ჭინჭაოსა და ტბიყელის ტბები

დილას კარავს მზე აჭერდა. მზის სხივები შიგნითაც ატანდა. ჭუპრიდან გამოვძვერი, კარვის კარი გავხსენი და გარეთ გავედი...ღრუბლებს თავზე  ვიყავი მოქცეული...რამდენი მთის წვერიდან მინახავს მსაგვსი სურათი. დილაობით ლამის ყველა ადგილიდან მსგავსი ხედია, მაგრამ გომის მთის ხედი, რაღაც უფრო მასიურია. რაღაც უფრო ერთიანი, სრულყოფილი.  ჩაის სმით და ღრუბლების თვალთვალით გავლიეთ დილა. სოფელს უკვე კარგა ხანს გაღვიძებოდა.ყველასთვის ჩვეულებრივი დილა იყო, მაგრამ არა ჩვენთვის. ჩვენ ხვალ იგივე ხედი აღარ გვექნებოდა. ამიტომ ხარბად მივჩერებოდით ყველა დეტალს და დამახსოვრებას ვცდილობდით.

 

 

ჩავლგადით და ჭინჭაოს ტბისკენ გავუდექით გზას. პირველი ტბა შორს არაა გომის მთიდან. დაახლოებით 5 კილომეტრში,  სამანქანო გზა მიდის. ჯერ რამდენიმე ბინა გამოჩნდა, ყველასა და ყველაფრისგან მოწყვეტილი ფერმა, სოკოსავით რომ ამოსულიყო უტყეო ადგილას. შემდეგ რამდენიმე გაზაფხულს გადარჩენილი თოვლის ნამქერი გადავიარეთ და ტბას მივადექით.

 

 

ლამის ყველა მხრიდან ბორცვებითაა შემოსაზღვრული. ზედ სანამ არ მიადგები შეუძლებელია დაინახო.  ღრმა არა მაგრამ გამდინარე და სუფთა. მზე უკვე საათზე მეტი იყო კისერს გვიწვავდა. შანსი ხელიდან არ გავუშვით ჩანთები მხრებს დავხსენით და შევტანტალდით...შეტანტალება ცოტა ხმამაღალი სიტყვაა. ისეთ ცივი იყო სახის ყველა მივიწყებული კუნთი გავაღვიძე მანჭვის მიმიკებით. დიდხანს ვერ გავძელით, მალევე იქვე მზისგან გახურებულ ქვის ლოდზე გავწექით და ცხოვრებით ტკბობა დავიწყეთ. ქალაქს ბუღი ასდის, აქ კი ჯერ კიდევ თოვლებთან პრანჭვით ვბანაობთ...როგორც წინა პოსტიდან იცით, ბევრი სანოვაგე არ გვქონდა თან მაგრამ სურამის ნაზუქები გვეშოვებოდა...გავტეხეთ და ტბის ხედით დამკბრებმა კუჭის საკითხიც მოვაგვარეთ.

 

 

წინ 30 (+  -) კილომეტრი გვაშორებდა მეორე ტბას...ტბიყელზე ხმები დადიოდა ძალიან ლამაზი ტბაა, სულ მწვანეშია მოქცეული და ნანახიც ბევრს არ აქვსო...ეგ ამბავი აზარტს გვიზრდიდა...ერთი სული გვქონდა გვენახა და მერე ამბები ქალაქად ჩამოგვეტანა.

 

 

გზას დავადექით. ვიცოდით რომ  მივდიოდით შორს,ძალიან შორს...ჭინჭაოს ტბის თავზე მოვექეცით, და პატარა სოფლებისკენ დავეშვით. ჩავიარეთ კილომეტრ ნახევრიანი ძალიან დამრეცი დაღმართი, რომ დავეშვით მუხლმა ჩემი საშველი კარგა ხანს აღარ იქნებაო და მიუშვა, დავგორდით  და სოფელთან აშენებულ ერთ „გაჩერებასთან შევისვენეთ“. გაჩერება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თმა გაგიჭაღარავდება რამის ჩამოვლის იმედად ალბათ, მაგრამ ჯერ კიდევ ქედიდან უკვე  დავლანდეთ მიმავალი მანქანა. ფაქტიურად სოფლად მოგვიწია შესვლა, გომის მთის დასახლებასავით აქაც პატარა ხის სახლები იდგა ოღონდ უფრო მეტად ტყიან ადგილას, ნაძვნარში, ბავშვები ველოსიპეტებით „ჰელოო ჰელოო“ გაიძახოდნენ იცინოდნენ და ელვის სისწრაფით  ჩაგვიქროლებდნენ ისე რომ პასუხსაც ვერ ვაწევდით. სოფლის თავზე ერთი მთა ჩანდა, ხოდა ჩვენი ტრეკიც იქ გადიოდა...მოვექეცით მთის თავზე და სოფელს, ნუ რამდენიმე ცალხელზე ჩამოსათვლელ სახლს ზემოდან დავუწყეთ თვალთვალი...

 

 

მოგვშივდა, დილის შემდგომ არაფერი გვეჭამა და მუდმივმა ციცაბო აღმართ-დაღმართმა კი გაგვევლო...ბალახზე ჩამოვსხედით, ნაზუქებს ამჯერად არაჟანი გადავუსვით და შევექეცით.ნეტავ აქედან ძალიან შორსაა? ვფიქრობდით გამუდმებით, ვიცოდით უკვე რომ კარგ ამბავში არ ვიყავით, აღმართს დაღმართი ცვლიდა განუწყვეტლივ...თუმცა აღმართიცაა და დაღმართიც...ყველაფერი გაშემო და მათ შორის ჩემი ფიქრები ციცაბო იყო...

 

 

მთიდან მეორე მთას შემოვუარეთ, ახლა უკვე სხვა მხარეს მოვექეცით, გომის მთის პირდაპირ მივიკვლევდით გზას, ჩვენს შორის კი უზარმაზარი ხეობა და ერთი პატარა მთა იდგა, ჯერ კიდევ დილას ამ ადგილებს შორეულად აღვიქვამდით, სამი ხდებოდა. შემოვუარეთ ერთ მთას. მოვექეცით კულუარში, ავკრიფეთ სიმაღლე. და მივადექით ალბათობით მონიშნულ ტბას. ეს ტბა ერთ ძველ ბინასთან არსებობს, პატარა და სამკუთხაა, ხან არის ხანაც შეიძლება არ დაგხვდეთ. ჩვენ გაგვიმართლა, თავი გვიჩვენა. ტბიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა. ძალიან პატარა იყო და არც საბანაოდ გამოდგებოდა თუმცა ხედს ნამდვილად ამშვენებდა...

 

 

აკრეფილი სიმაღლე ახლა უნდა დავკარგოთ...და როგორც დაღმართზე ხდება ხოლმე ციცაბო აღმართის შემდეგ... დავეშვით, ოღონდ სხვაგან. უკან ასვლას ისევ გვერდულად ხეობაში ჩასვლა და ისე დადგომა ვარჩიეთ მარშუტს, იოლი იყო დეკები რომ არ არსებობდეს...მაგრამ არსებობდნენ და ჩვენს შორის იდგნენ...სამი რამე მძაგს სამყაროში: პირველი - მაგიდის მუდამდღე ნესტიანი საწმენდი ტილო. მეორე - ბულგარული წიწაკა და მესამე - დეკა, ჩემსა და სწორ მარშუტს შორის რომ დგას. მოკლედ კი არ გადავიარეთ, გადავფორთხდით, გადავცურეთ დეკების აღელვებული ტოტ-ტალღები და გავსწორდით... კიდევ ერთ მთას გვერდიდან ცერად მოვუარეთ, და ქედით გადავედით გადამკვეთ წერტილში. ახლა უკვე ნახევარზე ოდნავ მეტი გვქონდა გავლილი, მაგრამ ყველაზე ციცაბო , კილომეტრიანი აღმართი ჩვენს წინ იდგა.  ქედზე სილუეტები შევამჩნიე, სამი კაცი აქეთ-იქით დადიოდა.... ნეტავ გვხედავენ? ისე მოძრაობენ თითქოს ჩვენს წვალებას უყურებენ და ერთობიან, ან იქნებ არც... მაგაზე მეტად სხვა რამ ფიქრები შემომაწვა... წყლის რამდენიმე წვეთიღა თუ შეგვჩენოდა, დაბლა კი ტბას ვხედავდით, ტბას რა, ჭაობს მაგრამ რამდენიმე ნაკადული ნამდვილად ჩაედინებოდა.  ვერ ჩავედით... ძალა ზუსტად იმაზე ოდნავ ნაკლებიღა გვქონდა ვიდრე კიდევ 10 კილომეტს ეყოფოდა ამ რელიეფზე, ათი კი ნამდვილად გვქონდა ტბამდე დარჩენილი...კიდევ ერთ საშინელ ხოებაში ჩასვლა ამოსვლის თავი არცერთს გაგვაჩნდა... –„ ათი კილომეტრია რა, გავიტანთ უწყლოდაც...“ თავს ვიმშვიდებდით.

 

 

გადავწყვიტეთ გზა შეგვემოკლებინა კილომეტრზე მეტი საშვალოდ დამრეცი ფერდის მაგივრად 300 მეტრიანი ციცაბო აღმართი აგვევლო დეკებში და შემდეგ ქედით გადავსულიყავით სილუეტებთან...ჩემი ბავშობის ხერხი გამოვიყენე, დავყავი სიმაღლე, და სწრაფად დავიწყე აწევა. ნახევარი მანძილი  რომ ავწიე ვიგრძენი უწყლოდ მეტს ვერ გავქაჩავდი ცოტას თუ არ შევისვენებდი, წიწვოვან ბუჩქებში გავწექით, ყველაფერი ყველგან მერჭობოდა და მაინც დასვენებულად ვგრნობდი თავს, თან ვგორდებოდები ნორმალურად ვერ მივწექით, ფილტვებს ისე ვბერავდი მეგონა სხეულიდან ამომიხტებოდნენ, გული ისე მიცემა ყველა არტერიას არსებობას ცალ-ცალკე ვგრძნობდი. მაგრამ გზა წინ მიდიოდა. სუნთქვა ჩადგა სასუნთქ ნორმაში თუ არა გზა გავაგრძელეთ, ბოლოსკენ ცოტა გასწორდა, ოთხზე სიარულს აღარ მოითხოვდა და გავიმართეთ...ფერდი ქვიანი და სუფთა აღმოჩნდა, ხედები ორივე მხარეს ეშლებოდა...დავინახეთ რამხელა კრუგი გვქონდა დღეს გაკეთებული და მაგ ამბავმა რაღაც ძალები შეგვმატა, კუნტრუშით დავეშვით სილუეტების მხარეს. მივედით, მაგრამ ვეღარავინ ვიპოვენთ...

 

 

მოგვეჩვენა ვითომ? პირველი შემთხვევა არ იქნებოდა მაგის და ფიქრით თავი აღარ დავიტვირთეთ, საღამოვდებოდა და დრო არ გვქონდა. გზა უნდა გაგვეგრძელებინა...აქ ბილიკს შევუერთდით, ისევ კრუგი გვიწევდა ფერდით წავედით და სწორი მაგრამ გრძელი გზით კიდევ სამ ხეობას მოვუარეთ...აი ამ მოსახვევის მერეა, აი აქაა, აი იქ უნდა იყოს...გამუდმებით გვეგონა რომ  ვსიო მივედით, კი ვიცით რომ 7 კმ კიდევ დაგვრჩა მაგრამ მაინც გვეგონა ყველა ნაბიჯზე რომ აი, აქ იქნებოდა...არსად ჩანდა...შემდეგ ტყეში დავინახეთ, მზის სხივებს სარკესავით ირეკლავდა რაღაც და მივხვდით ის იყო. აღთქმული ტბა.

 

 

დაკაწრულ დაოფლიანებულები, დეკებთან არაერთგზის ნაჭიდავები, ცხრა მთა გადმოვლილი ვიყავით და ერთი სული გვქონდა რამე ლამაზ ტბაში თავი ჩაგვეყო...კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო...მოკლედ ტბამდე მისასვლელად კიდევ ერთი ხეობისთვის უნდა მოგვევლო ამჯერად ბილიკი ტყეში გადიოდა.... ტყე დაბალი ხეებით იყო სავსე, დათვი უნდა ყოფილიყავით აქ რომ თავი კომფორტულად გეგრძნოთ. ჩახუთული ჰაერი და ნესტი იყო ყველგან...პირველად აქ შევხდი ჩემს დაუვიწყარ არსებებს...მსგავსნი რომ არსად აქამდე არ მინახავს, რაღაც ქინქლის მსგავსი მაგრამ მწვანე და ბევრი, ვიდრე ზღვაში ქვიშა, ცაზე ვარსკვლავები, ბოლო-ბოლო  ჩემს ჩაიში შაქარზე ბევრი, მწერი.  ყველა ტოტის შეხება ყველა ფოთლის გატოკება და გვესეოდნენ. ყურები, პირი, ცხვირის ნესტოები, თვალები ყველაფერი მათით ამომევსო....ბოლოს უკვე რეაქცია დავკარგე და უბრალოდ მივდიოდი,... გაოფლილ სახეზე სამ ფენად მეწებებოდნენ და დამიჯერეთ ისეთი  ცუდი განცდაა სხვას ვერაფერს შეგიდარებთ...მოკლედ როგორც იქნა მივედით ტბასთან. მაგრამ რაღაც ისე არაა...ხან გავცდებით, ხან გამოვცდებით, მაგრამ ისეთ ჯაგებითაა შემოსაზღვრული ვერ ვპოულობთ შესასვლელს...თან რაღაცა ტკაცატუკიცი მესმის ძალიან უსიამოვნოდ ყურს უკან და საღამოა, და სადღაცა ჯანდაბაში არადა მაღალმთიან აჭარაში ვარ და აი რაც ძალი და გონი და ღონე მაქვს შერჩენილი იმას ვახმარ რომ ეს ტოტების „ტკაცატკუცი“ არ შევიმჩნიო...მე მოვედი აქ და მე ვარ ეხლა ბატონი. დაღლილი და მშიერი ვარ, მარტო არ მინდა სულიერმა გაბედოს და ჩემსა და ამ ტბას შორს ჩადგეს. გვერდით იაროს რამდენიც უნდა...ბოლოს დავიღალეთ, ყველაზე „სუფთა“ გასაძრომები ვიპოვეთ, ჩვენი დიდრონი ჩანთებით რომ გავტეულიყავით ეს ორი ციცქნა გოგო და როგორც იქნა გავაღწიეთ...მივედით ტბასთან და დაბანაკების დროა...

 

 

მოვძებნეთ სწორი ადგილი, ამ ძებნაში დათვის ფეკალიებს გადავაწყდით...ძველია კაცო, ერთი კვირის იქნება, დავდეთ დასკვნა და გავაგრძელეთ საქმე. ვიპოვეთ იდეალური ადგილი მაგრამ,  კი აბა, ეგრე იოლად დასრულდება მთელი წვალება...ტბის გარშემო იმდენი მწერია კარვის გაშლას არ გვაცდიან. გადამეკეტა. გავიხადე ზედატანი ვიქნევ და დავრბივარ თან, - შემეშვიიით, შემემშვიიით - ვყვირი და ყველა მწერის სინსილას გაწყვეტა მწადია... უცბად სიცილის მესმის, დგას ნინია კარავთან მიყურებს და ხარხარებს. მერე მეც ვხედავ ჩემს თავს გიჟივით რომ დავრბივარ და ვიცინით. ვუგებთ მწერებსაც, მოწყენილად არიან აქ დაგვინახეს და გვესევიან... ცოტა ზედმეტი კი მოსდით მარა ნუ, უნდა გავუტაროთ არ გამოვა სხვანაირად. მოკლედ კარავი დავდგით. მოვემზადეთ და გასუფთავების დროა...მზე ჩადის, ცივა მარა ნიჩიო...ნადირები ვართ, ამდენი  ვიარე, ცხრა მთა იმიტომ გადმოვიარე 12 ხევს იმიტომ შემოვუარე რომ აქ და ახლა ამ ტბიყელის ტბაში უნდა გავცურო... მივედით ახლოს და...ოპანააა, ვერ მოგართვეს. ტრიტონი იცით რა არის? აი ხვლიკს რომ გავს ტბაშია და იკბინებაო ამბობენ ეგ... ტრიტონების სამყაროა ტბაში...აი სამი, ოთხი ან რვა კი არა, უფრო რვა ათასი  და მეტი ტრიტონია. დიდი პატარა, ქალი კაცი, ყველა აქაა და გვიყურებენ. ჩვენც ვუყურებთ. მერე ერთმანეთს ვუყურებთ და...ვილანძღებით. მოკლედ ვერ გავცურეთ, ასე ნაპირიდანვე ფრთხილად ხელის ჩაყოფით მივსუფთავდით და გაბრაზებულები დავწექით.

გათიშულებს გვეძინა. დილით ყველა კუნთი გვტკიოდა. ფორმაში ვართ მაგრამ ამ რელიეფზე ამდენი მთის შემოვლა, გადავლა და გადმოვლა ნამეტანი იყო...ნამდვილად გირჩევთ რომ გომის მთიდან ტბიყელამდე ორი დღე გამოყოთ, მშვიდად ნაზად გაიაროთ მანძლი დატკბეთ ბუნებით, სამყაროთი, არსებობით და რავი მერე ტრიტონებითაც...

 

 

დილა ისეთვე იყო როგორიც საღამო. ბევრი მწერი. ბევრი ტრიტონი და ჩვენ ორნი.  ერთი ეგაა რომ ავიბარგეთ და წამოვედით, გზად ძალიან ახლოს კარავთან კიდევ გადავწყდი ფეკალიებს, და ერთი კვირის წინანდელი ნაღდად არ იყო...აი ეგღა გაგვაბედნიერებდა გუშინ დათვი დაგვდგომოდა თავზე კიდე...მამენტ დაგვადგა შეიძლება მარა ამათგან ხეირი არააო გაიფიქრა და გაგვეცალა.

დავადექით გზას მეოთხე ტბისკენ. როგორ გადავუხვიეთ მარშუტს, ვიარეთ დათვის ბუნაგში, ვიქურდეთ თუთა და როგორ გავიცანით მაღალ მთიანი აჭარა ამას შემდეგ პოსტში მოგიყვებით...

 

წადით მთაში. წადით აჭარაში. წადით ბილიკებით და ჯიპიესით...არსად არ მინდა დაკარგვა მაგრამ ყველგან 10 ჯერ დავიკარგები და მაღალმთიან აჭარაში არცერთხელ იმედია...

    

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %