შვედური ზღაპარი - გასეირნება ღია ზღვაში (ნაწილი 4)

სტოკჰოლმი უზარმაზარი ქალაქია უამრავი მუზეუმით და ღირშესანიშნაობით, ლამაზი სკვერებით და კოხტა ქუჩებით, სადაც შეგიძლია უამრავი რამ აკეთო. მეც ნელ-ნელა ვცდილობდი, რომ ქალაქის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა ორ კვირაში და მუზეუმების, მეტროს, სკვერების და სხვადასხვა ქუჩებზე ბოდიალის შემდეგ მივადექი fotografiska museum თან ახლოს ღუზაჩაშვებულ უზარმაზარ, შვედეთის დროშის ქვეშ მცურავ გემს (ინფორმაცია იხილეთ აქ)

ცხოვრებაში ხომ გვაქვს ადამიანებს რაღაც სურვილები, გეგმები, ოცნებები. ჰოდა, ასეთი იყო ჩემთვის კრუიზზე მოხვედრა. სწორედ სტოკჰოლმში მომეცა შანსი და ძალიან იაფად და მარტივად, მხოლოდ პასპორტ-კონტროლის გავლის შემდეგ ფინეთისკენ მიმავალ გზას დავადექი თორმეტსართულიანი გემით.

უპირველეს ყოვლისა, ბარგი კაიუტაში დავაბინავე, საწოლი მოვსინჯე და გემბანზე ავვარდი. დალევის მოყვარულ შვედებს უკვე მოესწროთ ლუდების ყიდვა და გემის დაძვრისთანავე დაიწყეს თრობა. მე კიდევ ხედებით ტკბობა. თუმცა, სანამ სილამაზის აღწერაზე გადავალ, ჯობს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შევეხო.

გემზე მოხვედრა ძალიან იაფია, თუმცა, ძალიან რთულია არ შემოგეხარჯოს მთელი ბიუჯეტი ამ მიმზიდველ, მცურავ ქალაქში. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ გემზე უამრავი Tax free მაღაზიაა და ძალიან კარგი პროდუქციის ყიდვა ძალიან იაფადაა შესაძლებელი. განსაკუთრებით მომხიბლა სუნამოებმა, რომლებიც ჩვეულებრივ ქართულ მაღაზიებში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გემზე და თან დაახლოებით ორჯერ ძვირიც დღევანდელი ვალუტის კურსის პირობებშიც კი. ხარისხიც, თავისთავად, ბევრად მაღალია. კრუიზი შემდეგ უდიდესი ცდუნებაა გაუძლო გემრიელობების სუნს, რომლებიც გემზე განლაგებული რესტორნებისკენ გექაჩება. ყველანაირი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს ეს რესტორნები და რაც მთავარია, ფასებიც ნორმალურია.

როგორც წინა პოსტებში ვისაუბრე, სტოკჰოლმში გავრცელებულია buffet ტიპის რესტორნები. ანუ იხდი ფულს და ჭამ რასაც გინდა, რამდენსაც გინდა, რამდენი ხანიც გინდა. გემზეც შემხვდა ასეთი რესტორანი და ნამდვილ შამპანურს სწორედ იქ გავუგე გემო. არადა, შამპანურის ატანა არ მქონდა მანამდე. ღვინის მხრივაც მრავალფეროვანი არჩევანი იყო, რაც შეეხება კერძებს... ჰმმ. ტკბილეული გიყვართ? წარმოიდგინეთ უზარმაზარი განყოფილება, სადაც ბლინები დევს გვერდით ნუტელათი, ცხელი შოკოლადით, თაფლით. იქვე შოკმანჟე, ნამცხვარი, შოკოლადები, ფუნთუშეული და ნაყინები სხვადასხვა გემოთი. თუ თევზეული გიყვართ, სუშის იმდენ სახეობას შევხვდი, მანამდე რომ არც მქონდა წარმოდგენა. ხორცეული, ბოსტნეული, ხილი, სალათები, სუპები, ყავა, ჩაი, კაკაო, ალკოჰოლი თუ ლიმონათები, მოკლედ, ყველაფერი, რაც კი შეიძლება გონებაში წარმოგიდგეთ სულ რაღაც 180 კრონად. ჭამის მოყვარულების სამოთხეში მოხვედრა თუ გინატრიათ, ნატვრას აქ აისრულებთ. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეს რესტორანი დაკეტილი დაგხვდათ (პირველ დღეს არ იყო ღია), გემზე კიდევ მოიძებნება ისეთი რესტორანი, სადაც 500 კრონს ერთ კერძში არ გადაიხდით. უგემრიელესი სალათები და ნოყიერი სენდვიჩები, თანაც ყავა/ჩაი ულიმიტოდ.

ესეც ხედი რესტორნიდან.კრუიზიშვედეთი საკმაოდ ძვირი ქვეყანაა და თუ კრუიზი ბოლოსკენ მოიტოვეთ და საფულეც საგრძნობლადაა შეთხელებული, შეგიძლიათ გემზე საჭმელი აიტანოთ. თუმცა, ზომიერად. ძალიან ბევრს არ აგატანინებენ.

რაც შეეხება სასმელს - გემზე შევხდებით ბარს, პაბს და საცეკვაო მოედანს. ამ სამს შორის ყველაზე მეტად ფართიმ მიმიზიდა და ორი კუბა-ლიბრე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოხუც ბაბუსთან ცეკვა დამეწყო. ბაბუც მონდომებული იყო - აქეთ მე მეცეკვებოდა, იქით ბებოებს. ბოლოს ისევ თავის ტოლებთან არჩია ყოფნა. სხვები იმდენად ბევრს სვამდნენ, ძალიან მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ფეხზე დგომას. შვედეთში მშრალი კანონია და ამიტომ, მონატრებულები არიან პარასკევ-შაბათს, რომ აიწყვიტონ. ჰოდა, პირველად ვნახე ამდენი ადამიანი ასე ბედნიერი და მომღიმარი ალკოჰოლის გამო. შეიძლება უცებ ვიღაც მოვიდეს და ჩაგეხუტოთ, ზოგის ცეკვამ მთიულურის მოძრაობები გაგახსენოთ და ბევრიც გაცინოთ. მოკლედ, არ მოიწყენთ.

ახლა ხედების თვალიერებაზე გადავიდეთ. როგორც გავარკვიე, ორი გემი დადის კრუიზზე. ერთი მიდის ჰელსინკში, მეორე ფინეთის ერთ-ერთ კუნძულზე. მე მეორე გემში მოვხვდი, თუმცა ხმელეთზე გადმოსასვლელად იმდენად ცოტა დრო იყო, რომ ვერც მოვასწარი და გემიდან დავათვალიერე კუნძულიც.გზა ულამაზესი იყო. არასდროს მინახავს ასეთი ფერები ცაზე. პატარ-პატარა კუნძულებზე წითელ-ყვითელი კოტეჯები, ზღვაში მოცურავე პატარა იახტები და ნავები, სკანდინავიის ტყეები და გემის დატოვებული კვალი ჩემს გონებაში ისე ჩაიბეჭდა, რომ ვერაფერი ამოშლის. უბრალოდ, ვიჯექი და ვუყურებდი იქაურობას. ფოტოების გადასაღებად მენანებოდა წუთები და წამები. მაგრამ, რამდენიმე ფოტო მაინც შემომრჩა სამახსოვროდ.

არის ზღვაში რაღაც, ძალიან იდუმალი და საოცარი. როცა ნაპირზე ზიხარ და უყურებ ზღვას - თითქოს გეთამაშება, გიწვევს. მაგრამ როცა ღია ზღვაში ხარ და უკვე ნაპირიც აღარ მოჩანს, უკვე გრძნობ, რომ ზღვას ეკუთვნი. ალბათ, რომელიღაც ცხოვრებაში მეზღვაური ვიყავი, თორემ ამხელა გემზე მარტო მე არ მომინდებოდა შუაღამისას გემბანზე დგომა და ზღვიდან მონაბერი ქარით სუნთქვა... თუმცა, მეზღვაურებს არამგონია ჰქონდეთ გემბანზე დგომის და ტკბობის დრო. გემზე მუდმივი ფუსფუსია. წარმოიდგინეთ, რა რთულია ამხელა ხომალდის მართვა.

ღამით თითქმის არ მძინებია, ორიოდე საათი წავუძინე. დილით კი სპეციალურად გავიღვიძე მზის ამოსვლისას და სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, რომ ცხოვრებაში ამაზე ლამაზი მზის ამოსვლა კიდევ შეიძლება ვნახო. თუ ვნახავ, უბედნიერესი ვიქნები, მაგრამ თუ ვერ ვნახავ, გული არ დამწყდება - უკვე ნანახი მაქვს ეს სილამაზე-თქო, ვიტყვი. აღწერა ძალიან რთული იქნება იმ ფერების, რაც ცაზე გადაიშალა. ყველა-ფერი - ალბათ ასე უნდა ერქვას ასეთ ცას. თუმცა, აღწერით თავს აღარ შეგაწყენთ და თვითონ ფოტო იტყვის დანარჩენს.შვედეთიისე, გირჩევთ, რომ თუ მოახერხებთ, კუნძულებზეც დაადგათ ფეხი. ბოლოს და ბოლოს, ფინეთის მიწაზე ფეხი მაინც გექნებათ დადგმული. მე მხოლოდ გემბანიდან მოვახერხე გადახედვა, ვერ შეველიე იქაურობას. როცა ჩამოვედი, 15 წუთი იყო დარჩენილი გემის გასვლამდე და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი გემიდან გასვლას და უკან დაბრუნებას. თუმცა, გული დიდად არ დამწყვეტია.

გემი ცოტა ხანს ჩერდება კუნძულთან და შემდეგ უკან ბრუნდება სტოკჰოლმისკენ. დილას სულ სხვანაირია იქაურობა. ღამენათევი და ნამთვრალევი ხალხით, რომლებიც უენერგიოდ მიიზლაზნებიან რესტორნებისკენ და უწყვეტი ფუსფუსით. გემბანზე უფრო ცივა, სანამ მზე კარგად გაათბობს ჰაერს და თუ თბილად მოეწყობით, ფინჯანი ყავით იდეალურია ყველაფერი. ჩამოსვლამდე კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ გემი, გაიჭყიტეთ ფანჯრებში, იბოდიალეთ სართულებზე, დალიეთ შამპანური, ჩაიფიქრეთ სურვილები და მოემზადეთ სტოკჰოლმში დასაბრუნებლად.შვედეთი

წინ კიდევ ბევრი თავგადასავალია, რომლებზეც შემდეგ პოსტებში დავწერ. მაგრამ, როცა შვილებს მოვუყვები ჩემს მოგზაურობებზე, კრუიზი ერთ-ერთი პირველი იქნება. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %