წაიკითხეთ აქ

მეორე ეპიზოდი

მესამე ეპიზოდი

დილას კლასიკური ირანული საუზმე მივირთვით - ხალიჩაზე ლოტოსის პოზაში ჩამომსხდრებმა. ცოტა ძნელია ასე ჭამა, შეჩვევა უნდა, მაგრამ აქ მოხუცი იქნება თუ მსუქანი, მაინც ყველა ისე დაოსტატებულია, მოირთხამენ ფეხებს და არიან არხეინად. ჩვენ კიდე ხან ვიწრო ჯინსების გამო, ხან სახსრების ტკივილის გამო წრიალი გვიწევდა კაი ხანს.

თუ ტაბრიზში მოხვდებით, აუცილებლად გასინჯეთ პური ბარბარი. უგემრიელესი რამეა.

საუზმე ტიფანისთან :დ

საუზმის მერე ჩვენმა ძმამ მამამისის სახლში მიგვიყვანა, იქაც ჩაი და ფორთოხალი მივირთვით და მალე წამოვედით. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ირანში სახელმწიფო დღესასწაული იყო თებერვალში, ხშირი იყო მსველობები, მეჩეთის წინ შეკრებილი შავჩადრიანი ბრბოებიც ხშირად გვხვდებოდა. ტრამპის ფოტოები იყო გამოკრული, შავ ფონზე, რაღაც ტექსტები ეწერა, ალბათ შეჩვენების ან წყევლის ან რამე ეგეთი. ახლა ვნანობ, ისე ვნანობ, რომ ეს პოსტერი არ წამოვიღე. არ ვიცი, რატომ არ გაგვახსენდა რომელიმეს, ერთი ცალი პოსტერი აგვეხია ქუჩიდან და წამოგვეღო.

ჩვენმა მასპინძელმა ტაბრიზში გაგვასეირნა. საკმაოდ დატვირთვული ქალაქია, საინტერესო. ბევრი ეთნიკური წარმომადგენელი იყრის თავს, უამრავი აზერბაიჯანელი და თურქი ცხოვრობს. პირველ რიგში მოვინახულეთ ჯამე-ს მეჩეთი (Jame mosque), ძალიან მაღალი მინარეთებითა და იშვიათი მოზაიკური ნიმუშებით განსაკუთრებული ერთერთი უძველესი შენობა ტაბრიზში.

ჯამეს მეჩეთი ირანში

შემდეგ იქვე კონსტიტუციის სახლში შევედით, ირანის ისტორიას გადავავლეთ თვალი. მერე ჩვენმა ძმამ ტაბრიზის „time square” გვაჩვენა. რეალურად Saat Tower ჰქვია, ან კიდე ტაბრიზის მერია.  გერმანელების აშენებული ადგილია, დასავლური არქიტექტურის ნიმუში, ძალიან ლამაზია მოკლედ, განსაკუთრებით გაზაფხულ-ზაფხულში. მივედით, მაგრამ დაკეტილი იყო. ჩვენმა ძმამ, წამოდით კაცოო და შეგვაპარა ოდნავ შეღებული ჭიშკრიდან. ჩვენც შევედით, დავათვალიერეთ. შენობაში ვერა, მაგრამ ეზოში ვიარეთ. მერე დაცვა გამოვიდა და ვერ ხედავთ, დაკეტილი როაო?! ჩვენმა ძმამ, უი რას ამბობთო, აგერ კარი ღია იყო და ამ მხრიდან მოვედით, წარწერა არ შეგვიმჩნევიაო. მოკლედ, გამოვედით აქედან.

ტაბრიზის მერია (Saat tower)

რა თქმა უნდა, ტაბრიზის ცნობილი და უძველესი ბაზარიც ვნახეთ, რომლის მაღაზიების დიდი ნაწილი დღესასწაულის გამო დახურული იყო. ფასები საკმაოდ მაღალია, ჩვენც რაიმეს ყიდვას ნამდვილად არ ვგეგმავდით, ასე რომ დასათვალიერებლად კარგი დრო აღმოჩნდა - შედარებით ნაკლები ხალხი ირეოდა.

ტაბრიზული ნუგბარები

ბაზრის შემდეგ რაღაც დიდ სკვერში გაგვიყვანა ცოტა გავიარეთ ფეხით, საკმაოდ ციოდა ტაბრიზში, ამიტომ გარეთ წანწალი ძაან სახალისოც არ იყო. რაღაც მაწვნის სუპივით გაგვასინჯა. ჩვენ არ მოგვეწონა და ხათრით ვჭამეთ. მერე ლურჯი მეჩეთის სანახავად წავედით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. აქ ჩემს მეგობარს შევხვდით, რომელსაც წესით ჩვენთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ ვეღარ შეძლო. ქალაქში მოძრაობისას თუ სადმე სასულიერო პირს დაინახავდა, ჩვენი ძმა ხელს იშვერდა, ნახეთ მულლაო და სარკასტულად იკრიჭებოდა.

ლურჯი მეჩეთის ინტერიერი

 სხვათაშორის, ადგილობრივებში ხშირად შეამჩნევთ ირონიულ დამოკიდებულებას სასულიერო პირების მიმართ, აიათოლების აგდებულად მოხსენიებასაც და უაზრო რადიკალური წესების მიმართ უკმაყოფილებასაც. და ამ დამოკიდებულებას ამჟღავნებს არა მხოლოდ ახლგაზრდა თაობის წარმომადგენლები, არამედ ასაკიანი, მორწმუნე ხალხიც.

აქ კიდევ ერთ რამეს გავუსვამ ხაზს ირანულ ხასიათში; თვითონ ადგილობრივები, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ, პირველი შეხვედრისას ან საუბრისას ისე გადაეხვევიან, გააბამენ ლაპარაკს, გეგონება კაი ხნის უნახავი ნაცნობები არიან. ჩემს მეგობარს რომ შევხვდით, მას ვიღაც ახლდა. ხო და ამ ვიღაცამ და ჩვენმა ძმამ ჩაკიდეს ხელი ერთმანეთს და გაცხარებული დიალოგი გააჩაღეს. ამ ფარზინს (მეგობარს) ვეკითხები, უი იცნობენთქო ერთმმანეთს? არაო. უცნაური იყო ჩვენთვის.

ტაბრიზში კიდევ გვინდოდა ერთი დღე დარჩენა, კანდოვანის მონახულება და ქალაქის დათვალიერება გვქონდა გეგმაში, მაგრამ ჩვენი ძმის ხელგაშლილობამ დაგვაკომპლექსა. გულწრფელად შევწუხდით, რომ არასოდეს არაფრის გადახდას არ გვანებებდა და მთელი დღე ჩვენ დაგვითმო თავისი მანქანით. არა და ბოლობოლო ამდენს მუშაობს, ან დასვენება არ უნდოდა? ან ცოლ-შვილთან ყოფნა? მოკლედ, მოვილაპარაკეთ, რომ შუადღის მერე დაგვეტოვებინა ტაბრიზი. ავუხსენით და ვთხოვეთ, გზატკეცილზე დაგვტოვეთქო. მთელი ამ ხნის განმავლობაში google translate ჩვენი კარგი დამხმარე იყო. მოკლედ, 4 საათი იყო დაახლოებით, გზატკეცილზე რომ გავედით. აქ ჩვენს ძმას მობილური ინტერნეტი დაუმთავრდა, ანერვიულდა, ვერ გვაგებინებდა ვერაფერს, სიტყვას იტყოდა და პირზე აშრებოდა, ვერ ამთავრებდა სათქმელს, არა და რჩევების მოცემა უნდოდა, მოკლედ ერთი საცოდაობა იყო. პოლიციასთან დაგტოვებთ, უფრო უსაფრთხოაო. ჩამოვედით. ისეთი ემოციური განშორება იყო, რომ ვიხსენებ, მბურძგლავს პირდაპირ. გადავეხვიეთ ჩვენს ძმას (ასე დავარქვით და დღემდე ასე მოვიხსენიებთ), იმან აუცილებლად მომწერეთ იცოდეთო და ასე გამოგვემშვიდობა ნაღვლიანი და გაღიზიანებული „რატომ მეტი ინგლისური არ ვიცი“ გამომეტყველებით.

ერთი თუ ორი მანქანა გამოვიცვალეთ თეირანის გზაზე. ძალიან ყურადღებიანი ხალხია. გვარიგებდნენ, გვირჩევდნენ სად და როგორ სჯობდა დარჩენა. პირველ რიგში თავისთან გვეპატიჟებოდა უკლებლივ ყველა! დაისვენეთ, საღამოა, ხვალ დილთ გააგრძელეთო გზა. უარს რომ ვეუბნებოდით, მაშინ უსაფრთხო საკარვე ადგილებს არჩევდნენ, ნომრებს გვიტოვებდნენ, თუ რამე გაგიჭირდათ დარეკეთო.  თეირანის გზაზე, როგორც დანარჩენზე, იღბლიანები აღმოვჩნდით. ერთმა მანქანამ გააჩერა და პირდაპირ თეირანში ჩაგვიყვანა. ამანაც ორი სიტყვა იცოდა ინგლისურად, მაგრამ ხელი არ შეგვშლია, უსაფრთხოდ და მხიარულად გვევლო. ერთი პოსტერი ამასაც ვაჩუქეთ. თეირანს რომ მივუახლოვდით, ჩვენმა მძღოლმა, მეო სხვა გზით მივდივარო და აგერ ტაქსია, იმას გაყევითო. ჩვენ ცხადია ტაქსის არ გავყევით. ირანში ტაქსი საკმაოდ ძვირია - მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იაფია საწვავი. მოგვიანებით აგვიხსნეს, ტაქსის ლიცენზიის აღება ჯდებაო ძვირი თურმე. მოკლედ, ღამეა 11 საათი და ჩამოვდექით ისევ სტოპზე. ძლივს ერთმა ტაქსიმ გააჩერა და არ მინდა კაცო ფულიო, ისე წაგიყვანთო და ჩაგვისვა. ამანაც, იქნებ ჩემთან შემოგევლოთო, სტუდენტი შვილები მყავსო, ფოტოები გააძრო ეგრევე, გაამარიაჟა ოჯახი. ჩვენ თეირანში მასპინძელი გველოდებოდა, ამიტომ უარი ვუთხარით, თორე ისე მაგარი მხიარული კაცი ჩანდა, უსაყვარლესი ბუთქუნა.

ამან მეტროსთან გაგვიჩერა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს მატარებელი იყო და არა მეტრო. ირანში მეტრო კიდე ცალკე სანახაობაა, სუფთა, მოწესრიგებული, გაზიმზიმებული. არ დაიჯერებთ, მაგრამ რაღაცა სურნელება იფრქვევა სადგურებზე და ვაგონებში არის სიჩუმე, სიწყნარე. მოკლედ, იცხოვრება შიგნით, ისეთი კეთილმოწყობილია. მეტრო იაფია ძალიან, ასე რომ ქალაქში გადასაადგილებლად მისწრებაა. მატარებლებში ქალები და კაცები ერთად სხდებიან, არაფერი გართულება მაგაზე არაა. მატარებელში ორი ვაგონი იყო მხოლოდ ქალბატონებისთვის, მაგრამ ეგეც არჩევანის დონეზე, თუ გინდა იქ შეხვალ თუ გინდა არა. იქაც დადიან ტიპები, მარტივ პროდუქციას ასაღებენ - კალმებს ან რვეულებს ან ქამრებს, მობილურის დამტენებს. თან რახან სიჩუმეა, ჩამოდგებიან და პერფორმანსს გიდგამენ, აპიარებენ სასწაულად რაც ხელში უჭირავთ.

მოკლედ, ჩვენი მასპინძლის მისამართს მივყვებოდით. სადგურიდან რომ ამოვედით, ტაქსის მძღოლები მოგვცვიდნენ, ზუსტად ისე, დიდუბეში ან ისანში რომაა, თელავში მიმავალი მძღოლები რომ გეწეპეპიან.

ტაქსი ძვირი კი ღირდა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, რეზას სახლამდე ვერ მივიდოდით ისე. ხო და ძლივს ავიყვანეთ ტაქსი და დავადექით გზას. მივედით რეზას სახლთან და ვრეკავთ ზარს - პასუხი არ არის! მოკლედ ასე10 წუთი უიმედოდ ვიდექით. მერე ვიფიქრეთ, მოდი, დავუძახოთო (!)  :დ მაგრამ ამ დროს მანქანა გაჩერდა და ბატონი რეზაც გამოჩნდა.

რეზა 50 წლისაა - რაღაცა ლეგენდა ადამიანი ;დ მოგზაური და მაგარი გაქექილი კაცი. საკუთარი ოფისი აქვს, ზუსტად რას აკეთებს არ ვიცით, მარა ლექციებსაც კითხულობს და რაღაც ქიმია-ბიოლოგია-ინჟინერია-სამეცნიერო საქმიანობაშია რა. სახლში რო შევედით, ეგ რაღაც შეგიძლია თავიდან მოიძროო - ჰიჯაბზე მითხრა. მერე მოგვიჩინა ოთახი და დაგვტოვა. დილით რეზას კატამ გაგვაღვიძა, მერე მასთან და დედამისთან ერთად ვისაუზმეთ, ტაბრიზიდან ჩვენი ძმის მიერ გამოტნეული თხილეული დიდი ყუთით დავუტოვეთ (მერე მივტიროდით მთელი გზა) და წამოვედით. ძაან ელიტარული უბანი იყო, აი იქაური ვერა ალბათ. ლამაზი სახლები, სუფთა და ლამაზი ქუჩები, მორთული აივნები, მოკლედ იცხოვრებდა კაცი. მერე ბრეინშტორმინგი მოვაწყეთ, რა ეღირებოდა ბინები ამ უბანში. კოლოსალურ თანხებამდე მივედით (მით უმეტეს ირანულ ვალუტაში ;დ ). ქუჩაში კითხვა-კითხვით ძლივს მივაღწიეთ გოლესტანის სასახლეს, სადაც ჩემი მეგობარი ნიკნაზი, იგივე ნიკი უნდა შეგვხვედროდა - დიახ, ყველა ქალაქში 1-2 ნაცნობ-მეგობარი „დაზანიატებული“ გვყავდა. თეირანის დათვალიერება კაი რამე იქნებოდა, მაგრამ ჩვენ უფრო სამხრეთისენ მიგვიწევდა გული და სული. თან ქალაქში დიდი დროის გატარება მეტ ხარჯს უდრის, ასე რომ „სხვა დროს“-ო ვთქვით და გოლესტანით შემოვიფარგლეთ. ა, თეირანის დიდი ბაზარიც ვნახეთ.

გოლესტანთან სკოლის ექსკურსია იყო. რუგზაკებით და ციფრულებით რომ დაგვინახეს, აირივნენ, მერე ლუკამ კამერა მიუშვირა და 2 წამში ლამის ფლეშ-მობი დაგვიდგეს, პირამიდა შეკრეს და პოზირება დაიწყეს. სანამ თვალს არ მივეფარეთ ამ ბავშვების ღლიცინი და „hello”-ები გვესმოდა.

სასახლე გადასარევი იყო, სარკეებიანი დარბაზებით, ყველაფერი ისე ციმციმებდა, გამოსვლა არ მოგინდებოდა ადამიანს. ფოტო-ვიდეო არაო, დაცვამ, მაგრამ ჩვენ რისი ქართველები ვიყავით, ჩუმად ფოტოებიც გადავიღეთ და ვიდოებიც. თეირანული ფასტ-ფუდი გავსინჯეთ და მოვძებნეთ ტაქსი, რომ გზატკეცილამდე გავსულიყავით.

სპარსი ბაღნები

გოლესტანის სასახლის დარბაზი

ნიკიმ ტაქსისტს აუხსნა ასე და ასე მოგზაურობენო და გზაზე გაიყვანეო უბრალოდ.  კაიო მძღოლმა, ფული გამოგვართვა და წავიდა. გავიდა ასე 10 წუთი, მეთქი გადაგვაგდო და ეგაათქო, ვფიქრობთ. მაგრამ გამოჩნდა ბოლოს მაინც, ჩაგვისვა და წავედით. გზაზე რომ გააჩაერა, გადმოვიდა და წინა კაპოტი ახადა მანქანას. ჩვენ ვიფიქრეთ მანქანა გაუფუჭდათქო. ჩანთები ამოვიღეთ და საბარგულს ვეჯაჯგურებოდით დასაკეტად. ეს მოვიდა და პარკით რაღაცა შეფუთული მოგვაწოდა. ეს რა არისთქო - დიდი ულუფა ბრინჯი და ხორციანი სოუსი იყო (რაღაც უგემრიელესად ამზადებენ იქ ბრინჯს) - გაგვიკვირდა. თურმე ნიკიმ რომ აუხსნა, როგორც დავწანწალებდით, ის 10 წუთი რომ დააგვიანა, წასულა და ეს საჭმელი ჩვენთვის უყიდია. მერე კიდე წინ ჩაუდგამს მანქანის ძრავასთან, რომ არ გაციებულიყო და თბილი გამოგვატანა. ეს კიდევ ერთი შოკი იყო. თან ჩანგალიც მოეყოლებინა. ვაჰ, მთელი შინაგანი სამყარო კიოდა, ისე მოულოდნელი იყო ჩვენთვის ეს ყველაფერი თეირანელი ტაქსის მძღოლისგან.

ტაქსი წავიდათუ არა, ეგრევე მოგვაჩერა მანქანამ, საითო -ისფაჰანშითქო, ჩვენ მივუგეთ. როგორც შეგვეძლო გასაგებად ავუხსენით, ჰიჩჰაიკერები ვართ და ფულს არ ვიხდითთქო. არ მინდაო კაცოო, ჩასხედითო. გზაში მზესუმზირა გვიყიდა. ნიკის ნაჩუქარ ირანულ ბარათზე ანგარიშის ჩარიცხვაში დაგვეხმარა  - ეგ ერთერთი ყველაზე რთული გამოცდილებაა ირანში, დამიჯერეთ. სტაჟიანი შამანი უნდა იყოთ, ამ ანგარიშებში და პაკეტებში და ქსელებში რომ გაერკვეთ. თუ შევხედავთ, ირანელებს რიცხვებთან თავისებური ურთიერთობა აქვთ რა - სირთულეები უყვართ ამ სფეროში.

ისფაჰანში მასპინძელი გვყავდა, მაგრამ ეს ბოლო დღე ვერ ვუკავშირდებოდით, ამიტომ კარგად არ ვიცოდით რა უნდა გვექნა და როგორ. ხო და გზაში ამ მძღოლმა, რომელსაც მოჰამედი ერქვა, ინგლისურით და სპარსულით რომ ვერაფერი გაგვაგებინა, პიქტოგრამული სისტემა შეიმუშავა და ისე გვითხრა სათქმელი. აიღო ფურცელი და კალამი, დახატა კარავი, გვაჩვენებს: აქ უნდა დაიძინოთო? კითქო, ვპასუხობთ. მერე ადგა და კარავი გადახაზა, არ გინდათ ესო. დახატა სახლი, ფანჯრებიც მიახატა მეტი სიზუსტისთვის, ვიწრო ბილოკიც მიიყვანა სახლის კარამდე - არ ვაზვიადებ - აი აქ წამოდითო, მერე დახატა რაღაცა ლამპიონივით, რომლითაც დუშს გულისხმობდა თურმე, ამაზე სიცილით გადავბჟირდით. თვითონაც იკრიჭებოდა ჩვენთან ერთად.

პიქტოგრამული მოსაწვევი

მოკლედ, მიგვიპატიჟა და ბევრი არც ვახვეწნინეთ - გავყევით. გზაში თავის დის შვილს დაურეკა და გვალაპარაკა, აახსნევია, არც ფული მინდა ამათი და არაფერიო, წამოვიდნენ და დარჩნენო ჩემთან. ხო და ამ გოგოს წყალობით უფრო თავდაჯერებულად გავყევით მოჰამედს. გზაში გვთხოვა, რამე ქართული მუსიკები გექნებათ და აბა მომასმენინეთო... ხო და  ზურმუხტისფერი ბედის ორდენის ჰანგები მიგვაცილებდა თეირანი-ისფაჰანის გზაზე.

შევაბიჯეთ ჯადოსნურ ისფაჰანში და ძალიან მოვერგეთ იქაურობას... შემდეგ ეპიზოდში მოგიყვებით ^_^

მსგავსი
13 October 2017

შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რა...

10 October 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 9)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

28 September 2017

შვედური ზღაპარი - დაბრუნება ბავშვობაში (ნაწილი 3)

წინა ნაწილში  Vasa-ს მუზეუმზე ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - გემი-მოჩვენების მუზეუმი (ნაწილი 2)

უკვე სტოკჰოლმში ვართ. ძირითადი გადაადგილების საშუალებაა მეტრო, ავტობუსი და პენდელი, ანუ მატარებელი ( ან თუ გნებავთ, მიწისზედა მ...

22 September 2017

შვედური ზღაპარი - რა? სად? როგორ? (ნაწილი 1)

თვითმფრინავი ისე დაჯდა, არაფერი გამიგია. ფანჯრიდან ვუყურებდი მწვანე სტოკჰოლმს და კოხტა, პატარა არლანდის აეროპორტის ასაფრენ ბილი...

21 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

15 September 2017

ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება.&...

11 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 7)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტ...

05 September 2017

ცხვანდირის ტბები

ცხვანდრის ტბებზე იმდენი მაქვს სათქმელი, რომ საიდან დავიწყო არც კი ვიცი.  დავიწყებ იქიდან, რომ ამ ტბებთან მისასვლ...