თუშეთში "წაგვიღეს"

ერთია თუშეთში წასვლის მუდმივი სურვილი გქონდეს და მეორეა, ბოლო სამი წელი მიდიოდე და ვერ მიდიოდე.

რამდენჯერაც გზას დავადექი, იმდენჯერ ჩამოწვა ზვავი და გზა ჩაიხერგა. იმდენჯერ მთელი კვირა გადაუღებლად წვიმდა. იმდენჯერ მომცა წინა დღეებში მაღალმა სიცხემ და მთელი თვე საწოლად ჩამაგდო.

ვხუმრობდი ხოლმე, არ მიშვებს მეთქი თავისთან. არ უნდა რომ ვნახო. თორემ რანაირად შეიძლებოდა ამდენჯერ გზად დამდგარი, ისევ მის უნახავი ვყოფილიყავი.

სოფელ ფშაველამდე სამი მანქანის გამოცვლა დაგვჭირდა და დილის 11 საათზე უკვე იმ გზაზე ვიდექით, სადაც მხოლოდ თუშეთში მიმავალი მანქანები გამოივლიდნენ. ისედაც ვღელავდი საშიში გზის გამო და როცა რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ, ერთმა მანქანამაც არ გაიარა ვინც ომალომდე აგვიყვანდა, ნერვებმა მიმტყუნა და ტირილი დავიწყე.

მოთმინება დალეულებს, უკვე ხმასაც რომ ვეღარ ვცემდით ერთმანეთს, ავტომანქანამ გაგვიჩერა. ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ. თუშები ვართო. დართლომდეც კი მივდივართ მაგრამ აბა როგორო, ადგილი არ გვაქვსო.

საბარგულში ჩავსხდებით მეთქი. ჩანთებსაც ზედ დავიწყობთ, ხმასაც არ ამოვიღებთ, ოღონდაც წაგვიყვანეთ მეთქი.

გადახედეს ერთმანეთს და თუშური კილოთი გადასძახა ერთმა დანარჩენებს: მაიტა, წავიღოთ.

ჰოდა „წაგვიღეს“.

ავჭყლოპინდით, ავციმციმდით, ავხტით, დავხტით და საბარგულში შემძვრალები, გულაჩქარებულები თუშეთის გზას დავადექით.

დიდ სიხარულთან ერთად სულ უფრო ჭირდა შთაბეჭდილებების გულში დატევა. ყელთან მობჯენილი ბურთის გადაყლაპვა. გაოცებისგან გაფართოებული თვალების მოსვენება. აკანკალებული მუხლების დაწყნარება.

გზად ბიჭებმა თუშური ტრადიციების ამბები მოჰყვნენ. დღეობა დაგხვდებათო დართლოში, გაგიმართლათო. საჭმელებს შესჭამთო იქაურსაო. ლუდს დალევთო, იმათ მოხარშულსაო. დოღსა ნახავთო, იმათ ცხენებგაჭენებულსაო.

დართლო იყო სულისშემძვრელად ლამაზი.

ქვის სახლებით. აწოწილი კოშკებით. ცხენზე შემომხტარი ბიჭებით. ნამისგან აბრჭყვიალებული მინდვრებით. ცხვრის ფარასგან გადათეთრებული მთებით. აქაფებული, ხმაურიანი ალაზანით. შემთვრალი, მობანცალე კაცებით. თბილბეწვიანჟილეტშემოცმული, წელში გამართული ქალებით.

კარავი ისეთ ადგილას გავშალეთ, თავს გამოჰყოფდი თუ არა, შენ წინ მთელი სოფელი იყო წამოჭიმული. ყველაფერი რომ დავაბარგეთ და მოვეწყვეთ, საგზალი გავაწყეთ და წავილუკმებითო, ვიფიქრეთ, რომ თავს ხუთიოდე, პატარა ბიჭი წამოგვადგა. ჯერ ინგლისურად მოგვესალმნენ, თქვენო, “ჰავ არ იუო-ო” - თუშურ აქცენტით გვითხრეს და გაგვეცინა ძალიან.

იჰოო, ქართველები ხართო? - გაუხარდა ერთ ბიჭს და ამოიდგეს ენა. ჩვენი ამბებიც გამოიკითხეს და თავისიცა გვითხრეს.

პური და შოკოლადის კარაქი გვაქვს მეთქი მარტო, გაგინაწილებთ თქო-ვუთხარი. იმეო, რაც აქ ამოვედით, კი აღარ გვიჭამიაო შოკოლადის კარაქიო- გაიკრიჭნენ.

ისე გემრიელად ვილუკმებოდით, ისე სასაცილოდ ვებლუყუნებოდით ერთმანეთს პირში ლუკმაგაჩრილები, ისე ვეკითხებოდით დღეობისა ამბებს, სასაცილოები ვიყავით ძალიან. ამასობაში, მთის წვერზე შემომდგარი ხატიდან, დღეობის დროშები გამოიტანეს. არყები გადაცალეს თუშებმა და ფეხზე წამომართულებმა იღრიალეს მთელ ხმაზე- წყალობდეს! წყალობდეს! წყალობდეს!

ხუთი წუთი გასდევდა ექოდ მთებს იმათი ღრიალი.

ცხენმა დაიხვიხვინა ისე გულისწამღებად, გადაგვივლის მეთქი თავზე, გავიფიქრე და კარვიდან გაბურძგნული თავი გამოვყავი.

თუშეთი, თუში

ხალხი უკვე ირეოდა სოფელში. კაცებს ცეცხლი დაენთოთ და დიდი ქვაბებით ალუდსა ჰხარშავდნენ. საკლავად გამზადებული საბრალო ცხვრები ჰყავდათ მიბმული ეკლესიის ნანგრევებთან და შეჰბღაოდნენ ისინიც ცას.

დართლო, თუშეთი

მოვწესრიგდით, ჩანთები ჩავაბარგეთ და პატარა, ხისაივნიან, მყუდრო კაფეში ცხელ-ცხელი ყავა დავლიეთ.

მერე სოფლის ვიწრო ორღობეებში დავდიოდით და თითო კუთხე კუნჭულს ვჩხრეკდით. ყვავილებს ხელებს ვუსვამდით. ფოტოებს ვიღებდით. ხალხს ვესალმებოდით.

მერე დიდი სუფრა გავშალეთ. მაგიდაზე მოჭედილი ჩაიდნებით ალუდი შემოვდგით. მერე იყო დოღი. უუნაგირო ცხენებით გამოიქცნენ ბიჭები და მტვრის კორიანტელი დააყენეს გზაზე. გაჰკიოდნენ მთელ ხმაზე და მოაფრენდნენ ცხნებს.

სადაც სუფრა იყო გაშლილი, იმის გვერდით ძველი, საუკუნეების წინანდელი სასამართლოს სხდომის ადგილას, წრიულად განლაგებული ქვები იყო დაწყობილი. იქ ისხდნენ ხოლმე 12 უხუცესი მსაჯული და იქა სდებდნენ ხოლმე საფიცარ ქვაზე ფიცსა. ჰოდა, დოღის გამარჯვებულიც ის გახდა, ვინც პირველი მოვიდა ამ ქვებთან და გადაჰკიდეს ყველაზე დიდი ცხვრის ტყავი ცხენზე. ატყდა ტაშის ცემა და სიხარულის გამომხატველი ღრიალი.

და დაიწყო დღეობაც.

წამოსვლა არ გვინდოდა და მათი დატოვება, მაგრამ დრო იყო უკვე.

სანამ დიკლომდე მიხვალ სოფელი შენაქო უნდა გაიარო. სანამ შენაქომდე მიხვალ კიდევ, ერთი დიდი მთა უნდა გადაჭრა და 8 კილომეტრამდე აღმართი, აიმ მთაზე აირო. ისე ცხელოდა, სულ დამეწვა ცხვირ-პირი. ჩანთა კიდევ უფრო დამიმძიმდა და სახე მომერღვა. მაგრამ მაინც ყოჩაღად მივიწევდით წინ.

შენაქო რომ გამოჩნდა, ყიჟინა შემოვკარით და სოფლის თავში მდგარი ეკლესიის მინდორზე, წელმოწყვეტილები დავეყარეთ. გვსიამოვნებდა მწვანე მინდვრიდან ამომავალი სიგრილე ბეჭებზე და დიდი ხანი არ გვინდოდა იქიდან წამოსვლა.

თუშეთი

ორი პატარა აღმართი და მერე 4 კილომეტრი გვქონდა წინ, მეტი კი არა, მაგრამ დროის არასწორი გათვლის გამო, შეგვიბინდდა და შემოგვიღამდა ტყეში.

როგორია, კაციშვილის ჭაჭანება არ არის. გზად სამი დაგლეჯილი ბატკნების ტყავები ყრია. ბინდია და ყველა გადაჭრილი მორი დათვად და მგლად გელანდება.

ანა წინ მიდიოდა. დიდი მორივით ჯოხი დაეჭირა ხელში და მტკიცე ნაბიჯებით მიდიოდა ბილიკს.

თუ მგელი დაგვესხა თავსო, უკან არ გავრბივართო - ამბობდა და გარემოს ზვერავდა თან. მე ჯოხს ჩავარტყამ და შევაყოვნებ, მერე სამივე ერთად ხეებისკენ გავიქცევით და იქ ავძვრებითო - აწყობდა გეგმებს.

თან გვეცინებოდა. რისი ჯოხის ჩამრტყმელები ჩვენ ვიყავით, მაგრამ იმედი იყო მაინც. ისეთი სისწრაფით ვიარეთ, რომ გვეგონა 2 კილომეტრიც არ გაგვივლიაო ჯერო, პირველი სახლი გამოჩნდა და ცხენებზე შემომსხდარი ორი ბიჭის ხმა გავიგონეთ.

ეჰეჰეოოოო - იყვირა ანამ.

-ვინმე ხართო აქო? შორსააო სოფელიო? - გასძახა.

მოსულები ხართ და ეგააო- შემოგვძახეს ბიჭებმა და გააჭენეს ტყისკენ თეთრი ცხენები.

გადავრჩითო, ერთმანეთს ვუყურებდით და გვეცინებოდა თან.

იმ ღამეს დიდხანს ვერც დავიძინეთ.

თუშეთი

გათენდა მესამე დღე და გულჩამწყდრები, იქაურობას რადგანაც ვტოვებდით, უკანა გზას დავადექით.

ასე, ალალ-ბედზე.

ბედნიერება ზოგადი არ შეიძლება იყოს. ის ყველგანაა. ბევრ წვრილმანში და ყოველდღიურად, დედის ზარიც კი ბედნიერებას განიჭებდეს იქნება, მაგრამ მერავიცი, მე ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი, როგორიც თუშეთია.

როგორიც იქ მოსმენილი ცხენის ჭიხვინის ხმებია. ქორის ფრთების ტყლაშუნისა და მდინარის ხრიალის ხმები.

როგორიც ორფეხზე დაყენებული ცხენზე შემომხტარი, ცისფერთვალება და ჭორფლიანცხვირიანი ბიჭის ყურება.

იმ პატარა კაფეში მომუშავე ცხრა წლის გოგოს მიერ მოდუღებული ყავის დალევაა.

თუშეთში წადით! 

 

თინათინ ღვინიაშვილი

კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური" 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %