კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 2)
2017 წლის თებერვალში ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოსტოპით დავადექით გზას. უამრავი რამ გადაგვხდა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ზოგი რამ ვისწავლეთ, ზოგიც ჩვენ ვასწავლეთ, დავათალიერეთ, დავაგემოვნეთ, ვიცინეთ და ვიტირეთ. დიდი თავგადასავალი იყო... ხო და ამ მოგზაურობაზე გიყვებით ახლაც...
რუკის მიხედვით მივდიოდით ხო და რუკა უმოკლეს გზას როგორც აჩვენებდა, ისე ვიარეთ ჩვენც. საბოლოოდ კი გავედით ფონს, მაგრამ უმოკლესი გზა არც ისე საინტერესო და პრაქტიკული აღმოჩნდა, სოფელ-სოფელ მოგვიწია სიარული, სადაც მანქანები მაინცდამაინც არ მოძრაობენ თან ზამთარი იყო და გზები გაყინული. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, შევედით რაღაცა სოფელში. აქ სასაცილო იყო ადგილობრივებისა და მანქანის მძღოლების გაკრეჭილი სახეები, რომ გვისიგნალებდნენ და გვესალმებოდნენ. უკვირდათ ასეთ ამინდში და ასეთ ადგილას ტურისტი რა ქარმა გადმოაგდოო ალბათ. ამასობაში სოფელს თითქმის გავცდით, არსად მანქანის ან ადამიანის ჭაჭანება არ იყო. გაყინული აღმართები ავიარეთ ფეხით. გზაში იმას ვწუწუნებდი, იქნება სადმე ოჯახში ქადებს ყიდდნენ და ასე ნაქები სომხური ქადა გავსინჯოთთქო, მაგრამ არ გამოვიდა ეგ ამბავი. რამდენიმე მანქანამ ჩაგვიარა საპირისპირო მხრიდანაც. მერე ერთი მანქანა მობრუნდა და გამოგვკითხა, სად მიდიხართ აქ რა გინდათო. საბოლოოდ, ამათ აგვიყვანეს და მანქანით გავაგრძელეთ გზა. იეღიგნაძორამდე მივედით, უღელტეხილთან ახლოს გააჩრეს. მერე დაშორების ჟამს, ამათ თავისთან შეგვიპატიჟეს, აქვე ვართო სოფელშიო, ეხა საღამოა, დაისვენეთ, ჩაი დალიეთო, თუ არ დარჩებით, ისე მაინც შემოდითო ცოტა ხანი. ჩვენ ისე გვეჩქარებოდა ირანისკენ, ვერაფერი დიდი ცდუნება იყო სოფელში ჩაიზე შევლა, ასე რომ დიდი მადლობებით და „სხვა დროს იყოს“-ებით დავცილდით ამ სავარაუდოდ ცოლ-ქმარს.
მოკლედ, ჯერ ისეთი სახელია, უკვე დაგაბნევს და შეგაშინებს - იეღიგნაძორი! - შევუდექით უღელტეხილის გზას. აქ მანქანები არ მოძრაობდნენ, დიდთოვლობა ყოფილა წინა დღეებში და გზებიც გაყინული ყოფილა, ხო და ერიდებიანო თურმე მძღოლები. მოკლედ, ეს ვიწრო მოასფალტებული და გრძელი გზა, გარშემო თვლი წელამდე. ყველაფერი თეთრი და კაშკაშა, ალაგ-ალაგ პატარა გორაკები და ელექტრო-ანძები. მოკლედ, ჰორიზონტი უკიდეგანო, არსად სულიერის ხმა არ ისმის, არსად არაფერი ირხევა. ეს იყო სიჩუმე, კლასიკური გაგებით! ჩვენი ლაპარაკი ექოდ კილომეტრს იქით წვდებოდა, მოკლედ ძალიან მყუდროებაში ჩავიძირეთ. ბურგერები ვჭამეთ, ფოტოები გადავიღეთ და ვართ ასე ბედნიერები ამ უკაცრიელობასა და სიწყნარეში.
ნელა-ნელა მივაბიჯებთ და ასე შემთხვევით თოვლზე მგლების ნაფეხურებს ვამჩნევთ... მერე საათს დავხედეთ - ოთხს გადაცილებული იყო, ცოტა გამოვერკვიეთ და გავიაზრეთ, რომ არც ისე სასურველი პერსპექტივა გვაქვს წინ. ირგვლივ სოფელი არსად არაა, მანქანები არ მოძრაობენ და ღამდება. ცოტა ფეხს ავუჩქარეთ. როცა მივხვდით, ფეხის აჩქარება არაფერს შველოდა, გარშემო ნასახლარებს დავუწყეთ ყურება, ჯობია გადავიდეთ რომელიმე დანგრეულ სახლში, შეშა იქნება, ცეცხლი დავანთოთო. მერე მეორე ვერსია გაჩნდა, იმ ნანგრევებში პირიქით რამე ცხოველი არ დაგვხვდესო. მოკლედ, ამ არეულობაშ ვართ, ერთი მანქანა წამოგვეწია, რა ჯანდაბას აკეთებთო აქ?! მოკლედ, ჩაგვისვეს და გვატარეს რაღაცა მონაკვეთი. არ ვიცი, მერე რატო გაჩერდნენ და რატომ ჩამოგვსვეს, წესით მათაც ჩვენი მიმართულებით ჰქონდათ გზა, მაგრამ რაც იყო, დაგვემშვიდობნენ და დადგნენ ერთ ადგილას, არ დაუძრავთ მანქანა. ჩვენ წამოვედით, შიგადაშიგ ვიყურებით უკან, გვაინტერესებს სად წავა ეს მანქანა, ადგილიდან არ იძვრის. მოკლედ, დავიკიდეთ და წავედით. ცოტა ხანში ჩვენს საპირისპირო მიმართულებით ერთმა მანქანამ გააჩერა, დიდი ყიჟინით შეგვეგებნენ, რას აკეთებთ აქ ამ დროს რა გინდათო, საიდან ხართო. რო გაიგეს ქართველები ვიყავით, ერთი კაცი გადმოხტა, უცებ საბარგული გახსნა, პარკი და ბოთლი აიღო და აი ეს თქვენო. დაგვემშვიდობა და წავიდა. ამ პარკში შოთი და ძალიან გემრიელი ლორის ნაჭრები ეწყო. ბოთლით ღვინო იყო, რაღაცა საშინელება. მოკლედ, ღვინო გადავღვარეთ, ლორი ვჭამეთ და დარჩენილი შოთი გზაზე დავყარეთ... მგლებისთვის (!). საბოლოოდ, დედაბუნებამ არ გაგვწირა, რაღაცა დაფეხვილმა მანქანამ ჩამოიარა, სამნი ისხდნენ. ხო და არ დაგვტოვეს და ჩავეტენეთ რაღაცნაირად. უკან მოხუცი კაცი იჯდა, შიგადაშიგ გადმოგვხედავდა და ასე ხელით მოავლებდა გარემოს - ნახეთ რა ლამაზია აქაურობაო. ჩვენც აბა აბათქო, ვეთანხმებოდით. მოკლედ, ამათ იმდენი გვატარეს, ცოტა ძილიც მოვასწარით მანქანაში. საბოლოოდ ვაიკში ჩაგვიყვანეს. მერე ერევნის გადასახვევთან ჩამოგვსხეს და დავიშალეთ.
***
ვაიკი ერთი მინჯღრეული ქალაქია, გზა იქ არაა წესიერი და განათება, მთელ გზაზე, რაც ჩვენ გავიარეთ, ვულკანიზაციები იყო ჩალაგებული. მოკლედ, სიარულს ვერ გავაგრძელებდით, თან გზა იყინებოდა, ასე რომ ბანაკი უნდა დაგვეცა სადმე. ვიღაც ძიასთან მივედით და ვეკითხებით, საკარვე ალაგი გვირჩიეთქო. იმან რაის კარავი, აგერ გაიარეთ და გესთჰაუსი იქნება ნახოთ, ამა აბა სიცივეში რა გეკარვებათო. ჩვენც გავიარეთ. ერთი ქუჩა იყო, სადღაც დასალიერში ადიოდა. რაღაცა მეტნაკლებად გაბრჭყვიალებული ადგილი ჩანდა და ჩვენც აქეთ წავედით. დათა ქუჩის მეორე მხარეს გადვიდა, ვიკითხავო რაღაცას, ჩვენ ჩამოვდექით ტროტუარზე. უცებ პოლიციის მანქანიდან გვეძახის ვიღაც, მოდითო. ჩვენ არ ვიმჩნევთ. ეს ფორმიანი ბიჭი გადმოვიდა, ახლა აშკარად მიგვიხმო თავისთან. საითო? ჩვენ ვუთხარით არსაითთქო! ჩაჯექითო, ჩვენ ვიუარეთ - არა არა არ გვინდათქო. ამ ფორმიანმა „საძიიის“-ო დაიღრინა და გამოგვიღო უკანა კარი. სხვა რა გზა იყო, ჩავსხედით არც ისე სასიამოვნო გრძნობით და ველოდებით რაღაცა ცუდს. აარიხინა ამან თავისი ჟიგული სადღაც ჯანდაბაში და მიაყენა სასტუმროს კარს. გადმოვიდა, კარი გაგვიღო, წამომყევითო. სასტუმრო რო დავინახეთ, ამოვისუნთქეთ. ამან რეცეფციონისტს რაღაცები უთხრა, მერე დგვემშვიდობა და წავიდა. ამ რეცეფციონისტმა მეო გენაცვალე იაფიანი ოთახები არ მაქვსო, ლუქსის შემოთავაზება დაიწყო. ჩვენ, მეთქი ვგავართ ეხა ლუქსის კლიენტებსთქო? არაო, მაშინ გადავრეკავ დამელოდეთო. მოკლედ ვერაფერში წაგვადგა ეს სასტუმრო, ერთი ისაა, wi-fi უფასოაო და ჩამოვსხედით, ავაწკარუნეთ ტელეფონები.
გესთჰაუზი უნდა გვეშოვა იაფი; გზაზე რაღაც ლამაზი ყავის მაღაზია იდგა, შევედით და გესთაუზზე მოვიკითხეთ. აქ აწრიალდა ხალხი, გადარეკეს, გადმორეკეს, მერე კლიენტი შემოვიდა, საიდან ხართო, რომ გაიგო ქართველები ვიყავით, „გამარჯობა გენადზვალე“-ო, მე გიშველითო და მოგვინახა იაფი სასტუმრო თუ რაღაც მაგგვარი. სასტუმრო „მარია“, თუ ვაიკში მოხვდებით (რატომ უნდა მოხვდეთ, მარა მაინც), მიაკითხეთ. მოკლედ, ტაქსიმ წაგვიყვანა და როგორც იქნა, ღამის გასათევი ადგილიც მოვძებნეთ, სადაც ცხელი წყალი და გათბობა იყო. რკინის ჭიქით ყავა დავლიეთ. ერთი ღამე დავრჩით და დილას ადრე საზღვრისკენ ავიღეთ გეზი.
***
ვაიკიდან რამდენიმე მანქანა გამოვიცვალეთ, დილას ძაან გვშიოდა და უფრო ძაან გვწყუროდა, არაფერი გზაზე არ იყო. მე ისევ ქადების ვერსიას ვაწვებოდი, იქნება სადმე ვიშოვოთთქო. ერთმა ჟიგულმა რომ ჩამოგვსვა, კუთხეში რაღაც რესტორნისმაგვარი შევნიშნეთ, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ამ დროს მანქანის ხმა გავიგონეთ და სასწრაფოდ გადავირბინეთ გზა, გაგვიჩაერა ერთმა სასიამოვნო გარეგნობის, წესიერად ჩაცმულმა, სათვალიანა ძიამ - მოკლედ წარმოიდგინეთ სომეხი გოგი გვახარია. კარგი მანქანით თბილად და კომფორტულად ამ გოგიმ კაპანამდე ჩაგვიყვანა, რაც ძალიან მსუყე მანძილია, 160 კილომეტრამდე. უღელტეხილი გადავიარეთ, საშინელ ნისლში და უბედურებაში. მოკლედ, ამ კაცმა, რომლის სახელიც არ ვიცით, ძაან კარგი საქმე გაგვიკეთა. გზაში ათას რამეზე გამოგვკითხა, სააკაშვილის და დღევანდელი მთავრობა შეადარა, სოციო-კულტურული თემებით დაინტერესდა, მერე გვკითხა რა არის, რუსულს რატო არ სწავლობთო?! ისე ინგლისურად ვლაპარაკობდით. მოკლედ, ძალიან კარგი კაცი იყო. კაპანში ჩავედით შუადღისკენ, დავემშვიდობეთ ჩვენს მძღოლს და დავიშალეთ. სადმე fast food-ი უნდა მოგვეძებნა. ამასობაში დათამ აღმოაჩინა, რომ მობილური ამ გოგი გვახარიას მანქანაში დარჩენია. ვიდარდეთ ცოტა, მერე „პერაშკები“ ვიყიდეთ და გავაგრძელეთ გზა.
ცოტა გავიარეთ ფეხით და მალევე ირანული ტრაილერები წამოგვეწივნენ. გადასარევი შანსი იყო, სასწრაფოდ ჩავლაგდით გზის პირზე და აღვმართეთ ცერები. მეორე ტრაილერმა გააჩერა, თან რაღაც ვიწრო იყო ეს ქუჩა, თან ხელით გვანიშნებდა, რა გინდათო. მოკლედ, კარი გაგვიღო და გვანიშნა ამოთ, მარა ფეხზე გაიხადეთო. ეს კიდე მეორე გულის გამაწყალებელი რაღაცა. ამ ზამთარში მუხლამდე თასმაშემოკრული ფეხსაცმლის წამდაუწუმ გახდა-ჩაცმით ძალიან დავიტანჯეთ, მარა რას იზამ. ხო და სანამ ფეხსაცმელს ვიხდიდით, მთელი გზა გადაიკეტა. ბოლობოლო ავედით ტრაილერში და დავიძარით. მძღოლის სახელი კი მახსოვს, მაგრამ ჩვენ „ჩვენი ძმა“ დავარქვით და ამ ფსევდონიმით მოვიხსენიებ აწი სულ. ახალგაზრდაა 33 წლის ყმაწვილი. ინგლისურის ინჩი-ბინჩი არ იცოდა, მაგრამ მაინც გაგვაგებინა, სომხეთი გამოვიარეო და ტაბრიზში მივდივარ, იქ ვცხოვრობო, ჩემი ცოლი პარიკმახერია და კიდე 2 წლის შვილი მყავსო. ფოტოები გვაჩვენა სასწრაფოდ. საერთოდ ეს ახასიათებთ ირანელებს, საკუთარი ოჯახის წევრების ფოტოებს დაგათვალიერებინებენ, შვილებს, შვილიშვილებს, ცოლებს და მთელ ამალას მოკლედ, გაჩვენებენ და გაწონებენ თავს. მერე ჩვენმა ძმამ თავისი ახალგაზრდობის ფოტოები გვანახა. აგერ 12 წელია უკვე რაც მძღოლი ვარო. გამოცდილი მძღოლი რომ იყო დავრწმუნდით, მაგრამ ამ უღელტეხილზე ცალ ხელში რომ მობილური ეჭირა და ინსტაგრამს სქროლავდა, ჩვენ კიდე გარეთ ვიხედებოდით და ნისლით ამოვსებულ ხეობებს ვხედავდით, ცოტა გვეშინოდა - ამ ნისლიან და დანგრეულ გზაზე სადმე არ გადაგვჩეხოსთქო.
მერე დაიწყო სომხეთის და ირანის შედარება, სომხეთში რანაირი გზებია, ხედავთო? ირანში დიდი, ფართე გზები გვაქვსო, დამტვრეული კი არ არის ასეო. ჩვენს ძმას ამ ტრაილერით რა მიჰქონდა არ ვიცით, მაგრამ კაბინაში არყის ბოთლების შეკვრა რომ ჰქონდა მოთავსებული, ეგ კარგად შევნიშნეთ. საერთოდ, ირანში - რახან ალკოჰოლი სახელმწიფო დონეზე აკრძალულია - კონტრაბანდა საკმაოდ ხშირია და სასმელი ძვირი ღირს. ამიტომ ვისაც ქვეყნის გარეთ ხშირად უწევს მოძრაობა, „უკანონო პროდუქტებით“ ხელდამშვენებულები ბრუნდება ხოლმე უკან.
საზღვარს რომ მივუახლოვდით, გვეკითხება, ტაბრიზში თუ გყავთო მეგობარი, სად რჩებითო? ჩვენ ტაბრიზში ცოტა არაზუსტი ინფორმაცია გვქონდა ჩვენს ჰოსთზე, გარანტირებული მასპინძელი არ გვყავდა, ამიტომ ჩვენს ძმას ვუთხარით, არ გვყავს ტაბრიზში არავინთქო. ხოოო და ძაან კაი, მაშინ ჩემთან წამოდითო, დარჩითო და ხვალ ჩემი პატარა მანქანით გაგასეირნებთ ქალაქში და დაგათვალიერებინებთო. ეგრევე დავთანხმდით - ქალაქში გაურკვევლად წოწიალს და ძველი ჰოსთის მოძებნას აგერ განაღდებული თბილი სახლ-კარი გვერჩივნა. მოკლედ, ამანაც გაიხარა, რახან დავთანხმდით. მოვილაპარაკეთ, საზღვარზე რომ გადახვალთ, იქითა მხარეს ჩამოჯექითო და მე ტვირთს შემიმოწმებენ და მერე წაგიყვანთო.
შემდეგ ნაწილში მოგიყვებით, როგორ შევაბიჯეთ ირანში ^_^