რაჭა ჩემი სიყვარული!
როცა ლაშქრობისთვის ემზადები, გუდა-ნაბადს აიკრავ და დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხისკენ - რაჭისკენ ავტოსტოპით აპირებ წასვლას, აუცილებლად უნდა გეჭიროს ხელში მუყაოზე დაწერილი ტრაფარეტი - „რაჭა - ჩემი სიყვარული“. ასე ნამდვილად გაგიჩერებთ რაჭაზე შეყვარებული ადამიანი და თუ ამავდროულად, რაჭველიც აღმოჩნდება, პირდაპირ ნაქერალას უღელტეხილამდე წაგიყოლებთ.
ნაქერალას ნისლიანი უღელტეხილი რაჭას და იმერეთს ყოფს ერთმანეთისგან. დღემდე ვერ თანხმდებიან რაჭველები და იმერლები, ცხრაჯვარი რაჭაა თუ იმერეთი. მაგრამ, საზღვარზე აღმართული ულამაზესი კლდეები, რომლიდანაც ხელისგულივით მოჩანს ტყიბული და მიმდებარე ტერიტორიები, ულამაზესია.
ნისლიან ამინდში შეიძლება ვერც გააცნობიეროთ, რამხელა სიმაღლეზე ხართ და კლდის პირას ჩამოჯდომაც მოინდომოთ ჩვენი ჯგუფის მსგავსად, მაგრამ როგორც კი ნისლი გაიფანტება, შეიძლება სისხლი გაგეყინოთ ძარღვებში - უზარმაზარ კლდეებს რომ დაინახავთ.
ცხრაჯვარი პირველი გაჩერებაა - კლდეზე აღმართული ჯვრებით და ლამაზი გადასახედებით, იდუმალი ტყით და ნისლით, რომელიც ასე ახლოდან არასდროს გექნებათ ნანახი.
ცხრაჯვარიდან ისევ სამანქანო გზაზე რომ დაბრუნდებით და ცოოტათი რომ გაუყვებით მიხვეულ-მოხვეულ გზას, რაჭის ყველაზე დიდ წყალსაცავს - შაორის ტბას დაინახავთ. ტბაზე ზაფხულში ბევრი ხალხია. ზოგი თევზაობს, ზოგი ირუჯება, ზოგიც ახალგაზრდულ ბანაკშია წამოსული ან კარავი გაუშლია. შაორი მართლაც, ძალიან ლამაზი წყალსაცავია და მისი გავლის შემდეგ ნამდვილად რაჭაში ხართ.
პირველი სოფელი, რომელიც შაორის შემდეგ შეგხვდებათ - ნიკორწმინდაა. ნიკორწმინდა ცნობილია უდიდებულესი ტაძრით, რომელზეც არაერთი ლექსი,სიმღერა თუ თქმულება გექნებათ გაგებული. მაგრამ, გამორჩეულად შეეფერება გალაკტიონის „ნიკორწმინდა“. ამას კი ტაძრის დანახვისთანავე მიხვდებით.
სოფლის ცენტრში დაბრუნებულებს შეგხვდებათ ტურისტული ბილიკის მაჩვენებელი ნიშანი. ნიკორწმინდასთან ახლოს ორი ბილიკია - ნიკორწმინდა-ჭელიშის (უდაბნოს) მონასტერი და ნიკორწმინდა - საყინულეს მღვიმე. ბილიკი მარკირებულია და ძალიან იოლია მიგნება. სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს მეგონა მღვიმეში თუ რაიმე ძალა ჩემი ნებით ჩამიყვანდა, მაგრამ საყინულეს მღვიმე იმდენად განსაკუთრებულია - აუცილებლად უნდა მოხვდეთ ერთხელ მაინც. ივლისის სიცხეში, გზაზე მიმავალი, დასიცხული ადამიანისთვის პირდაპირ მისწრებაა საოცარ სიგრილეში, უფრო სწორად, საყინულეში მოხვედრა. ტემპერატურის სხვაობა მკვეთრად შესამჩნევია და გირჩევთ, მღვიმეში ჩასვლისას ჟაკეტის ჩაცმა არ დაგავიწყდეთ. მღვიმე ზომაში იმაზე დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და შეგიძლიათ, მთლიანად მოიბოდიალოთ.
მღვიმიდან გამოსულები კი ჭელიშის მონასტრისკენ მიმავალ გზას დაადგეთ და ხეებს შორის პატარა მინდორზე გაშლილ კარავში დაიძინოთ. მომდევნო დღეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა გრძელდება.
დილით ნიკორწმინდიდან ამბროლაურისკენ მიმავალ გზას დავადექით და გზაზე ბევრი ლამაზი, ისტორიული სოფელი შეგვხვდა. მათ შორის,ხოტევი. ლეგენდის თანახმად, ხოტევში აღმაშენებელს ციხე აუშენებია. სახელიც აქედან მოდის - მეფემ ადგილობრივებს კითხა - ხო ეტევითო და ხალხმა ციხეს და შემდეგ სოფელს ხო-ტევი დაარქვა.
ამბროლაურში მდებარეობს ტურისტული ცენტრი, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ. უფასოდ მოგცემენ რაჭის რუკას, ბუკლეტს - სადაც ადგილების ჩამონათვალია, რომელიც უნდა ნახო და ღიმილით გამოგაცილებენ. მათთან სტუმრობის შემდეგ რუკით შეიარაღებულებმა ბუგეულის ღვინის ქარხანაში გადავწყვიტეთ წასვლა, სადაც უგემრიელეს ხვანჭკარას აყენებენ და დოქით სრულიად უსასყიდლოდ გაგიმასპინძლდებიან. იგივე ღვინო მაღაზიაში,იგივე რაოდენობით მინიმუმ 35 ლარი დაგიჯდებათ. ამიტომ, ნამდვილად ღირს ბუგეულის ქარხანაში სტუმრობა.
აქვე, ლაშქრობაში წასვლისას ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა გქონდეთ წინასწარ დაგეგმილი, სად მიდიხართ. სასურველია, გქონდეთ იმ ადგილის რუკა, სადაც აპირებთ ლაშქრობას, მობილური აპლიკაცია google map და ტურისტული ცენტრის ნომერი, რომ დახმარებისთვის დაეკონტაქტოთ. ა რ ენდოთ სხვების მიერ მისწავლილ გზას. შეიძლება თქვენ ვერ გაიგოთ სწორად, ან მათ ვერ გადმოსცენ სწორად გზა და დაიკარგოთ.
ამბროლაურიდან ონამდე ბევრი ლამაზი ადგილია - ბარაკონი, მრავალძალი და პატარ-პატარა სოფლები. თვითონ ონი კიდევ ნამდვილად უსაყვარლესი, პატარა ქალაქია. საოცრად მწვანე ქუჩებია, უსაყვარლესი ტრაფარეტი აქვს ყველა შენობას და ქუჩებიც ძალიან მოწესრიგებულია. ონში აუცილებლად უნდა ნახოთ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. შთამბეჭდავი არტეფაქტები ინახება შიგნით. მაგალითად, 6 ლიტრიანი სასმისი, რომელსაც ერთი მოყუდებით სვამდნენ რაჭველი დათვები. მოისმენთ ისტორიას აღდგომელა გლოლელზე, რომელიც ერთ დალევაზე 16 ლიტრ ღვინოს სვამდა. ნახავთ ბ.გორდეზიანის ტილოს „ცხრაწყარო“, რაც ქართული კუბიზმის ნიმუშია. რწყილი და ჭიანჭველაც შეიძლება თვალწინ დაგიდგეთ, როცა ღორის ჯაგრისგან დაწნულ თოკს ნახავთ. ონში კაფეც არის, სადაც უგემრიელესი ცივი ყავა შეგიძლიათ დალიოთ და მერე მთავარი ღირშესანიშნაობისკენ - ონის სინაგოგასკენ გასწიოთ.
სინაგოგა 1855 წელსაა აგებული და ვარშავის სინაგოგის ანალოგია. ვარშავის სინაგოგა ჰიტლერმა 1945 წელს დაანგრია, ხოლო ონის სინაგოგა დღემდე ამაყად დგას ონში. თუ გაგიმართლებთ, შიგნიდანაც ნახავთ. როგორც მუზეუმში გვითხრეს, ხანდახან იხსნება ხოლმე, როცა რაბინი მოდის და 12 მამაკაციც იკრიბება, რომ ილოცონ.
ონიდან გზა უწერასკენ გავაგრძელეთ. უწერა კურორტია, სადაც მჟავე წყლებია. მართალია, კარგი სუნი ნამდვილად არ აქვს წყლებს, მაგრამ ძალიან გემრიელია. თუ ჩემსავით კარავში გძინავთ, უწერას გასასვლელში უზარმაზარი ეზოა, სადაც კარავი შეგიძლიათ დასცეთ და სხვა მოგზაურებსაც შეხვდეთ. თუ სასტუმროს ანიჭებთ უპირატესობას, უწერაში სასტუმროს პრობლემა ნამდვილად არ არის.
უწერადან გზა გლოლასკენ გავაგრძელეთ. გლოლამდე ულამაზესი ტყეა, სადაც თითქმის მთელი გზა ფეხით გავიარეთ და ხმა არავის ამოგვიღია. იმდენად ლამაზი იყო იქაურობა, ყველანი თვალებს ვაცეცებდით.
გლოლადან უძირო ტბისკენ მიმავალ გზას დავადექით. გირჩევთ, რომ თუ უძირო ტბაზე მიდიხართ, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ წაიღეთ საკმარისი საჭმელი. გაითვალისწინეთ, რომ უძირო ტბა ალპურ ზონაში მდებარეობს და კოცონის დანთება ძალიან გაგიჭირდებათ. სასურველია, გამყოლი წაიყოლოთ და მარტო არ წახვიდეთ.
დაახლოებით 2 საათიანი სიარულის შემდეგ დასაბანაკებელი ადგილი შეგხვდებათ. სჯობს, რომ ღამით დაისვენოთ და დილით ახვიდეთ უძირო ტბაზე. ბანაკის წინ კამკამა ნაკადული ჩამოდის, სადაც ყინულივით ცივი წყალია. ნაკადული ტბიდან იღებს სათავეს და ამიტომ, კრისტალურად სუფთაა.
თვითონ უძირო ტბა ულამაზესია. თოვლით გარშემორტყმული, ცივი, კამკამა წყლით. მომწვანო ფერის წყალით და საოცარი, გამჭირვალე ჰაერით. გზა საკმაოდ რთულია, მაგრამ ნამდვილად ღირს იმ სილამაზედ, რაც ზემოთ დაგხვდებათ.
რაჭა, ასე ფეხით მოვლილი, მართლაც ისე შეგიყვარდებათ, როგორც ყველა საკუთარი კუთხე გიყვართ. რაჭა ნამდვილად ჩემი სიყვარულია !
დეა მინაძე
კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"