რა ხილია კანიონინგი?
ხურმა რა ხილიაო, ცნობილი გამოთქმა ალბათ ბავშვობიდან გახსოვთ.
რამდენიმე თვის წინ გავიგე, რომ ხურმა ხილი კი არა კენკრაა და ლამის მთელი ბავშვობის ილუზიები დამენგრა. ჰოდა, ზუსტად იგივე გელით მათ, ვისაც კანიონინგი ოკაცესა და მარტვილის კანიონების გადმოსახედებიდან გადმოხედვა და ნავით გასეირნება გგონიათ.
,,კანიონინგი'' უცხოურიდან ახლახანს დამკვიდრებული ტერმინია, რომლის გადმოქართულებასაც ქართულის დამცველები რატომღაც ენათმეცნიერების ნაცვლად სპორტის ამ სახეობის მიმდევრებს სთხოვენ იმის ფონზე, რომ თავად ,,სპორტი''-ს ქართული სიტყვა ჰგონიათ. მაგრამ ხურმა და აკაკი შანიძე იქეთ იყოს და თავად ტერმინი განვმარტოთ-კანიონში (დიახ, დიახ, შიგ კანიონშივე) ლაშქრობა, კანიონში არსებულ ჩანჩქერებსა და კლდეებზე ცოცვა, თოკით დაშვება, კანიონში ცურვა, ჩანჩქერებიდან ხტომა და ჩანჩქერზე სრიალი - კანიონინგი სწორედ ესაა და სპეციალური აღჭურვილობის, უსაფრთხოების ყველა პირობისა და გადამზადების გარეშე ამ ამბებთან შეჭიდებას არავის გირჩევთ. თუ მაინცა და მაინც კანიონის რომელიმე ჩანჩქერიდან სრიალი გადაწყვიტეთ ბავშვობის გამოცდილებას ნუ ენდობით. მთის მდინარე სწრაფი და მაცდურია - გამოცდილი , სერთიფიცირებული გიდი იახლეთ თან.
კანიონში ჩემი პირველი დაშვება და ექსტრიმში თავით გადაშვება აწ უკვე გასულ ზაფხულს უკავშირდება. კინჩხა ყველამ იცის, კინჩხის ჩანჩქერთანაც ყოფილხართ ალბათ, მაგრამ ის საოცრება, რომელსაც კინჩხასთან ახლოს მდებარე ასხის მთა მალავს ალბათ მხოლოდ აქტიურ მოლაშქრეებს თუ უნახავთ.
ლომინას ტბას რომ გასცდები და კინჩხის ორღობეებსაც მოიტოვებ უკან გზა მთის ძირში გრძელდება, კინჩხის ტყეებში, რომელიც იმერეთისა და სამეგრელოს პირობითი გამყოფი ხაზია. დაახლოებით ნახევარსაათიანი ლაშქრობის შემდეგ მწვანე ,ფართოფოთლოვან, ტიპურ კოლხურ ტყეში ამოჰყოფ თავს. ტყეს დიაგონალურად რომ გადასერავ იმ მომცრო ჩანჩქერს დაადგები თავზე , რომელიც ლომინას ჩანჩქერის მშობელ მდინარეს შობს. ლომინას ჩანჩქერის დედა ჩანჩქერს , მოკლედ.
აქ აღჭურვილობის ჩაცმისა და შემოწმების დროა - ჩაფხუტი, თერმოდამცავი კოსტიუმი, წყალში გაყინვისა და ,,ბრრრრრ''-ების დაძახებისაგან თავდასაცავად, საცურაო ჟილეტი, მეკლდეურის ქამარი, რამდენიმე მოჟღარუნე საცოცი რკინა თოკებისა და ქამრის დასამაგრებლად. ამ აღჭურვილობას სპეციალური ტერმინებით განზრახ არ ვიხსენიებ, არც დეტალებს აღვწერ, რადგან კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ (როგორც იმ ვიდეორგოლებშია -არ სცადოთ იგივეს გაკეთება სახლში-ო) კანიონინგით დაკავება სპეციალისტის თანხლების გარეშე საკმაოდ სახიფათო ამბავია.
აღჭურვილობის მეათასე ჯერზე საგულდაგულოდ შემოწმების შემდეგ თოკში ჩავებით და მთის გამჭვირვალე თავგანწირულად მოდგაფუნე ჩანჩქერზე დაშვება დავიწყეთ. წყლის წვეთები სახეში მცემდა, ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი და არაფერი მესმოდა გარდა ჩანჩქერის გამაყრუებელი ღრიალისა. რამდენიმე წუთში ზღართანით ჩავეშვი ჩანჩქერის ბოლოში, მცირე საგუბარში და წყლის დინებამ მდინარის ზვირთებისაკენ გამიტაცა.
კანიონში, ისევე როგორც მთაში ერთი წინამძღოლია, დანარჩენი - მასზე დამოკიდებული ,,კანიონერები'' და ბოლო - ეგრეთ წოდებული ჩამკეტი. წყალში ერთმანეთის ნდობითა და იმედით მოძრაობთ. და ჰო-რაც ჩემთვის ყველაზე დიდი კომფორტი იყო - სპეციალური საცურაო ჟილეტების მეშვეობით ცურვის ცოდნა საერთოდ არ გჭრდებათ. მოგეთხოვებათ ორადორი რამ - არ უნდა გქონდეთ წყლისა და ადრენალინის შიში.
მთის მდინარეები სიურპრიზებით არიან სავსე, ამიტომ სწრაფი რეაგირება და სისხარტე ის ორი მნიშვნელოვანი თვისებაა, რაც კანიონის გავლისას მოგეთხოვება.
კანიონებში წყლის ჩქერებს სწრაფად მიჰყავხარ და მოქნილობაც თუ დაგანათლა ბუნებამ მაშინ შენგან იდეალური თუ არა კარგი მოყვარული კანიონერი მაინც დადგება. (მაპატიოს აკაკი შანიძის სულმა, ამ სიტყვის სხვა შესატყვისი ქართულში ჯერ არ არსებობს.)
ჩანჩქერიდან ჩანჩქერზე - დაშვება, სრიალი, მერე ისევ დაშვება, გაცურვა, აცოცება, ჩაცოცება, ფეხით გავლა - ეს ყველაფერი ამ აქტივობის შემადგენელი ნაწილია.ყველაზე საინტერესო სრიალის მომენტია - ზუსტად იგივეს განიცდი რასაც ბაღის ასაკის,თავისუფლებამინიჭებული და აღტკინებული ბავშვი პლასტმასის სასრიალოზე დაქანებულ კლდეზე ისე ჯდები და წყლის ნაკადს ნებდები. ჩანჩქერი სწრაფად მიგაქანებს საგუბარისაკენ, ბოლო მომენტში უკვე ნირვანაში მყოფი წყალში მთელი ძალით ეხეთქები და ხვდები, როგორ ერწყმი კანიონს. ადამიანიდან წყლის ბინადრად იქცევი. პირველყოფილი, ევოლუციის დროინდელი ყველა ინსტინქტი შენში ცოცხლდება და თითქოს ფარფლებსაც გრძნობ ფეხების ნაცვლად. ან თუ უფრო რომანტიკული იქნება - ქალთევზად იქცევი. იმ წითელთმიან არიელად ბავშვობისას დისნეის მულტიპლიკაციურ ფილმებში რომ გინახავს. ოღონდ არიელისაგან განსხვავებით გზის გავლის ბოლოს ზღვის ქაფიად ნამდვილად არ იქცევი - ნაწილობრივ ისევ ადამიანი ხარ და საფეთქლებთან სისხლის მოწოლას გრძნობ, ყურებში გულისცემა გესმის...
კანიონინგით დაკავებას თუ გადაწყვეტ - გარდა ზემოთხსენებული რჩევებისა ერთი უნდა გაითვალისწინო - მდინარის გავლისას აუცილებლად მოგშივდება და იმ ადგილებში, სადაც შედარებით დაბალი წყალია და საფეხმავლო გზები შეგიძლია წაუშოკოლადო, ან ჩურჩხელა , თხილი, მიწისთხილი და ნიგოზი მიირთვა ენერგიის აღსადგენად. ენერგია კი ნამდვილად ბევრია საჭირო და შესაბამისად შიმშილის გრძნობაც პიკს აღწევს. ჩანჩქერის წყალი მიუხედავად უზადო სისუფთავისა დასალევად ნამდვილად არ გამოდგება და აღჭურვილობასთან ერთად წყლისათვის თერმოსის ან ბოთლის ტარებაც მოგიწევს.
კანიონის გავლას დაახლოებით ორი-სამი საათი სჭირდება. შესაძლოა უფრო მეტიც - დროის ხანგრძლივობა წყლის სიდიდესა და აქტივობაში ჩართული ადამიანების მოქნილობასა და ენერგიაზეა დამოკიდებული. კინჩხის კანიონის ბოლოს დიდი ჩანჩქერია საიდანაც ქვედხედი საერთოდ არ ჩანს. ზემოდან არ იცი სად ეშვები, რა გელოდება და რა სიმაღლის დაკარგვა გიწევს. ეს განსაკუთრებულად მაღლა გიწევს ადრენალინის დონეს. თოკს, აღჭურვილობას კიდევ ერთხელ ამოწმებ, ზურგით ბრუნდები და კლდეს წყდები.
კინჩხის კანიონის ბოლო დანიშნულების ადგილი სურვილისამებრ ან მდინარის ერთი მონაკვეთი ან ლომინას ჩანჩქერია. მეორე ვარიანტის არჩევისას ლომინას ტბის მწვანე, თბილ წყალში გიწევს გაცურვა.
კანიონინგს რომ დაასრულებ გრძნობ როგორ გიზიდავს მდინარე ისევ და ისევ, თავისკენ გიხმობს და ჩქერებში ლივლივს გთავაზობს...
კანიონინგი -ეს ის სპორტია, რომელსაც ვერ აღწერ - უნდა გამოსცადო.