საირმე - ბოლაჯაური: დიდი ლაბორაოროტი, მეფის წყარო და ოქროს ციხე

მინდა მოგიყვეთ  ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გასვლაზე. ამჯერად საირმის დასაწყისიდან დავიწყეთ და ადიგენის რაიონში სოფელ ბოლაჯურში დავასრულეთ.

ეს იყო საკმაოდ გრძელი და საკმაოდ რთული მარშრუტი, რომელიც, მართალია, საკმარისზე მეტად გამოგფიტავთ, თუმცა ამავდროულად საოცარ ხედებით ტკბობის საშუალებას მოგცემთ.

ვეცდები მოგიყვეთ იმაზე, მე რა გადამხდა, რა ვნახე და რა განვიცადე ამ მარშუტის გავლის დროს. თავადაც თუ გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ გასავლელად საკმაოდ რთული მარშრუტია. რაც ამ მარშრუტიდან პირველი მახსენდება ეს არის: გამუდმებითი აღმართი, გზად შეხვედრილი საოცარი ხალხი და უწყლოობა!. აუცილებლად დაგჭირდებათ GPS მარშუტი, რომელიც თავადაც შეგიძლიათ შეადგინოთ და თუ რამე კითხვები გექნებათ მეც ყოველთვის სიამოვნებით გიპასუხებთ, რა თქმა უნდა. 

ახლა კი დავიწყებ მოყოლას რა,  რატომ, და როგორ იყო ^_^

პირველი დღე დაიწყო იმით, რომ თბილისიდან საირმეში გავემგზავრეთ, საირმესთან არ მისულები ჩამოვხტით ტრანსპორტიდან, ჩვენი ჩანთები პატარა ჭინკებივით შემოგვასკუპდნენ ზურგზე და დავიწყეთ აღმართების კეცვა. თავიდან იოლი იყო ტყის მასივი. სეზონი გვქონდა კარგი და მარწყვი თუ მაყვალი ბლომად გვხვდებოდა გზაზე ...

დღის ბოლომდე უკვე მოვექეცით იალაღებზე, სადაც არ დაგიმალავთ და ჩვენს მთავარ მტერს, კერძოდ " მთის ქინქლებსა თუ ბუზებს" პირისპირ შევერკინეთ. მოკლედ, ეგ ბრძოლა მოვიგეთთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ დეკის ფოთლების ქნევითა თუ ლანძღვა-გინებით თავი გავიტანეთ, რამდენიმე თოვლის ნამქერიც გადავიარეთ  და დასაბანაკებელ ადგილსაც მივაღწიეთ.პირველი დღის გეგმა შესრულდა.  დასაბანაკებლად ერთი ლამაზი ადგილი გვქონდა არჩეული საოცარი ხედებით, ასულებს მესაქონლეები დაგვხვდნენ ქოხში, ბაბუა შვილთან და შვილიშვილებთან ერთად, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ერთმანეთს და ტანისამოსიც ერთი ფერისა ეცვათ. სახალისო იყო: შორიდან ვუყურებდი, როგორ მითვალთვალებდა ქოხის სახურავიდან ბიჭი წითელი ზედითა და ჟღალზე ჟღალი თმით, რომ მივუახლოვდით შერცხვა და დაიმალა, იმ წამსვე სრულებით სხვა მხრიდან ზუსტად იგივენაირი ბიჭი იგივე ფერის ზედით საქონელს მოერეკებოდა... ერთი კი გავიფიქრე: "ხომ არ დავისიცხე თუ მელანდებათქო" მაგრამ სანამ საკუთარ სიგიჟეს დავიჯერებდი, იმ წუთას მეორე ბიჭიც ჩამოძვრა სახურავიდან და ყველაფერი ნათელი გახდა. ორი ძმა, ერთნაირი ზედით, რომლებიც გაჭრილი ვაშლებივით გავდნენ ერთმანეთს ^_^

საირმე

და მერე, ხვდებით ალბათ, რომ დაიწყო აჭარული სტუმართმოყვარეობა, მობრძანდით, მიირთვით, მოგვიყევით,... მაგრამ ჩვენ რა გვქონდა მოსაყოლი, ვცდილობდით თავად ესაუბრათ და ჩვენ კი მოგვესმინა. ცხოვრებაში პიველად გავსინჯეთ " დამარილებული მხალი", რომელიც საშინლად მარილიანი იყო, თუმცა, რატომღაც დაღლილებს მაინც გვესმიამოვნა, და ცხელი რძე. არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც ვინმე ერთ ჭიქა ცხელ რძეს გთავაზობს აღმართებისაგან დაქანცულ ადამიანს ^_^

მთელი საღამო ვუთვალთვალებდით როგორ მიერეკებოდნენ საქონელს ადამიანები, მთებიდან მთებზე.საირმეშემდეგ მაგთის სიგნალის დაჭერის გამო დავხტოდით ქვიდან ქვაზე. 

-„ არა აქ უკეთესია,  არა აქ“  - დავიჭერდით სიგნალს და  ვიწყებდით საუბარს:   

"- ალო, მამ, მე ვარ,  კარგ... " და გაითიშებოდა მერე ისევ :

:- მა, კარგად ვართქო, არ იჭ.." ისევ დახტიხარ წინ და უკან ისევ დაიჭერ სულს რომ ღაფავს ისეთ სიგნალს,  ისევ დარეკავ :

-" კარგად ვააარ" და ისევ ითიშება, იმედი გაქ გაიგო რომ კარგად ხარ, მიჩვეულია მაინც მსგავს რამეებს, სულ არაფერს ჯობდა ასე მაინც...მით უფრო რომ არ გაქ იმედი დანარჩენი 4-5 დღე საერთოდაც ამის ფუფუნება მაინც რომ გქონდეს.

თენდება მეორე დილა, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ახლაც არ გინდა კარვიდან გამოძრომა. მაინც გამოდიხარ, იმედი გაქ იმ პატარა ჟღალთმიან ბიჭებს ისევ შეხვდები, მიუსწრებ სანამ საქონელს გაყვებიან მთაში, მაგრამ არ გიმართლებს :/ ბიჭები 6 ისკენ წასულან, შენ 7 ისკენ გამოძვრები ბუნაგიდან,... ქოხში დარჩენილი ბაბუა გეხვეწება ჭიქა რძე დალიე და ისე წადიო, მაგრამ ახლა დრო მეტად გიღირს ვიდრე ჭიქა რძე და უარობ, იწყებ ისევ აღმართების კეცვას...გეზი მთა დიდი ლაბორატორისკენ ავიღეთ, რომლის სიმაღლე 2730 მეტრია ზღვის დონიდან. მოკლედ რომ მოგიყვეთ, ამ გზის გავლა იყო ნერვების შემოწმება. არა, განა აღმართებზე წუწუნებ ადამიანი, მაგრამ ეს იყო ადი-ჩადი, ადი-ჩადი ადი-ადი... რომ გგონია ესაა და ავედიო, მიადგები წვერს და დაინახავ რომ შენ წინ კიდევ არის ერთი პატარა " ადი", და მერე კიდე, და კიდე... მოკლედ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ცხრა  მთა გადავიარეთ და ბოლოს, როგორც იქნა, ავედით დიდ ლაბორაოროტზე. დავსხედით, მოვიხსენით ჩანთები და დავიწყეთ  ხედებით ტკბობა. ამინდში დიდად არ გაგვიმართლა თუმცა შორეულ კავკასიონზე მაინც შევძელით თეთნულდისა და ბეზენგის კედლის ამოცნობა.ვისხედით ასე, შესქელებული რძეს ვწრუპავდით და ბავშობაში რომ ღრუბლების ყურებით ვერთობოდით, ისე ვერთობოდით ახლაც ხან კავკასიონის თვალთვალით და ხანაც ამინდის...ღრუბლები იკვრებოდა და ამინდი ფუჭდებოდა, გზა კიდევ შორი გვქონდა დაგეგიმლ საკარვემდე. მაგრამ აღარ გვენაღვლებოდა, მთაში სიარული მხოლოდ სიარულს ხომ არ ნიშნავს თუ რაღაც დაჭერილი წამებით არ დატკბითქო ვფიქრობდით. ვისხედით ასე მდუმარედ, ვტლოკავდით შესქელებულ რძეს და ვაკვირდებოდით  როგორ იკვრებოდა ღრუბლები ჩვენს თვალწინ, როგორ ერთიანდებოდნენ, როგორ "კრავდა ამინდი კოპებს" ... და არ გვანაღვლებდა :) ბედნიერები ვიყავით, ამოვედით, აქ ვართ " მალაკო" გვაქვს, დროც  და ხალისიც ^_^ უყურებ შენს წინ გადაშლილ პანორამებს და  თავში მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებს „ ზემოთ, ყველაფერი იდეალურადაა“

კარგა ხნით შევისვენეთ დიდ ლაბორაოროტზე. ენერგიით ავივსეთ, და ახალი მთისკენ ავიღეთ გეზი. მთა მეფისწყარო- სახელიდან გამომდინარე გვაძლევდა იმედს, რომ წყაროებს ბლომად შევხვდებოდით. არ დაგიმალავთ და მოღრუბლული ამინდის მიუხედავად სიცხემ  მაინც ძლიერ დაგვტანჯა . სიმაღლით ეს ორი მთა 100-150 მეტრით თუ განსხვავდება თუმცა იქ ეს განსხვავება, რატომღაც გაცილებით დიდად გვაწვა მუხლებზე. კილომეტრების გავლის შემდეგ, თოვლზე სრიალსა და დათვის ნაკვალევის ათვლას რომ მოვრჩით დავინახეთ მეფისწყაროც. როგორც იქნა დავადექით აღმართს. სწორედ აქ ვიგრძენი პირველად, როგორ უჩვეულოდ  მიდუღდა ფეხებში რაღაც. დავიხედე და აღმოვაჩინე შედეგი არასწორი გადაწყვეტილება: - არ უნდა ჩამეცვა მხოლოდ  მუხლამდე !" მთელი ის ნაწილი რასაც ქსოვილი არ მიფარავდა ცოტა სასაცილოდ და ძლიერ მტკივნეულად მქონდა დამწვარი და გადაწითლებული. თოვლის დადება დავიწყე ზედ და თოვლმა კი დაიწყო დნობა, როგორც სოფელში გახურებულ ფეჩზე დაყრილი ყინულები იწყებდნენ ხოლმე ბავშობაში...

მოკლედ მეფისწყაროს აღმართების კეცვა იმით დასრულდა, რომ მივხვდით, ამ მთას სახელი ვიღაცამ ძალიან არასწორად დაარქვა...მოკლედ, ვერც მეფე ვიპოვნეთ და ვერც წყარო იოლად... ბოლოს მეფის ძებნას შევეშვით და ისევ წყაროს ძებნას შევუდექით. ბოლოს როგორც იქნა ვიპოვნეთ, წყარო იმდენად არა, როგორც " თოვლსაწური" ... ხოდა, მოკლედ დავსხედით ამ მდნარ თოვლთან და ჩავყავით თავი მთის ცივ "წყაროში".

დავიწყეთ გამოფხიზლება და აზრზე მოსვლა. ამ წყაროთიც კი ბედნიერები ვიყავით, GPS- ზე  ვამოწმებდით გასავლელ მარშუტს და ვხვდებოდით რომ ტბამდე არც თუ ისე რთული და შორი გზა გვქონდა დარჩენილი. გადავიარეთ თოვლის ნამქერები, ერთი ორი აღმართიც და გამოჩნდა, გამოჩნდა აღთქმული მიწასავით. ოღონდ ამჯერად ტბა იყო.

ჯაჯოს ტბაპატარა. ჯაჯის ტბაო ასე ეძახიან აქაურები და იქაურებიც, ჩვენ კიდევ "ჯაზის" ტბა დავარქვით. სანამ წამოვიდოდით გეგმაში იყო რომ უნდა გვებანავა ამ ტბაში, მაგრამ ახლა? ახლა უკვე ღამდებოდა, ჩვენ დამწვრები და დაქანცულები ვიყავით ამიტომ მხოლოდ იმით დავკმაყოფილდით რომ ტბასთან ახლოს დავბანაკდით, მის ხედზე მზის ჩასვლას ვუყურეთ და მუცლები ათასი სანოვაგით ამოვივსეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს თან სდევდა მუსიკა. მუსიკა და ქალური ისტორიები იმედგაცრუებასა და ახლად ნაპოვნ იმედებზეც...  რას იზამ, ქალები ყველგან ქალები ვართ.

ბოლოს კი მზე ჩავიდა, ჩვენ პრობლემები ერთი ხელის მოსმით გადავწყვიტეთ ფრაზით:  "ჯანდაბაში წასულან" ... შევძვერით კარავში და მეორე დილისთვის ენერგიების აღდგენის იმედით გავიტრუნეთ.

ღამე მოკლე იყო, ხმაურიანი და რთული. წვიმამ მალევე დაიწყო და თითქმის დილამდე არ გადაუღია. მე ისე დავისიცხე რომ სიცხემ ამიწია, მთელი ღამე მქონდა განცდა რომ შიგნიდან ყველა ორგანო მეყინებოდა მაშინ, როდესაც ნაკვერჩხლებზე ვიწექი...

გათენდა მესამე  დღე. გამოვძვერით კარვიდან, ვისაუზმეთ და გზას დავადექით. მოკლედ დილა სტანდარტული იყო მაგრამ კილომეტრიც არ მქონდა გავლილი რომ მივხვდი გუშინდელმა ღამემ არ ჩაიარა უშედეგოდ.- ძალიან გამოფიტულად ვგრძნობდი თავს, წოლა და ძილის მეტი არაფერი მინდოდა.   მოკლედ, მეგობარს გავძახე თავბრუ მეხვევა ცოტა და იცოდეთქო, წყლის მიღება გავაორმაგე და დამწვარი სხეულით კილომეტრების კეცვას შევუდექით. კარგი ამბავი ის იყო რომ სიმაღლე აღარ გვქონდა ასაწევი.  ქედზე გვერდულად გავუყევით და დაღმართზე დავეშვით.

მერე გამოფიტულობამ იმუშავა და მივხვდით, რომ ტრეკს ოდნავ ავცდით. მაგრამ უკან მიბრუნების თავი აღარ გვქონდა და ხეობაში დავეშვით პირდაპი, ოდნავ დავიგრძელეთ გზა. "დიდ დაღმართზე" დავეშვით და სულ მალე მესაქონლეების ქოხებთან მოვხვდით. აქედან მარშუტის უმეტესი ნაწილი გზას მიუყვებოდა. ვერ გეტყვით ეს ფაქტი მახარებს ხოლმეთქო. არ მიყვარს, მთაშიც რომ გზაზე დავდივართ ხოლმე. გავიარეთ ერთი, მეორე, მესამე სოფელი და სულ მალე აჭარელი ვაჭრები წამოგვეწივნენ მანქანით:

 -" წამოით, ცოტას წაგწევთ, აღმართებს მაინც აგარიდებთო..."

ჩვენც აღარ გვქონდა თავი დასიცხულებს დიდად კიდევ აღმართების ხვნისა და ჩავხტით პამიდვრებით სავსე ძველ, რკინის, „საქმის მცოდნე“ ოთხბორბლაში. "მასპინძლები" საოცარი ხალხი შეგვხვდნენ. შვილები ქალაში სწავლობენ, ჩვენ აქ მთაში ვვაჭრობთ, საქონელიც გვყავს და ასე გაგვაქვს თავიო. ბევრი რამ მოვუყევით ერთმანეთს, იმათმა მთისა ჩვენ ბარისა, ბევრი.

მოკლედ, მახსოვს მთაზე ვსაუბრობდით, რომ გაიგეს ხშირად დავწანწალებთ ასე ჩანთებ მოკიდებული და რომ სულაც სადზე ზემოთ მინდა გადასვლა, მაგრამ ვწუწუნებ, რომ იქ ხილი და ბოსტნეული "მე რომ მინდა" ისე არ მოდის, ეგ მაფერხებს უმეტესადთქო გამოვტყდი. მძღოლმა ძალიან თბილად გადახედა ჯერ იქვე "იაშიკებში" ჩაწყობილ პამიდვრებს მერე მე და თბილად, მამა-შვილურად მომაძახა:

- " პამიდვრის სიყვარულზე ნუ გაცვლი შვილო მთის სიყვარულს" ...

დღემდე ტანში მცრის ამას რომ ვიხსენებ, და მრცხვენია რომ კი, რაღაც ეტაპზე კომფორტის სიყვარულის გამო უარს ვამბობთ იმაზე რასაც სხეულისა და სულის ყველა უჯრედი გვთხოვს...

მოკლედ, ასე საუბარ-საუბარში გამოვიარეთ ლამის ერთი დღის სავალი კილომეტრები და ისეთ ქოხებთან ამოვყავით თავი საიდანაც უკვე აბასთუმანიც კი ჩანდა. ბევრს გვეხვეწნენ წამოდით დღეს დაისვენეთ ჩვენთან, აჭარული "სკორი პომოში" ბორანო გასინჯეთ, ჩვენ ქალებს გაგაცნობთ მოეწონებით, ისაუბრეთ იმათთანაც და ხვალ გზას დაგილოცავთო... მაგრამ ჩვენ არ ვიცი შეწუხება არ გვინდოდა თუ რატომ, მაინც გზის გაგრძელება ვარჩიეთ და დავადექით დაღმართებს ოქროს ციხემდე. ოქროს ციხეოქროს ციხე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანია საქართველოში. შუა საუკენეებიდან მოყოლებული ეს ციხე მუდმივად დიდ სამსახურს უწევდა ქვეყანას. ადგილმდებარეობა ისეთი საოცარი აქვს, პირდაპირ უნდა გირჩიოთ თუ აქამდე არ გინახავთ: აირაზმეთ და მის მოსანახულებლად წადით.  ეს არის კლდოვან მასივზე აგებული ციხე-სიმაგრე რომელსაც თითქოს და  ომიანობის პერიოდებიდან , შუა საუკუნეების სიმკაცრე ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი... მოკლედ თუ ჩემი არ გჯერათ აუცილებლად თავად უნდა გადაამოწმოთ. სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია საიდან მოდის მისი სახელი „ ოქროს ციხე“ შეიძლება იმიტომ რომ სტრატეგიულად იყო ოქროზე ძვირფასი ამ ციხის აღება?! თუ ჯაყელები მთელ თავიანთ სიმდიდრეს ომიანობისას აქ ინახავდნენ?! არ ვიცი და გამიხარდება თუ ვინმე ისტორიულ ცნობებს გამანდობს...

ოქროს ციხეოქროს ციხის შემდეგ სამწუხაროდ ჩვენთვის მარშუტი აღარ გაგრძელებულა. ჩამოვედით სოფელ ბოლაჯურში და ქალაქისკენ გზას დავადექით. შემდეგ იყო საკმაოდ ხანგრძლივი მგზავრობა, ფანჯარაში მიშტერება ადგილებისა, რომლებიც გიყვარს და გაბრუება, გაბრუება ემოციებისგან, რომელსაც ვერ იაზრებ სანამ ლამის მთელი კვირა არ გავა ქალაქში...

ბოლოს, კი: გისურვებთ იგივე სანახაობა თავადაც ნახოთ ^_^  კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მარშუტი რთულია. საკმარისზე მეტად შრომატევადიც. GPS  მარშუტის გარეშე გავლა არც კი ვიცი, საერთოდ თუ არის შესაძლებელი, და ბოლოს: მარშუტი საკმაოდ „უწყლოა“ მით უფრო თუ ზაფხულის სეზონზე გადაწყვეთ წასვლას.

იმედი მაქვს ამ პატარა პოსტით გაგიღვიძეთ ცნობისმოყვარეობა. ამ რეგიონებში ხშირად არ დავდივართ, არადა აშკარაა,  ძალიან ბევრს ვკარგავთ მეგობრებო  ... 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %