კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 3)

2017 წლის თებერვალში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოსტოპით დავადექით გზას. უამრავი რამ გადაგვხდა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ზოგი რამ ვისწავლეთ, ზოგიც ჩვენ ვასწავლეთ, დავათალიერეთ, დავაგემოვნეთ, ვიცინეთ და ვიტირეთ. დიდი თავგადასავალი იყო... ხო და ამ მოგზაურობაზე გიყვებით ახლაც...​

პირველი ეპიზოდი წაიკითხეთ აქ

მეორე ეპიზოდი

***

მივუახლოვდით ირანის სასაზღვრო პუნქტს. სასწრაფოდ მოვწესრიგდით, მე ქუდის მაგიერ ჰიჯაბი შემოვიკარი თავზე, ჟემპრიც დავიგრძელე, წელში გავიმართეთ და დავიძარით. სომხეთის პუნქტში რომ გავიარეთ შემოწმება და გარეთ გამოვედით, უცებ მესაზღვრემ დაგვიძახა, შემობრუნდითო გვითხრა. გაგვიკვირდა რა მოხდათქო, აგერ ირანის საზღვარს მოვადექით როგორც იქნა და ახლა რაიმე შეფერხება რომ გამოჩენილიყო, ნამდვილად არ გვინდოდა. შევედით უკან და რას ვხედავთ: ეს სომეხი „გოგი გვახარია“ დგას, ხელში დათას მობილური უჭირავს და გვიღიმის. ტელეფონს ხელში ამოძრავებს და გვეკითხება, ვისია ეს ტელეფონი, ხომ არ იცითო? გაოგნებისგან სიტყვა ვერ დავძარი, პირზე ხელები ავიფარე და ასე ვიდექი თვალებდაჭყეტილი, ვერ დავიჯერე რომ აბსოლუტურად უცხო ტიპმა გამოიარა 70 კილომეტრი, საშინელი გზა საშინელ ამინდში, დაგვეწია ზუსტად საზღვარზე და მობილური ჩამოგვიტანა. რამდენჯერაც ვუფიქრდები ამ მომენტს, ისევ ის ემოცია მიბრუნდება, რაც მაშინ საზღვარზე მქონდა. სამივე ასე გაშეშებულები ვიდექით, საბოლოოდ დათამ გამოართვა მობილური, მადლობებით და ხელის ქნევებით გამოვემშვიდობეთ და ოფიციალურად დავტოვეთ სომხეთის ტერიტორია.

გადავედით ირანში. სანამ უშუალოდ პუნქტში შევიდოდით, პატარა ჯიხურში შეამოწმეს პასპორტები, welcome to Iran-ო და ერთი მესაზღვრე გამოგვაყოლეს. ის წინ მიდიოდა და ჩვენ კიდე აცუნდრუკებულები უკან მივყვებოდით სიცილით. ნახე რა კოხტა სპარსი ბიჭიათქო, ვიძახდი ჩუმად და ჩვენი ხნის მესაზღვრე ბიჭს ვეღლიცინებოდით ზურგსუკან. ამან შეგვიყვანა შენობაში. კართან კედელზე გაკრული იყო პოსტერი წარწერით:

„Islamic Revolution of 1979 was a miracle from God”.

ირანში რევოლუციის წლისთავზე ჩავედით, 11 თებერვალს. დიდი დღესასწაულია ეს თარიღი და ყველაფერი ირანის დროშის ფერებშია მორთული, ყველაფერი წითელ-მწვანედ ციმციმებს და ყველგან აიათოლების პროტრეტებია გამოჭიმული. შენობაში მთელი ინტერიერი პატარა დროშებით იყო საზეიმოდ და სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმული. როგორც კი შევედით, ლუკამ თავისი შავი იუმორით სხვათაშორის შენიშნა: „ყვითელი რასის სუნი მცემსო“ (!) - გაგვეცინა, მაგრამ დავმშვიდდით და ჩავმწკრივდით კოტროლის გასავლელად.

საზეიმოდ მორთული ტაბრიზის ქუჩა

კითხვები იყო შემდეგნაირი: სად მიდიხართ და რამდენი დღით, რა მიზნით, რა გზით ბრუნდებით უკან, რას საქმიანობთ, ოჯახის წევრები რას საქმიანობენ, ვის იცნობთ ირანში და საიდან და ა.შ. საბოლოოდ, უპრობლემოდ გავიარეთ კონტროლი, დღესასწაული მივულოცე ერთერთ მესაზღვრეს და გამოვედით მოსაცდელში. აქ დოლარი დავახურდავეთ და ირანული მილიონებით ხელში ჩვენს მძღოლს დავუწყეთ ლოდინი. ხო, რაც თავიდანვე შევნიშნეთ, ამ ქვეყანაში ჩუსტების ფეტიში აქვთ. მესაზღვრეები შენობაში რეზინის ჩუსტებით მოძრაობდნენ. ალბათ დღეში რამდენჯერმე ლოცვისას იმდენჯერ ფეხზე გახდა შემაწუხებელია, ჩუსტის ფეხიდან წაძრობა კიდე ადვილი. მარტო საზღვარზეც არა, მძღოლებს, მაღაზიის გამყიდველებს თუ კაფეში მომუშავეებს, ყველას რეზინის ჩუსტი აქვს წამოცმული ფეხზე.

სანამ ტრაილერს ველოდებოდით, ბარგის კონტროლიორს ვკითხე, ასეთი პატარა დროშა მინდა და სად ვიყიდოთქო. ერთი ცალი გინდაო? კითქო, სამახსოვროდ. მოიცაო. წავიდა, საკამი მოათრია, აძვრა ზედ და ამ გაბმული თოკებიდან ერთი დროშა ჩამოხსნა და მოგვიცუნცულა, აჰაო. ორმხრივად დადებითი შეხედულებებითა და განწყობებით დავტოვეთ პუნქტი, ჩვენი ძმაც  მოვიდა ამასობაში, ჩავსხედით და დავიძარით.

ჩვენმა მძღოლმა თანდათან დაიწყო ირანის გზების, ბუნების და არე-მარის ჩვენება და ქება. ჯოლფას გვერდი ავუარეთ და შებინდებულზე ტაბრიზს მივუახლოვდით. აქ ჩვენმა მძღოლმა გააჩერა ტრაილერი, გადავიდეთ, ვჭამოთო. ამ გზისპირა მობანძო რესტორანში დავაგემოვნეთ პირველად ირანული წვნიანი და მისი აღმატებულება ქაბაბი. ისედაც მთელი დღის მშივრებს ბევრი არ დაგვჭირვებია ამ კერძის შესაყვარებლად.

მისი აღმატებულება ქაბაბი

აქვე გამახსენდა, ცოტას გადავუხვევ და აღვნიშნავ, ირანელებს ძალიან უყვართ ყვავილები, ყველანაირი- ნამდვილი, ხელოვნური, ნახატები და ა.შ ყველგან რესტორნებში, მაღაზიებში, სახლებში თუ ქუჩებში კალენდრებზე თუ სხვა პოსტერებზე მიხატულია ტიტები ან კიდე ბროწეულები, თითქმის ყველა სახლში შეხვდებით ლარნაკში მოთავსებულ ანდა სადმე კარადის ან სარკის თავზე შემაგრებულ ხელოვნური ყვავილების ბუკეტს. ქალაქებში სიარულის დროსაც ყველა ნაბიჯზე ყვავილებით მორთული პოსტერები ან კალენდრებია.

ვივახშმეთ. გადასახდელად რომ საფულე ამოვიღეთ, ეს ჩვენი ძმა დაეტაკა დათას, აბა რას ამბობ, მე გეპატიჟებითო, შანსი არააო, მკოლედ ჭიდაობით ჩაატენინა საფულე უკან. ამის მერე მივხვდით, ყოველ გადახდაზე ჭიდაობა რომ მოგვიწევდა მასპინძელთან. დავიძარით სახლისკენ. ტრაილერი სადღაც ქუჩაში გავაჩერეთ. მერე ნამცხვრების მაღაზიაში შევედით და ჩვენმა ძმამ- „პროსტა ხელი დაადეთ რომელი გიდათო“ :დ ჩვენ კი გვერიდებოდა, მაგრამ მერე ხვეწნას რომ აღარ მორჩა, ავარჩიეთ ნამცხვრები და წავედით. უკვე ღამე იყო, 12 საათი, გვერიდებოა ამ შუაღამე ოჯახში მისვლა ვიღაცასთან. ავედით გადასარევ კორპუსში, კარი ცოლმა გაგვიღო, ჩადრში იყო გახვეული. მე რომ შევედი ხელი ჩამოვართვი, ახალი ნასწავლი ირანულით ვუთხარი, სალომე მქვია და სასიამოვნოა თქვენი გაცნობათქო, სასწაულად მრცხვენოდა ფარსიზე რამის თქმა, მაგრამ მეთქი ეფექტს მოვახდენთქო :დ დათა და ლუკაც „ Az didanet khoshbakhtam”-ის ბუტბუტით შემოლაგდნენ (ფარსიზე „სასიამოვნოა თქვენი გაცნობა“-ს ნიშნავს). დათამ ხელი გაუწოდა მისალმებისას, მაგრამ ცოლმა - ჩვენ ბოდიში, მე ხელს ვერ ჩამოგართმევო და ჩადრში შემალა ხელები. ცოტა ხანში ამ ქალის დედა და ძმა მოვიდნენ, შვილმაც ამ ხმაურში გაიღვიძა. ჩამოვსხედით და ჩამოვარდა უხერხული დუმილი :დ ცოლის ძმამ ბიჭებს ხელი ჩამოართვა და მიესალმა, მე კიდე არც  შემომხედა, ხელის ჩამორთმევა-სიტყვის თქმაზე რომ არაფერი ვთქვათ. საბოლოოდ დავასკვენით, რომ ცოლის ოჯახი იყო ღრმადმორწმუნე კატეგორია, ჩვენს ძმას  კიდე „მაგარი ეკიდა“ წესები, მაგრამ ცოლის ოჯახის წინააღმდეგ ვერ მიდიოდა.

ჩაის სმა რომ ტრადიციაა, ეს ახალი ამბავი არაა, 2-3 პატარა მაგიდაზე ანაწილებენ ჩაის პატარა ჭიქებს და შაქრის და კიდევ რაღაც ტკბილი ხრაშუნა ტკბილეულის ინდივიდუალურ თასებს, მიდექი და ახრაშუნე, გათავდება დაგიმატებენ. კიდევ ერთი, რაც ყველა სახლში დავაფიქსირეთ, ხილის თასში, ვაშლთან და ფორთოხალთან და ირანულ წითელ ფორთოხალთან ერთად ყოველთვის უწყვიათ კიტრი. ჩაისთან ერთად უეჭველად მოაქვთ, ჩამოარიგებენ დანებს და თუ ჭამის ტემპს შეანელებ აქაური იმერლებივით წამდაუწუმ გახსენებენ, რომ უნდა ჭამო!

ამასობაში ძილის დრო მოვიდა. ბიჭებს ვეუბნები, მეთქი ეხა ესენი მორწმუნეები არიან, ალბათ მე ცალკე ოთახს გამომიყოფენთქო, მაგრამ ჩემი ფეხები! შემოიტანეს სამი ლეიბი და გაგვიშალეს ასე ერთმანეთის მიყოლებით :დ პრეტენზია არ გვქონია არცერთს, კარგა დაღლილები ვიყავით, მალევე ჩაგვეძინა. კი გვინდოდა ლაპარაკი, მაგრამ გვერიდებოდა ოჯახის.

თბილისის დატოვების შემდეგ ხშირად ვიმეორებდით, რომ ვერცერთი ვერ ვგრძნობდით სხვა ქვეყანაში ყოფნას, ისევ სადღაც საქართველოში გვეგონა თავი. ყოველ შემთხვევაში უცხო გარემოში მოხვედრას მთლად კარგად ვერ აღვიქვამდით. მერე ირანში რომ შემოვედით, დათამ თქვა, აი კედლებზე და მაღაზიებზე ირანულ წარწერებს რომ ვუყურებ, უკვე ნელნელა ვიაზრებ, რომ აშკარად საზღვრებს გარეთ სადღაც ჯანდაბაში ვართ სახლიდან შორსო.

მე პირველად მაშინ შევძელი აღქმა, რომ შორს და „ძალიან სხვაგან“ ვარ, როცა დილის 7ის ნახევარზე მოლას სიმღერამ გამაღვიძა. რაღაც უცნაურად მოხდა. თავიდან ლოცვა ლოცვად ვერ აღვიქვი. გარედან შემოჭრილი დაბალი ბგერების ზუზუნი ბუნდოვნად მესმოდა. მერე მოლამ ტონს უმატა და მე ვიგრძენი, ჩემს სხეულში როგორ შემოვიდა უცხო, ახალი, ეგზოტიკური და შორი ადგილის აღქმა და ცოტა დაძაბულობაც. ხელის და ფეხის გულები გამიოფლიანდა და სხეულში სხვადასხვა შეგრძნებებმა დაიწყეს მოძრაობა - მკერდიდან ფეხის გულებამდე ფიზიკურად მოძრაობდა შეგრძნება, რომ სხვაგან ვიყავი, სადღაც შორს, ირანში, ვიღაც ირანელისვე სახლში მეძინა იატაკზე გაშლილ მატრასზე და სრულიად გაუგებარ ენაზე ქუჩის სიბნელიდან შემოჭრილ სიმღერას ვუსმენდი. ნამდვილი თავბრუსხვევა იყო. სახლიდან წამოსვლის შემდეგ 48 საათი დამჭირდა ამის გასააზრებლად. ეს შეგრძნება კი თან მომწონდა და თან მაშინებდა, ყველაფერს უფრო ბუნდოვანს ხდიდა და ეს გაურკვევლობისა თუ დაბნეულობის შეგრძნება მეტ ხიბლს მატებდა ჩვენს აღმოსავლურ გასეირნებას.

გათენდა და ვიხილეთ ირანი დღის სინათლეზე...

 ამაზე შემდეგ ეპიზოდში მოგიყვებით ^_^

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %