თუშეთი - მოგზაურობის დასასრული. ნაწილი II

თუშეთი - სამყირნეს ტბა . ნაწილი I 

წინა პოსტში უკვე მოგიყევით თუ როგორ მოვხვდით სამყირნის ტბაზე, ჩავიარეთ ულამაზესი ორწყლის ხეობა, გადავურჩით მეცხვარეთა ნაგაზებს, ვნახეთ ნიამორები და საღამოს დავბანაკდით მეცხვარეთა ბინასთან. საოცარ კეთილშობილ თუშის სახელად ოტოს ბინასთან. ავაღწიეთ ვესტომთამდე... გზად ულამაზესი ორწყლის ხეობა გავიარეთ...უჩანთოდ სწრაფად ვმოძრაობდით და ამით დრო დავზოგეთ...

ვესტომთას არწივის ბუდეს შევადარებდი. მთის წვერზე მოქცეული სოფელი რამდენიმე მოსახლით. თუმცა ულამაზესი ხედებით. გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე მხოლოდ სამი ფერმერი ცხოვრობს... აქვეა პატარა აგროტურისტული საოჯახო ტიპის სასტუმრო საოცრად კარგი რომ მსმენია ისეთი მასპინძლებით.ყველის უამრავი სახეობით რომ გაგაკვირვებენ განსაკუთრებით კი თუშური გუდის ყველით. აქ მოსახლე გიორგი ქარსამაულის სახელი შეიძლება ბევრ თქვენგანს აქამდეც ჰქონოდეს გაგონილი, თბილისში ყველის ფესტივალზე მისი თუშური გუდის ყველია წარმოდგენილი ხოლმე... ვესტომთაში კი უკვე წარმოების პროცესიც კი შეგიძლიათ ნახოთ......ამ "არწივის ბუდიდან" საოცარი ხედები იშლებოდა, როგორც ორწყლის ხეობაზე, რომელსაც შავიკლდის მწვერვალი ამშვენებს, და რომელიც უკვე ჩამოვიარეთ ასევე გომეწარზე, რომლისკენაც ახლა გვქონდა გეზი აღებული...

ვესტომთიდან დავეშვით, ტყე გავიარეთ და მივადექით სოფელ ილიურთას... აქ წმინდა გიორგის XIX საუკუნეში აგებული ეკლესია ვნახეთ. საოცრად ლამაზი არქიტექტურის მქონე ისტორიული ძეგლი. რის ნახვასაც აუცილებლად თქვენც გირჩევთ... მალევე მივადექით გზაგასაყარს, სადაც ჩვენს მეგობარ თუშებს უნდა გამოვმშვიდობებოდით... კეთილი სიტყვები და სურვილები გავცვალეთ და ჩვენ ჩვენს გზას დავადექით...

აქედან ომალოსკენ გვაქვს გზა და იმედი რომ თუშეთის სამანქანო გზების 23 კილომეტრიანი მანძილის ტკეპვნა დიდხანს არ მოგვიწევს და მალევე რამე გაგვიყოლებს... გზად ისევ ვმეცადინეობთ რა იჭმევა და რა არა... რისი ჩაია კარგი და რისი არა...

მაგრამ პირველი წარუმატებლობა: 50 მეტრით გაგვასწრო კამაზმა, იმან რომელმაც მოგზაურობის დაწყებისას თუშეთში ამოგვიყვანა. ჯვარბოსელიდან გამოსულმა სულ ცოტათი გაგვასწრო... რას ვიზამდით გამოვიტირეთ ბედი ჩვენი და ფეხით დავადექით გზას... ძაღლები. ახლა სოფლის ნაგაზები...

სამმა დაგვიმარტოხელა, შემოგვარტყეს კრუგი. ავიტუზეთ ჩვენც დასჯილი ბავშვებივით და ვდგავართ ასე თავდახრილები სანამ ესენი ეგოს იკმაყოფილებენ ჩვენი ჩაგვრით. მობეზრდათ ამათგან ვერაფერ საინტერესოს ვერ მივიღებთო დარწმუნდნენ და გაგვეცალნენ. ერთი იქვე გაწვა,ჩვენ ნელა ვიპარებოდით მაგრამ მიხვდებოდა თუ არა ადგილი შეიცვალესო ისევ გადმოდგებოდა მიწაყრილზე და პირდაპირ სახეში გვაყრიდა დუჟებს... ნინი მეჩურჩულება"- ჩუმად გახედე ოღონდ არ ახარხარდეო." ..გავხედე... სასაცილო ძაღლი იყო, სახეზე ახლა პირველად შევხედე და გაბრაზებისას და ყეფისას ძალიან სასაცილო მიმიკებს იღებდა, თითქოს სახე ცალკე გაურბის და ყბა ცალკეო, წამსკდა ხარხარი ... ვდგავარ და ვტირი სიცილისგან... ამაზე სულ აიჯაგრა ჩვენი ნაგაზი და გაავდა... მე ხან იმაზე ვიცინი ხან საკუთარ თავზე, - რა მაცინებს დამგლიჯოს ლამისაათქო ... მერე ეგეც მობეზრდა იმასაც და ჩვენც ის სახლში წავიდა და ჩვენ ისევ მტვრიან გზას დავადექით...

ათობით ტურისტის მანქანა ჩაგვცვდა... ჩანჩქერთან შევისვენეთ. სახე დავიბანეთ. აზრე მოვდივართ რომ ჯერ ერთმა დელიკამ შეაჩერა. მხიარული ხალხი იყო თავი გადმოყვეს და გვანუგეშეს უკანა გზაზე თუ შეგვხვდით აქ არ დაგტოვებთო... ნუ იმედია. წავიდნენ. ჩვენც ის ის იყო ჩანთები მოვიკიდეთ რომ მეორე დელიკა ჩაგვცდა ხელს გვიქნევდა ბავშვი და გამეცინა მაგაზე. შეაჩერა. ვიღაც ჩემს სახელს იძახდა. გავიხედე და ძველი, ძალიან ქალაქის ნაცნობი აქ რომ სულ არ ველი, ამ გარემოში მის ნახვას ისეთი... თბილად მომიკითხა დაგინახე თუ არა ეგრევე გიცანიო... გამეცინა, არადა ახლა მზისგან დამწვარ აწითლებულ, მხრებგადატყავებული მეთვითონ ძლივს ვცნობდი ჩემს თავს... მოკლედ, მოვიკითხეთ ერთმანეთ და დავიშალეთ... ომალოში შეხვედრას ვერ ავცდებითო, შემომღიმა. მეც გამეღიმა... მთლად ბოლომდე ვერ ვუცნივარ.

მალევე წამოგვეწია მანქანა. ქართველებს აქ როგორ დაგტოვებთო, ჩაგვყარეს მანქანაში და ომალოსკენ გზას დავადექით...

ომალოში ბევრი ვისაუბრეთ. თუშები იყვნენ. მეგობრები გაგვაცნეს, თუშების გარემოცვაში თავს ისე ბედნიერად და შინაურულად ვგრძნობდით. არ ვიცი ასე გულღიად და თბილად ვის მივუღივარ, ასე უცნობი.

მეორე დღეს დღეობა უწევდა. დარჩითო. არ ვახვეწნინეთ თავადაც ისე გვინდოდა. მასპინძელმა თუშური ცივი ლუდი შემოგვაგება. ღვთიური სასმელის გემო გიგრძვნიათ? ...

აივანზე მოვკალათდით და ხალხის თვალიერება დავიწყეთ, შემდეგ თექის დამუშავებას ვუყურებდით, ტურისტებს ვუყვებოდი მასპინძლის საოცარ ნიჭზე შეექმნა მატყლისა და საღებავებისგან სილამაზობები რომ ისევ ჩემი სახელი გაისმა...

ისევ თბილისის ნაცნობი... უცნობ მხარეშიც მოთხოვნადი ხარ, გამეხუმრა თუში მეგობარი და მხარი წამკრა...

გავეშურე ნაცნობთან :

- "დღეს ვივახშმებთო ერთად" . მხარზე ხელის ტყაპუნით დამიმტკიცეს შემომთავაზება. გავიღიმე. წამში გამახსენდა დღეს ვახშმობის იმედი რომ აღარ მქონდა. ჩანთაში კი მეგდო, რამდენიმე ხორცის ნაჭერი, პური და ტკბილი პეჩენია მაგრამ რაღაც არ ვიყავი ხასიათზე. ამ მკაცრმა ტონმაც, დაუსმელი კითხვის პასუხივით რომ ჟღერდა ამ თავისუფალ თუშეთში რაღაც ყური მომჭრა და ვიუარე. მეგობრებთან უნდა დავრჩე მეთქი ...

დადგა საღამო. და ვიხილე კიდე ვერთი სილამაზე.

ჰობი გვაქვს. სასაფლაოები. მიგვაჩნია რომ სასაფლაო სარკესავითაა მოსახლეობაზე. ისეთია შენი მიცვალებულების სამყოფელი როგორი კულტურის მატარებელიც ხარ. რისიც გწამს და გჯერა ყველაფერი გავლენას ახდენს ამ ადგილზე. სადაც ჩავდივართ ყველგან სასაფლაოებსაც შევავლებთ ხოლმე თვალს და რა არ გვინახავს... ჰოლანდიაში პირდაპირი მნიშვნელობით საფლავის ქვას შოკოლადის ფილის ფორმა ჰქონდა... მაგრამ ის რაც თუშეთში ვნახე ყველაზე აღმაფრთოვანებელია... გინდათ თუშეთი ნახოთ? მაშინ ომალოს სასაფლაოს შეავლეთ თვალი...

სასაფლაო მთის წვერზე ომალოს თავზე მდებარეობს. წინა საუკუნის საფლავები. ისეთი გარემო და აურა იქმნება რომ წინაპრები ომალოს არ ტოვებენ. მუდამ აქ მთის წვერზე დგანან და იცავენ. ნაძნვარის ტყიდან აკვირდებიან.

საღამო იყო და მზე ჩადიოდა. ბალახზე დავსხედით და უკანაკნელ სნიკერს მოვუღეთ ბოლო. ნაუარები ვახშამი დამენანა ცოტა... ვუყურებდით ხვალინდელი დღეობისთვის მოფუსფუსე ომალოს. სტუმრებს რომ ვერ იტევდა. სასაფლაოდან საოცრად ჩადიოდა მზე მთის ხეობებში... შინ დაბრუნების დრო ახლოვდებოდა.

კარავთან თუში ახლად შეძენილ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ. თითო კათხა ლუდი კიდევ დავლიეთ. ფუტკრები ჭიქებში გვიძვრებოდნენ...

შემდეგ მეზობლად საოცრად ძლიერ ქალთან გადავიბარგეთ, ვახშმობის ახალი შანსი გაჩნდა... და საუბარს შევყევით. გავოცდით ამ ქალის სიძლიერით. თელავიდან ამოვიდა და მარტო ცდილობდა სახლის შეკეთებას. დამხმარეები ყავდა მაგრამ მეტწილად საქმეს თავის თავზე იღებდა შევატყეთ. სიძლიერე ვიგრძენით. ქალის სიძლიერე და სიამაყემ ჟრუანტელად დაგვიარა ტანში. ბედნიერები ვიყავით ამ დღით, ამ გარემოცვით. მასპინძელი ამ დროს შინ არ გახლდათ.

 უკვე გვიანი იყო დასაძინებლად რომ გავეშურეთ. ლამის გვეძინა რომ შემოგვძახეს კარავში, კარაქიანი პურები და ქონდრის ჩაი შემოგვაწოდეს,-" ყურადღება ვეღარ მოგაქციეთ საქმის გამო და მგონი მშივრები დამრჩითო " . წუხდა გაგვეცინა ვუთხარით რომ ვივახშმეთ უკვე, მის მეგობრებთან ერთად. მაგრამ არ გაჩერდა.ესეც დააყოლეთ ზედმეტი არ მოგივათო... რაღას ვიზამდით... დავაყოლეთ. ჩაის ყოველი ყლუპი მთელს სხეულს მითბობდა... მთელი საღამო შრომაში გაატარა და ისე მაინც არ დაიძინა რომ ჩვენ არ გავხსენებოდით...ზრუნვა უცოხო ადამიანზე. ესაა ის რასაც თუშეთში ყველა ნაბიჯზე გადავაწყდი...

მეორე დღე გათენდა და დღეობა დაიწყო... ჩვენ ჯირითობამდე დავრჩით და შემდეგ მეგობრებს გამოვემშვიდობეთ, თბილისისკენ გზა გვქონდა გასავლელი... წამოვედით. ომალოს გამოვცდით თუ არა ნაგაზი დაგვედევნა... აი კიდე ერთი შარითქო გავიფიქრე რომ კუდი ააცანცარა... მორზე ვისხედით რომ მოვიდა, მოფერების ულებაც მოგვცა და წაგვეთამაშა კიდეც... ვახ, ასეა.... თუშეთში ყველა ნაგაზი კი არ გჭამს, ზოგი გეთამაშება... მასაც დავშორდით...

სულ მალე დაგვეწია დელიკა.ჯერ კიდევ გუშინ რომ გვპირდებოდა უკანა გზაზე აქ არ დაგტვებთო... ჩაგვყარეს მანქანაში და თბილისამდე სიცილ-კისკისით ჩამოგვიყვანეს... ერთ-ერთი ტურისტულიდან იყვნენ. შიდა ტურიზმზე რომ მუშაობენ. სავსე სულ ქალებით (ორი კიდე ჩვენ დავემატეთ) და მხოლოდ ერთი კაცი წარმოგიდგენიათ დელიკაში რა ამბები ხდებოდა? ... ერთი წუთით არ მოვღუშულვარ ისე ჩამოვედით ქალაქამდე...

და აქ დასრულდა ჩემი მოგზაურობა... წლის ერთ-ერთი საუკეთესო გასვლა ქალაქიდან. მისტური ტბით. კეთილშობილი გულღია ხალხით თუ საოცარი ხედებით სავსე...

ესაა თუშეთი. ჩემი სიყვარული....

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %