კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 6)
2017 წლის თებერვალში ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოსტოპით დავადექით გზას. უამრავი რამ გადაგვხდა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ზოგი რამ ვისწავლეთ, ზოგიც ჩვენ ვასწავლეთ, დავათალიერეთ, დავაგემოვნეთ, ვიცინეთ და ვიტირეთ. დიდი თავგადასავალი იყო... ხო და ამ მოგზაურობაზე გიყვებით ახლაც...
***
ასე ნახევარ საათში ალიც მოვიდა. ცოტა ფეხით ვიარეთ, ალიმ გამოგვკითხა, როგორ იარეთ, როგორ ხართო. ჩვენ მოჰამედის ინციდენტი მოვუყევით, მერე ტაქსი გავაჩერეთ და წავედით სახლში. ძაან კაი იყო ამდენი ხნის მერე ჩვენი ტოლი ჰოსთის ნახვა, რომელიც გამართული ინგლისურით ლაპარაკობდა. სახლში ალი დედასთან და დასთან ერთად ცხოვრობდა. სამედიცინოს სტუდენტი ვარო. სახლში რომ შევედით, დედამისი გამოგვეგება და “here you are”-ო! მეთქი, ვა, ინგლისურად ლაპარაკობს! არაო, სტუმრების დასახვედრად ვასწავლი ორ წინადადებასო ;დ
ალის იმამის მოედანზე შევხვდით, ეს ადგილი ღამითაც ულამაზესია.
მოკლედ, აქ დავისვენეთ, ჩაი დავლიეთ, მერე ალიმ, მეო ქართველი მეგობარი მყავსო, დავურეკავ, მოვა და გავისეირნოთო. სახლში გაშინაურდით, ნურაფერზე ნუ მახვეწნინებთო - აგერაა სამზარეულო, თუ გშიათ, ჭამეთო. ამასობაში ალის ქართველი მეგობარი მოვიდა - ჰამედი, იქაური დავითაშვილი. ქართული ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ არაუშავს ;დ მოკლედ, წავედით ამ ჰამედის მანქანით. ისფაჰანში დიდი კლდე თუ მთა დგას სადღაც ახლოში, ლამაზი ადგილია, სოფეს მთა ჰქვია, ხო და იქ წავედით (ღამე იყო და ფოტოები არ გვაქვს). იქ ჰამედის მეგობრებიც მოვიდნენ. ცოტა გაწვიმდა, მაგრამ მაინც ბევრი ვიარეთ, სიმაღლიდან ისფაჰანის უკიდეგანო ჰორიზონტს გადმოვხედეთ, ძაან დავიღალეთ, მაგრამ ამ აღფრთოვანებულ ადგილობრივებს ხათრს ვერ ვუტეხდით. ამ ჰამედის მეგობრებმა ტრიო მანდილის“ მე და შენ“ რომაა სიმღერა, აი საევროვიზიოდ რომ დაწერეს, ის იცოდნენ - დაიწყეს დამტვრეული ქართულით ტექსტის ციტირება. მეთქი, საიდან და რატო იცით ეგ სიმღერა, გამიკვირდა ;დდ მერე მე, დათა და ლუკა ძველი ქართული ესტრადის გახსენებას შევუდექით და წურწუმიას „მთვარე ისეთი ცივია“-ს ხმებში გაშლა დავიწყეთ ;დ
მოკლედ, წვიმა იმატებდა და ნელნელა დავიშალეთ. ქალაქში რომ ჩავედით, სომხურ უბანში გავიარეთ, ყველაფერი დაკეტილი დაგვხვდა, როგორც მოსალოდელი იყო. ამ უბანში ქართული კაფე და ქართული მაღაზია დგას - ქართული წარწერებითვე. მერე მანქანაზე ვნახეთ ქართული წარწერა:
„ღმერთის იმედით“.
მოკლედ, მერე გვკითხეს, ხო არ დაიღალეთო? ჩვენ არათქო და ხაჯუს ხიდზე გავედით. ზუსტად ის დრო იყო, ხალხი რომ იწყება ჯგუფებად მოგროვებას და ღამის პერფორმანსებს. ეს ხიდი ღამით ჯადოსნური ადგილია. ლამაზად განათებული, ყველა კუთხიდან მუსიკის ხმა ისმის. ასე, ჩამოსხდებიან კედლებთან, მოიმარჯვებენ გიტარას, ან გიტარის გარეშეც, და მღერიან... მღერიან ყველაფერზე. ხანდახან რიგი დგება მომღერლის ირგვლივ. ერთი მორჩება, გადააწოდებს გიტარას და ადგილს უთმობს მეორეს, მერე მეორე მესამეს და ასე. მარტო ერთ წერტილში არა, მთელი ხიდის გაყოლებაზე ან გაზონებზეც, რამდენიმე ადგილას იქმნება ასეთი შეგჯუფებები. ჩვენ სადაც ვიდექით, შემსრულებელმა შენიშნა, რომ ტურისტები ვიყავით და ერთი სიმღერა მოგვიძღვნა, ალბათ რაც ინგლისურად იცოდა ის - ადელის “someone like you”, მერე მოგვიბოდიშა, მეტი არ ვიციო.
მოკლედ, აქ კაი ხანი ვიდექით და ვისმენდით ლაივს, ვაკვირდებოდით გამვლელებს, ვაკვირდებოდით ჩაცმულობას, იერს, სტილს და გამომეტყველებას.
ბარემ აქვე ვიტყვი. თავიდან ეს თეირანში შევამჩნიეთ - ქალაქში მოძრაობისას ლამის დავკომპლექსდით - ყველა გოგოს იდეალური ცხვირი ჰქონდა, რაღაც არაჩვეულებრივი, ჩამოქნილი, ოდნავ აპრეხილი. მერე აგვიხსნეს, ირანში ერთერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა ცხვირის პლასტიკაო. ამოვისუნთქე! :დ რახან გოგოებს თმა და სხეული აუცილებლად დაფარული აქვთ, მთელი სიმძიმე სახეზე და ხელის თითებზე გადმოდის - სახეზე იდებენ იმდენ მაკიაჟს, რამდენის დატევაც შეუძლიათ. უამრავ ქალს წარბები გადაპარსული აქვს და ფანქრით აქვს დახატული. ძალიან მძიმე მაკიაჟით დადიან. ხელებზეც ყველას გრძელი ფრჩხილი აქვს, მყვირალა ფერის ლაქით მორთული, უამრავი ბეჭედი. ხშირად ხელები მოხატული აქვთ (ინდოელების მსგავსად). ჰიჯაბი ყველას ახურავს, მაგრამ ისე უკან აქვთ გადაწეული, ნახევარი თმა უჩანთ. თან მიკვირს, როგორ იჩერებენ ასე, რომ არ უვარდებათ. ბიჭებს ხშირად ერთნაირი ვარცხნილობები აქვთ. ეს გვერდზე გადავარცხნილი ოდნავ გრძელი თმა ძაან მოდაშია ეტყობა ირანში.
დავბრუნდეთ ისფაჰანში... ხიდზე ლაივების მოსმენით რომ გული ვიჯერეთ, სახლში წამოვედით. აქ ალიმ ჩილიმი გააწყო. დავსხედით ხალიჩაზე, თან ჩილიმს ვეწეოდით და ალის ისტორიებს ვისმენდით. ასე გამთენიას, 5 საათისთვის ავიშალეთ და დავიძინეთ.
მეორე დილას ყველამ გვიან გავიღვიძეთ. მთელი შუადღე ერთგვარ „რეაბილიტაციას“ დავუთმეთ. საღამოს ჰამედის დამ თავის ოჯახში მიგვიწვია სტუმრად მოშორებით, პატარა ქალაქში. სახლში რომ შევედით, პირველი რაც გვკითხა, ვგავვარო გურჯს? ბავშვები თუ გვანანო გურჯებს?..
მოკლედ, გვიანობამდე ვიყავით აქ. ვლაპარაკობდით ბევრს. ძირითადად ჩვენი მასპინძლები გვეკითხებოდნენ საქართველოზე. ჩვენზე თუ საუბრობენო ქართველები, რას ფიქრობენო ფერეიდნელებზე, ვახსოვვართო?...
ვივახშმეთ, ბავშვებს ვეთამაშეთ, სენტიმენტებშიც ჩავიძირეთ. საქართველოში რომ ჩამოვიდე, თუ დამიტოვებო -ჩვენმა მასპინძელმა. აბა რას ვიზამთთქო! მოკლედ, კი შევიპირეთ, მაგრამ ჯერჯერობით არავინ გვწვევია იქაური. ისფაჰანში გვიან დავბრუნდით, გზაზე მოლში შევიარეთ, როგორც ალიმ აგვიხსნა, ერთერთი ყველაზე გრანდიოზული მოლიაო ქვეყანაში და უნდა ნახოთო. ჩვენც, ჯანდაბასთქო და შევედით. ნუთელას ნაყინები ვჭამეთ, ვიბოდიალეთ ცოტა და უკან წამოვედით.
წესით მესამე დილით გზის გაგრძელებას ვაპირებდით, მაგრამ ისფაჰანმა რაღაც მოგვადუნა და კიდევ ერთი დღით გადავწყვიტეთ დარჩენა, დასვენება და ძილი შევირგეთ. თან გავცივდი :დ ამასობაში, ალის ძაან დავუმეგობრდით და ბოლოს ჩვენთან ერთად წავიყვანეთ საწანწალოდ :დ
მეორე საღამოს უკვე ჰამედის ოჯახმა და მშობლებმა მიგვიწვიეს შინ. მთელი ოჯახი იყო შეკრებილი, შვილები, რძალ-სიძეები, ბიძაშვილები და მათი ცოლები, შვილიშვილები. მოკლედ, ხალხმრავლობა იყო დავითაშვილების ოჯახში. აინტერესებდათ სტუმრად ჩამოსული გურჯები ყველას. მშობლები თითქმის გამართული ქართულით ლაპარაკობდნენ. ბაბუამ თავისი ნათარგმი ანდაზები და ხელნაწერები გვაჩვენა. ქართულ-სპარსული დედაენა ფერეიდნელი ბავშვებისთვის. ჩვენი რამდენიმე პოსტერი დავუტოვეთ საქართველოს ხედებით. დავგეგმეთ, აქეთობისას აუცილებლად გავიაროთო ფერეიდანში. თვითონაც გვითხრეს, უკან ჩამოდით ისფაჰანში და დანარჩენი ჩვენ ვიცითო.
დიდი ემოციებით დავტოვეთ ისფაჰანში და წავედით შირაზისკენ. გზებზე ნელნელა იმატებდა სამხრეთული რელიეფები, რაც განსაკუთრებით გვახარებდა.
განსაკუთრებული ლუკმები ზუსტად ამ გზიდან იწყებოდა. პერსეპოლისი და ყურე!!! სტოპის გაგრძელება ერთად არ გამოვიდოდა, ამიტომ დავიყავით. ახალი ტიპის დამატებას თავისი დადებითიც აქვს მაგრამ ერთი ესაა, რომ ჩვენი ისტორიებიც დაიყო.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, ჩავაღწიეთ ფასარგადში, სადაც კიროს დიდის საფლავი უნდა გვენახა, მაგრამ საღამოს 6-ისკენ ჩავედით და ისეთი წვიმა იყო, პირდაპირ წარღვნა. ამას ისიც დაემატა, მე და ალი უფრო მალე ჩავედით, ჩვენმა ბოლო მძღოლმა შემოვლითი გზით ჩამოგვიყვანა, დათა და ლუკა კიდე ირანულ ხაშურში მოხვდნენ და ძლივს გამოაღწიეს იმ ქალაქიდან. მოკლედ, გაწუწულები დავსხედით რესტორანში, ქაბაბი მივირთვით და ცხელი ჩაი დავლიეთ. ფასარგადში ვერანაირად ვერ დავრჩებოდით, გვიანი იყო და შესაბამისად არც პერსეპოლისში სტოპს ჰქონდა აზრი. ასე რომ, დავისვენეთ და გზა შირაზისკენ გავაგრძელეთ. შირაზში დათამ და ლუკამ ჩააღწიეს პირველებმა. ძლივს მივაგენით ერთმანეთს. დაქანცულებმა, ფეხსაცმელგალუმპულებმა და მშივრებმა ტაქსი გავაჩერეთ და ჩვენი ჰოსთის მისამართი გავუწოდეთ. როგორც ტაქსისტმა აგვიხსნა, ეს ადგილი შირაზიდან მოშორებით ყოფილა, პატარა სოფელი. უცნაური ადგილიაო. არჩევანი დიდი არ იყო მაინცდამაინც, თან ძაან დაქანცულებს ახალი ჰოსთის ძიების ნერვი ნაღდად არ გვქონდა, ამიტომ რაც არის, წაგვიყვანეთქო ვუთხარით და დავიძარით. გზაში მე ტაქსისტი და ალი არაში-ს სიმღერას (broken angel) ვმღეროდით სამ ხმაში, სასწაული პერფორმანსი იყო, სამწუხაროდ არ ჩაგვიწერია.
ყველაზე უცნაურ ადგილას მოვხვდით იმ ღამით.
შემდეგ ეპიზოდში მოგიყვებით და მერე თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ირანში საწანწალოდ წასვლა :დ