ნეილონის წინდები, გაერო და ვესტფალიის ზავი - 24 ოქტომბერი

#365days #24ოქტომბერი

გაიგეთ თუ რას აღნიშნავენ და რა მოხდა მსოფლიოში 24 ოქტომბერს

 

ნეილონის წინდები პირველად შევიდა გაყიდვაში და მყიდველებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

1938 წელს მსოფლიოში ცნობილმა ქიმიურმა კომპანიამ “DuPont de Nemours”-მა გამოაცხადა ახალი სინთეტიკური მასალის - ნეილონის შექმნა, რომელიც აძლევს სიძლიერეს და ელასტიურობას ნებისმიერ ქსოვილს.  

1939 წელს ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე ახალი მასალის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ამერიკელი ქალები მოუთმენლად ელოდნენ ნეილონის წინდების გამოჩენას. ნეილოსნიგან დამზადებული საცვლები გამოცხადდა რევოლუციურ ტანსაცმლად და მას უწოდეს - „მომავლის სამოსი“.

პროდუქტის სარეკლამო კამპანია საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. პავილიონის შესასვლელთან  12 მეტრიანი ნეილონის მაღალყელიან წინდებში გამოწყობილი მანეკენი განათავსეს. ამერიკელებს განუმარტეს, რომ ნეილონის გამოგონება კაცობრიობისთვის ისეთივე  მნიშვნელოვანია, როგორიცაა შიდა წვის ძრავის, რადიოსა და ტელეფონის გამოგონება. „...ნეილონისგან დამზადებულზე უარის თქმა და აბრეშუმისგან დამზადებული მაღალყელიანი წინდების ტარება, იგივეა რაც ცხენი ამჯობინოთ მანქანას“, აცხადებდნენ სარეკლამო აგენტები და უფასოდ გადასცემდნენ ქალებს პრეზენტაციის მასალებს.

 

გაეროს ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დღე

გაერო 1945 წლის 26 ივნისს შეიქმნა, როდესაც სან-ფრანცისოში 50 სახელმწიფომ წესდებას მოაწერა ხელი, თუმცა თვითონ წესდება იმავე წლის 24 ოქტომბერს შევიდა ძალაში და მის მერე, ყოველწლიურად აღნიშნავენ გაერთიანებული ერების დღეს. გაერო ზრუნავს საყოველთაო მშვიდობის უზრუნველყოფასა და სახელმწიფოთა თანამშრომლობაზე. ორგანიზაციის წესდება უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც ჩაწერილია საერთაშორისო სამართლის დემოკრატიული პრინციპები. გაეროს შტაპ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს და ორგანიზაციაში დღესდღეობით 193 ქვეყანა და 2 დამკვირვებელი სახელმწიფო შედის.

 

დაიდო ვესტფალიის ზავი

სამწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 1648 წლის 24 ოქტომბერს, მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში დაიდო ვესტფალიის ზავი, რომელმაც დაასრულა ოცდაათწლიანი ომი (1618-1648 წლები).

ვესტფალიის მშვიდობა პირველი თანამედროვე დიპლომატიური კონგრესის შედეგი იყო და საფუძველი ჩაუყარა ცენტრალურ ევროპაში ახალი წესრიგის დამყარებას, რომელიც სახელმწიფო სუვერენიტეტის კონცეფციაზეა დაფუძნებულია. 1806 წლამდე ეს წესები  საღვთო რომის იმპერიის საკონსტიტუციო კანონის ნაწილიც იყო.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %