10 მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეთ თუშეთში

თუშეთში თუ გიმოგზაურიათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არაა, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ყოყმანობთ, მაშინ გაიგეთ, რატომ ბრუნდება თუშეთში ერთხელ წასული ადამიანი აუცილებლად და მეგობრებიც მიყავს... tusheti-036  

  1. თუშეთში მოგზაურობა წარსულში მოგზაურობაა - საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ბევრ სოფელში ჯერ კიდევ შეხვდებით არამარტო კოშკებს, არამედ სიპის ქვებისგან ნაგებ სახლებს. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციები, რომლის მიხედვითაც თუშეთში ღორის ხორცის ნაწარმის ატანა და მითუმეტეს ჭამა, ხოლო ხატების ტერიტორიაზე ქალების შესვლა არ შეიძლება. თუ გაგიმართლათ, დღეობებსაც შეესწრებით, რომლებიც ყველა სოფელში ინდივიდუალური, უნიკალური ტრაციდიის მიხედვით იმართება. თუშეთი
  2. თუშეთში მოსახვედრად BBC-ს მონაცემებით ერთ-ერთ ყველაზე რთული მარშუტი, ულამაზესი და ექსტრემალური გზა უნდა გაიაროთ, სუნთქვისშემკვრელი ხედებით დატკბეთ, ადრენალინის ზღვა იგემოთ და თავი გამოცდილ მძღოლებს მიანდოთ, რომლებიც ამ გზებზე თვალდახუჭულებიც უპრობლემოდ დადიან. თუშეთში თუ წახვედით და ხეობებიდან ამომავალი ნისლები არ ნახეთ, რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ, უღელტეხილზე არ გაჩერდით და ყოველ მოსახვევში გული არ აგიფანცქალდათ, ჩათვალეთ, რომ თუშეთი არ გინახავთ.
  3. ჩვენი დროის სოფელი-მუზეუმი - დართლო, რომელიც არქიტექტურულ ნაკრძალადაა გამოცხადებული, ყველა ტურ-ოპერატორის მარშუტში შედის. აქ ყველაზე კარგადაა შემორჩენილი ტრადიციული თუშური არქიტექტურა. შეუძლებელია ვერ შენიშნოთ სოფლის განაპირას მდებარე დართლოს საბჭეო (სასამართლო). ამ სასამართლოში მე-18-ე საუკუნეში 12 უხუცეს მსაჯულს შორის მთავარი ბჭე-მოსამართლე ქალი იყო. მთაზე შეფენილ ერთ მუჭა სახლებს შორის უამრავი ბილიკი გადის. ზემოდან ხელისგულზე მოჩანს სოფელი, იქვე ჩამომავალი მდინარე და მდინარის მეორე ნაპირას აღმართული მთა, ვერცხლისფერი ძაფებივით დაკიდული ჩანჩქერებით და ღელეებით. დართლოdartlo-019
  4. დაღესტანს თუ არ გადახედეთ, ისე უკან არ უნდა დაბრუნდეთ. დიკლო ორია - საზღვრისპირა სოფელი - დიკლო, საიდანაც დაღესტნის მთები მოჩანს და ძველი დიკლოს ნანგრევები, ციცაბო კლდეებზე აგებული ციხე-სოფელი, რომელიც გუშაგის როლს ასრულებდა და ლეკების ხშირად არ ისე კეთილმეზობლურ შემოსევებს იგერიებდა.ძველი დიკლო ლეკების ერთ-ერთი შემოსევისას განადგურდა, თუმცა მოსახლეობამ ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა. იქვე დიდი სტენდი დგას, სადაც ამბავია მოთხრობილი, და თუ არ დაგეზარებათ და იკითხავთ, ნებისმიერი თუში მოგიყვებათ დიკლოელი გმირების შესახებ. ნანგრევები ლეკების სოფლებს გადაყურებს, ხოლო თუ შემობრუნდებით, ველზე გაშლილ ახალ დიკლოსაც დაინახავთ, რომელიც არაფრით არ გავს იმ ციხეს, რომლის სახელსაც ატარებს. დიკლო
  5. ცივილიზაციისგან მოწყვეტა ვისაც სურს, მათთვისაც იდეალური ადგილია თუშეთი. აქ არც ბევრი მაღაზიებია, არც ტელევიზორი (სასტუმროებს თუ არ ჩავთვლით, რასაკვირველია), მშვიდი საღამოები კოცონთან, დღისით წიგნი ან მეგობრები და მეზობლები, მთის კრისტალურად სუფთა ჰაერი, დილის ყავაზე ან ჩაიზე გათბობილი ხელები და მთების ხედები სულიერი და ფიზიკური დასვენების გარანტიაა. შეგიძლია ხატო, წერო, იოცნებო, შექმნა რამე ახალი... აბეზარი ტელეფონი არ შეგაწუხებს. თუშეთimg_0224
  6. ლაშქრობის მოყვარულებს თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია 10 კეთილმოწყობილ ბილიკს სთავაზობს. მათ, ვისაც კეთილმოწყობილი ბილიკები არ იზიდავთ, მეცხვარეების ბილიკებით დართლოდან დიკლოში შეუძლიათ გადასვლა. აწუნთის უღელტეხილი კი (თუშეთიდან ხევსურეთში ან პირიქით) ყველა მოლაშქრის აუცილებლად გასავლელ მარშუტებში შედის. ორეთის ტბა, რომელიც გზადაგზა შეგხვდებათ, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტბაა. გზაზე დამდგრებს გირევის მონახულება არ დაგავიწყდეთ. ორეთის ტბა
  7. ცხენების ჭენება ვისაც უყვარს, მთელი თუშეთი ერთი დიდი საცხენოსნო ბილიკია. თუშური ცხენი სიფრთხილითაა ცნობილი, საუკუნეების მანძილზე უფსკრულების პირას ციცაბო ბილიკებზე ცხენები იყო გადაადგილების ერთადერთი საშუალება. ჭენება
  8. კულინარიული ექსპერიმენტები - თუშური ხინკალი, კოტრები (ხაჭაპური) და ლუდი... უფრო გამბედავებისთვის კი ხავიწი თუშური მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება იქნება. აქაური ხინკალი გემოთი არც ერთ ხინკალს არ გავს, რომელიც აქამდე გაგისინჯავთ. ცხვრის თუ საქონლის - მნიშვნელობა არ აქვს, განსაკუთრებული სანელებელი, რომელსაც უკეთებენ, უნიკალურ გემოს აძლევს. თუ დაინტერესდებით, რეცეპტსაც შემოგთავაზებენ. ქონდარ განსაკუთრებული ჩაი - ბეგთქონდარის - მხოლოდ თუშეთში უნდა დალიო. ერთხელ გასინჯვის მერე აუცილებლად მოგინდებათ დაკრეფვა და სახლში წამოღება (რაც პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თითქმის ყველგან იზრდება იასამნისფერყვავილებიანი დაბალი მცენარე)
  9. კლდეების და მწვერვალების გაგრძელებად აგებული სოფელი, სადაც მეზობელთან გადასასვლელად ჯერ გორის ძირში უნდა ჩახვიდე, შემდეგ ახვიდე - დოჭუ. დოჭუდოჭუ 2 უნიკალური, ბუნებასთან შერწყმული ციხე-სოფელი გომეწრის ხეობაში მდებარეობს. აქ თურმე დედები საქმიანობისას ბავშვებს თოკით პალოზე აბამდნენ, სხვანაირად ახლადფეხადგმული პატარა შეიძლება გადაჩეხილიყო.
  10. კესელოები - ციხეების კომპლექსი ზემო ომალოში. ისტორიული უბანი, სადაც ხალხს ვერ შეხვდებით, მხოლოდ თქვენ, თუშეთის ხედები და სიმშვიდე, რომელიც მთებშია. კესელოს კოშკები

იქ, ღრუბლებს ზემოთ, თუშეთის მთები თქვენ გელოდებათ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %