49
ულამაზესი ნიკორწმინდა
ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს ამბლორაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში. იგი აშენებულია მაღლობზე და ჩანს სოფლის ყველა წერტილიდან.
X საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ, ერთიანი ფეოდალური საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით საძირკველი ჩაეყარა წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა.
ნიკორწმინდის ტაძარი გუმბათოვანია, გარედან მოკლემკლავა ჯვრის ფორმის, შიგნიდან კი ხუთ აფსიდიანი. აფსიდის შვერილებს ეყრდნობა გუმბათის 12 სარკმლიანი ყელი. აფსიდებიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება.
დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.
ტაძარში არსებული რთული მხატვრობა XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება და გამოკვეთილია მხატვრობის ორი ფენა. ბარელიეფის ოვალურ მხარეს მოთავსებულია ლამაზად ამოკვეთილი წარწერა, რომლის ავტორიც ლოცავს გაერთიანებული საქართველოს მეფეს ბაგრატ III-სა და მის მემკვიდრეს.
XI-XIII საუკუნეებში ნიკორწმინდა რაჭის ერისთავ კახაბერიძეთა საგვარეულო მონასტერს წარმოადგენდა, რაც დასტურდება ტაძარში არსებული რამდენიმე წარწერით. XIII საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს მეფემ დავით VI ნარინმა ღალატის ბრალდებით კახაბერიძეთა დინასტია ამოწყვიტა. სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ნიკორწმინდამ დაკარგა მფარველი და იგი საგრძნობლად დასუსტდა.
ტაძარი ადვილად მისადგომია. ის დღემდე კარგად არის შემონახული. მისი მონახულება ნებისმიერ სეზონზე არის შესაძლებელი.