09 December 2016
  • 7512 ნახვა

რა უნდა იცოდეთ დუბაიში გამგზავრებამდე

თუ ახლო მომავალში არაბთა გაერთიანებული ემირატების ტურისტულ დედაქალაქში აპირებთ გამგზავრებას, რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ.

ცხოვრება ცათამბჯენების მიღმა

დუბაი არ არის მხოლოდ ცათამბჯენების ქალაქი. მას საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ისტორია აქვს. ქალაქის ნამდვილ გულს უდიდესი ბაზრობა წარმოადგენს. აქ ნახავთ ნამდვილ ფირუზს ირანიდან, ვერცხლეულს ომანიდან, და, რა თქმა უნდა, უამრავ ოქროს ნაკეთობას. მერე რა თუ ყიდვას არ აპირებთ, ამ სილამაზეს თვალი მაინც უნდა შეავლოთ.

თქვენ არ გჭირდებათ ბურკინი

მიუხედავად იმისა, რომ მუსლიმანურ ქვეყანაში იმყოფებით, დუბაი არ არის ისეთი კონსერვატორული ქალაქი, როგორსაც შეიძლება ელოდით. ამიტომ ჩვეულებრივი საცურაო კოსტუმი სრულიად მისაღებია. ჩაიცვით ისე, როგორც ევროპაში ჩაიცვამდით. ასევე, არ არის აუცილებელი თმის დაფარვაც. თუმცა თავსაბურავი დაგჭირდებათ ჯუმეირას მეჩეთში სტუმრობისას.

გაითვალისწინეთ საცობები!

პოპულარულ პალმის ფორმის კუნძულს თავისი მინუსები გააჩნია. ეს საცობებია. თუ პალმის რომელიმე ფრთაზე მოხვდით და ცენტრში დაბრუნება გსურთ, დრო გამოთვალეთ ნახევარი საათის ზედმეტობით, რადგან დიდი ალბათობით, საცობში დრო დაგეკარგებათ.

მოერიდეთ საჯაროდ კოცნას

მაქსიმალურად ეცადეთ, თავი შეიკავოთ საჯაროდ კოცნისგან, რადგან ასე არასასურველი ყურადღების ცენტრში მოექცევით. შეზღუდვა ეხება კლუბებში, სასტუმროების მისაღებში, ტაქსსა და სანაპიროზე საჯარო კოცნას. თავის შეუკავებლობამ, შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნათ სამართალდამცავებთან.

გამოსცადეთ ადგილობრივი აბაზანები

აქაური მდიდრული აბაზანები ფუფუნებაა, თუმცა ნამდვილად ღირს! პოპულარული სასტუმროები ხშირად სთავაზობენ ფასდაკლებას სტუმრებს და შეგიძლიათ დაიჭიროთ ეს მომენტი!

სავაჭრო ცენტრები ნამდვილად სახალისოა

მართალია სავაჭრო ცენტრებში გატარებული დღე ვერ იქნება "კულტურულად მდიდარი", მაგრამ ნამდვილად გაერთობით. დუბაის სავაჭრო ცენტრებში შეგიძლიათ ისიამოვნოთ აკვარიუმებით, სათხილამურო ფერდობებით, ყინულის მოედნებით, კინოთეატრებით...ნამდვილად ღირს, რომ თქვენი მოგზაურობის ერთი დღე მიუძღვნათ სავაჭრო ცენტრებს!

შესანიშნავი საკვები

ემიგრანტი მოსახლეობის დიდი რაოდენობის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ქალაქს მრავალფეროვან სამზარეულოს უქმნის. კერძების მრავალფეროვანი არჩევანი არ ეხება მხოლოდ მდიდრულ რესტორნებს. შედარებით იაფიან რესტრნებშიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ირანული, ფილიპინური, ინდური, ავღანური და ა.შ კერძები. თუ ეს საკითხი გაინტერესებთ, შეგიძლიათ სპეციალურ ტურებშიც მიიღოთ მონაწილეობა.

მსგავსი
სტატია არ მოიძებნა