სვანეთის ყინვისფერი ტბა
პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჭეშმარიტად...
ჩემთვის ეს ფაქტი უფრო მეტად იმას უსვამს ხაზს, თუ რაოდენ საოცარი გარემოა ჩვენ გარშემო.
ლამის უკვე 7 წელია აქეთ-იქით დავწანწალებ და დღემდე მაოცებს ამ პატარა ქვეყნის ხევებსა და საჯიხვეებში ჩამალული ადგილები. საოცარი ხედებითა და გარემოთი.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გრჩება ადამიანს რაღაც სანახავი.
ამას წინათ მთაში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ საით ამეღო გეზი აღარ ვიცოდი. მონატრებულზე რამე მსუყე გასვლა მინდოდა მომეწყო, კუნთებსა და სულს ერთიანად რომ გამიკაჟებდა.
დავიწყე ფიქრი და ქექვა, სრულებით მოულოდნელად მეგობარმა სვანეთის მთებში ჩამალულ ტბებზე გადამიკრა სიტყვა... "შორსაა მაგრამ ლამაზიაო... ბევრი ტბაა, ერთ-ერთი ყინულოვანია და არასდროს დნებაო..."
ყინულოვანი ტბები მიყვარს,ზოგადად ყინულოვანი ყველაფერი მიყვარს. ამიტომაა არაადამიანური ლტოლვა რომ მაქვს ჩრდილოეთისკენ, ალიასკა იქნება ეს კანადა, თუ კამჩატკა...
მოკლედ, გავიგე ყინულოვანიაო და მაშინვე ჩანთის ჩალაგებას შევუდექი.
მოვიძიე ადამიანები ნამყოფები რომ იყვნენ და არწივი რომ დააცხრება ხოლმე ნადავლს კლანჭებით, ისე შევუტიე კითხვებით. გამოვკითხე საიდან რა როგორთქო, ტრეკიც გავწერეთ და გზას დავადექით.
შორია. სვანეთი ნამდვილად შორია. მაგრამ მთელი ღამის მგზავრობის შემდეგ მივაღწიეთ.
მესაზღვრეები დაგხვდნენ: -" საშვის გარეშე წესია და ვერ გაგიშვებთო, საერთოდაც გოგოები მარტო სად მიდიხართო" იხუმრეს, მაგრამ მალევე წყლის ორთქილივით გააქრეს ეგ თემა ჰაერშივე. მონაცემები ჩაიწერეს, -: ე მანდ არ დაგაგვიანდეთ, გზაზე ადგახართო" ტელეგრამის მაგივრად სად აღარ რეკეს, რომ სწრაფად მიგვეღო ნებართვა. მოკლედ, სამი დღე მოგვცეს ჩვენივე სურვილით მოსაბოდიალებლად და გაგვიშვეს...
11 საათზე დავიწყეთ ხეობაში აღმართისთვის თავის რტყმა, ჯერ ქვიანი ხეობა და ცოტა ცოცვა, შემდეგ ამწვანებული მინდორი ,ბუზები, თაკარა მზე და დაღლილობისაგან ღოღვა, შემდეგ ქედის გადაჭრა და ვსიო მივედითთქო ვფიქრობ, ქედიდან ვართ დასაშვებები, მეზარება არადა, ქედიდან სანუკვარ ტბას ვხედავ, მაგრამ დაღმართია, ქვიანია, მუხლი აღარ იჭერს, დაღლილი ვარ, ღამდება არადა, უცბად გავიხედეთ და ნანატრი თოვლი: .. .
-წამო, წამო თოვლზე დავუყვეთ სახალისოა,- შემომძახა მეგობარმა და ჩვენც დავუყევით...
გზა მაინც დაგრძელდა, საღამოხანსღა მივაღწიეთ საბანაკეს. საბანაკეს რა, ადგილს სადაც ლოდები მუშტისხელა ქვებს ჰქონდათ შეცვლილი...
ორი ღამის უძილობამ, შიმშილმა და 8 საათის მანძილზე რესკ აღმართთან ჭიდაობამ თავისი ქნა. თავს გაბრუებულად ვგრძნობდით და ვერ ვიაზრებდით სად ვიყავით, რას ვხედავდით...
ტბას ვუყურებდი და ვერ აღვიქვამდი, მივხვდი მეორე დილამდე აზრი არ ქონდა ჯდომასა და ცდას, რომ სილამაზის აღქმას შევძლებდი... ჩვენს კარავთან უზარმაზარ ქვის ლოდზე ავცოცდით და ცას დავუწყეთ მიშტერება, გატრუნული დაჭერილი წამი იყო... შემდეგ უკვე გემრიელად ნავახშმები კარავში შევძვერით და გავითიშეთ...
მეორე დილას თერთმეტამდე არ გაგვღვიძებია, ეს დღე მთლიანად ჩვენს ნებაზე სამართავად და დასასვენებლად გვქონდა აღებული, კარვიდან გამოვედი თუ არა მთელს ტანში ბედნიერების მუხტმა დამიარა... ჩემს წინ უზარმაზარი, ულღობი, ყინვისფერი ტბა იყო. გონება ბედნიერებისგან გამეყინა.
ისე, რა მაგის პასუხია და: იცით რას ნიშანვს ადგილობრივების ენაზე ალიასკა? - " ის რასაც ზღვა ეხლება"
ამ ტბას კი დავარქმევდი -" ის რასაც სხვა ვერ ხედავს"...
იმის გააზრებაზე, რომ თითებზე შემიძლია იმ ხალხის ჩამოთვლა ვისაც ეს ტბა აქვს ნანახი, ვსევდიანდები. ყველასთვის მემეტებოდა, მინდოდა ყველა ჩემთვის საყვარელი ადამიანი ამომეყვანა აქ მის სანახავად, დამემტკიცებინა, რომ ყინულოვან ტბებზე ლამაზი, ერთდოულად მკაცრი და ჰარმონიული სამყაროში არაფერია...
მოკლედ, ჩასვლა გადავწყვიტეთ, და ყინულზე გაბოდიალებაც...
აგვისტოსთან ჭიდაობის კვალი ყინულს ნაპრალებად ეტყობოდა, ჩვენ კი ამ ნაპრალებზე წინ და უკან დავხტოდით, ლღობად ადგილებს თვალს ვარიდებდით და ლამის იყო თავი ჩაგვეყო ნაპრალსა და ნაპრალს შორის "აისბერგის" ძირის სიღრმის საკუთარი თვალით დასანახად...
ოცნება ავიხდინე.
დედამიწის ჩრდილოეთს თუ ვერ მივაღწევ გული მაინც არასდროს დამწყდება. საკუთარი ქვეყნის ნაწილში, ფაქტიურად ყურისძირში არანაკლებად მშვენიერი ადგილი მაქვს... ადგილი, სადაც დათვებისა და ჩემნაირი ერთი-ორი მაწანწალას მეტს ვერავის შეხვდებით ჩრდილოეთი, ყველგან ჩრდილოეთია მეგობრებო