სამცხე-ჯავახეთის საოცარი ხედები
მშვენიერი დილა გათენდა, კაცი ‘გააპაპუტკებდა“ ვფიქრობ და თან ჩემს გამზადებულ ზურგჩანთას ვიკიდებ. დილის ცხრა საათია, ვდგავარ მეგობართან ერთად ავტობანის 32-ე კილომეტრზე, ნატახტარის გადასახვევთან (ამ ადგილამდე ყოველთვის წეროვნის სამარშუტო ტაქსს მოვყვები ე.წ. ოკრიბის სადგურიდან, რომლის ფასი ერთი ლარია); უკვე შვიდი წელია ასე ვმგზავრობ და ვმოგზაურობ საქართველოში (იღბლიანი „ავტოსტოპისთვის“ ჩაიცვით ფერადოვნად).
- საით? გვეკითხება მძღოლი.
-სამცხე-ჯავახეთისკენ, ვპასუხობთ ერთად.
-არ გეზარებათ კიმარა ასე ხეტიალი (მძღოლი)?
-ჩვენ უხერხულად ვიცინით და ერთმანეთს უყურებთ.
არსებობს ადგილები, რომლებზეც მოგზაურები მიჯაჭვულები არიან, სადაც მუდამ ბრუნდებიან და ყოველთვის ახალი შთაბეჭდილებებით აღსავსენი რჩებიან. სწორედ ასეთი ადგილი ჩემთვის სამცხე-ჯავახეთია, ისტორიული: სამცხე, ჯავახეთი და თორი, რომელიც საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
პირველი ჩვენი გაჩერება ბორჯომშია, თბილისიდან 160 კილომეტრში (ხაშურთან გადახვევა არ დაგავიწყდეთ). ეს გახლავთ „ლიანდაგისებური“ მტკვრის პირა დასახლება-ქალაქი, რომელიც ორი მთათა სისტემას შორის არის მოქცეული (თრიალეთისა და მესხეთის ქედები). იწყება ბუნების სიტკბოებით გამოწვეული ამოოხვრები, ჩქარა გადავირბენთ მტკვარზე ხიდს და ბორჯომ-ხარაგაულის ისტორიული პარკისკენ ვეშურებით (1935 წელს დაარსდა პირველად ბორჯომის ნაკრძალი); ჩანთის ტარება უფრო და უფრო ძნელდება, მაგრამ ჩვენი ბუნებით აღტკინება ყველაფერს უძლებს, ერთი სული გვაქვს გადავირბინოთ ბორჯომის ხეობის რაღაც ნაწილი და ერთად ჩავეყაროთ გოგირდის აბანოებში, რომელიც ბორჯომის პარკიდან 2-3 კილომეტრში მდებარეობს, ხეობის მიმართულებით. ნუ შეგეშინდებათ გზა ადვილია, მთავარია თან იქონიეთ ‘ორტენტიანი“ კარავი, იცის ღრუბელი მალიმალ ბორჯომის ხეობამ, მაგრამ გოგირდის აბანოები გაგათბობენ. არ დაგავიწყდეთ კომფორტული „ბათინკები“ და საწვიმარი, წყალი და საკვები.
მხიარული „ჭყუმპალაობის“ და გოგირდის წყლით განტვირთვის შემდგომ იქვე ახლოს აუზებთან ვცემთ ბანაკს, საღამოვდება, შეშა სასიამოვნოდ ტკაცუნობს, ალის ენა გველაპარაკება, ვხსნით მთელი დღის ნატარებ ბოთლ ღვინოს, ვსვამთ, სხეულს და გულს ათბობოს ალკოჰოლი, ვიხსენეთ თორელ გმირებს, ისმის სიმღერა, ხევ-ხუვიდან ცხოველებიც ბანს გვაძლევენ...
გათენდა. ჩვენ ბორჯომის გასასვლელთან ვდგავართ, გზას ვაგრძელებთ ვარძიისკენ.. უკვე აღარ გვახსოვს მერამდენე ავტომობილი გამოვიცვალეთ, ყველგან ერთი და იგივე კითხვები, რატომ, როგორ, რანაირად. მერე მძღოლების გულის ნადები, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, და ისინი იშვიათად თუ ახერხებ მისი ადგილების მონახულებას. აგერ ჩავუარეთ მწვანე მონასტრის, ქვაბისხევის გადასახვევებს, მივდივართ ისტორიული სამცხის პოლიტიკური ცენტრ აწყურისკენ.
მტკვრის მარჯვენა მხარეს გვეგება ციხე იგი აწყურისა, რომელიც ისტორიულ წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. სიტყვა აწყური ნიშნავს წყლის/წყლიან ადგილს. ამ ბებერი მუხის უკან ოდესღაც საკათედრო ტაძრის ნანგრევებია, აქ ერთ ერთი უძველესი საეპისკოპოსო არსებობდა. გავჩერდეთ, დავათვარიელოთ - მეუბნებიან ჩემი თვალებანთებული მეგობრები. ვერ ვჩერდებით, დრო არ გვაქვს ვარძიას უნდა ჩავასწროთ.
ჩავედით ახალციხეს, აქ არ დაიბნეთ, გზა ორად იყოფა. შეხვალთ თუ არა ქალაქში, უნდა გადახვიდეთ ხიდზე ხელმარცხნივ და აქედან გაუყვებით ვარძიის გზას... მტკვარი აქ გაშლილია, ჭალიანია, ხევიანია, კლდიანია, შეიძლება ითქვას მტკვარი აქ ის არის, ვინც თამარის ან დავითის დროს იყო: სუფთა, ჩქარი, ძლიერი, გალაღებული, სიცოცხლის წყურვილით ანთებული... სიტყვები ზედმეტია, გაჩუმებული ვუყურებთ მტკვრის ხედებს... ჯავახეთმა გადაგვიხსნა გული, დააკვირდით ჯავახეთში ბალახი კლდეზე ხარობს და ყოველთვის სხვანაირი ფერია, წელიწადის ყველა დროს თავის სილამაზის (განსხვავებული) სიმშვენე ახასიათებს აქაურ ბუნებას.
მტკვრის ნაპირებზე დაინახავთ ქართველი გლეხის წლობით ნაკეთებ და ნაგებ ტერასებს. ადგილობრივი მეურნეობა ისტორიულად იყო ტერასული. ეს ტერასები განსაკუთრებით ლამაზ ხედებს ქმნის მტკვრის ხეობაში. მივიჩქარით ვარძიისკენ, ერთი მთა, მეორეო, მესამე და უცბად თქვენს თვალწინ წამოიშლება მდინარე მტკვრის და ფარავნის შესართავთან ციხე იგი მტკიცედ ნაგები ხერთვისისა, ეს ჯავახეთის მცველთაგან ერთ-ერთი ძლიერი ციხეა, რომელსაც ჯავახი ფეოდალები, შალიკაშვილები ფლობდენ XVI საუკუნეში. თუმცა მისი ფესვები უფრო ადრეულ ისტორიულ ხანაშია საძიებელი.
ვეღარ ვუძლებთ ცდუნებას, ჩამოვდივართ ავტომობილიდან და ვითარცა ლაშქარი ურჯულოსი, ისე ვესევით ციხის სხვადასხვა უბნებს. ასასვლელად ადვილია... ფრთხილად, პირველი მოსახლე რომელიც ძველი ციხის ტერიტორიაზე ცხოვრობს და პატარა ღია მაღაზია აქვს, ყავს ასევე რამდენიმე ავი „ძაღლნი მცველნი იგნი ხერთვისისანი“. 2007 წელს ვარძიის კომპლექსთან ერთად ხერთვისიც შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ბევრი აღარ დარჩა, ვეშურებით ვარძიისკენ, მტკვრის ხეობა ვიწროვდება და პატარა კანიონს ქმნის, ასეთ შევიწროებულ ადგილას მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარეობს ციხე თმოგვი; გაოცებულები ვრჩებით, ისმის შეკითხვები როგორ ააგეს? როგორ აჰქონდათ მასალა? რანაირად?.. ვჩერდებით ვიღებთ სურათებს. მისი მშენებლობა IX-X საუკუნეში დაიწყო... მის უბნებზე გაშენებული იყო ქალაქი, თმოგვის ისტორია XIX საუკუნემდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში მრავალი „პატრონი“ ჰყავდა თმოგვს. იმ დროის პერიპეტიები თითქოს ნახმალევად ამჩნევია ამ ამაყ, დაღლილ ციხეს.
თმოგვის ციხის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის მარჯვენა მხარეს, სწორი ხაზით, სოფელი თმოგვის თავზე 2-3 კილომეტრში მდებარეობს ადგილი „ბერთაყანები“, სადაც გვხვდება სამარხები ადრეული ბრინჯაოს ხანიდან - შუასაუკნეებამდე. ეს არის წალკოტი ჯავახეთის ქედის ძირში. ეს წალკოტი დასერილია კლდის ჩანჩქერ-მდინარეებით და ბაღებით. შესანიშნავი საკარვე ადგილია მოლაშქრეთათვის. (მდინარეების წყლები ისმევა).
ვაგრძელებთ გზას, გზიდან ხელმარჯვნივ გხვდება ვანის ქვაბების გადასახვევი, რომელიც 1204 წლიდან გახდა თმოგველების საგვარეულო საძვალე. ვერ ვჩერდებით საცაა მზე გადაიკარგება ჯავახეთის ქედზე.
ძნელია წერა არ გააგრძელო, კიდევ იმდენი მაქვს სათქმელი ამ მშვენიერ მხარეზე, მაგრამ 800 სიტყვაში უნდა ჩავეტიო, ვფიქრობ მე. და აი ვარძიაც გადაიშალა ჩვენს წინ, მზე მის ყველა ქვაბულს ელამუნება და ათბობს. დღეს ვეღარ ავალთ, ვამბობთ ჩვენ და ვარძიის კომპლექსის მოპირდაპირედ ვპოულობთ კარგ საბანაკე ადგილს. დაღამდა, სავსე მთვარეა, ვარძია ხელისგულივით ჩანს, მტკვარი ისევ ისე ოხრავს აქ ჩავლისას, როგორც თამარის დროს.
დავით დოლაბერიძე
კონკურსისთვის "მოგზაურის დღიური"