მთა საცხენისი

          "როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები"

  ლეონიძეს ნამდვილად ესმოდა რაზე საუბრობდა. ორი დღის მანძილზე მეც სრულად ვიგრძენი ამ სიტყვების მნიშვნელობა...

  საცხენისი. შიდა ქართლში, თრიალეთის ქედზე წამომართილი კიდევ ერთი მთაა, 2030 მეტრის სიმაღლის. მეგობრებთან ერთად ამ მთაზე ზამთრის დასაწყისში ვიყავი. ორი დღის მანძილზე ვმოძრაობდით ნისლებში, მართლაც რომ ოხშივარს რომ მოგაგონებდათ, გარკვეულ მისტიურობას შეგძენდათ და გაიძულებდათ გეფიქრათ რომ ამ წამამდე, ამაზე მშვენიერი არაფერი გინახავთ...ვიარეთ ტყეებში, დავბანაკდით ალპურ ზონაში, და დავეშვით ხეობებით.

  წანწალი დავიწყეთ სოფელ ზემო ხვედურეთიდან, მთლიანად მანძილი 30 იოდე კილომეტრზე მეტად არ გაჭიმულა. მოძრაობის დაწყებიდან მალევე სარკის (სარყის) წმინდა გიორგის მონასტერი შეგვხვდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია XVII საუკუნეშია აგებული, გასულ საუკუნეს კი აქ მონასტერი აღუდგენიათ. უამრავი ლეგენდაა სარყის მონასტრის გარშემო, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა... მონასტერში წმინდა გიორგის ხატისთვის უშვილოები ხშირად ამოდიან და ლოცულობდნენ, მადლიერების ნიშნად კი ეკლესიას აკვანს სწირავდნენ, წლების წინ აკვნები ეკლესიის გარშემო ყოფილა დაწყობილი. ახლა მსგავს ვერაფერს ნახავთ, მაგრამ ეს კადრი რომ წარმოვიდგინე რაღაც ძალიან უცნაური და მძაფრი განცდა დამეუფლა...

 

  სარკის მონასტერს გავცდით, წიწვოვანი და შერეული ტყე ავიარეთ. იყო ადილები დათოვლილი ხეებით  მოძრაობას რომ გადაგაფიქრებინებდა. ვიდექი ცაში ვიყურებოდი და ტავი ზღაპრის გმირი მეგონა. მალევე საბანაკეს მივადექით.1900 ზე, ალპურ ზონაში დავბანაკდით. საცხენისთან ძალიან ახლოს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საბანაკე ადგილი წელს.

  თოვლის უდაბნო. სუფთად ალპური ზონა დაფარული თოვლით.საღამოს თოვა დაიწყო. თოვდა ძალიან ნელა, აუჩქარებლად მაგრამ უზარმაზარი ფიფქებით. დილას უკვე ძლივს გავბერტყეთ კარვები. თოვლი იყო ისეთი ფაფუკი რომ კარვიდან გადაბერტყვა მენანებოდა. იყო ღამით ათასობით ვარკსვლავი ცაზე. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. საბანაკეს ოდნავ აცდებოდი თუ არა განათებული ცხინვალი ხელის გულივით ჩანდა, აქედან ისე ახლოს იყო. თითქოს აქ რამეს დაიყვირებდი და იქ ვინმე გაიგოენბდა.

 დილას უკვე მთელი ოკუპირებული სამაჩაბლო ხელის გულივით ჩანდა. ამინდში გაგვიმართლა და საცხენისიდან ულამაზესი ხედი გადაიშალა. ქართლი დუღდა. დუღდა და ხეობიდან ხეობაში გადმოიოდა. უსაზღვრო სიყვარული იღვრებოდა ჩემში ამ ნისლების შემყურე. თავს მშვიდად და დაცულად გრძნობ. თვალის მოწყვეტა გენანება ამ კადრებისთვის. ჩრდილოეთით კავკასიონი ნათლად არ ჩანდა მაგრამ რამდენიმე მწვერვალი გაირჩეოდა... სამხრეთით მწვერვალი არჯევანი გვაწონებდა თავს. საცხენისზე შევისვენეთ და აქედან უკვე ქედებზე გავაგრძელთ ისევ ჩრილოეთის გზა, გადავიარეთ უსახელო თუ სახელიანი მთები და დავეშვით სოფლებისკენ.

 

ეს იყო ბედნიერი, ლამაზი კადრებით გატენილი გასვლა.

ასე რომ, ყველას ვისაც სიარული გიყვართ გირჩევთ სანამ დაცხება, მოასწროთ. დატკბეთ ხედებით და იგრძნოთ რას ნიშნავს ემოციების დუღილი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %