ფრედი მერკურის სამშობლო და „აკუნა მატატა“ -ს კუნძული

Hakuna Matata - ეს არის ფრაზა, რომელსაც ალბათ ყველაზე ხშირად გაიგონებთ ზანზიბარზე ყოფნისას. სუაჰილიდან იგი ითარგმნება როგორც No Problems (No trouble, No Worries) და ზედმიწევნით ასახავს ამ საოცარ კუნძულზე არსებულ აურას. ადგილობრივები ამ სიტყვებს იმდენად ხშირად იყენებენ, რომ იფიქრებ, ამქვეყნად ყველაზე უდარდელი ადამიანები არიანო. თავიდან გიჭირს აღქმა, გგონია რომ გამუდმებით მულტფილმზე საუბრობენ, მაგრამ რამდენიმე დღეში ეჩვევი და შენდაუნებურად, მათსავით ხშირად იწყებ ამ ფრაზის გამოყენებას. 
მე შევეცდები მოგიყვეთ ჩვენი პლანეტის იმ კუთხის შესახებ, რომელიც თითქოს ასეთი შორი და მოუწვდომელია, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ ნამდვილი მოგზაური ხარ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო აფრიკა. ჯერჯერობით შემიძლია ამ კონტინენტის მხოლოდ მცირე ნაწილზე გიამბოთ და იმედი მაქვს, რომ ჩემი გამოცდილება ოდნავ მაინც დაგეხმარებათ სამომავლოდ თქვენი აფრიკული თავგადასავლის დაგეგმვაში. 

მაშ ასე, ზანზიბარი არის ტანზანისს რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი არქიპელაგი, მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. აქ მოსახვედრად თქვენ დაგჭირდებათ ტანზანიის ვიზა, რომლის აღებაც შასაძლებელია საზღვარზე (50$). მინდა აქვე ავღნიშნო, რომ არ გამიკეთებია არანაირი აცრა და ვაქცინა, არც არავის მოუთხოვია. აფრიკის მრავალი ქვეყნისაგან განსხვავებით, აქ არ სუფევს ანტისანიტარია, ამიტომაც ნუ შეგეშინდებათ რაიმე დაავადებების. მე შარშან გაზაფხულზე ვიმოგზაურე, როგორც ხედავთ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ ყველაზე ძვირი, რა თქმა უნდა, მგზავრობაა. დაფრინავს ავიაკომპანია Fly Dubai. ფრენის ხანგრძლივობა დუბაიდან ზანზიბარის აეროპორტამდე დაახლოებით 6 -7 საათია. ბილეთის ფასი თბილისი-ზანზიბარი-თბილისი (დუბაის გავლით) სტანდარტულად 800 დოლარამდეა ან ოდნავ მეტი. მაგრამ მეგობრებო, თუ არ დაიზარებთ და ყურადღებით ადევნებთ თვალყურს ფასების ტენდენციას, ადვილად შესაძლებელია, რომ კარგი ფასდაკლების „მსხვერპლი“ გახდეთ. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მორიგჯერ „ვარეფრეშებდი“ Fly Dubai-ს საიტს, გადავაწყდი პრომო ბილეთებს და ეს 800 დოლარიანი ფრენა სულ რაღაც 480 დოლარად „დავითრიე“. ვინც ეძებს, პოულობსო ნათქვამია . ზანზიბარის აეროპორტი შემიძლია შევადარო რაიმე პროვინციული ქალაქის ძალიან ძველ ავტოვაგზალს, აქ ბარგის გასაშვები ბილიკიც კი არ აქვთ - თქვენს ჩანთებს უბრალოდ ერთ კუთხეში დააწყობენ, მიხვალ და აიღებ.

კუნძულის მთავარი ქალაქის ერთ-ერთი ძველი უბანია სთოუნ თაუნი - Stone Town. სწორედ აქ დაიბადა და 5 წლის ასაკამდე ცხოვრობდა ლეგენდარული ფრედი მერკური. ქალაქში შემორჩენილია მისი საცხოვრებელიც, თუმცა რამდენადაც ვიცი, სასტუმროდ თუ ჰოსტელად არის გადაკეთებული. ჩვენ კი გეზი გვქონდა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პატარა სოფლისკენ სახელად ნუნგვი (Nungwi). სასტუმროს წინასწარ შევუკვეთეთ ტრანსფერი, ერთი მანქანის ფასი - 50 დოლარი. რადგანაც სამნი ვიყავით, საკმაოდ მისაღები თანხა იყო. დაახლოებით 2 საათიანი გზა და ღამის 1 საათზე მივაღწიეთ სასტუმრომდე. მგზავრობისგან დაღლილებს მალევე ჩაგვეძინა. 
დილით გაღვიძებისთანავე პირველი რაც გესმის, ოკეანის ტალღების ხმაურია. დამიჯერეთ, ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გრძნობაა. ჩვენი ბუნგალო ზედ ოკეანის ნაპირზე იყო, საუზმე სასტუმროს კუთვნილ ღია რესტორანში, ტანსაცმლიდან ბევრი არაფერი დაგჭირდებათ, შეგიძლიათ მთელი დღე მხოლოდ საცურაო კოსტუმით „იტანტალოთ“. ბუნგალოს ფასი 3 ადამიანზე საუზმით - 90 დოლარი ერთ ღამეში, შესაბამისად, 10 ღამე სულ რაღაც 300 დოლარი დამიჯდა. პირველი რაც ზანზიბარზე ჩასულ ადამიანს ხიბლავს, ეს არის საოცარი პლიაჟები - თავი ფოტოშოპით დამუშავებულ სურათში გგონია, რბილი და ქათქათა ქვიშა, ფირუზისფერი წყალი. თითქოს შეუძლებელია ესეთი ფერები მართლა არსებობდეს. 

ადგილობრივი მოსახლეობა მეგობრული და სტუმართმოყვარე, შეხვედრისას ყველა გეუბნება - Jambo, რაზეც შენ უნდა უპასუხო - Mambo  კარგად საუბრობენ ინგლისურად და რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ძალიან ბევრმა წყალივით იცის იტალიური ენა. საქმე იმაშია, რომ აქ საკმაოდ დიდი რაოდენობით ისვენებენ იტალიელი ტურისტები, რომლებიც უწევენ მატერიალურ დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას, მიჰყავთ მათი ბავშვები იტალიაში სასწავლებლად და აღსაზრდელად. დამსვენებლების ძირითადი ნაკადიც, ასევე, ევროპის ქვეყნებიდან იყო, რუსულენოვანი - ჯერჯერობით ნაკლებად, თუმცა სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში მათი რაოდენობა საგრძნობლად მოიმატებს. ეს ტენდენცია ადგილობრივებმაც „დაამუღამეს“ და უკვე თადარიგს იჭერენ - სწავლობენ რუსულ ენას. ასე მაგალითად, გავიცანით ერთი ბიჭი, რომლის ლექსიკონშიც უკვე იყო სიტყვები - ადინ, დვა, ტრი, ჩირიტი, პიატ, შესწ.... ექსვის მერე ცოტას „ჭედავდა“ და „შპარგალკაში“ იხედებოდა. სამაგიეროდ კარგად იცოდა ფრაზები „ ია ტებია ლუბლუ“, „ხარაშო ნოს, ხარაშო როტ“. აი ესე  მზად იყავით იმისთვის, რომ თქვენთან ძალიან ხშირად მოვლენ სხვადასხვა შეთავაზებით - ექსკურსია, სუვენირები, ტრანსფერი, ტაქსი, მარიხუანა, მასაჟი - მოკლედ ყველაფერი, რაშიც შეიძლება ფული გამოგართვან. გეკითხებიან საიდან ხარ, როგორ მოგწონს აქაურობა, როდესაც ესმით ქვეყანა Georgia - ღიმილით გპასუხობენ - “Oh, very nice country!”, ამავდროულად სახეზე ეტყობათ, რომ წარმოდგენა არ აქვს სად არის ეს „Georgia”. ბათუმის პლიაჟის მსგავსად, აქაცწინ და უკან დადიან გამყიდველები, თუმცა „გარიაჩი კუკურუზ“-ის ნაცვლად „ქოოოქონათ, მანგო“-ს გაიძახიან. თუ გოგო ხარ, შენთან ხშირად მოვლენ შეკითხვით - გყავს თუ არა ბოიფრენდი, გინდა თუ არა საღამოს სადმე გასეირნება? ასეთ შემთხვევაში უბრალოდ თავაზიანად ეტვი, რომ არა და თავს განებებენ. ან შეგიძლია, თავი მძინარედ მოაჩვენო - ეს ყველაზე კარგი საშუალებაა  თუ დაინახავთ საყვარელ ზანზიბარელ ბავშვს და მოგინდებათ ტკბილეულით გაუმასპინძლდეთ, არ გაგიკვირდეთ, თუ ორ წამში თქვენს გარშემო 10-15 ბავშვი გაჩნდება არსაიდან. ამიტომაც, ან კარგად მომარაგდით, ან საერთოდ ნუ გარისკავთ 

თუ თქვენ ღამის ცხოვრების და კლუბური გართობის მოყვარული ხართ, იცოდეთ რომ აქ მსგავს გასართობს ვერ ნახავთ (ერთი წლის წინ ასე იყო, ახლა არ ვიცი). საღამოს მხოლოდ მყუდრო ბარები და რესტორნები მუშაობს, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას და დატკბეთ ოკეანის ხედებით.

კვებას რაც შეეხება, ყველაფერი ძალიან იაფია - ეგზოტიკური ხილით დაწყებული უგემრიელესი ზღვის პროდუქტებით დამთავრებული. ყოველ საღამოს რესტორნებს გამოაქვთ მაგიდები ოკეანის სანაპიროსთან, არის ახლად დაჭერილი თევზეულის უდიდესი არჩევანი, რომელსაც თქვენს თვალწინ ამზადებენ გრილზე. სამეფო კრევეტების დიდი პორცია - 6 დოლარი, ლობსტერი - 10-12 დოლარი, ეს არის სამოთხე გურმანებისთვის. და თუ უბრალოდ პიცის ან სენდვიჩის ჭამა გსურთ, არც ეს იქნება პრობლემა. გასართობად შეგიძლიათ წახვიდეთ სხვადასხვა ტურებზე, სადაც შედის დელფინებთან ცურვა, ექსკურსია ტროპიკულ ტყეში და იშვიათი ჯიშის წითელი მაინუნების მონახულება, Spice Tour - აქ თქვენ გაჩვენებენ, თუ როგორ იზრდება სხვადასხვა ტროპიკული მცენარეები, გაჭმევენ ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს და ეგზოტიკურ ხილს (მათ შორის კიტრსაც).

ასევე შეგიძლიათ გიგანტური კუების ფერმის მონახულება, მოხვედრა თეთრი ქვიშის ვიწრო ზოლზე შუა ოკეანეში - ალბათ ყველას გვინახავს მსგავსი ფოტო ინტერნეტში. ერთი დღის ტური, როგორც წესი, სამ ან ოთხ ლოკაციას მოიცავს, შედის კვებაც, ფასი საშუალოდ 50 დოლარია კაცზე.
ზანზიბარზე არის ინტერნეტი, თუმცა, რათქმა უნდა, არა სუპერ სწრაფი, ეს ხომ აფრიკაა ელექრტოენერგიის მიწოდება ხანდახან გრაფიკით ხდება, ძირითადად დღის საათებში თიშავენ, მაგრამ თქვენ ეს ნაკლებად მოგაყენებთ დისკომფორტს, იმიტომ რომ ამ დროს ულამაზეს სანაპიროზე ინებივრებთ. სეზონი ოქტომბრიდან აპრილის (ხანდახან მაისის ჩათვლით), მე მარტის თვეში ვიყავი, საერთო ჯამში დავხარჯე 1200 დოლარი 10 დღიან მოგზაურობაში. ბევრია ეს თუ ცოტა ამგვარი სილამაზისათვის, ეს თავად განსაჯეთ 
ერთი სიტყვით, მეგობრებო, თუ თქვენ გსურთ აღმოჩნდეთ ადგილზე, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ, ზანზიბარი ერთ-ერთი ასეთი კუნძულია ჩვენს პლანეტაზე. და მერწმუნეთ, რომ ყოველი დახარჯული თეთრი და წუთი ღირს იმ უდიდეს სიამოვნებად, რასაც ამ სანაპიროებზე ყოფნის დროს განიცდით. 
მადლობა ყურადღებისათვის და წარმატებებს გისურვებთ! 


ავტორი: გვანცა ქაჯაია

 

 



 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %