ნიქოზია, კვიპროსი - დღე მეორე

აია ნაპა, პაფოსი და ლიმასოლი ის ადგილებია, რომლებიც კვიპროსში ყოფნისას, ალბათ, აუცილებლად უნდა ნახოთ, მაგრამ საკუთარ თავთან სჯა-ბაასის ჟამს, გადავწყვიტე, რომ კვიპროსზე მოგზაურობის მომდევნო დღე, როგორც წინა ბლოგში აღვნიშნე, აუცილებლად ნიქოზიისათვის უნდა დამეთმო.

ვინც არ იცით, ნიქოზია კვიპროსის დედაქალაქია, თუმცა ეს არაა ის ინფორმაცია, რის გამოც მის მიმართ ინტერესი გამიჩნდა. საინტერესო ისაა, რომ ნიქოზია, უფრო სწორად, ნიქოზიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამასთანავე, მიჩნეულია ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის დედაქალაქად, რომელსაც საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ჩრდილოეთ კვიპროსი სახელმწიფოდ ცნო, არის თურქეთი და ამ ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის უმეტესობა სწორედ თურქები არიან.

ლარნაკიდან გამგზავრებამდე მოვნიშნე რუკაზე ის წერტილები, რომლებიც უნდა მომენახულებინა და მაშინვე შევამოწმე ავტობუსების განრიგი.

გადავწყვიტე, რომ დილის 9 საათზე გავსულიყავი ლარნაკიდან, თუმცა ღამით, ჩემმა ოლგამ (წინა პოსტიდან უკვე იცნობთ) მთხოვა, რომ მაღვიძარა 7 საათზე დამეყენებინა და მის კარზე უღვთო ბრახაბრუხი ამეტეხა, რადგან მობილური გაჰფუჭებოდა და დილით უნდა გაფრენილიყო ვილნიუსში. როცა გავიღვიძე, უკვე მივხვდი, რომ ისე მეძინებოდა, გამთენიისას, სასტუმროდან ფეხის გამდგმელი არ ვიყავი. ოლგას დავემშვიდობე და ძილი შევიბრუნე. მანამდე მან დიდი მზრუნველობით გადმომცა თავისი პროდუქტები და პირობა ჩამომართვა, რომ შიმშილით თავს არ მოვიკლავდი, რადგან ხშირად მთავაზობდა სადილსა და ვახშამზე დავწვეოდი, მე კი სულ სადღაც გავრბოდი. :დ

როცა გაღვიძების მეორე სუნთქვა გამეხსნა და საათს დავხედე, მივხვდი, რომ ათსაათიან ავტობუსს თავისუფლად მივუსწრებდი. ავტობუსი 15 წუთით ადრე გაჩერდა Finikoudes-ის სადგურზე. აღმოჩნდა, რომ ერთი გზის საფასური 4 ევრო იყო, თუმცა შემეძლო, ორი გზის ბილეთი 7 ევროდ მეყიდა, რაც ძალიანაც შესანიშნავ აზრად მეჩვენა და მძღოლს ვარდისფერი ბილეთი გამოვართვი (რომელიც უკანა გზაზე ვაჩვენე და უპრობლემოდ დავბრუნდი ლარნაკაში).

დაახლოებით, ერთ საათსა და თხუთმეტ წუთში უკვე ნიქოზიის სადგურზე ვიყავით, Solomou Square-ზე. მთავარი ქუჩა, სადაც სავაჭრო ცენტრები და კაფე-ბარები იყრის თავს, არის ლედრა. შეგიძლიათ, პირდაპირ ამ ქუჩას გაუყვეთ და სასაზღვრო პუნქტამდეც მიხვალთ, მაგრამ მე ავტობუსიდან ჩამოვედი თუ არა, Vasileiou Voulgaroktonou-ს ქუჩისკენ ავიღე გეზი.

ჩრდილოეთი კვიპროსი სამხრეთ კვიპროსისაგან გაყოფილია ბარიკადებით, რომლებსაც გაეროს შეიარაღებული ძალები იცავს. გზად სწორედ ეს მწვანე ბარიკადები შემხვდა. ქუჩის ბოლოს ლედრას სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან აღმოვჩნდი.

პროცედურა უმარტივესია - ჯერ კვიპროსელი, შემდეგ კი თურქი მესაზღვრეები ამოწმებენ პასპორტს და სულ რამდენიმე წუთში უკვე ნიქოზიის ჩრდილოეთ ნაწილში ხარ.

ლედრას ქუჩის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში თითქოს დროის პორტალით გადაგისროლესო, გარემო ჯერ გაბნევს, მერე კი ძალიან დიდი ინტერესით გავსებს და განდომებს, რომ ყველა კუთხე ცნობისმოყვარეობით სავსემ შემოიკვლიო.

გადავკვეთე თუ არა საზღვარი, ხალხმრავალი ქუჩები დავინახე. მივხვდი, რომ ამ გზით ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს მივუახლოვდებოდი. ეს ყველაფერი ბოლოსთვის შემოვინახე, მანიშნებლად, ერთ-ერთი მეჩეთის მინარეთი ამოვარჩიე და გზა მარცხნივ, სომხური ეკლესიისაკენ გავაგრძელე.

რამდენიმე წუთში ვიგრძენი, რომ არა კვიპროსზე, არა ლარნაკაში, არამედ აბსოლუტურად სხვა გარემოში ვიყავი. კაფე-რესტორნებიდან სხვა სანელებლების სურნელი გამოდიოდა, ქუჩებში თურქულენოვანი აბრები ეკიდა, სხვა სიმღერა და მელოდია ისმოდა.

ქუჩები იყო ძალიან ვიწრო. კედლებზე დაკიდებულ ხის ძველ აივნებს ფერი გადასცრეცოდათ. შენობები იყო ძველი და დაბზარული, ზოგი მიტოვებული, დანგრეული. ვცდილობდი, ყველა მსგავსი ქუჩა შემომევლო და არაფერი გამომრჩენოდა.

მოლას ლოცვა ისმოდა მეჩეთებიდან და ვგრძნობდი, რომ ყველაფერს - ძველ ხის კარებს, ფერად ფანჯრებს, აივნებს, ვიწრო ძველ ქუჩებს, კაფეებიდან გამოსულ სურნელს... - ჩემთვის კარგად ნაცნობი და საშინლად მონატრებული, აღმოსავლური ელფერი დაჰკრავდა.

ერთ-ერთ ვიწრო და უკაცურ ქუჩაში სეირნობისას, შემთხვევით, რკინისბადიან ფანჯარაში შევიჭყიტე და დავინახე მაგიდა, ზედ ნარცისებით სავსე ლარნაკი, ფორთოხლები და ნახატები. საშინლად მომინდა, შიგნით შესვლა, მაგრამ ყველა კარი, რაც კი შევამოწმე, დაკეტილი აღმოჩნდა. მეორე მხრიდანაც მოვუარე ამ ქუჩას. ისევ არაფერი. ვერ მოვშორდი ფანჯარას და ბოლოს ერთ გოგოს მოვკარი თვალი. ტურისტს. ვთხოვე, შესასვლელი ესწავლებინა. გავძვერ-გამოვძვერი და ძალიან საინტერესო და უცნაურ ეზოში აღმოვჩნდი. პირველი, ვინც შემომეგება, პაწაწინა, მსუქანი ფრანგული ბულდოგი იყო. 

ეზო ლამაზად იყო გაფორმებული. რამდენიმე ტურისტი ცდილობდა ხელნაკეთი ჭურჭელი დაემზადებინა. ვეცადე, ხალხის ყურადღება არ მიმექცია და იმ სახელოსნოში შევედი. ყველაფერი ისეთი სადა და ლამაზი იყო... ადგილი რუკაზე მოვინიშნე, ქუჩას ფოტო გადავუღე და წამოვედი.

ცოტა ხანში არაბ აჰმედის მეჩეთთან აღმოვჩნდი. გამოჩნდა ხალხიც და მივხვდი, რომ ნელ-ნელა ცენტრალურ ადგილს ვუახლოვდებოდი. მანდაც ყველაფერი, რისი ნახვაც შეიძლება, ერთმანეთთან ახლოსაა თავმოყრილი.

მთელი ატმოსფერო მაგრძნობინებდა, რომ სხვა ხალხში, სხვა ადგილას ვიყავი და ერთადერთი, რაც მახსენებდა, რომ "კვიპროსია ის, სადაც ხარ, მარიამ", ისევ ფორთოხლისნაყოფიანი ხეები იყო.

მალევე მოვხვდი წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან. წარმოიდგინეთ ბიზანტიური და გოტიკური არქიტექტურის კომბინაცია. ვუყურებდი შესასვლელს და თვალს ვერ ვწყვეტდი.

შიგნით, როგორც აღმოჩნდა, დღის კონკრეტულ მონაკვეთებში, 7 ევროდ, დერვიშების ცეკვას ნახვა იყო შესაძლებელი.

ეკლესიის გვერდით დავინახე წმინდა სოფიას კათედრალი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს, როგორც მეჩეთი და იგი ქალაქის მთავარ მეჩეთადაა აღიარებული. არქიტექტურული თვალსაზრისით, ისიც ძალიან საინტერესოა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ერთიან კადრში ჩატევა ვერ მოვახერხე.

მალე ნიქოზიის ბაზარში აღმოვჩნდი. იქვე, ჩიხში რამდენიმე კაცი დავინახე, რომლებიც, როგორც ჩანდა, სამუშაოსაგან ისვენებდნენ და ნაკვერჩხლებზე ხორცს წვავდნენ. ფოტოს გადასაღებად მივუახლოვდი. შემამჩნიეს და არ გამომიშვეს მანამ, სანამ ერთ-ერთს შემწვარი ხორცის ნაჭერი არ გამოვართვი. არ გამომიშვეს-მეთქი, ისე ვთქვი, სინამდვილეში, დიდი ხვეწნა-მუდარა არ დამჭირვებია. :დ

ჰოდა, მოვდივარ, დაბრაწულ ხორცს ვილუკმები და ისევ პატარა, ვიწრო ქუჩაზე აღმოვჩნდი, პატარა კაფეს წინ. ხის სკამები და მაგიდები ჰქონდათ გარეთ გამოტანილი. ფეხი აღარ მომიცვლია. ვიჯექი, ყავას ვწრუპავდი და თავი სათავგადასავლო ფილმის მთავარი პერსონაჟი მეგონა, რომლის გარშემოც სამყარო ბრუნავს, ბრუნავს, ბრუნავს... თვითონ კი ზის პაწაწინა კაფეში, რომლის კედელზეც ადვილად იკითხება ლურჯი მარკერით მიწერილი The road to Hogwarts და ამ მდუმარებასა და მყუდროებაში, ჰარმონიულობისგან შეიძლება გულიც გაუჩერდეს.

სწორედ ნიქოზიაში გავიაზრე საბოლოოდ, რომ კი! ის, რაც მე მჭირდება, რაც მე მიყვარს, რაც მე მაინტერესებს, არის არა გაკრიალებული ცათამბჯენები და წარმოუდგენელი სიზუსტით მოწესრიგებული ცხოვრება, არამედ აზიური ქაოსი, აღმოსავლური ატმოსფერო. ატმოსფერო, რომელიც გაგრძნობინებს, რომ შენ, მარიამ, ზუსტად იქ ხარ ახლა, სადაც უნდა იყო.

თუ თქვენც გადაწყვეტთ ნიქოზიაში წასვლას, გირჩევთ, რომ მოშორდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ბევრი იბოდიალეთ ძველ ქუჩებში და ყველგან შეიჭყიტეთ, სადაც შეხედვა მოგინდებათ.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, ის, რაც ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ეგაა, რომ ორივე ვალუტის გამოყენება შეგიძლიათ ნიქოზიის ამ ნაწილში - როგორც ევროსი, ასევე თურქული ლირის.

უკან დაბრუნებისას, ნიქოზიის "ჩექ პოინტთან" გავიაზრე მხოლოდ, რომ ოკუპირებული ტერიტორიის სანახავად ვიყავი გადასული და ამ უეცარმა გადააზრებამ ისე შემაცბუნა, თითქოს გულის სიღრმეში შემრცხვა კიდეც, რომ რამდენიმე წუთის წინ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. თითქოს ვიღაცის წილი სიხარული მივისაკუთრე. ვიღაცის, ვინც ბარიკადების მეორე მხარეს უნდა გადასულიყო, ვიღაც ის, ვინც მე არ ვიქნებოდი.

გამშვები პუნქტის აქეთ ყველაფერი ჩვეულებრივ მდგომარეობას უბრუნდება. ქუჩები ისევ სავსეა ხალხით, ისევ კაფეები, ახალი და სუფთა შენობები, ბრჭყვიალა ვიტრინები...

ისევ უკან, ავტობუსების გაჩერებაზე დავბრუნდი და მთელი გზა არ მშორდებოდა ერთმანეთში გადახლართული გაუგებრობის, ბედნიერების, სევდისა და სიამოვნების შეგრძნებები.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %