ხევსურეთიდან თუშეთში

თუ აქამდე ჯერამც არ გიცდიათ ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა, მაშინ ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ამ სეზონზევე მოასწროთ ეს სიამოვნება. 
ახლავე უნდა ამოიცვათ ბათინკები, გატენოთ ჩანთა ათასი საჭირო ნივთით, რუკებში ჩაყოთ ცხვირები და გზას დაადგეთ. 
პირველი, მაგრამ საუკეთესო რჩევა იქნება ხევსურეთიდან გაემართოთ თუშეთისკენ და არა პირიქით. 
შატილამდე ჩასვლა რომ იოლია კი გეცოდინებათ, გზად დათვისჯვრის უღელტეხილი აგავსებთ ენერგიით, რომელიც რომ აწუნის ქედამდე მიგიყვანთ. 
მოკლედ, ჩვენც ავივსეთ ამ ენერგიით, გზას დავადექით. შატილიდან მუცომდე, მუცოდან კი ხონისჭალამდე სამანქანო გზით გადავტანტალდით.
ხონისჭალა პატარა, მყუდრო ხეობაში ჩამალული სოფელია, სადაც მხოლოდ მესაქონლეობით თუ გაიტან ადამიანი თავს. პატარა, ძველებური სახლები წიგნებში წაკითხულ წარსულს ან ძველ ფირებზე ნანახ კადრებს გაგახსენებს ადამიანს. 
მუცოსთან სასაზღვო პუნქტია, სადაც საშვებს გაძლევენ, სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ საშვი შეიძლება 10 წუთში გამოწერონ ან სამ საათამდეც კი გაიწელოს პროცედურა. პირადობის მოწმობა თუ არ გაქვთ თან, მით უფრო გართულდება საქმე და შესაძლოა არც კი გაგიშვან :( 
ასე თუ ისე ჩვენც ავიღეთ საშვი, უკვე საღამოვდებოდა ფონისჭალას რომ მივადექით, ამიტომ იქვე დავბანაკდით.
მეორე დღეს დავადექით მთა ხიდოტანის აღმართს, რომელიც სულაც არ გაგვრთულებია, ტყიან მასივში ნელ-ნელა ზიგზაგად ვკრეფდით სიმაღლეს. ერთადერთი რაც ამ აღმართს აკლია -  წყალია, მხოლოდ დასაწყისში და მის დასასრულში თუ გადააწყდებით. 
სულ მალე მივადექით მეორე სასაზღვრო პუნქტს. ახლა აქ გადაგვიმოწმეს საშვები. გზა დაგვილოცეს და გაგვიშვეს. შემდეგ სულ ქედზე მიუყვები ადამიანი ვიწრო ბილიკს. ლამის აწუნთის ძირამდე სახეში უყურებ აღმოსავლეთ საქართვველოს უმაღლეს მწვერვალს, თებულოს მთას, რომლის სიმაღლე 4493 მეტრს შეადგენს. სახეში გიყურებს სიმკაცრე, განმარტოება. ქართველები კარგები ვართ მთაში, მაგრამ აღსანიშნავია რომ თებულოზე, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ძალიან ცოტაა ნამყოფი. რაც ჩემთვის, როგორც მთის მოყვარული ადამიანისთვის, სამწუხარო ფაქტია და ძალიან მასევდიანებს.თებულოს მთა
1993 წელს ბატონი ირაკლი სოსელიას ჯგუფი იყო ასული, რომლებმაც საოცარი ფილმი გადაიღეს ამ მშვენიერი მთის შესახებ. ვურჩევდი ყველას ნახოს და დატკბეს ხედების კადრებით, რომლებსაც თავად ვერ ვეხებით...
მოკლედ, გადავერთე ლამაზმან მთაზე და მთავარ სათქმელს ლამის ავცდი.
ქედების გადავლა სასიამოვნო იყო, როგორც უკვე აღვნიშნე, მთელი გზა თებულოს ხედით ვტკბებოდით. გზად წყალი იმდენად ხშირად გვხვდებოდა, რომ ბოთლს აღარც კი ვივსებდით.თებულოს მთა

ასე გაგრძელდა აწუნთის ძირამდე, სადაც კარგად დავისვენეთ, წყლის მარაგი შევივსეთ და დავადექით საკმაოდ "რესკი" აღმართის კეცვას. როგორც ამბობენ, "ალპინისტური ნაბიჯით" ავუყევით აღმართს. ნელი, თანაბარი, აუჩქარებელი ნაბიჯითა და სუნთქვით. ორი საათიც არ დაგვჭირდა და აწუნთას უღელტეხილის თავზე მოვექეცით 3430 მეტრზე ზღვის დონიდან. ავედით და გავჩერდით თუ არა, მაშინვე მთელს ტანში დაგვიარა სიცივემ, სიცივემ, რომელიც მხოლოდ სიმაღლეებზე იგრძნობა, ერთდროულად სხეულს რომ გიყინავს და სულს გითბობს. მაშინვე ძველ, კარგად ნაცნობ საკარვისკენ გავეშურეთ, კარავი გავშალეთ და დაქანცულებმა საძილეში ვდურთეთ თავები. საათიც არ გასულა ,რომ როგორც მთაში იცის ხოლმე, ამინდმა "ფრთები გაშალა" აურ-დაურია თავისებურად და ისე დაგვასეტყვა, გარშემო სულ გადაათეთრა ყველაფერი. ჩვენ კი ამ დროს, ორი კინკილა გოგო კარავში ვკისკისებდით, თავს ვირთობდით, ამინდს ათას სულელურ ისტორიას ვუგონებდით და იმედს არ ვკარგავდით რომ მეორე დღეს ამინდი გამოვიდოდა... როგორც ამბობენ, "ქარის მოტანის ქარივე წაიღებსო" და ასე გაქრა სეტყვაც რამდენიმე წუთში... და შემდეგ იყო ღამე გარეთ ცაზე ვარსკვლავებით მოჭედილი, კარავში კი მშვიდი ძილით და საოცარი სიზმრებით გატენილი. 
დაშვება აწუნთის ქედიდან არის თქვენს ხელის გულზე სივრცის გადაშლა... სივრცისა, რომელშიც საკმარისია აზრი გაგექცეს და მყარად თუ არ ხარ საკუთარ თავზე მიბმული აუცილებლად დაიკარგები...აწუნთის უღელტეხილი
შემდეგ ლამის 30 კილომეტრიანი გზა, რომელიც მდინარეს მიუყვება სოფელ ფარსმამდე. 
ფარსმა საკმაოდ დიდია, თუმცა ზამთარში აქ მხოლოდ ერთი კაცი რჩება, ერთადერთი, რომელთანაც საკვები და მედიკამენტები მესაზღვრეებს შვეულმფრენით ამოაქვთ. სახლებს თოვლი ფარავს და მის ზამთარს ჩვენი ზამთარი არ ჰგავს, მაგრამ ის რჩება... 
გზა ფარსმამდე, არ მოგატყუებთ და, ცოტა იწელება კიდეც, ხეობებს გვერდს უვლით,      რამდენჯერმე მდინარეს კვეთ, იცოცხლეთ, ეს კი კარგა გვარიანად გაცოცხლებს. მერე მესაზღვრეები გხვდებიან, რომლებსაც ქართველის დანახვა უხარიათ ბილიკზე, მით უფრო უკვირთ მხოლოდ გოგოები როგორ ხართ, ვის მალავთ ზურგს უკანო. დახედავენ საშვს, გადაამოწმებენ პირადობებს და გვიშვებენ.ხევსურეთიდან თუშეთშიგზა ისე იწელება ბოლოს უკვე აღარც ხედი გადარდებს და აღარც სუფთა ჰაერი, მზის გულზე მიაბიჯებ და ჩანთა მხრებზე ყველა ნაბიჯის შემდეგ უფრო და უფრო მძიმდება თითქოს. მაგიტომ იყო, სადაც მდინარეს მივუახლოვდებოდით ყველგან ვისვენებდით და წყალში დავტყაპუნობდით გასაგრილებლად. ეს ყველაფერი გსიამოვნებს, მაგრამ მაინც ყველა მოსახვევში ის გინდა კარავი დასცე, შეძვრე და დაიძინო. 
თუმცა მიუახლოვდები თუ არა ფარსმას, ყველაფერი იცვლება. ფარსმა აცოცხლებს, აფხიზლებს. შედიხარ და ხედავ ბავშვები დარბიან, ხალხი საქონელს აბინავებს. ზოგი საქონელს უყვირის, ზოგი მეგობრებს. სიცოცხლე და ხმაური გაქვს ამ 30 კილომტერის შემდეგ მონატრებული ადამიანს. კიდევ ერთი სასაზღვრო პუნქტი: ისევ პირადობების გადამოწმება, თავაზიანი ღიმილი, უხარიათ ქართველები რომ ვართ. ვიცინით ჩვენ : " ირანში გადასვლისას არ გაგვივლია ამდენი გადამოწმებაო" გვიშვებენ და ჩვენც იქვე სოფელთან ახლოს ვბანაკდებით.
დაღლილებს ღამე მოკლე და გრილი მოგვეჩვენა. თითქოს წამოგორებული არ ვიყავი, რომ უკვე თავზე დამათენდა. რაღას ვიზამდით, ინათა თუ არა ისევ მოვიკიდეთ ჩვენი უზარმაზარი ჩანთები და მდინარის პირას ბილიკს დავადექით. ეს მონაკვეთი ყველაზე სახალისო იყო, ერთ მხარეს მოღრიალე მდინარე და შენ კლდეში გამოკვეთილ ბილიკზე, ხვლიკივით რომ მიტანტალებ...
შემდეგ სოფელი გირევი, არსაიდან რომ გაჩნდა ის. და გზა დართლომდე უსაშველოდ რომ გაიწელა.
დართლო მართლაც მშვენიერებაა... სოფელში შესასვლელთან უზარმაზარი ხის ცეხია, შედიხარ თუ არა პირველი ხის სუნი გცვემს ადამიანს. სწორედ ეს ხის სუნი ასოცირდება ახლა დართლოსთან. გინდა მთელი კვირით დარჩე იქ, ყველაფერს მოწყვეტილი და არაფერი აკეთო მდინარეში ფეხების ტყაპუნის გარდა. ვერც დაგირეკავენ და ვერც სინდისი შეგაწუხებს:- ეგება ვინმეს ვჭირდები და მე კიდე ტელეფონი გამოვრთეო... იქნები სიმშვიდეში... 
მერე კი სახლისკენ დავიწყეთ წამოსვლა. და ის გზა. ყველასთვის კარგად ნაცნობი თუშეთის გზა. საქართველოს ყველაზე მაღალი უღელტეხილი სადაც სამანქანო გზა გადადის, ადრენალინი, სილამაზე და რისკი ერთდროულად გიტევს ადამიანს. ჩამოხვალ თუ არა, გინდა თავიდან გაიარო ისევ. 
ახლაც, უკვე ქალაქში დაბრუნებულს ყველაზე მეტად ამ გასვლიდან ისევ მაგ უღელტეხილის გადავლა და თუშეთის გაყინულ მდინარეებში ჭყუმპალაობა მენატრება. 
მოკლედ, თუ წასვლას გადაწყვეტთ წინ საოცარი ისტორიები და თავგადასავლები გელით.

და მეორე ასევე საჭირო რჩევა, აუცილებლად ეკონტაქტეთ ადგილობრივებს... აუცილებლად....

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %