კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 8)
2017 წლის თებერვალში ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოსტოპით დავადექით გზას. უამრავი რამ გადაგვხდა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ზოგი რამ ვისწავლეთ, ზოგიც ჩვენ ვასწავლეთ, დავათალიერეთ, დავაგემოვნეთ, ვიცინეთ და ვიტირეთ. დიდი თავგადასავალი იყო... ხო და ამ მოგზაურობაზე გიყვებით ახლაც...
***
შირაზში ჩავედით. როგორც ალიმ თქვა, შუადღეს და საღამოს ვარდისფერი მეჩეთის ნახვას აზრი არ აქვსო და მეორე დღისთვის გადავდოთ. კაითქო და ისე გავიარეთ ქალაქში. ლამაზია შირაზიც. შერეული ტიპის ქალაქია - არის ფართე ქუჩები, ცენტრალური; დიდი შენობებითა და დატვირთული მოძრაობით და არის ვიწრო ქუჩები, ჩუმი, კერძო სახლებით, ლამაზი ჭიშკრებით და აივნებით, ყველგან ფორთოხლის ხეებია გაშენებული და ძალიან ალამაზებს არემარეს.
ქუჩებზე რომ ვთქვა, საერთოდ ირანში ძაან ბევრი მაქანა დადის, ძველი პეჟოებით ანდა ადგილობრივი წარმოების „პრაიმეებით“ მოძრაობენ - ყველა მანქანა ერთმანეთს ჰგავს და ყველა მანქანა ტაქსია. ცოტა ძვირიანი მანქანებით უფრო პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები მოძრაობენ - განბაჟება ძაან ძვირი ჯდებაო, აგვიხსნეს. ირანელი მძღოლები შერეკილები არიან - ამაში სტოპის დროსაც დავრწმუნდით და ქუჩაში მოძრაობისასაც. ქუჩაზე გადასვლა კიდე ცალკე ხელოვნება ან ცალკე დისციპლინაა. მოკლედ, ქართველ მძღოლებზე მიჩვეულებს უცხოდ არ გვიგრძვნია თავი.
შუადღიდან ძაან ბევრი ვიარეთ შირაზში, კონკრეტული დანიშნულების ადგილი არ გვქონდა და დავხეტიალობდით აქეთ-იქით, ირანულ ურბანულ ყოფასა და სამხრეთელ საზოგადოებას ვაკვირდებოდით. მეტროში ჩავედით - მეტრო აქაც ისეთივე ჯადოსნურია, როგორც თეირანში. მეტროდან რომ ამოვედით, ისე მოიღრუბლა, სიბნელე ჩამოდგა. ჩვენ კიდე გვინდოდა ცოტა სიარული, რაღაც სკვერში შევედით, დავსხედით, დავისვენეთ, მერე ათასი კატა მოგროვდა ირგვლივ - იმათაც დაველაპარაკეთ ეთი-ორი სიტყვა. მერე ნამცხვრების მაღაზიაში შევედით და რაც რამ გემრიელად გამოიყურებოდა, ყველაფერი ვიყიდეთ და იქვე ქუჩაში ვჭამეთ - 5-6 წლის ბავშვების ბედნიერი და კმაყოფილი გამომეტყველებებით ვილუკმებოდით ადგილობრივ საკონდიტრო სასწაულებს და იმ მომენტში არაფერი არ გვინდოდა მეტი ქვეყანაზე - ასეა, ტკბილეულს მაგიური ძალა აქვს!
ამასობაში კარგად გაწვიმდა, მაგრამ ალის რატომღაც ახლა გაახსენდა, აქო დიდი სალოცავიაო და იქ წავიდეთო. ჩვენც წავედით. სანამ დანიშნულების ადგილას მივიდოდით, მანამდე ერთ მეჩეთს ჩავუარეთ - ლოცვა მიმდინარეობდა. მეთქი, შეიძლება შესვლა? - კიო ალბათო. გავიძრე ბაშმაკი, მოვიხვიე ჩადრი და შევედი -ქალების განყოფილება ცალკეა, ცხადია. შედი და ჩამოჯექი სადმე ძირსო, ალიმ დამარიგა. მე შევედი და უცებ მეგონა ყველა მე მიყურებდა, ჩავღუნე თავი და კაი კდემამოსილი მორწმუნესავით კუთხეში ჩავიმუხლე. ვიღაცა მოხუცი ქალი მომადგა და მელაპარაკება - მეთქი კი კი, თავს ვუქნევ - წარმოდგენა არ მაქვს რა უნდოდა. თან აპარატი მქონდა, ფოტოების გადაღება მინდოდა, მაგრამ რამდეჯერაც ვეცადე, ჩუმად მიმემართა ობიექტივი შეჯგუფული ქალებისკენ, იმდენჯერ ვიღაცამ გმოიხედა და მე მომერიდა - მეთქი არ გამომიძახონ გარეთთქო. გვერდით განყოფილებაში ლუკა შევიდა ამ დროს და გამოიტანა საინტერესო კადრები. თვალში საცემი იყო, ქალების განყოფილება უბრალო შელესილი კედლებით და ხალიჩებით შემოიფარგლებოდა, კაცების განყოფილებას კი გაბრჭყვიალებული სარკეებიანი დარბაზი - ეტყობა კაცებს მეტი ვიზუალური ეფექტი და დეკორაცია სჭირდებათ ლოცვის დროს - კაცი მაინც კაცია! : )
ლოცვას მოვრჩით და ამასობაში მაგრად გაწვიმდა. ალიმ სალოცავის გარეშე არ წავიდეთო და მალევე მივადექით სალოცავს, რომლის სახელიც სპარსულიდან ითარგმნება როგორც „სინათლის მეფე“ (Shāh-é-Chérāgh). ეს გახლავთ შიიტების მერვე იმამის, მუჰამედის შთამომავლის, რეზას ძმების აკლდამა და ზოგადად, სამგლოვიარო ხასიათის მოსალოც ადგილთა კატეოგრიაში გადის. მკაცრადაა დაცული ქალებსა და კაცების სხვადასხვა შესასვლელები და საერთოდ, ალიმ როგორც შეგვაშინა, ტურისტებისთვის მაინცდამაინც „Most welcome” ადგილი არააო, ამიტო ჩუმად იყავით და მაინცდამაინც კამერბსაც ნუ გამოაჭენებთო. მოკლედ, დავიყავით და შიგნით შეხვედრაზე შევთანხმდით. მე მივედი შესასვლელში, სადაც ჩადრებს არიგებენ თუ არ გაქვს, მაკიაჟს გაცილებენ - თუ გაქვს, ჩადრის მოხვევას გასწავლიან თუ არ იცი, მერე კონტროლს გადიხარ რამე ხო არ შეგაქვს მაიმუნობა და ბოლოს შედიხარ. ფეხსაცმელს გარეთ ტოვებ, საცავში. შევედი, როგორც იქნა. ამხელა ქურთუკზე ამხელა ჩადრი ძლივს მიმიმაგრეს, დუტზე სრიალებდა, დავფორთხიალობდი და წამდაუწუმ ზედ ვაბიჯებდი. მარა ღირსეულად მეჭირა მაინც თავი :დ
შიგნით თვალისმომჭრელია ყველაფერი, უზარმაზარი ბროლითა და სარკეებით გაწყობილი ჭაღები, ასევე მოკაშკაშე ჭერი და კედლები, რაღაც მომნუსხველი სანახაობაა, მერე კიდე მწვანე ხალიჩაზე ჩაჩოქილი შავჩადრიანი ქალებიც მთელ ამ ბრწყინალებას ცოტა ეგზოტიკურ ელფერს აძლევს - ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვისთვისაც უცხოა ეს კულტურა და გარემო. სალოცავად რომ შედიხარ, რაღაც თიხის მრგვალი ფირფიტებია, ზედ ლოცვები აწერია, ამას იღებს თითოთითოს ყველა, მერ ლოცვის დროს ძირს დებ და ზედ შუბლს ადებ. ხო და ჩვენც ავიღეთ. შევედით საერთო დარბაზში, სადაც ქალებიცა და კაცებიც ერთად არიან. მეც დიდი სამბით ჩავიჩოქე, თავი დავადე ხალიჩას, როლებში შევიჭერი მოკლედ. ჩვენ უკან კედელთან შაოსანი ქალები ისხდნენ და მოთქვამდნენ - თავიდან მეგონა ალბათ შვილი ჰყავთ მკვდარითქო - არაო ალიმ, ცოდვების გამო ტირიანო... გამოსვლისას ეს თიხის ფირფიტები ხელს გამოვაყოლეთ სამახსოვროდ :დ ალიმ თქვა, არაუშავს, წამოიღეთო :დ
გამოვედით მოედანზე, ეზოში ანუ, გრგვინავდა მოლას ხმა და ლოცვის ძლიერი ექო სხვა არაფრის მოსმენის საშუალებას არ გვაძლევდა. დავაბიჯებდით წვიმაში მოედანზე და წრეზე ვათვალიერებდით ფართოდ გაშლილ სალოცავს. მერე გიდი მოგვადგა - იმდნს და ისე სწრაფად ლაპარაკობდა, მალევე მივხვდით, სასწრაფოდ უნდა ჩამოგვეშორებინა თავიდან - ჩვენ გენაცვალე ისტორიების მოსმენა და ეგეთები არ გვაინტერესებდა იმ მომენტში - ტრანსში ვიყავით სამივე ამ უცხო ხმებითა და სანახაობით გარშემორტყმულები და ამ ყველაფრის ნაწილად ვგრძნობდით თავს. ხო და ამ გიდმა, თვალიერებას რომ მორჩებით, შემოდით იგერ სადღაცო, ჩაი დავლიოთ და შაჰაბასზე, საქართველოსა და დიდი სპარსეთის ურთიერთობებზეც ვილაპრაკოთო. ჩვენ დავამშვიდეთ, უეჭველითქო და გავაგრძელეთ გზა. ის გიდი ეხაც იქ ზის და გველოდება, მტკიცედ მჯერა ამის.
ტრანსიდან რომ გამოვფხიზლდით, დაღლილობა და შიმშილი ვიგრძენით, ავტობუსის გაჩერება მონახეთ და სოფელში დავბრუნდით. პაბში სენდვიჩები ვჭამეთ და ის იყო, უსაქმურობის მოსაკლავად რამის მოფიქრება უნდა დაგვეწყო, რომ ჩვენი მასპინძელი მოჰამედი შემოვიდა და სხვათაშორის იკითხა: guys, do you like „Kenaf“? ეს იყო მოსაწევის ყველზე სასაცილო შემოთავაზება ალბათ (ბევრი არ მსმენია, მაგრამ მაინც). მარტივი, უშუალო და გულუბრყვილო - აი საღამოს რო იკითხავ - ჩაის დალევთ? ან კიდე: კევა ხო არ გინდა?... ან რამე მსგავსი. მოკლედ, ამათ კიო კიო, მერე მე მომიტრიალდა, შენ ალბათოო... დაპაუზდა. მეთქი არა მადლობა, მე არ მინდათქო. რაციონალურობას მივაწექი ბავშვი! :დ
მოკლედ, პაბის ერთ კუთხეში მოთავსდა ყველა წრეზე და „ნადიმი გააჩაღეს“ :დ მე დავრჩი ასე მარტო :დ ავედი სახლში, ცოტა წავიკითხე - დიახ! ფროიდის „მასის ფსიქოლოგია და ბრბოს ანალიზი“ მქონდა ზურგჩანთაში - პატარა წიგნია და მაგიტო წამოვიღე ;დ მერე დაბლა ჩავედი ისევ, ყველა „კარგად“ იყო უკვე :დ ზიმზიმი და ჟრიამული ჰქონდათ. მე ჩემიანებს მივაკითხე, ისხდნენ, მშვენიერ ხასიათზე :დ მერე ისე ვქენი, რომ ყავის მომზადების სანაცვლოდ 3 სურვილი გამოვსტყუე ორივეს. მერე ყავა ავუდუღე და დავიძინე.
გაგრძელება, ცხადია, იქნება :დ