მარიამობა თუშეთში, ანუ "გვწყალობდეს"

რამდენიმე დღიანი მოგზაურობის შემდეგ, როცა სახლში დაღლილი მილასლასდები, წყალს გადაივლებ და რბილ, ფუმფულა საწოლზე წამოკოტრიალდები, არის ერთი განსაკუთრებული წამი, - ოქროს წამს ვეძახი ხოლმე, როცა წამიერად, მთელი მოგზაურობა თვალწინ გადაგირბენს და ჩუმად, შენთვის, სიამოვნებისაგან გაგეღიმება. მეც სწორედ ასეთ დღეებზე მოგიყვებით, თუშურ დღეებზე...

წელს თუშეთში მეორედ აღმოვჩნდი. პირველად ხევსურეთიდან, აწუნთის უღელტეხილით გადავედი აღმოსავლეთით. ახლა კი, ჩვეულებრივ, როგორც ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი ისე, - დელიკით ავედი ქართულ სამოთხეში. ადგილას, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის "გვწყალობდეს" და სადაც სტუმარი ისე ვერ ჩაივლის, იქვე მოხარშული ალუდი რომ არ შესვას. ეს ასეა, ასე იყო და ასე იქნება კიდევ იმდენხანს, სანამ ამ დიდ გლობუსში, ადამიანები ქართულად ილაპარაკებენ.

თუშეთში სამი დღე გავატარე. საოცარ დროს მომიწია იქ ყოფნა, - მარიამობის დღესასწაულზე. ყველა სოფელში სუფრა იყო გაშლილი, ყველგან გარმონისა და თუშური სიმღერების ხმა ისმოდა, ყველგან ბედნიერი ადამიანები იყვნენ, - ცხოვრებითა და ერთმანეთით ბედნიერები.

საერთოდ, მგონია, რომ თუშეთში, სამი დღე კი არა, ერთი კვირაც კი არ გეყოფა იმდენია საბოდიალო და სანახავი. თუმცა, სამ დღეშიც შეიძლება იმ ძირითადი ადგილების მონახულება, რომლებსაც ტურისტულ ადგილებს ვუწოდებთ ხოლმე.

თუ გსურთ თუშეთში მოგზაურობა და გაწუხებთ 21-ე საუკუნის სენი, - დროის სიმცირე, თქვენი მოგზაურობა აუცილებლად ომალოს ვიზიტორთა ცენტრით უნდა დაიწყოთ, სადაც დამღლელი მგზავრობის შემდეგ, საშუალება გექნებათ დაისვენოთ, იქვე კაფეში სხვადასხვა კერძები დააგემოვნოთ და მოემზადოთ შენაქოში და დიკლოში გადასასვლელად. ბოლოს კი, დართლოთი დაასრულოთ პირველი დღე იქაურ საოჯახო სასტუმროში, სადაც საშუალოდ ერთი ღამის გათევა, 20-25 ლარი ღირს. ამასთან, იქვე, დართლოს გადასწვრივ, შესაძლებელია კარვების გაშლაც, თუ ეს უფრო მოსახერხებელია თქვენთვის. თუმცა, მე ნამდვილად უკანასკნელ მათგანს გირჩევდით, უფრო მეტად რომ შეიგრძნოთ თუშეთი. დაანთოთ კოცონი და დიდხანს უყუროთ ცაზე გამოკიდებულ მთვარესა და მიჭედებულ ვარსკვლავებს.

ჩემი თუშეთში ჩასვლის მეორე დღე, მარიამობის დღესასწაულს დაემთხვა. გადავედი გირევში, ფარსმაში სადაც ღრეობა იყო გამართული. ისმოდა გარმონის ხმა, იხარშებოდა თუშური ხინკალი, ლუდი... ყველაფერი იყო, რაც ადამიანის გასაბედნიერებლად არის საჭირო. ასე რომ მეორე დღე სწორედ გირევსა და ფარსმას შეგიძლიათ დაუთმოთ.

მესამე დღისთვის ბოჭორნა, ( ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებული პუნქტი) დოჭუ და ძველი ომალო შემოინახეთ. ომალოში ულამაზესი კესელოს კოშკებს ეწვიეთ და დატკბით საოცარი პანორამებით, რომლებიც იქიდან იშლება.

ადამიანი ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს თუშეთში. გასაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელ თუშეთში დღეობები იმართება. დღეობები აღდგომიდან მე-100 დღეს იწყება. ყველა სოფელს თავისი შულტა ყავს, რომლებიც ორგანიზებას უწევენ დღეობას და ყველა იქ მისულ სტუმარს, პატივს სცემენ. ასეთი ამბები ხდება თუშეთში,  - საოცარი ამბები.

ჰო, მე წელს თუშეთში ვიყავი, მარიამობის დღესასწაულზე.. ადგილას, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისმის "გვწყალობდეს" და სადაც თუშები, ყველა სტუმარს ხელგაშლილნი ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %