მწვანე ტბა - ტბა-საოცრება ზემო აჭარაში

მოგახსენებთ, თუ საიდან დაგვებადა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ე.წ. ,, მწვანე ტბის“  მონახულების იდეა.

მოკლედ, ყოველ ზაფხულს, ჩემს ოჯახთან ერთად ვატარებ აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში, სადაც ნებიესმიერს შეუძლია დაისვენოს, გაერთოს და დატკბეს ულამაზესი  ნაძვნარით, მწვანე მინდვრებით, ისარგებლოს  სამკურნალო წყლებითა და აბანოებით. საინტერესო ის გახლავთ, რომ დილიდან  08:00-დან 11 საათამდე აუცილებლად გაიგონებთ ადგილობრივი მოვაჭრეების ხმას, თუ როგორ  გთავაზობენ  მთელი ზამთრის პერიოდში დაგროვილი რძის პროდუქტებისა თუ სხვა  ნაწარმის შეძენას. სწორედ, მათთან საუბრისას არაერთხელ გვსმენია იმის შესახებ, რომ სადღაც შორს, გოდერძის უღლტეხილის იქით, არსებობდა ულამაზესი, სარკესავით მწვანე პატარა ტბა. სწორედ, მათ მიერ აღწერილიდან გამომდინარე დავიჩემე, რომ წავსულიყავით და გვენახა ის ადგილი, რომელზეც ასე აღტაცებით საუბრობდნენ ადგილობრივი მკვიდრნი.

დილით ადრე წავედით, გაგვიმართლა და  გოდერძის უღელტეხილამდე ბათუმისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსით ჩავედით, აი შემდგომ კი, ფეხით დაახლოებით 6 კმ ვიარეთ, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო, ვინაიდან უამრავი ხედი, ულამაზესი ქედები, მინდვრის ყვავილები, გასაოცარი იყო მაღალმთიანი აჭარის სოფლები, სადაც თანამედროვეობის კვალის მოძებნა გაგიჭირდებათ, ხის ძველი სახლები, ვიწრო ბილიკები, ცივი ნაკადულბი, დამორცხვილი წითელაბრაწულლოყება ბავშვები, რომლებიც ხან იმალებიან, ხან კიდევ გაოცებული თვალებით გაყოლებენ თვალს, ეს ყოველივე  შთაბეჭდილებების ზღვაში გადაგაგდებთ.

აჭარა

საბოლოოდ, მივადექით დიდ ტრიალ მინდორს, საიდანც უკვე აღარ ვიცოდით საითკენ შესაძლოა ყოფილიყო ტბა, რომლისთვისაც ასეთი მანძილი გამოვიარეთ. შემდგომ ერთ-ერთ მხარეს მოვუსმინეთ მდინარის ხმას,  რომელიც ქვემოდან ისმოდა, გავყევით ისევ ბილიკს, სიმწვანეში შევედით, საიდანაც ხეებში პატარა სარკმელივით სიცარიელე  მოჩანდა,   გადავიხედეთ და ვხედავთ სარკესავით მწვანე, მოელვარე სუფთა, გამჭვირვალე ტბას, რომელიც ირეკლავდა მის ირგვლივ გარსშემორტყმულ ხე-მცენარეს. სწორედ, ტბის ირგვლივ არსებული წიფლის ხე-მცენარეები აძლევდა მწვანე ელფერს წყალს.

მწვანე ტბა, აჭარა

ეს იყო ტბა-  საოცრება ზემო აჭარაში, რომელიც ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარეობს და   საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ტბა შეგიძლიათ შემოიაროთ, დაახლოებით ერთ საათში, თითოეულ წერტილიდან აღმოაჩენთ ულამაზეს ბუნების სანახაობებს.

მწვანე ტბა, ზემო აჭარა

სეირნობისას კი,  უამრავი რამ დაგვებადა აზრად, გვქონოდა ახლოს პატარა ხის სახლი, სადაც ზაფხულობით დავისვენებდით, ზამთრობით კი გაყინულ ტბაზე სრიალს შევძლებდით, ვსაუბრობდით იმაზე თუ რატომ ვერ ვხედავდით ირგვლივ სასტუმროებს, ბანაკებს, აქამდე თუ რატომ არ გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის ეს ბუნებით ქმნილი ღირსშესანიშნაობა.

მწვანე ტბა

კიდევ უფრო, დიდი ინტერესი გამოიწვია, იმაზე ფიქრმა თუ როგორ ფერებში შეიმოსებოდა აღნიშნული ადგილი წელიწადის სხვადასხვა დროებში, რამაც დაგვაგეგმინა შემდგომ პერიოდში კიდევ მრავალჯერ მოვსულიყავით აქ, უკვე კარვებით, შესაბამისი აღჭურვილობით და დავმტკბარიყავით ამ ყოვლად, ცივილიზაციისგან მოშორებული, გასაოცარი ადგილებით.

მეგი ბაკურიძე

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
22 %