ღამის ლაშქრობა ხვამლზე

ამბის სათაურში თითქოს საოცარი არაფერია. 

,,კი, ვართ ხალხი, რომლებიც ღამით ვლაშქრობთ და დიახ, ისეთი ხალხიც ვართ, რომლებიც ხვამლზე ვყოფილვართ - ღამით, თოვლში, ქარბუქში, წვიმაში.''- მეტყვით თქვენ.


და რამდენი ყოფილა თქვენთან ერთად ღამით, თოვლში ხვამლზე სალაშქროდ სამი წლის ბავშვთან ერთად?

ალბათ ძალიან ცოტა.




სამი წლის ბავშვები საინტერესო არსებები არიან - სამყაროში ყველაფრის მიზეზი აინტერესებთ, ახალი ემოციების აღმოჩენა უყვართ, უყვართ როდესაც დამოუკიდებლად აღწევენ წარმატებას და ამავდროულად გუნდურობის მათთვის ახლადაღმოჩენილი პრინციპის ,,დატესტვაც'' მოსწონთ. ექსტრემალებიც არიან - მიუხედავად მათი გაუცნობიერებელი შიშებისა ახალი ადგილებისა თუ მოვლენების მიმართ, ჩვენზე უკეთ ხვდებიან გამოწვევებს და მათი საოცრად დიდი, ბავშვური ფანტაზიის დამსახურებით გზადაგზა შეიძლება ასეთი ფრაზებიც გაიგონოთ:

,, დე, უკულე, იქ გველესაპიააა!''

ხვამლზე იმდენი ლეგენდა არსებობს შეღამებისას , მზის ჩამავალი სხივები რომ კლდეებს წაეთამაშება შესაძლოა გველეშაპიც დაინახოთ, ცალთვალა დევებიც და სადღაც იმ ლეგენდარულ საგანძურსაც მიაგნოთ, მითიურმა ჯარისკაცებმა რომ დამალეს ნაპრალებში. ოღონდ თუ თქვენი ლაშქრობა შემოდგომის მიწურულს ხდება შეიძლება ეს საგანძური მზის სხივებისგან აბრჭყვიალებული თოვლის ნარჩენი იყოს, რომელიმე დიდი ლოდის ქვეშ შემორჩენილი.

როდესაც ლაშქრობას სამი წლის ბავშვთან ერთად იწყებთ ყველაფერი უფრო დეტალურადაა გასათვლელი. თუ თქვენ კარგად იტანთ შიმშილს ან უბრალო კონსერვით შეგიძლიათ დანაყრება, ბავშვთან სხვა მენიუ უნდა შეარჩიოთ. ამ ასაკის ბავშვები კონსერვებსა და ძეხვებს ეჭვის თვალით უყურებენ და თუ არა - მშობლებს მოუწევთ შუბლის ძარღვის გაწყვეტა და შვილისათვის არაჯანსაღი საკვების შეთავაზება. თუ მშობელიც პასუხისმგებლიანია და ბოლო-ბოლო არ გინდათ თქვენი სასიამოვნო დღე ბავშვის ცუდად ყოფნითა და დიარეით დასრულდეს, გირჩევთ თან ბევრი ხილი, ბანანი და აფთიაქში ნაყიდი, საბავშვო საკვები წაიღოთ. არაჩვეულებრივი ვარიანტია ყველი, ხაჭაპური და სხვა ისეთი პროდუქტები, რომლებიც სატარებლად მსუბუქი ნამდვილად არაა, მაგრამ თქვენი პატარა ყელსაც ჩაიკოკლოზინებს და მის მომნელებელ სისტემასაც ასიამოვნებთ.

სამი წლის ბავშვთან ერთად ტანსაცმელიც სამჯერ მეტი დაგჭირდებათ - ქარგამძლე და მაღალი თბოიზოლაციის მქონე შარვალი, ფეხსაცმელი , ქუდი და ქურთუკი ბავშვისათვის. ვინაიდან ქალაქებში ჯერ კიდევ არ ყინავს ტანსაცმელი მანქანაში გამოუცვალეთ. 

ჰო და დანიშნულების ადგილამდე შორიახლოს ტრანსპორტით მისვლა ბავშვთან ერთად ის აუცილებელი რამაა, რასაც ვერ ასცდებით.

თუ აქამდე ფეხით სიარული გხიბლავდათ, ქუთაისიდან ხვამლის წვერს საფეხმავლო მარშრუტით სტუმრობდით პატარასთან ერთად ყველაფერი იცვლება. სამი წლის ბავშვები ენერგიით არიან სავსე, მაგრამ ჩვენდა სამწუხროდ თუ საბედნიეროდ მალე იღლებიან იმ გზაზე, რომელიც ჩვენ ალბათ ათასჯერ გაგვივლია. ამ დროს არაჩვეულებრივი საშუალებაა საბავშვო სალაშქრო ზურგჩანთა, რომელშიც ბავშვს ჰოოოპ-ლა ერთი ხელის მოსმით ჩასვამთ და ლაშქრობაც იწყება.

იმისათვის რომ ხვამლზე ჯადოსნურ მზის ჩასვლას მიუსწროთ ავტომობილით ქუთაისიდან დაახლოებით 3-4 საათზე უნდა გახვიდეთ. ხვამლის წვერს ორნაირად შეგიძლიათ მოექცეთ- ფეხით სოფელ მექვენადან ან ოყურეშიდან- ამ შემთხვევაში ქუთაისიდან გაცილებით ადრე მოგიწევთ გასვლა. ან საავტომობილო გზით, ავტომანქანით. გზა თითქმის ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მიდის- რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მაინც მოგიწევთ. გზადაგზა შეგხვდებათ ნიშნულები, რომელთა მეშვეობითაც გზას იოლად გაიკვლევთ. თუკი სალაშქროდ პირველად მიდიხართ ყველაზე კარგი ვარიანტი გზის მცოდნე გამყოლის შეამხანაგებაა.



ხვამლზე მიმავალი გზა წლების მანძილზე ძლიერ დაზიანებული და დაორმოებული იყო, რის გამოც გადაადგილება განსაკუთრებით რთულდებოდა უამინდობის დროს. პრობლემის მოსაგვარებლად, პროექტის შესაბამისად, გზის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა. დაიგო ცემენტ-ბეტონის გზა და დღემდე რეაბილიტირდება არსებული ხიდი და ხელოვნური ნაგებობები.

ქუთაისიდან ხვამლისაკენ ჩვენი სწრაფმავალი და მაღალი გამავლობის ავტომობილით დაახლოებით ოთხზე გავედით. მიზანი ხვამლზე მზის ჩასვლის ნახვა და უკან მალევე დაბრუნება იყო. გზად რამდენჯერმე შევჩერდით. ქუთაისში საკვები პროდუქტებისათვის და წყალტუბოში- წამლებისათვის.

თუ გამოცდილ მოგზაურებს ჰკითხავთ, რომელი მხრიდან სჯობს წასვლა ხვამლის მთაზე, გეტყვიან, რომ ტვიშის გზით. თითქმის ველური ბუნების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყლების (აქაური წყლები, როგორც ამბობენ, შაქრიან დიაბეტსაც კი შველის), კრიალა ჰაერისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის არაერთი სიურპრიზის მიუხედავად, ამ კუთხეს ადამიანები დასვენების მიზნით იშვიათად აკითხავენ. ჩვენც მოგზაურობა ტვიშის გზით დავიწყეთ.

გზა სოფელ ტვიშიდან ერთ-ერთია იმ რამდენიმეს შორის, რომელსაც ლეგენდებისა და მითების მთასთან – ხვამლთან მიჰყავხარ. ქუთაისიდან ტვიშამდე გზა მდინარე რიონის ხეობაში, მთებს შორის გადის. ალაგ-ალაგ დასახლებულ ტერიტორიაზე 5-6 კილომეტრი ისე შეიძლება გაიარო, არავინ შეგხვდეს რიონისპირიდან მომავალი მეთევზეების გარდა, მხარზე გადებული, ორკაპა ჯოხზე აცმული თევზებით რომ მიდიან სახლებისკენ.

ტვიში მოზრდილი სოფელია ბევრი კარჩარაზული სახლით. ამ სახლების მეპატრონეები, ზოგიერთი დიდი ხნის წინ, ზოგიერთიც სულ ახლახან ქალაქში გახიზნულა. აქ ჩასული მოგზაური ღამის გასათევად იმდენს იხდის, რამდენიც შეუძლია. 

გზად რამდენიმე ამბავმა შეგვაფერხა. ალაგ -ალაგ , სოფლებთან მძიმე ტექნიკა ორმოულებს ავსებდა. მერე წყაროსთან შევჩერდით. მერე ერთ-ერთი თანამეგზური-ჩვენი შვიდი წლის თანამოლაშქრე  გეგა მგზავრობის გამო ცუდად გახდა. ჩვენს სახეებზე აღფრთოვანების ღიმილი იმედგაცრუებამ შეცვალა როცა აღმოვაჩინეთ, რომ დაისი ჯერ კიდევ დაბლობზე შემოგვეპარა.

სწრაფად ჩავუქროლეთ ლეჩხუმის წითელ-ყვითლად გადალესილ გორაკებს. გადავწყვიტეთ , საფეხმავლო მარშრუტის ნაცვლად სამანქანო აგვერჩია და სიჩქარესაც მოვუმატეთ. მაგრამ, მთაში მანქანით მოგზაურობას თავისი წესები აქვს- აქ, სახიფათო გზებზე, ბავშვებით თუ მათ გარეშე იმაზე სწრაფად ვერაფრით ივლი, ვიდრე განსაზღვრულია. ჰოდა, ასე ზოზინითა და მჟავე სახეებით დაახლოებით შვიდ საათზე გავედით გზის ბოლოში. არა, აქ გატყუებთ- საათისათვის არავის დაგვიხედავს. ყველანი მუდარით სავსე თვალებით ვუცქერდით ჩამავალ მზეს და იმ ერთი ქართული ზღაპრისა არ იყოს, ვთხოვდით ცოტაც მოეცადა. მზე კი თავისივე დადგენილი გრაფიკით ჯიუტად აგრძელებდა ცაზე ცეცხლისფერი ეტლის გაქროლებას და ნელ-ნელა დაჭმუჭნულ გორაკებს ეფარებოდა, მის ადგილს დიდი, ქარვისფერი მთვარე იკავებდა. და ხვამლზე დაღამდა.

როდესაც გზის ბოლოში გავედით ცაზე მთვარე ანათებდა ირგვლივ შემოჯარული ციმციმა ვარსკვლავებით. ჩვენი სამი წლის მოლაშქრე- თეოდორე სწრაფად ჩავსვით ზურგჩანთაში, ბარგი-ბარხანა ავიკარით და ტალახიან გზას დავადექით. გზადაგზა ხვამლის იდუმალებას ჩვენს ფეხქვეშ ახრაშუნებული თოვლის ხმა არღვევდა. ქროდა ცივი ქარი და ჩვენი სამი წლის თანამეგზური სიხარულით ჭყლოპინებდა. ჰო, იმის თქმა კი დამვიწყებია რომ გასვლის წინ სახეზე ბლომად ქარისაგან დამცავი კრემით გავზიპნეთ- მეტი სიფრთხილისათვის.




ხვამლის ღამის ქარვისფერი მთვარე ზუსტად ისე ანათებდა, როგორც ჩვენი ფანრები. რადგან მზის ჩასვლას ვეღარ მივუსწარით არ ვჩქარობდით- დროდადრო ფანრებს ვთიშავდით და ღამეულ ცაზე თანავარსკვლავედებს ვეძებდით. 

გზა ტყიდან ტაძრისაკენ სწრაფად გავიარეთ - ზურგზე მოკიდებული ბავშვითურთ. თეოდორე ჩანთიდან მაშინ ამოსკუპდა , როდესაც ტაძრის გალავანს მივადექით და ბავშვური გაოცებით შეავლო თვალი სიბნელეში, მთვარის შუქზე ამოზიდულ , თეთრი ქვით ნაგებ , უძველეს ეკლესიას. ადგილს, სადაც ოთხიოდე წლის წინ ჩვენ, ანუ მისმა მშობლებმა დავიწერეთ ჯვარი. სანთლები ავანთეთ და გზა გავაგრძელეთ. დაახლოებით ათ საათზე მწვერვალზეც აღმოვჩნდით. აჭყლოპინებული თეოდორე ახლა მდუმარებას მოეცვა. ცდილობდა სიბნელეში, მთვარისა და ვარსკვლავების შუქზე შორს მოციმციმე ქალაქების კონტურებს შორის საკუთარი სახლი ეპოვა. ცივი ჰაერისა და დიდ სიმაღლეზე სწრაფად სვლის გამო ჩქარა და ხმაურით სუნთქავდა. ეს მისი პირველი ღამის ლაშქრობა იყო- ხვამლზე ასვლა კი რიგით მეორე. მალე ხვამლის მწვერვალსაც დავემშვიდობეთ და გამყინავ ქარში ქვემოთ, ტყისკენ დაშვება დავიწყეთ. 

როდესაც მანქანას მოვადექით ვიგრძენით, რომ სხვა სამყაროდან დედამიწაზე დავბრუნდით. ალბათ ყველა ლაშქრობის დასრულების მერე ასეა, მაგრამ ამ მომენტს ყველაზე მძაფრად ხვამლზე ასვლის შემდეგ ვგრძნობ. არ ვიცი ეს ყველაფერი მთასთან დაკავშირებული მითების თანმდევია თუ მართლა ასეთი მისტიურია ხვამლი. 

ავტომობილში სითბო და დარჩენილი ბანანები დაგვხვდა. დავქოქეთ, დავიძარით და ბედნიერი ღიმილით გადავხედეთ ჩვენს გვერდით მდჯომ პატარებს, რომლებსაც უკვე ჩასძინებოდათ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %