ბაკურიანი - რას გვთავაზობს კურორტი ახალ სეზონზე

კაშკაშა მზე, თოვლიანი მთები და ტრასები, განსაკუთრებული რბილი კლიმატი და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა - ეს ბაკურიანია.

 


როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია, საქართველო თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა.„...ამისთვის ბაკურიანი მაქსიმალურად ემზადება, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, ემატება ახალი საბაგიროები, სასრიალო არეალები, გათოვლიანების სისტემები და წყლის რეზერვუარები ხელოვნური თოვლისთვის. დიდველზე 10 ახალი გონდოლა დამოტაჟდა ძველი გონდოლის საბაგიროზე, რაც რიგებს განტვირთავს“ -განაცხადა მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა.


ბაკურიანში ყოველწლიურად ათი ათასობით ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებელი ჩამოდის. საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის ბაკურიანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და საკმაოდ პოპულარულია თხილამურებისა და სნოუბორდის მოყვარულებს შორის და მათთვის, ვისაც მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად სურს კარგი დასვენება. 


შეიძლება არ იცოდით, რომ კურორტი 1935 წელს დაარსდა, როდესაც პირველი სათხილამურო სკოლა გაიხსნა. 1950 წელს ტრამპლინები აიგო და, ზუსტად ამის შემდეგ, სტუმრების რიცხვმა საგრძნობლად იმატა.

 


დამსვენებლები როგორც ცივ თოვლიან ზამთარში, ასევე თბილ და ხანგრძილვ ზაფხულში სტუმრობენ ბაკურიანს. ეს ყველაფერი წიწვოვანი ტყით შემოსილი ფერდობების დამსახურებაა, რომელიც განსაკუთრებულ კლიმატს უქმნის აქაურობას. ზუსტად ამიტომ, ბაკურიანი არა მხოლოდ მნიშნველოვან სამთხო-სათხილამურო, არამედ ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ კურორტადაც ითვლება.


ზამთარი ბაკურიანში საკმაოდ რბილია და ამინდიც კარგი და ძირითადად მზიანია. ამიტომაც არ გაგიკვრიდეთ გასარუჯად გამოსული ადამიანი თუ დაინახეთ. მაღალი მთების წყალობით ძლიერი ქარი აქ არ იცის, ამიტომ ზამთრის სეზონი ნოემბრის ბოლოს იწყება და აპრილამდე გრძელდება, თუმცა თებერვალი ყველაზე მზიანი და დასასვენებლად სასიამოვნო პერიოდია.


კურორტზე რამდენიმე სასრიალო ზონა და ტრასაა. აქაურობა მოეწონება როგორც დამწყებ მოთხილამურეს, ასევე პროფესიონალსაც: სტუმრებს 8 საბაგირო და 23 სხვადასხვა სირთულის ტრასა ელოდება. მზის ჩასვლის შემდეგაც შესაძლებელია სრიალი, კარგად განათებული და ცარიელი ტრასა საღამოს 17:00-დან 21:30-მდეა გახსნილი. ტრასების ნაწილი ხელოვნურად ითოვლება და ნაკლებად არის დამოკიდებული ამინდზე. ამის წყალობით ბაკურიანი იზიდავს არა მხოლოდ მოთხილამურეებს, არამედ სნოუბორდისტებს და თავისუფალი სტილით სრიალის მოყვარულებსაც. 


დღეს დღეობით ბაკურიანი უფრო საოჯახო კურორტად არის აღიარებული: აქ თხილამურების გარდა, შეგიძლიათ ისრიალოთ ციგებზე, ციგურებსა და ბურანზე, ასევე გაისეირნოთ ცხენით. პარკი „დიდველი“ პატარა დამსვენებლებს  გასართობს სთავაზობს მთელი წლის განმავლობაში. აქვეა პარკი ჯოილენდი, რომელიც დაყოფილია სამ ზონად: სკილენდი, ტუბინგლენდი და ბეიბილენდი. 


ცალკე უნდა აღვნიშნოთ ტობოგანი ანუ სამთო ციგა, ბაკურიანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონი, რომელიც ყოველდღე 10:00-დან 17:00-მდე გახსნილია.


როგორ ჩავიდეთ ბაკურიანში?


თბილისიდან ბაკურიანამდე 2.5 საათში შეგიძლიათ ჩახვიდეთ. თუ მანქანით არ მიდიხართ, თბილისიდან, ოკრიბიდან და დიდუბის ავტოვაგზლიდან ყოველდღიურად დადიან სამარშრუტო ტაქსები. ფასი 10 ლარიდან იწყება.

 


თუ ქუთაისში ცხოვრობთ, ბაკურიანამდე უფრო მალე მიაღწევთ. ქუთაისის ცენტრალური ავტოსაგზურიდან (რა ვნახოთ ქუთაისში)  სამარშრუტო ტაქსით სულ 2 საათში ჩახვალთ.


ბათუმის ცენტრალური ავტოვაგზლიდან სამარშურტო ტაქსები მხოლოდ ბორჯომამდე ჩადიან. ბორჯომიდან ბაკურიანამდე კი მაქსიმუმ 50 წუთში ადვილად ჩააღწევთ.

 

რაც შეეხება განთავსებას.


ბაკურიანში ძალიან ბევრი სასტუმროა, თანამედროვე გესტ-ჰაუსი და ლუქს-სასტუმროები. სასტუმროების დიდი ნაწილი ნომრებს აქირავებს სამჯერადი კვებით, რაც საკმაოდ კომფორტულია. დიდი სასტუმროები დამსვენებლებს სთავაზობენ დახურულ ბასეინებსა და სატრენაჟორო დარბაზებს. ტრასებთან ახლოს გახსნილია კაფეები,  სადაც მსურველს შეუძლია მიირთვას ცხელი ჩაი-ყავა, გლინტვეინი და დესერტი. 


სხვა კურორტებთან შედარებით ბაკურიანში დასვენება უფრო იაფი დაგიჯდებათ, აქ შეგიძლიათ დარჩეთ როგორც დიდ ასევე საოჯახო სასტუმროებშიც.

 
ჩვენ გადავავლეთ თვალი Airbnb-ს საიტს საუკეთესო სასტუმროების ასარჩევად. საიტზე ფასები 25$-დან იწყება, თუმცა შეიძლება ნახოთ 16$-იანი სპეც შეთავაზებებიც აპარტამენტებსა და გესთ ჰაუსებზე. 
Booking-ზე ყველაზე მაღალი შეფასება აქვს Sunny Hotels, სადაც ფასი 160 ლარიდან იწყება. შემდეგ მოდის ორბი პლაზაში მდებარე Apart 108 – 175 ლარიდან, მესამე ადგილასაა Bakuriani Panorama by Mgzavrebi -  150 ლარიდან იწყება. ხუთეულში შევიდა Hotel King David Bakuriani - ერთ ღამეში 220 ლარს გადაიხდით. ხუთეულს ასრულებს სასტუმრო My House in Bakuriani, სადაც ღამე 58 ლარიდან იწყება.

 


უცხოურ ტურისტებს Luxury Hotels Guides-ი  სთავაზობს ბაკურიანის ტოპ-5 ყველაზე Luxury სასტუმროს (მაღალფასიანს, კომფორტულს, რომელსაც უმაღლესი შეფასება აქვს Booking-ზე და  Airbnb-ზე). აქ პირველი ადგილი უჭირავს Sapphire Hotel & Spa Bakuriani, სადაც ღამე (Booking-ის მიხედვით) 218 ლარიდან იწყება. მეორე ადგილი უკავია Orbi Palace Hotel Official - ფასი საკმაოდ კარგი აქვთ, 127 ლარიდან ღამე. შემდეგ ვნახავთ Bakuriani The Valley  115-202  - აქ ერთი ღამე 200 ლარიდან იწყება. ამ ხუთეულს ასრულებს Hotel King David-ი და Crystal Hotel & Spa, ამ უკანასკნელის ფასი კი 340 ლარიდან იწყება.

 

უკვე დროა დავგეგმოთ ზამთრის შვებულება, სეზონი ხომ დღე-დღეზე იწყება...
ბაკურიანის მიმართულებით ტურების ნახვა: ბაკურიანი
ბაკურიანის სასტუმროები: სასტუმროები

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %