მოგზაურობა დროში -ქუთაისის სხვა განზომილება

ქუთაისზე აქამდეც დამიწერია და ყოველთვის დავწერ, იმიტომ რომ მშობლიურ ქალაქზე წერა არასოდეს არავის ბეზრდება.

ჩემთვის ჩემი ქალაქი ყველა სეზონზე განსაკუთრებულია. გაზაფხულზე - როცა აქ ვარდები ყვავიან და ტყემლის ხეებზე ნაადრევად ამობზეკილი კვირტები ყვავილებად ქცევას ლამობენ. ზაფხულობით - როდესაც ნახევრად დამშრალი, მზით დამძიმებული რიონი მდორედ მოედინება თეთრ ქვებს შორის. შემოდგომაზე- ყვითელი ფოთლების რია-რია რომ დგას ბაღისკიდის ფილაქნებზე და გაზარმაცებული ძაღლები ლამის მანქანების ბორბლებქვეშ წვებიან ზაფხულზევ ტურისტებისაგან მიღებული ჭარბი დელიკატესების მოსანელებლად და ზამთარში - როცა რიონი ცაზე უფრო ლურჯია, რიონისპირა სახლებს უფრო ძველი და გახუნებული იერი დაჰკრავთ, ხოლო უფოთლებო ხეები მდუმარედ დგანან, შემოდგომის მარადიული ქუთაისური ქარებისგან დასვენებულნი.

სწორედ ასეთ ზამთრის დღეს აღმოვაჩინე სულ სხვანაირი ქუთაისი.

დედაქალაქის სიძველესა და კოლოტირულობაზე არავინ დავობს, მაგრამ მამაქალაქი მინიმუმ ათასწლეულებით ბებერი რომაა, ესეც ყველამ იცის. ჰოდა, ამ ძველთუძველეს, გახუნებულ ქალაქში მე-19 საუკუნეში სიცოცხლე განსაკუთრებულად ჩქეფდა და ევროპული სიო ქროდა.

შენობებსა და სასტუმროებს ევროპული იერი დაჰკრავდა და იქაური სახელები ერქვა - აქ იდგა სასტუმრო ,,ლონდონი'' , ,,პარიჟი'' , ,,მონ პლეზირის'' თაღი, კინოთეატრი ,,რადიუმი''. ქალაქის ძველ უბნებში ისმოდა ფრანგული ლექსები, იტალიელების სიმღერა, გერმანელი ინჟინრების სიცილი, პოლონელი მკერავების ღიღინი, ებრაელი ვაჭრების შეძახილი, შიგადაშიგ სომხურ სიტყვებსაც მოჰკრავდით ყურს.

ფოტოზე: ყოფილი სასტუმრო ,,ლონდონის'' ფასადი




მე-19 საუკუნის ქუთაისი წმინდათწმინდა ევროპულ-ქართული ქალაქი იყო. აზიური სულისა და სურნელის გარეშე. იმ დროინდელი შენობებიდან დღევანდელ ქალაქში ბევრია შემორჩენილი. მაგრამ სახლების უმეტესობა უპატრონობის ან პარტონის უყურადღებობის გამო ნადგურდება. იშლება ქვის სახეები, ხის კარები.



ძველი ქუთაისის პირვანდელი იერსახის აღმოსაჩენად მის ე.წ. რეაბილიტირებულ უბანში გასეირნება სულაც არაა საჭირო. მეტიც-რაც უფრო ვიწრო და მიტოვებულია ქუჩა ქალაქის ცენტრში, მით უფრო დიდი შანსია იქ საკუთარი წინაპრების ნაკვალევი აღმოაჩინოთ.



ორი საუკუნის წინანდელი ქუთაისის სანახავად საფეხმავლო ტურის დაწყება ქალაქის ცენტრალური მოედნიდანაა რეკომენდირებული. აქ, მესხიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს ინჟინერ ფრიკეს ცნობილი სახლი დგას. მაშინდელი ქალაქისთვის უჩვეულოდ მაღალსართულიანი კორპუსი გერმანელ ინჟინერს მე-19 საუკუნის ბოლო ნახევარში აუგია და ის პირველი შენობაა ქალაქში, რომლის კორპუსიც შელესილი იყო. იმ დრომდე ცნობილი არქიტექტორ-ინჟინრები შენობების მოსაპირკეთებლად მხოლოდ და მხოლოდ ფერად ქვებს და სხვადასხვა სახის ჩუქურთმებს იყენებდნენ.



ე.წ. ფრიკეს სახლი დღემდე მოქმედი საცხოვრებელი კორპუსია და თუ სადარბაზოს შესასვლელის კოდს გამოიცნობთ, შიგნით ათას ჯადოსნურ რამეს აღმოაჩენთ - ყველა სართულის სადარბაზოში დაგებულ მოზაიკურ იატაკის ფილებს, რომლებიც სართულების მიხედვით განსხვავდება. ზოგან შავ-თეთრია, 3 D ეფექტით, ზოგან წითელ - სპილოსძვლისფერი, არშიებით შემკული. 



ფოტოზე: მეტლახი მე-19 საუკუნის სადარბაზოდან - 3D მოზაიკა




ფოტოზე: დეტალები ინჟინერ ფრიკეს სახლზე



ფრიკეს სახლის ხელმარჯვნივ რამდენიმე მე-20 საუკუნის დასაწყისის შენობა დგას. მათ გაყოლებაზე კი ქუთაისის ყოფილი მუზეუმია - უფრო შორეულ წარსულში გლეხების სასტუმროდ ცნობილი და მე-19 საუკუნის ასევე ცნობილი საროსკიპო. საროსკიპოსა და სასტუმროს გარდა შენობას ოდესღაც საწყობის ფუნქციაც შეუთავსებია. დღეს დაკეტილია და გულისხმიერ მყიდველს ელოდება.

ფოტოზე: ჩუქურთმები ქუთაისის ყოფილი მუზეუმის შენობის სვეტებზე




მუზეუმის შენობის შემდეგ ცნობილი ვარდისფერი, კოშკურიანი სახლი დგას. მე-19 არა, მაგრამ წინა საუკუნის არქიტექტურული შედევრია და ქუთაისელი ქარხნის მუშების საცხოვრებელ კორპუსს წარმოადგენდა. წარმოიდგინეთ სიტუაცია - პირობითად შროშადან ჩამოსული ოციოდე წლის ბიჭი რომ ხარ. დილის 8დან საღამოს 8საათამდე ავტოქარხნის ცეცხლს და მუგუზალს უყურებ, ჩარხების გუგუნი გაყრუვებს.. საღამოს მოდიხარ, ,,უნივერმაგში'' პირობითად ოც კაპიკად პურს და ოცდაათად რძეს აიღებ, ადიხარ და ქალაქის გულში ,ლენინის ძეგლის წინ და თეატრის გვერდით ასეთ კოშკში აღებ მაღალჭერიანი ბინის მასიურ კარს ,კარგია ხო ცხოვრება? ჰოდა, ასე ლაღად ცხოვრობდნენ მაშინდელი მუშები ორმოცდაათმანეთიან ხელფასზე, ქალაქის ცენტრში და ვარდისფერ კოშკში მაშინ.

ფოტოზე: ვარდისფერი კორპუსი

ვარდისფერი კორპუსის იქეთ კიდევ უფრო ძველი ქუთაისი იწყება. ახლანდელი პოლიციის მე-2 რაიონის შენობა, რომელიც ადრე სხვა ფუნქციით იყო დატვირთული და გახლდათ პირველი ნაგებობა ქალაქში, რომლის კოშკურაც საათით იყო შემკული. მის ზემოთ ქუჩაზე უამრავ მარგალიტს აღმოაჩენთ - სახლებს ორი ხის კარით, უამრავი ჩუქურთმით და ძველი წარწერებით. სახლებს შიგნით კიდევ უფრო მეტი  განძი იმალება - ორსაუკუნოვანი ნახშირის ბუხრები, იმდროინდელი ცენტრალური გათბობის სისტემა, ბარხატის სანათები და ცისფერი კაფელით მოპირკეთებული სააბაზანოები.

ფოტოზე: მე-19 საუკუნის ცენტრალური გათბობის სისტემა




ქუჩას რომ აღმა აუყვები, ვიწყო ჩიხებს მოძებნი  და ქალაქის უდიდეს სინაგოგას დაადგები თავზე ებრაელების უბანი იწყება. აქ, ვიწრო ქუჩებზე სახლის კარის წინ ებრაელი ვაჭრები იდგნენ.



,,შალომ!'' - დაგიძახებდნენ, სახლში შეგიტყუებდნენ, ათას წვრილმანს მოგყიდიდნენ. ძვირად, მაგრამ ხარისხიანად და კმაყოფილსა და ბედნიერს გაგიშვებდნენ შინ.



ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლისას ყველაზე საინტერესო სანახავი მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის კარებია. კარების უმრავლესობა ან მეპატრონეებმა ჩამოხსნეს და რკინით ჩაანაცვლეს ან მიტოვებულია და ასეთ საცოდავ დღეშია. ქალაქის თვითმმართველობას რეკონსტრუქცია-რესტავრაციის საკითხი ნაკლებად ეხება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ,რა თქმა უნდა ,არ სცალია. სახლები კერძო საკუთრებაა - კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი ყველას იცავს. მეპატრონეს საკუთრებისათვის ხელის შევლება მხოლოდ ნებართვის აღების შემდეგ შეუძლია. მიტოვებულ სახლებს არც ეს ფუფუნება აქვთ. არადა , საოცრად კარგი ტურისტული ატრაქციაა ეს ძველი სახლები თავისი ჩუქურთმებიანი დარაბებით, გისოსებით, ფერადი ქვის შეულესავი კედლებით, ხის კარებით, ძველი სუნით და სულით. გაივლი კართან და თითქოს შორიდან ისმის ბანტიანი გიტარის ხმა, სადღაც იშხნელები მღერიან:



,,როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მაისის დღესა,
მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!''

ფოტოზე: მე-19 საუკუნის ხის კარი მოტივებულ სახლში




ებრაელების უბნიდან სომხების ქუჩაზე, სომხების ქუჩიდან კათოლიკეების უბანში წამებში მოხვდები. ცარიელი, ნახევრადცარიელი, სასვე ,მაგრამ სიძველისგან შელანძღული ქვის კედლები ზემოდან გადმოგცქერიან, ქუჩაში მოხუცები აგორებენ კამათელს, სადღაც იქვე ეკლესიის ზარები რეკავს..



ამ უბნების კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ხის აივნებია, ოდესღაც ჭაობისფრად შეღებილნი ახლა სიძველეს ებრძვიან. დაუდევრად გაფენილი სარეცხი, სახლებს ქვემოთ დაყენებული წითელი ,,ჟიგულები'' და აივნის რიკულებზე აცოცებული ხვიარა ყვავილები კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს ასეთ ადგილებს.



ფოტოზე: სახლი მე-19 საუკუნის ქუთაისიდან იმ დროისათვის ტრადიციული ქალაქური არქიტექტურის ნიმუშია - ქვედა სართული ქვის, ზედა - ხის. ხისავე ჩუქურთმებიანი აივნით.




ქუთაისში იმ ადგილის პოვნაც ადვილად შეგიძლიათ, სადაც 14 წლის მიტროფანე ლაღიძე პოლონელი წარმოშობის აფთიაქარმა, ცეზარ ივანოვსკმა მოწაფედ აიყვანა. ივანოვსკის აფთიაქის გარდა ქუთაისში ლიმონათის წარმოება ჰქონდა, სწორედ აქ მუშაობის დროს შეისწავლა მიტროფანე ლაღიძემ ხილეული წყლების წარმოების მეთოდი და ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ წარმოებას თვითონ ჩაუდგა სათავეში. ახალგაზრდა მიტროფანეს მაშინ გაუჩნდა იდეა, დაემზადებინა ლიმონათი ნატურალური ხილის, ბალახისა და კენკრის გამოყენებით. 1887 წელს მიტროფანე ლაღიძემ შექმნა ნატურალური ხილისა და პროდუქტებისგან დამზადებული წყლების უნიკალური რეცეპტი, რომელიც „ლაღიძის წყლების“ სახელით გახდა ცნობილი.



ფოტოზე: N 8 აფთიაქი, სადაც მიტროფანე ლაღიძემ თავისი რეცეპტი შეიმუშავა



ამ ქალაქში იმ სახლის აივნის ჭუჭრუტანიდან გახედვაც შეგიძლიათ, საიდანაც პატარა ზაქარია ფალიაშვილი მდინარე რიონს უყურებდა ხოლმე.

ფოტოზე: ხედი მდინარე რიონზე ფალიაშვილების აივნიდან


ალბათ იკითხავთ, სად სრულდება და იწყება ექსკურსია ძველ ქუთაისშიო. ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ ქუთაისი ზუსტად ისეთივე უსაზღვროა, როგორიც ადგილობრივი ხალხის სტუმართმოყვარეობა. მაგრამ მე მაინც გირჩევთ, ექსკურსიის მერე მწვანე ბაზრის უკან არსებული მე-19 საუკუნის იტალიური ეზოების რომელიმე ვიწრო შუკაში შეიპაროთ, რიონის პირას გაიხედოთ, ქვის ძველთაძველ კიბეებს დაბლა დაუყვეთ, თეთრ ქვებზე გადასკუპდეთ და რიონისპირა სახლების ჯადოსნური ხედით დატკბეთ...



მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %