ჩვენი სამშობლო რომ ულამაზესია წელიწადის ნებისმიერ დროს ამაზე ყველანი ვთანხმდებით დაუმშვენიერესი ხედებით ტურისტების აღფრთოვანებას, გაოცებას და გაკვირვებასაც ხშირად იწვევს.

გთავაზობთ იმ პოპულარული ხედების ჩამონათვალს, სადაც ადვილადაც მიხვალთ, ხედებითაც დატკბებით და საუკეთესო ფოტოებსაც გადაიღებთ.

ხედი გერგეტის სამებიდან

თამამად შეიძლება ითქვას, გერგეტის სამებიდან ხედი ყველაზე პოპულარულია. გასაკვირი არცაა, ყაზბეგი და გერგეტის სამება ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ტურისტული ადგილია. ტაძართან მოსახვედრად რამდენიმე კმ-ის ფეხით გავლა მოგიწევთ. აქ ორი არჩევანია - შედარებით მოკლე, მაგრამ რთული ბილიკით პირდაპირ მთის ფერდობზე ან უფრო გრძელი, მაგრამ მარტივად სასიარულო სამანქანო გზა, რომლის დამოკლება რამდენიმე ადგილას ბილიკით გადაკვეთით შეგიძლიათ. თუმცა, თუ ფეხით სიარულის მოყვარული არ ხართ, სტეფანწმინდაშივე ადგილზე შეგიძლიათ მაღალი გამავლობის მანქანის დაქირავება და გაცილებით მარტივად ასვლა დანიშნულების ადგილზე. აქ კი არჩევანი თქვენზეა - ტაძრამდე არმისული, მინდორზე გადაიღებთ ფოტოებს და სამებასაც კადრში მოაქცევთ თუ ტაძრის ეზოდან სტეფანწმინდის და მის თავზე დაფენილი ღრუბლების ფონზე ამჯობინებთ გადაღებას.

ყაზბეგის ტურები იხილეთ აქ

გომის მთა, გურია

ეს ადგილი წლიდან-წლამდე თანდათან უფრო პოპულარული ხდება. მიზეზი კი სწორედ ხედია. იმისათვის, რომ გომის მთიდან საუკეთესო ფოტოები ჩამოიტანოთ, მოგიწევთ აქ ღამე კარავში გაათიოთ, რადგან განთიადისას შეძლებთ ნისლებით დაფარული ხედების გადაღებას. თუ კარავში ღამის გათევის იდეა არ გხიბლავთ, ახლომდებარე სოფელში ხის სახლებში შეგიძლიათ დაბინავდეთ, თუმცა მათი უმეტესობა მიტოვებულია და პირობებიც შესაბამისი დაგხვდებათ. თავად სოფლამდე მისვლას ავტომობილით მარტივად შეძლებთ.

ჰაწვალი

თუ სვანეთისკენ გაქვთ გეზი აღებული, ყველაზე მარტივად ჰაწვალზე შეგიძლიათ მოხვდეთ. კურორტი მესტიიდან სულ რაღაც 8 კილომეტრში მდებარეობს და საბაგირო ზაფხულშიც მუშაობს. საბაგიროს ერთჯერადი ბილეთი 7 ლარი დაგიჯდებათ. ზემოთ ასულს კი შეგიძლიათ კაფეში ცივი სასმელი ან ღვინო მოითხოვოთ და სვანეთის მთების ფონზე იპოზიოროთ.

სვანეთის ტურები იხილეთ აქ

ქოროღლის ციხე

თუ თბილისიდან გასვლას ვერ ახერხებთ და განტვირთვისვის მხოლოდ კვირა დღე გაქვთ, ქოროღლის ციხე თქვენთვის კარგი ვარიანტია. კოჯორში მდებარე ციხეზე მოხვედრა საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შესაძლებელია, ასეთ შემთხვევაში, ფეხით რამდენიმე კმ-ის გავლა, მოგიწევთ, თუმცა უმარტივესი გზით. თუ თქვენი ავტომობილით ახვალთ, გზა პირდაპირ ციხის ძირში მიგიყვანთ და საუკეთესო ხედებისთვის მხოლოდ ერთი პატარა ფერდობის ავლა მოგიწევთ.

ხედი ბათუმის (სალიბაურის) სამების ტაძრიდან

თუ დასასვენებლად ბათუმს ირჩევთ, აუცილებლად ესტუმრეთ ბათუმიდან 8 კილომეტრში მდებარე სალიბაურის სამების ტაძარს. მისი ეზოდან ბათუმის და შავი ზღვის არაჩვეულებრივი ხედი იშლება, ტაძრის უკან კი სამების სახელობის დედათა მონასტერია.

Likely News
Poll
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %